აირტონ სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
აირტონ სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
18.08.2014
ცნობილი გამოთქმაა, როცა სენა დაიღუპა, ავტოსპორტის მთავარანგელოზი დედამიწაზე დაეშვაო. ტრაგედიის მორიგ წლისთავზე აირტონის ტრიუმფების ტრასაზე, მონაკოში ვიარეთ

”თავს უკვე სხვა განზომილებაში ვგრძნობდი. თითქოს გვირაბში ვიყავი,” - როცა აირტონ სენა ასეთ რაღაცებს ამბობდა, მის გულშემატკივრებს სისხლი ეყინებოდათ ხოლმე. რბოლისას ტრანსში ვარდებოდა, რბოლის შემდეგ კი ამბობდა, როცა ჩემს პირად ლიმიტს ვცდები, ღმერთს ვუახლოვდებიო.

ყოველთვის უფრო მეტ სისწრაფეს ესწრაფვოდა და ისეთ წინადადებებს, როგორებიც ზემოთ მოვიყვანეთ, საინტერესო, ყველა სხვა პილოტისგან გამორჩეული გამომეტყველებით ამბობდა. ამ დროს მისი მთავარი კონკურენტი და ”დაუძინებელი მტერი” ალან პროსტი, როგორც
წესი, ასეთ კომენტარებს აკეთებდა ხოლმე: ”აირტონი ფიქრობს, რომ უკვდავია, რადგან ღმერთის სწამს. მე მგონია, რომ ეს საშიშია.”

ფრანგი იმის გამო ბრაზდებოდა, რომ გულჩათხრობილი სენა ყველაფერზე წამსვლელი იყო იმ დროს, როცა წინ პროსტის ბოლიდს ხედავდა. ოღონდ მისთვის გაესწრო და აირტონი ნებისმიერ რისკზე მიდიოდა - ახალგაზრდა, ანგელოზის გამომეტყველების მქონე ბიჭი უცებ ქილერად გადაიქცეოდა ხოლმე და წაგებას ის ერჩივნა, რომ კონკურენტები გზიდან დარტყმით ჩამოეშორებინა. ალან პროსტს ამ თემაზე ლამის დისერტაციები აქვს დაცული...

Auto Bild
სენას კომენტარი: ”ჩაფხუტი ისეთ გრძნობებს ინახავს, რასაც ვერავინ გაიგებს.” ბრაზილიის ნაციონალური ფერები ყვითელი, მწვანე და ლურჯი
მისი სავიზიტო ბარათი იყო

თუმცა აირტონ სენა მხოლოდ ღვთისგან ბოძებულ ნიჭზე როდი იყო დამოკიდებული: ”დღეში 12 საათს ჩემს მანქანასთან ერთად ვატარებ, დანარჩენ 12 საათს კი მასზე ფიქრში,” - ამბობდა აირტონი. სენა არასდროს ყოფილა ”ფერარის” პილოტი, მაგრამ ეს არც იყო აუცილებელი - მისი ნიჭი და მონდომება საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ფორმულა 1-ის ლეგენდა გამხდარიყო. ხანდახან, თვით ”ჰონდასთან” ურთიერთობაც კი უკანა პლანზე გადადიოდა - არადა, ყველა დროის უსწრაფეს მრბოლელად აღიარებულმა აირტონმა მსოფლიოს სამივე ჩემპიონობა ”მაკლარენის” წითელ-თეთრი ბოლიდებით მოიპოვა, რომელსაც ”ჰონდას” ძრავები ჰქონდათ.

შესაბამისად, ლოგიკურია რომ იაპონელებმა თავიანთი პირველი სუპერსპორტული ავტომობილის მტესტავად სწპრედ აირტონი აირჩიეს. ბრტყელ ”სუში-ფერარის” New Sportscar Experimental დაარქვეს და მოკლედ NSX-ად მოიხსენიებდნენ. ეს მოდელი ”ჰონდამ” ასპარეზზე 80-იანი წლების მიწურულს გამოიყვანა და ძალიან ძვირსაც აფასებდა, რაც სულაც არ იყო გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ 274 ცხენის ძალა, V6-ძრავა (VTEC), Traction Control და ალუმინის ძარა ჰქონდა. ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 5,9 წამში ჩქარდებოდა და მაქსიმუმ 270 კმ/სთ-ს ავითარებდა.

როცა სენა ნორდშლაიფეზე განხორციელებული პირველი წრის შემდეგ პროტოტიპიდან გადმოვიდა, ”ჰონდას” მექანიკოსები და ინჟინრები თვალებში შესციცინებდნენ - აირტონმა პირველ შთაბეჭდილებებზე მისთვის ჩვეული სოლიდურობით ისაუბრა და სწორედ მისი რჩევები გაითვალისწინეს იაპონელებმა. დიახ, NSX-ის სრულყოფაში ”მაგიურ სენას” ლომის წვლილი მიუძღვის. ამიტომაც არ არსებობს ორი აზრი, რომ ამ სტატიისთვის, აირტონის დაღუპვიდან მორიგ წლისთავზე, მისი ტრიუმფების ტრასაზე სწორედ ამ მანქანით უნდა გაგვესეირნა.

Auto Bild
არცერთი სხვა მრბოლელი არ მიდიოდა მონაკოს ტრასის ბარიერებთან ისე ახლოს, როგორც აირტონ სენა და სილვა

სენასთვის ზედგამოჭრილი ტრასის სიგრძე 3,340 კილომეტრია. აირტონმა Cote d’Azur-ზე ექვსჯერ მოიგო, 1989 და 1993 წლებს შორის კი სულაც ზედიზედ ხუთჯერ. ამიტომაც შეარქვეს ”მისტერ მონაკო” და აირტონს ამ მეტსახელს უკვე ვერცერთი მრბოლელი ვეღარ ჩამოართმევს.

1994 წლის სეზონში მონაკოს გრანპრის დრო რომ მოვიდა, სენა უკვე ცოცხალი აღარ იყო. აირტონი პირველ მაისს, იმოლაზე, მეშვიდე წრეზე, ტამბურელოს მოსახვევში დაიღუპა. სწორედ აქ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ის ორივე რბოლა მაშინ ძალიან ახალგაზრდა ბიჭმა, ვინმე მიხაელ შუმახერმა მოიგო. ბიჭმა, რომლის შესახებაც აირტონმა ერთხელ თქვა, ”ეგ ბავშვი მარგალიტია, მაგრამ ჯერ აზრზე არ არისო.”

Auto Bild
მონაკოს ნავსადგურში, დილის ექვსის ნახევარზე ეს Honda უფრო იქცევს ყურადღებას, ვიდრე Ferrari Italia

Auto Bild...დილის ექვსის ნახევარია და მზის სხივებს ფრანგული რივიერას ლაჟვარდოვან სანაპირომდე ჯერ არ მოუღწევია. პოულზე სწორედ Honda NSX-ით (სერიული ნომერი 399) ვდგავარ. მხოლოდ ფოტოსესიისთვის, დღეს შამპანურის შხაპი არ იქნება. როცა ფორმულა 1-ის ბოლიდები ამ ყველაზე გლამურული გრანპრის სტარტზე დგანან, ტელეეკრანებთან მილიონობით ადამიანია ხოლმე მიჯაჭვული, ჩვენ კი, AUTO BILD-ის გუნდს მხოლოდ მებაღე გვიყურებს.
ჩვეულებისამებრ ამ დროს ის მარტოა ხოლმე და ალბერ პირველის ბულვარის წიწვოვან ხეებს რწყავს. ერთ საათში კი აქ უკვე ალიაქოთი იქნება. ამიტომაც უმჯობესია, რომ დროზე დავიძრა და ყველაფერი მოვასწრო. შუქნიშანს NSX-ის ამოწეული ფარებიდან ვაკვირდები, სტარტი ავიღე და პირველი მოსახვევიც ახლოვდება.

...და მაშინვე 1984 წლის ქაოსური რბოლა მახსენდება, რომელიც თავსხმა წვიმაში წარიმართა. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ბოლიდში ახალგაზრდა ბრაზილიელი იჯდა, რომელმაც ეპიკურ რბოლაში ისეთი ლეგენდაც კი დაჯაბნა, როგორიც ნიკი ლაუდა გახლდათ. მის ფონზე ლაუდა ლამის დამწყებ მრბოლელად წარმოჩინდა. იმხანად ყველასათვის უცნობმა აირტონ სენამ მე-13 ადგილიდან მე-2 პოზიციამდე იფრინა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ პროსტთან ჩამორჩენა ათ წრეში 34-დან 7 წამამდე (!) შეამცირა. პროსტმა საფრთხე იგრძნო, ხელებით ჟესტიკულაციებს მოჰყვა და მანამ არ გაჩერდა, სანამ ადმინისტრაციამ რბოლა არ შეწყვიტა. სენამ კი დაიჩივლა, დამჩაგრესო და სწორედ აქედან იწყება მათი დიდი და ხანგრძლივი მტრობა. სენა პროსტის წინააღმდეგ - ეს ფორმულა 1-ის ისტორიის ნაწილია, რომელიც სწორედ წვიმიან მონაკოში დაიწყო.

2014 წელს ამ გზის წითელი NSX-ით გავლა მხოლოდ მოგონებებს როდი აღძრავს. მართალია, მძღოლის სავარძლის უკან სერიული ძრავაა და ეს არ არის 800-ცხენისძალიანი ტურბო-ცხოველი, მაგრამ რაც არის, მძაფრი შეგრძნებებისთვის ესეც საკმარისია. აი, ვიწრო მოსახვევი Fairmont Hotel-თან და მხოლოდ 45 კმ/სთ - ფორმულა 1 ამაზე ნელი არსად არაა! Honda NSX-ის დასამორჩილებლად აქ ძლიერი მკლავებია საჭირო. მეტი გაზი, V6 ისევ ტიპურ ხმას გამოსცემს და მიუხედავად ტალღოვანი გზისა, მყარად და თან კომფორტულადაც დგას - სწორედ ეს შეუქო NSX-ს მაშინ შეფ-მტესტავმა სენამ.

Auto Bild
ცნობილი მოსახვევი Fairmont Hotel-თან - ფორმულა 1-ის ბოლიდები ამაზე ნელა არცერთი ტრასის არცერთ სხვა მოსახვევში არ შედიან

სარკეში ვიხედები, Red Five-ს ვერსაც ვხედავ. ნაიჯელ მენსელი მეხუთე ნომრით არ ჩანს. სწორედ ის მისდევდა სენას 1992 წელს და გადარეული იყო აირტონის შესაძლებლობებით. რბოლა ბოლოს სწორედ სენამ მოიგო და მენსელი გაამწარა.

ვერცერთ სხვა ტრასაზე ვერ დაიცავდა თავს სენა თავისი ”მაკლარენ-ჰონდათი” გაცილებით უკეთესი ”უილიამსისგან” ისე, როგორც მონაკოში. ამ ტრასაზე აირტონი თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში - აქ მას ყველაფერი შეეძლო.

Auto Bild
ეს გვირაბი მონაკოს გრანპრის სავიზიტო ბარათია. ცვლადი განათება პილოტებს საქმეს ურთულებს

მონაკოს გრანპრის სავიზიტო ბარათი, ლეგენდარული გვირაბიც მოახლოვდა - ფორმულა 1-ის ბოლიდები აქ 280 კმ/სთ სისწრაფის განვითარებას ახერხებენ. სწორედ აქ დათმო სენამ 1988 წელს გამარჯვება. უფრო სწორად, დაათმობინეს. სოლიდური უპირატესობით ლიდერობდა და იმხანად უკვე თავის თანაგუნდელ ალან პროსტს 50 წამით უსწრებდა. ამ დროს გაისმა გუნდის შეფ რონ დენისის ბრძანება, აირტონ, სვლა შეანელეო. სენას ეს არ შეეძლო! კონცენტრაცია დაკარგა და McLaren MP4/4 ბარიერს დააჯახა!

აქ და ახლა Honda NSX-ით იგივეს გამეორებას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. ფინიში! Adeus, Ayrton, ამ წრეს შენს ხსოვნას ვუძღვნი!
ლუკას ჰამბრეხტი

ტრაგედია
1994 წლის 1 მაისის საღამოს მთელი ბრაზილია ატირდა, როცა გაირკვა, რომ აირტონ სენა ცოცხალი აღარ იყო. საფეხბურთო მატჩები შეწყდა, ფეხბურთელები მუხლებზე დაემხენ და სამი დღის განმავლობაში საქვეყნო გლოვა იყო. აირტონ სენას დაკრძალვას სან პაულოში სამი მილიონი ადამიანი დაესწრო. რაც ყველაზე ტრაგიკულია, დღემდე არ არის ბოლომდე გარკვეული, რატომ დაკარგა აირტონმა Williams FW16-ზე (სასტარტო ნომრით 2) კონტროლი და რატომ შეეჯახა ტამბურელოს მოსახვევში კედელს. გადაჭრით ვერავინ ამბობს, ეს ავარია ტექნიკური დეფექტის ბრალი იყო, თუ თავად სენამ დაუშვა შეცდომა. ფაქტი ისაა, რომ სენას იმ დღეს იმოლაზე არ გაუმართლა, რადგან წინა დაკიდების ნაწილს მისი ჩაფხუტი რომ არ გაეხვრიტა, ბოლიდიდან გადმოვიდოდა და ბოქსებისკენ გაიქცეოდა. ამას ემატება ისიც, რომ ფორმულა 1-ის მრბოლელ როლანდ რატცენბერგერის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ სენა სერიზულად ფიქრობდა იმაზე, რომ იმოლას რბოლაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა...

Auto Bild
1984: მონაკოს გრანპრი 1984 წელს: იმხანად ბევრისთვის უცნობი ახალგაზრდა ბრაზილიელი Toleman-ით. აირტონმა ყველა გააოცა, ბოლოს კი იძულებული გახდა, ძლიერი წვიმის გამო რბოლა შეეწყვიტა და მეორე ადგილს დასჯერდა

Auto Bild
1985: Lotus-ში გადაბარგებულმა სენამ მონაკოში პოული პირველად მოიგო, მაგრამ რბოლას ძრავის პრობლემების გამო გამოეთიშა. მოგვიანებით ის მონაკოს მეფე გახდა და ამ ტრასაზე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში

Auto Bild
1988: მტრები და თანაგუნდელები: აირტონ სენა და ალან პროსტი. პირველი ინსტიქტებით იბრძოდა, მეორე კი ტაქტიკოსი გახლდათ

Auto Bild
1989: სენას სოლიდური გამარჯვება წინა წლის განრისხების შემდეგ, როცა 50-წამიანი ლიდერობისას სვლის შენელება უბრძანეს და გაბრაზებული ბარიერს დაეჯახა. სწორედ 1989 წელს დაიწყო ”მისტერ მონაკოს” განუმეორებელი სერია

Auto Bild
1993: სენას მეექვსე გამარჯვება მონაკოში. ”ჰონდას” თამაშიდან გასვლის შემდეგ ”მაკლარენს” უკვე ”ფორდის” ძრავა ჰქონდა

Auto Bild
1994: ტრაგიკული დასასრული
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში
სრულად
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე
სრულად
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად