ექსკლუზიური ინტერვიუ შუმახერის შვილთან: მინდა, საუკეთესო მძღოლი გავხდე!
ექსკლუზიური ინტერვიუ შუმახერის შვილთან: მინდა, საუკეთესო მძღოლი გავხდე!
11.12.2017
მიკი 18 წლისაა და მიხაელ შუმახერის შვილია. AUTO BILD-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში პატარა შუმი ყველაფერზე გულახდილად საუბრობს.

საჭესთან 2008 წლიდან ზის. მაშინ მიკი მხოლოდ 11 წლის იყო. ახლა კი, როგორც იქნა, მართვის მოწმობაც აიღო. თავის დროზე, ავტომობილის მართვა დედის წითელ ”გოლფზე” ისწავლა, რომელსაც 54 ცხენის ძალა ჰქონდა. დღეს, მიკ შუმახერი ჩვენთან Mercedes GLS 63 AMG-ით მოვიდა, რომელსაც 585 ცხენის ძალა აქვს. ეს მანქანა იმდენად დიდია, რომ გამხდარი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი მასში თითქმის დაკარგული ჩანს, მაგრამ როცა გაზს აძლევს და V8 ბიტურბო
თავისი საქმის გაკეთებას იწყებს, მიკ შუმახერს სახეზე კმაყოფილება ეტყობა. პატარა შუმი ”ოქროს საჭის” ჟიურის წევრი გახლდათ და ჩვენ მასთან ერთად, ბალოკოში მდებარე ”ფიატის” ტრეკს ერთი წრე დავარტყით.

- ჰერ შუმახერ, მართვის მოწმობა ახლახან აიღეთ. რომელ მანქანაზე ჩააბარეთ გამოცდა?

მიკ შუმახერი: ”შკოდა” იყო. ოღონდ, არ მახსოვს რომელი. მარტში დავიწყე და აპრილში უკვე მართვის მოწმობა მქონდა. ჩვეულებრივად ვიარე სკოლაში - როგორც სხვები დადიან.

Auto Bild
მიკ შუმახერი ჩვენთან Mercedes GLS 63 AMG-ით მოვიდა, რომელსაც 585 ცხენის ძალა აქვს

- მასწავლებელს მართვის თქვენი სტილის არ ეშინოდა?

მიკ შუმახერი: მასწავლებელი მეც
ისე მექცეოდა, როგორც სხვებს. ცხადია, მე დამწყები არ ვიყავი, მაგრამ მაინც. თეორიისა და პრაქტიკის გაკვეთილებიც ზუსტად ისე გავიარე, როგორც სხვები გადიან. ხომ იცით, შვეიცარიაში ვცხოვრობ და იქ თეორიის ჩაბარება 17 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი. ამრიგად, 18 წლიდან უკვე მანქანის მართვა შემეძლო, მაგრამ ჩემს მანქანას L ეწერა, რაც ასე იშიფრება: Learner (მოსწავლე). მერე კი, როცა პრაქტიკასაც ჩააბარებ, L შეგიძლია მოაშორო.
  • მიკ შუმახერმა მრბოლელის კარიერა 2008 წელს, კარტინგით დაიწყო. მაშინ დედის გვარით გამოდიოდა და მიკ ბეტში ერქვა - ოჯახმა ასე იმიტომ გადაწყვიტა, რომ ვერავინ მიმხვდარიყო, სინამდვილეში შუმახერის შვილი რომ იყო. მამამისი ხომ მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონია ფორმულა 1-ში. გასულ ზაფხულს მიკი სწორედ იმ Benetton-Ford B 194-ის საჭეს მიუჯდა, რომლითაც მიხაელ შუმახერმა 1992 წელს სპაზე პირველი გამარჯვება იზეიმა.
- მიკ, ფორმულა 3-ის ამ სეზონში თქვენ იტალიურ გუნდ Prema Powerteam-ში ასპარეზობთ. რას გრძნობთ, როცა სარბოლო ბოლიდში ჯდებით?

მიკ შუმახერი: უდიდეს სიამოვნებას და სიხარულს. სისწრაფე და რბოლა ძალიან მიყვარს. მიხარია, რომ მეძლევა შანსი, საუკეთესო მრბოლელი და, შესაბამისად, საუკეთესო მძღოლი გავხდე.

- რბოლისთვის როგორ ემზადებით ხოლმე?

მიკ შუმახერი: რბოლაზე ფიქრს რამდენიმე კვირით ადრე ვიწყებ. შეჯიბრისთვის მენტალურად ვემზადებით, ფიქრებით სულ ტრეკზე ვარ. ძალიან დიდხანს ვუყურებ ხოლმე ტრეკის კონფიგურაციას და როცა სავარჯიშოდ გავდივარ, უკვე ყველა მოსახვევი ზეპირად ვიცი. რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც ვემზადები. ხშირად დავდივარ სარბოლო და სამთო ველოსიპედებით. ყველაზე მეტად, ველოსიპედით ტყეში ხეტიალი მიყვარს.

- ბოლიდს ყოველდღე მართავთ?

მიკ შუმახერი: არა, ეს არ შეიძლება. ფორმულა 3-ში ტესტებისთვის ექვსი ოფიციალური დღე არსებობს. ასევე არის 6 დღე პირადი ტესტებისთვის. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვმართავთი ყოველდღე, მაგრამ ყველაფერი ძალიან მკაცრადაა რეგლამენტირებული.

Auto Bild
მიკ შუმახერი და AUTO BILD-ის ჟურნალისტი ჰოლგერ კარკჰეკი მიკის მერსედესში

- როცა ავტობანზე მიდიხართ და სისწრაფე შეზღუდული არ არის, მაქსიმალურ სიჩქარეს ავითარებთ?

მიკ შუმახერი: დიახ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. არ არსებობს მრბოლელი, რომელსაც სისწრაფე არ უყვარს. ჩვენ სისწრაფე გვჭირდება. მრბოლელის რეაქციაც ძალიან სწრაფი აქვს, წინასწარ ხედავს და აღიქვამს ყველა სიტუაციას. თუმცა სწრაფად მართვა უპასუხისმგებლოდ მართვას არ ნიშნავს. როცა ავტომობილის საჭესთან ვჯდები და ქალაქში, თუ ავტობანზე გავდივარ, კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ მოძრაობის სხვა მონაწილეებს პატივი უნდა ვცე და საფრთხე არავის უნდა შევუქმნა.
  • ამ სეზონში მიკმა 10 რბოლა ჩაატარა. სილვერსტოუნი, მონცა, სპა - სრული პროგრამა ფორმულა 3-ის ბოლიდით, რომელსაც 240 ცხენის ძალა აქვს. ჩემპიონი ვერ გახდა. ჟურნალისტები წერენ, მიკი ფორმულა 1-სგან ჯერ ძალიან შორსააო. თვითონ კი ამბობს, რომ ნელ-ნელა ვითარდება და საჩქარო არაფერია.
- როცა მე თქვენს ასაკში ვიყავი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მანქანაში კარგი დინამიკები გქონოდა. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

მიკ შუმახერი: ჩემთვის მთავარია, რომ მანქანას 4 ბორბალი, ძრავა და საჭე ჰქონდეს. მინდა, რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე კარგად მიმიყვანოს.

- რომელი ავტომობილებით მოძრაობთ ყოველდღე?

მიკ შუმახერი: როგორც იცით, ”მერსედესთან” კონტრაქტი მაქვს. იტალიაში Mercedes GLS 63 AMG-ით ჩამოვედი, სახლში კი უმეტესად Mercedes A 45 AMG-ით დავდივარ.
  • ყველაზე პატარა AMG-ს 381 ცხენის ძალა აქვს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 475 ნიუტონმეტრია. 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,2 წამში ჩქარდება. დედამისის ”გოლფს” მაშინ 100 კმ/სთ-ის მისაღწევად 19,5 წამი სჭირდებოდა და მაქსიმუმ 150-ს ავითარებდა.
- რას ნიშნავს თქვენთვის ავტომობილის მართვა?

მიკ შუმახერი: ავტორბოლა ჩემთვის ყველაფერია, ავტომობილის მართვა კი ჩემთვის მხოლოდ გადაადგილების ფორმაა.

ასევე იხილეთ:
რჩევები შუმახერის შვილისგან - როგორ ვმართოთ მანქანა?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
პატარა შუმახერი მამაზე ალაპარაკდა - პირველად დაცემის შემდეგ
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
შუმახერი ფეისბუქზეა
Auto Bild


ასევე იხილეთ:
შუმახერის მერსედესი იყიდება!
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
Auto Bild


ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად