ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
ნაღდი ამერიკელი თავისი პლუსებით და მინუსებით
03.04.2015
ამერიკული ავტოკულტურის მოყვარულებს 2002-დან 2006 წლამდე წარმოებული Chevrolet TrailBlazer ძალიან მოსწონთ . ფაქტობრივად უყვართ! ეს არის ნაღდი ამერიკული SUV ტიპური პლუსებითა და მინუსებით

ამერიკული ავტოკულტურა და ავტოგემოვნება ძალიან თავისებურია. ვისაც ამერიკული ავტომობილები უყვარს, ევროპული ან იაპონური ყაიდის ავტომოყვარულებთან კამათისას არგუმენტები მაშინ ელევა, როცა დისკუსია საწვავის ხარჯის კრიტერიუმზე მიდგება ხოლმე.

უშუალოდ ამერიკაში კი, დიდი ხანია, ამ საკითხზე აღარავინ კამათობს. არავინ სვამს კითხვას, როდის და რაში სჭირდება ადამიანს უგზოობის ავტომობილი. ამერიკაში SUV-კლასის მანქანებს ისეთი მიდგომით ყიდულობენ, როგორც ევროპაში სპორტულ მანქანებს: არა იმიტომ, რომ
მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება უნდათ, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან მოსწონთ. ფაქტობრივად უყვართ! შესაბამისად, ამიტომაც იწარმოებოდა და იწარმოება ტიპურ ამერიკული SUV-ები.

Auto Bild

...და აქ პატარა პაუზა უნდა გავაკეთოთ: ხედავთ მსგავსებას ამერიკულ და ქართულ ავტოკულტურასა და ავტოგემოვნებას შორის? რამდენი ყიდულობს ჩვენთან დიდ ყველგანმავალს მთებში სახეტიალოდ? ძალიან ცოტა! უმრავლესობა დიდი SUV-ებით უმეტესად ქალაქში გადაადგილდება და მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ხარჯიც დიდი აქვს და დაპარკინგებაც ჭირს, ქართველები დიდ SUV-ებს მაინც ვეტანებით. უბრალოდ მოგვწონს. ფაქტობრივად გვიყვარს!

რას გვთავაზობს TrailBlazer?

Chevrolet TrailBlazer ნაღდი, კლასიკური ამერიკული SUV-ია. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მოდელზე, რომელიც
2002-დან 2006 წლამდე იწარმოებოდა და რომელსაც ახლა, მეორადის რანგში ისეთი ფასი აქვს, უკვე საქართველოშიც ბევრისთვის გახდა ხელმისაწვდომი - მისი საორიენტაციო ფასი გამოშვების წლებისა და კომპლექტაციის მიხედვით 6 000-დან 9 000 დოლარამდეა. შესაბამისად, TrailBlazer-ები ნელ-ნელა ჩვენთანაც მომრავლდნენ.

Auto Bild

მაშ ასე: რას გვთავაზობს Chevrolet TrailBlazer? პირველ რიგში სივრცეს - ძალიან დიდ და ტევად სალონს. ამ ავტომობილისგან მიღებული შთაბეჭდილებებიდან ყველაზე მძლავრი და დომინანტი შთაბეჭდილება სწორედ ესაა: ბევრი ადგილი სალონში. შესაბამისად, Chevrolet TrailBlazer ბევრ პრაქტიკულ დეტალსაც გვთავაზობს. ამერიკელებს (და ქართველებსაც) მანქანაში კომფორტულად ცხოვრება უნდათ. დიახ, ცხოვრება! მათთვის და ჩვენთვისაც მთავარი მიზანი მხოლოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე მისვლა არ არის.

Auto Bild

TrailBlazer-ის დიზაინი უფრო სოლიდურია, ვიდრე მოდური. მასიური მანქანა სოლიდური, საკმაოდ კარგად დამუშავებული სალონით. ყველაზე პრაქტიკული დეტალი ის არის, რომ ამ ასაკისა და ამ კლასის ავტომობილებიდან უკანა სავარძლის საზურგის გადაგდება ყველაზე სწრაფად სწორედ ამ TrailBlazer-ში ხდება.

Auto Bild

როგორ დადის?

სპორტული სულისკვეთების მქონე მძღოლებს ეს ”შევი” ნაღდად არ გამოადგებათ. შარაგზებზე ზედმეტად რბილია, ავტობანზე მაღალი სიჩქარით ქროლვისას კი ძრავას ძალიან მაღალ ბრუნებზე უწევს მუშაობა. აი, მშვიდი მძღოლები კი ამ მანქანის მართვით უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ. TrailBlazer-ში ყველაფერი ძალიან ადვილია - მანქანა რბილი და კომფორტულია.

Auto Bild

სრული ამძრაობა ავტომატურად ფუნქციონირებს. შეგიძლია იარო მხოლოდ უკანა ამძრაობით, ან ისეთი რეჟიმით, როცა მანქანა საჭიროებისას თვითონ ჩართავს წინა ამძრაობასაც, ანაც შენთვითონ ჩაურთავ. ეს კარგია, რადგან ქალაქში სრული ამძრაობა არ გჭირდება, მხოლოდ უკანა ამძრავით კი საწვავს დაზოგავ. ცუდი ის არის, რომ რეჟიმების ჩართვა/გადართვა ელექტრონულად ხდება და თუ ამ სისტემამ აურია, რაც მეორადი ავტომობილების შემთხვევაში ხშირი უსიამოვნებაა ხოლმე, გაწვალდები და დაიხარჯები. თუმცა TrailBlazer-ის გამოხმაურებები გვიჩვენებს, რომ ეს სისტემა იშვიათად ურევს. ამ ”შევის” შედარებით გავრცელებული პრობლემა გადაცემათა ავტომატური კოლოფია. ამიტომ: დაინტერესების, ან მით უმეტეს შეძენის შემთხვევაში, პირველ რიგში სწორედ მისი ავტომატიკა უნდა შეამოწმოთ. და, ცხადია, ამძრაობის რეჟიმების ელექტრონული სისტემაც.

Auto Bild

TrailBlazer-ს 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს (ცოტა უჩვეულო: ერთ რიგში განლაგებული ცილინდრები), რომელიც მანქანას მძლავრად აჩქარებს: ეს ”შევი” 100 კმ/სთ-ს 9,4 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე კი მინიმუმ 190 კმ/სთ-ია.

სავალი ნაწილი, გამავლობა და კომფორტი

TrailBlazer-ის მოხვევა საკმაოდ პირდაპირია და მანქანასაც, თავისი წონის კვალობაზე, მანევრული ეთქმის, თუმცა აღგზნებული მძღოლები მკვეთრ მანევრებს ისე ვერ შეასრულებენ, როგორც უნდათ და TrailBlazer-ს ზანტსა და ზოზინას უწოდებენ. მოსახვევში სწრაფად შესვლისას უკანალს ათამაშებს. მუხრუჭები არაა მაინცდამაინც ძლიერი და იდეალური.

Auto Bild

სიმძლავრე იქით, სიმძლავრე აქეთ, სავალი ნაწილი კი საკმარისად მოქნილი აქვს. უკანა ავტომატური ბლოკირება ძალიან კარგად ფუნქციონირებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Chevrolet TrailBlazer-ს ნორმალური გამავლობა აქვს, რაშიც სერიოზულ უგზოობაზე თავად დარწმუნდებით. იმისათვის, რომ ძალიან კარგი ყველგანმავალი იყოს, მას ხელს მხოლოდ არცთუ მაღალი კლირენსი, მგრძნობიარე პლასტმასები და დაბალი საბიძგებელი უშლის.

ტყავის სავარძლები ძალიან კომფორტულია. TrailBlazer-ში უაღრესად კომფორტულად მოთავსდებით, სავარძლები ძალიან რბილია. დაუმატეთ ამას მძლავრი და მძაფრი ძრავა, ძალიან ტევადი სალონი, კარგი კონდიცირება და ძალიან კომფორტულ სამოგზაურო ავტომობილს მიიღებთ.

Auto BildAuto Bild

ფასები და ხარჯები

ახალი მოდელის რანგში ეს TrailBlazer თავის დროზე 50 000 დოლარი ღირდა. ახლა, წარმოების სტარტიდან 13 წლის შემდეგ, მისი ფასი ქართულ რეალობაში, დაახლოებით 6 000-დან 9 000 დოლარამდეა. 2003 ან 2004 წლის მოდელს საშუალოდ 7 000 დოლარად შეიძენთ, რაც ამ კლასის და შესაძლებლობების მანქანისთვის ძალიან კარგი ფასია. სერვისი ხელმისაწვდომია და მისაღები ფასი აქვს, ნაწილებიც იშოვება. თანაც, TrailBlazer საკმაოდ გამძლე მოდელი გამოდგა.
Auto Bild

დასკვნა
Chevrolet TrailBlazer კლასიკურ ამერიკულ ღირებულებებზე შექმნილი ავტომობილია. ამ მანქანით ძალიან ისიამოვნებენ მშვიდი მძღოლები, რომლებსაც კომფორტი და ამერიკული მანქანები უყვართ, საწვავის ხარჯი კი დიდად არ ადარდებთ.
შალვა ბუაჩიძე
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:

მანქანა, რომლის შეძენას არ ინანებთ: Honda CR-V
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
02.03.2015
მან ეს შეძლო! ჩვენი BMW 525 TDS კილომეტრების მილიონერი გახდა
სრულად
14.07.2014

„სუბარუ  ფორესტერის“ მთავარი პლუსები: სრული ამძრაობა, პრაქტიკული ძარა და საიმედოობა

სრულად
11.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად