ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
11.02.2016
ორ წელიწადზე მეტია, რაც ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის გერმანელი ჩემპიონი, მიხაელ შუმახერი ფრანგულ ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიღებული თავის მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. მის გულშემატკივრებს სპორტსმენის ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ (შუმახერის ოჯახმა თვითონ დააწესა შეზღუდვა). ექიმები ამბობენ, რომ მიხაელის სრულ გამოჯანმრთელებას დიდი დრო დაჭირდება, შეიძლება წლებიც გავიდეს - თუ, რა თქმა უნდა, ორგანიზმი გაუძლებს ამგვარ დატვირთვას და ამ ხანგრძლივობას.

Auto Bild

მიხაელ შუმახერი, ჯერ კიდევ აქტიური კარიერის დროს იყო გატაცებული სამთო სათხილამურო სპორტით. Ferrari-ს გუნდში ასპარეზობისას არასდროს ტოვებდა მადონა-დი-კამპილიოში
ზამთრის ტრადიციულ შეკრებას (ტრასის ერთ-ერთი მონაკვეთი აქ სწორედ შუმახერის სახელს ატარებს). მიხაელი მერიბელშიც რეგულარულად ისვენებდა. იქ გერმანელს თავისი საკუთარი შალე ჰქონდა და სასრიალო ტრასები ისე იცოდა, როგორც ავტოდრომები. მოდით, ლეგენდარულ ავტომრბოლელს სრული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო მომენტები გავიხსენოთ.

Auto Bild

ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის დებიუტი 1991 წლის 25 აგვისტოს, Jordan-Ford-ის სარბოლო ბოლიდით ბელგიაში, „სპა-ფრანკორშამის“ ავტოდრომზე შედგა. იმ პერიოდში შუმახერი სპორტპროტოტიპების მსოფლიო ჩემპიონატში გამოდიოდა Sauber-C11-Mercedes-ის მოდელით და მენეჯერების ყურადღება საუკეთესო ასპარეზობით მიიქცია. მარტო იმის აღნიშვნაც ღირს, რომ „ლე მანის 24-საათიანი რბოლის“ დროს, ღამით, წრის რეკორდი დაამყარა.
ფორმულა 1-ში „შუმის“ დებიუტს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ედი ჯორდანის გუნდში ერთი ადგილი გათავისუფლდა. ბელგიელი ბერტრან გაშო ციხეში აღმოჩნდა ლონდონელი ტაქსის მძღოლისთვის მომწამლავი აირის სახეში შესხურების მიზეზით. მიხაელის მენეჯერმა, ვილი ვებერმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა და შუმახერი თავის პირველ საკვალიფიკაციო რბოლაში გამოჩნდა.

Auto Bild
ეს ფოტო 1990 წელსაა გადაღებული. მაშინ მიხაელ შუმახერი 21 წლის გახლდათ და დიდ ავტოსპორტში პირველ ნაბიჯებს, როგორც ხედავთ, AUTO BILD-თან ერთად დგამდა

Jordan-Ford-ით მან მეშვიდე პოზიცია დაიკავა სასტარტო ბილიკზე და გამოცდილ იტალიელ თანაგუნდელს, ანდრეა დე ჩეზარისს აჯობა. შუმახერმა რბოლა კარგად დაიწყო, მაგრამ მალე რბოლას ტექნიკური მიზეზით გამოეთიშა. ერთი წლის შემდეგ, აქვე, შუმიმ კარიერაში პირველი გრან-პრი მოიგო Benetton-Ford-ით. მან რბოლა მესამე პოზიციიდან დაიწყო. მის წინ პოულის ავტორი ნაიჯელ მენსელი და ბრაზილიელი აირტონ სენა (McLren-Honda) იდგნენ. მიხაელმა ტაქტიკურად სწორად წარმართა რბოლა და იმ პერიოდში უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა. პოდიუმზე მის გვერდით იდგნენ ინგლისელი მენსელი და იტალიელი რიკარდო პატრეზე, William-Renault-ს პილოტები.

Auto BildAuto BildAuto BildAuto Bild
მიხაელ შუმახერი 1969 წლის 3 იანვარს ჰიურტში დაიბადა (ახლა 47 წლისაა). 18 წლის ასაკში შუმი ულვაშს ატარებდა...

2011 წელს მიხაელმა სწორედ ბელგიურ ტრასაზე იზეიმა ფორმულა 1-ში ასპარეზობის 20 წლის იუბილე და განაცხადა: “სპაზე“ რბოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამ შეიცვალა ამ 20 წლის მანძილზე, მხოლოდ ერთი დარჩა უცვლელი: ავტოდრომი ჯერაც საოცარია, ძალიან მიყვარს საერთოდ ეს ადგილი და ამ ტრასის მონაკვეთები. ჩემთვის „სპა“ საკუთარ სახლად“ რჩება, რადგან აქ ძალზე ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა, რომელიც არასდროს დამავიწყდება.“

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შუმის გამოჩენა ფორმულა 1-ში ირლანდიელი სპეციალისტის, ედი ჯორდანის დამსახურებაა და მისივე ”ბრალია” ისიც, რომ იტალიის გრან-პრიზე, რომელიც „მონცას“ ავტოდრომზე ტარდება, შუმახერი უკვე ფლავიო ბრიატორეს გუნდის, Benetton-ის ავტომობილით ასპარეზობდა (ჯორდანს კონტრაქტში გამორჩა იმ პუნქტის შეტანა, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ შუმახერს სხვა გუნდში გადასვლის უფლება არ აქვს სეზონის ბოლომდე) ისეთი დიდოსტატის გვერდით, როგორიცაა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი ნელსონ პიკე, რომელიც, სხვათა შორის, მიხაელმა კვალიფიკაციაში ჩამოიტოვა. მან მე-7 პოზიცია დაიკავა, პიკე - მერვე იყო. ასეთივე სიტუაცია იყო მთავარ რბოლაშიც, „შუმიმ“ მეხუთე ადგილი დაიკავა, პიკემ - მეექვსე.

Auto Bild
შუმახერების ოჯახი 1991 წელს. მარცხნიდან: ძმა რალფი, დედა ელიზაბეთი, მიხაელი და მამა როლფი

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ბელგია ძალზე სტუმართმოყვარე აღმოჩნდა მიხაელის მიმართ. მან Benetton-ის და Ferrari-ს ავტომობილებით შვიდჯერ (!) მოიგო ამ ქვეყნის გრან-პრი 1992-2002 წლებში. 2006 წლის ბოლოს კი ავტოსპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა მხოლოდ სამი წელი გაძლო ფორმულა-1-ის გარეშე და 2009 წლის ბოლოს, როცა როს ბრაუნმა ის Mercedes-ში მიიწვია, უარი არ უთქვამს.

ოჯახურ კრებაზე, მეუღლე კორინასთან და ბავშვებთან (ჯინა-მარია და მიკი, რომელის მამის კვალს გაჰყვა და წარმატებული ავტომრბოლელია. სულ მალე შეიძლება ისიც ფორმულა 1-ში აღმოჩნდეს) ერთად დასხდნენ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეს და შუმახერმა ოფიციალურად განაცხადა ფორმულა 1-ში დაბრუნების შესახებ, თანაც იმ გუნდში, საიდანაც, საერთოდ, მისი სპორტული კარიერა დაიწყო.

Auto BildAuto Bild
მიხაელმა კორინამ 1995 წლის აგვისტოში იქორწინეს. ჰყავთ ორი შვილი: ჯინა-მარია და მიკი

მას Mercedes-ის დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ სინამდვილეში მრავალ პრობლემას წააწყდა ტექნიკის მხრივ. „შუმი“ აშკარად ებრძოდა საკუთარ ბოლიდს, მაგრამ ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ამას ისიც ემატებოდა, რომ თანამემამულე და თანაგუნდელი, ნიკო როსბერგი ხშირად ჯობნიდა როგორც კვალიფიკაციაში, ისე გრან-პრის რბოლაშიც. მაგრამ ვინც მიხაელს პირადად იცნობდა, ყველამ იცოდა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს საქმის ბოლომდე მიყვანა სჩვეოდა. თუმცა მოხდა ისე, როგორც მოხდა. მიხაელმა ინგლისელი ლიუის ჰემილტონის მოსვლისთვის მოამზადა ბოლიდი და მას გზა დაულოცა. ფორმულა 1-ში დაბრუნება წარმატებული არ გამოდგა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მთელი კარიერის მანძილზე მიხაელს მხოლოდ ერთხელ ჰყავდა უძლიერესი თანაგუნდელი და მეტოქე ნელსონ პიკეს სახით, თუმცა მისი კარიერა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. დანარჩენი თანაგუნდელებიდან, სიძლიერის მიხედვით, აღსანიშნავია იტალიელი რიკარდო პატრეზე, რომელმაც ვერაფერი მოუხერხა Benetton-Ford-ს და წავიდა ავტოსპორტიდან; ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, ირლანდიელი ედი ირვაინი, ინგლისელი ჯონი ჰერბერტი და ბარიკელოს თანამემამულე, ფელიპე მასა.

Auto BildAuto BildAuto Bild
ფეხბურთი მიხაელისთვის სპორტის ერთ-ერთი უსაყვარლესი სახეობაა. შუმის არაერთ საქველმოქმედო მატჩში უთამაშია

სხვებისგან განსხვავებით, შუმახერთან ერთად, მათ შეძლეს რბოლების მოგება. გარდა ამისა, ირვაინი, ბარიკელო და მასა ჩემპიონობის კანდიდატებადაც კი ითვლებოდნენ. „შუმის“ მეტოქეებს შორის კი აღსანიშნავია როგორც აირტონ სენა, ისე, ნაიჯელ მენსელი, ალენ პროსტი, ჟან ალეზი, დეიმონ ჰილი, მიკა ჰაკინენი, ჟაკ ვილნევი, ფერნანდო ალონსო. ბრაზილიელი სენა მიხაელს ყოველთვის ყველა დროის უძლიერეს ავტომრბოლელად მიაჩნდა. როცა გერმანელმა პილოტმა მას გამარჯვებების რაოდენობით გადაასწრო და პრესკონფერენციაზე ჰკითხეს თუ რას გრძნობდა, ჩემპიონმა ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. მის გვერდით მიკა ჰაკინენი იჯდა და ამშვიდებდა.

Auto Bild
ავტოსპორტის ცოცხალი ლეგენდები: ნიკი ლაუდა და მიხაელ შუმახერი

ზემოთ ჩამოთვლილი მთავარი მეტოქეებიდან, ყველაზე ღირსეულად შუმახერი ჰაკინენს მიიჩნევდა. არ იყო რბოლები, რომლის დეტალებიც მათ დაწვრილებით არ გაურჩევიათ ფინიშის შემდეგ. მძიმე ტრავმის შემდეგ სწორედ ფინელი ავტომრბოლელი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მეტოქეს გამამხნევებელი მესიჯები გაუგზავნა. ჰაკინენს ინგლისელი დეიმონ ჰილიც შეუერთდა. ფორმულა 1-ის ბოლო ჯენტლმენთან ერთად არაერთი სარბოლო სპექტაკლი დადგა შუმახერმა.

Auto Bild
თუმცა ყველაზე მეტად მაინც სპორტის ექსტრემალური სახეობები უყვარს

ფრანგმა ჟან ალეზიმ „ნიურბურგრინგზე“ მათი დაძაბული პაექრობა გაიხსენა, როცა Benetton-ის და Ferrari-ს ბოლიდების ბორბლები ერთმანეთს თითქმის ეხებოდა. 1995 წლის 11 ივნისს, კანადაში, „ჟილ ვილნევის“ სახელობის ავტოდრომზე ალეზიმ საკუთარი დაბადების დღე კარიერაში ერთადერთი გამარჯვებით აღნიშნა. საპატიო წრეზე მის წითელ ბოლიდს საწვავი გამოეცალა, თუმცა მასთან ახლოს შუმახერის ავტომობილი გაჩერდა და Benetton-ის ძარაზე შემომჯდარი პილოტი ბოქსებამდე მიიყვანა.

Auto Bild
მიხაელ შუმახერი და მისი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი რუბენს ბარიკელო

მთელი ავტოსპორტული სამყარო მოუთმენლად ელის შუმახერის ოჯახისგან საიმედო ინფორმაციის მიღებას ავტომრბოლელის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ საბინე კემი, მიხაელის პირადი მენეჯერი პირნათლად ასრულებს მის მოვალეობას და საიდუმლოდ ტოვებს ყოველნაირ ცნობას მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მდგომარეობის შესახებ.

ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ მიხაელ შუმახერი მთავარ ბრძოლას განაგრძობს და სრულფასოვან ადამიანად დაბრუნდება.
მოამზადა დავით ჩუბინიძემ

Auto Bild
ფორმულა 1-დან შუმი დაბრუნების შემდეგ, საბოლოოდ 2012 წლის ბოლოს წავიდა

ასევე იხილეთ:
ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
Auto Bild


შეუძლია თუ არა შუმახერს სიარული?
როგორაა შუმი სინამდვილეში?

Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად