მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ და ყველა დეტალი შევამოწმეთ!
მილიონერი BMW, რომელიც დავშალეთ და ყველა დეტალი შევამოწმეთ!
02.03.2015
მან ეს შეძლო! ჩვენი BMW 525 TDS კილომეტრების მილიონერი გახდა . ამის შემდეგ ის, რა თქმა უნდა, დავშალეთ და დავრწმუნდით, რომ ჭეშმარიტად მარათონების ავტომობილია. თუმცა ჟანგმა და კიდევ ბევრმა რამემ ისიც გვიჩვენა, რომ ამაზე მეტი უკვე აღარ შეიძლებოდა

კიდევ ორი კილომეტრი! ერთი! ციფრული მაჩვენებელი 999 999 კილომეტრს გვიჩვენებს და წესით, მალე უნდა გადახტეს. ან ახლა იქნება, ან ახლა, გადატრიალება ყოველ წამს მოსალოდნელია...

Auto Bild
კილომეტრების ამთვლელი 999 999-ზე გაიჭედა, BMW კი
ამ დროს 210 კმ/სთ-ით მიქრის


რა ხდება, კაცო?! არაფერი ხდება. ნუთუ ამ მანქანას არ უნდა, რომ მილიონერი გახდეს? ეკრანი დუმს, ბეჯითად მუშაობას კი მხოლოდ ყოველდღიური კილომეტრების მაჩვენებელი აგრძელებს. იმედები გაგვიცრუვდა. სავარძლებზე გადავწექით. ფოტოაპარატი კი სადღაც უკანა სავარძელზე მივაგდეთ. მეგობრებო, ჩვენ ექსტრემალურ მარათონელს, BMW 525 TDS-ს ვტესტავთ, რომელიც 1997 წელსაა გამოშვებული. ეს მანქანა ჰოლანდიაში სიმბოლურ ფასად, ერთ ევროდ შევიძინეთ. მაშინ 991 000 კილომეტრი ჰქონდა გავლილი.

ჩვენი მიზანი რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა იყო. პირველ რიგში გვინდოდა გაგვერკვია, თუ დადის და როგორ დადის ეს მანქანა. ჩვენი რედაქტორი და ფოტოგრაფი ჯერ კიდევ ჰამბურგისკენ მიმავალ გზაზე დარწმუნდნენ, რომ უხვკვამლიანი 6-ცილინდრიანი
ძრავა ჯერ კიდევ ნორმალურად მუშაობს, მანქანა კი ჯერაც კომფორტულია. ამის შემდეგ ეს ”მეხუთე სერია” სასწავლო ოიბიექტად გადაიქცა: მოსწავლეებს უნდა გამოერკვიათ, ღირს თუ არა ერთი მანქანის ამდენ ხანს შენარჩუნება და ხომ არ აჯობებს, რომ ცოტა ადრე გაყიდო და სხვა ავტომობილი იყიდო.

Auto Bild
დაშლამდე BMW-ს ამ მძიმე ტვირთის თრევაც მოუხდა

ბევრმა შეამოწმა თუ ცოტამ, მალევე მივხვდით, რომ მართალია, ამ მანქანის წინა მფლობელი ფულს ზოგავდა, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ ავტომობილს რეალური სერიოზული პრობლემები არ ექმნებოდა. ვიზუალური მხარე კი, მას, როგორც ჩანს, ოდნავადაც არ აღელვებდა. მისთვის მთავარი იყო, რომ მანქანას ევლო, ეს უამრავი ჟანგი, ღრმა ნაკაწრები, ემბლემის უქონლობა და მარჯვენა კარის მოტეხილი სახელური ფეხებზე ეკიდა. მისი მანქანა ფუნქციონირებდა, დანარჩენი კი უბრალოდ არ აინტერესებდა. მას მერე, რაც ეს BMW ჩვენს ხელში ჩავარდა, გადავწყვიტეთ, მილიონამდე სრული სვლით გვევლო და ოდნავადაც აღარ დავინდეთ.

Auto Bild
მისი მართვით ბოლომდე ვისიამოვნეთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უხმაუროდ და ხისტად იარა

როგორ გინდა, ასეთი გმირი დასაშლელად გაიმეტო, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, მისი ნაწილებად დაშლა, თითოეული დეტალის შემოწმება და იმის გაგება იყო, როგორ მდგომარეობაშია ყველაფერი მილიონის შემდეგ. როცა ჩვენი გმირი დავშალეთ, ზუსტად 1 005 777,6 კილომეტრი ჰქონდა გავლილი. მანამდე კი ნამდვილად კარგი მეგობარი იყო. შეძენიდან დაშლამდე ორად ორმა პრობლემამ იჩინა თავი: ჯერ რადიატორმა გაუშვა, მერე კი საკისარმა თქვა უარი შრომასა და თავდადებაზე. ეს იყო და ეს. ზეთს კი ჭამდა. რა თქმა უნდა! დიზელის ძველ ძრავას ყოველ 1000 კილომეტრზე 0,1 ლიტრი ზეთის დამატება სჭირდებოდა.

Auto Bild
ეს მანქანა ივნისში, ჰოლანდიაში შევიძინეთ და მას მერე 14 000 კილომეტრი გავატარეთ. ამ მანქანამ 855 000 კილომეტრი ჰოლანდიელი ბიზნესმენის, იოჰანეს რუტენის ხელში გაიარა, მერე კი განათხოვრებული ჰყავდა. AUTO BILD-მა ეს BMW 991 000-კილომეტრიანი გარბენით შეიძინა. რუტენს კი თურმე ისევ E39 ჰყავს.

”გაუშვით, აცოცხლეთ, არ დაშალოთ!” - გვწერდნენ მკითხველები. მაგრამ არა. ჯერ ერთი, უნდა გაგვეგო, რა ხდებოდა შიგნით და თანაც, DEKRA-ს სპეციალისტს თავისი ენდოსკოპითაც რომ არ შეემოწმებინა ყველა ხვრელი, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა იმის დანახვა, რომ ყველგან ჟანგი იყო. ამას გარდა, იმისათვის, რომ ავტომობილი ჯეროვნად განახლებულიყო და მომდევნო ტექ-დათვალიერებაზე გამოცდები წარმატებით ჩაებარებინა, უნდა შეგვეცვალა ოთხივე საბურავი, სავალი ნაწლის სახსრები, უნდა გამოგვეცვალა ელექტრო-გაყვანილობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გერმანიაში ამ ყველაფრის გაკეთება კი დაახლოებით 4000 ევრო დაგვიჯდებოდა.

4000 ევრო კი დიდი ფულია. ასეთი ცვეთა, რა თქმა უნდა, წინა მფლობელის დაუდევრობის ბრალია, რადგან მანქანისთვის ჯეროვნად რომ მოევლო, ამდენი რამ არ იქნებოდა საჭირო. მანქანის ”დაძინების” ყველაზე მთავარი მიზეზი კი მაინც ჟანგი იყო - მან ხომ მთელი 17 წელი იარა ჩრდილოეთის ზღვის მარილიან ჰაერში. წინა მფლობელი საერთოდ რომ არ უვლიდა, ამას მარტო რადიატორიც გვიდასტურებს, რომელსაც ეტყობა, რომ არასდროს გაწმენდილა და ისე გამოიყურება, როგორც ანტიკვარული საცერი.

Auto Bild
ტურბინის ფრთებს ასაკი ეტყობა. გაითვალისწინეთ, რომ ქარხნულია!

შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ მანქანას სუნთქვა უჭირდა და თავს ისე გრძნობდა, როგორც მწეველი კაცი, რომელიც ეს-ესაა მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ შეუშვეს. მილიონერ BMW-ს ამიტომაც არ ჰყოფნიდა ჰაერი და 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ამიტომაც ანდომებდა 17 წამს. რადიატორის გამოცვლის შემდეგ კი 11 წამში აჩქარდა.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, დაშლისას მაინც გული დაგვწყდა, რადგან აშკარად გამოჩნდა, რომ ძრავა და გადაცემათა კოლოფი კიდევ მინიმუმ 200 000 კილომეტრს გაუძლებდნენ. მაგრამ ეს აღარ მოხდება, რადგან ჰამბურგიდან მიუნხენამდე გავლილი გზა ამ BMW-სთვის უკანასკნელი იყო.

Auto Bild

პასუხები მკითხველების კითხვებზე

რატომ გაძლო ამ მანქანამ ამდენ ხანს და რატომ არ მოკვდა უფრო ადრე?
მართალია, წინა მფლობელი ამ BMW-ს ცუდად ექცეოდა, დაუნდობლად ხმარობდა და თამამად შეიძლება ითქვას, არ უვლიდა, მაგრამ ის კი ცხადია, რომ ძრავის ზეთს ყოველთვის დროულად უცვლიდა, ცივი ძრავით არასდროს ძრავდა და თითქმის ყოველთვის შორ მანძილზე დადიოდა. დაუწერელი კანონია: ქალაქში 50 000-კილომეტრიანი გარბენი ტრასაზე გავლილი 300 000 კილომეტრის ტოლია. შეიძლება ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ ტენდენცია სწორია.

რა ღირს მანქანისთვის მილიონერობა?
თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ 100 კილომეტრზე 9 ლიტრ დიზელს მოიხმარდა, ამ BMW-მ ჯამში 90 000 ლიტრი დიზელი დაწვა, რაც ევროპული ფასით 110 000 ევრო იქნებოდა. ამას უნდა დავუმატოთ სერვისში დახარჯული ფული - დაახლოებით 60 000 ევრო. არ უნდა დაგვავიწყდეს თავიდან მანქანაში გადახდილი ფული, გადასახადები და დაზღვევაც.

Auto Bild
ამ BMW 525 TDS-მა 1 005 717,6 კილომეტრი იარა და 240 366,50 კილოგრამი CO2 გამოუშვა. თუ საშუალო ხარჯი 9 ლიტრი დიზელია, საშუალოდ ერთ კილომეტრზე 239 გრამი CO2 გამოდის. ცხადია, რომ თანამედროვე Common-Rail-სისტემები გაცილებით უკეთესები არიან.
Auto BildAuto Bild
რომელი ნაწილები იყო ყველაზე კარგ მდგომარეობაში?
საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ, რომ ძალიან კარგი მანქანა გამოდგა. დაშლის შემდეგ ჩვენ წინაშეა ქარხნული მაყუჩი, ქარხნული ტურბინა (!), ქარხნული გადაცემათა კოლოფი, ქარხნული ძრავა და ქარხნული დიფერენციალი, რაც მართლაც დაუჯერებელია.

არ შეიძლებოდა, რომ არ დაშლილიყო და მეორე მილიონზე წასულიყო?
არა! მართალია, განახლება შეიძლ;ებოდა, მაგრამ კიდევ მილიონი კილომეტრის გასავლელად მინიმუმ 15 წელი დაგვჭირდებოდა, მანქანის ძარა კი 2030 წლამდე ნაღდად ვეღარ გაძლებდა.

დასკვნა
ყველაზე მთავარი, რაც ამ ამბავმა დაგვიმტკიცა, არის ის, რომ მოვლის გარეშე საუკეთესო ავტომობილიც ვერ ივლის სამუდამოდ. ვისაც უნდა, რომ ავტომობილი დიდხანს და პატიოსნად ემსახუროს, პერიოდულად ფული უნდა ახარჯოს. ქედს ვიხრით ამ მანქანის ძრავისა და გადაცემათა კოლოფის წინაშე!
მანფრედ კლანგვალდი
მალტე ბიუტნერი


დაშლის შემდეგ
ძრავა და გადაცემათა კოლოფი კარგია, დანარჩენის რა მოგახსენოთ

Auto Bild
1. «ასთმის» გამომწვევი მიზეზი: ინტერქულერი ჭუჭყით განადგურებულია, რის შემდეგაც მძლავრმა 6-ცილინდრიანმა ძრავამ არაერთი ცხენის ძალა დაკარგა
2. კარების რეზინები უკვე ძალიან შელახულია. ეს განსაკუთრებით მძღოლის კარს ეხება. ძალიან ბევრ ადგილზე ახეული და გამქრალია.
3. ჯაჭვზე და მის დეტალებზე ცვეთა იმდენად აშკარაა, რომ ამას არაპროფესიონალიც კი იოლად შეამჩნევს
4. ZF-ის 5-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი შესანიშნავ მდგომარეობაშია. დაუჯერებელია, მაგრამ ქარხნული ტრანსმისია თითქმის ისევე გამოიყურება, როგორც თავიდან!


Auto Bild
DEKRA-ს ექსპერტი გიუნტერ შილე გაოცებულია. დგუშები და ცილინდრები ძალიან კარგ მდგომარეობაშია

რაც თვალში მოგვხვდა

Auto Bild
კოროზია რაფებზე: რა გასაკვირია, რომ ამდენი წლისა და კილომეტრების შემდეგ ჟანგმა ჭამა რკინა

Auto Bild
ეს მწვანე მედალი ადასტურებს, რომ ZF-ის ავტომატურმა გადაცემათა კოლოფმა აქამდე ქარხნული ზეთითა და პირვანდელი მდგომატეობით მოაღწია. ტრანსმისია ძალიან კარგ მდგომარეობაშია

Auto Bild
ერთადერთი შეცდომა გადაცემათა კოლოფში (გატეხილი დისკო). თუმცა ამას მის მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია

Auto Bild
ვინ დაიჯერებს, რომ ამ უნაკლო ცილინდრის ანგარიშზე 1 მილიონი კილომეტრია?

Auto Bild
გახურების სანთლებიდან ერთი გაუბედურებულია


სხვა მარათონელები

Auto Bild
მსოფლიო რეკორდი: ირვ გორდონმა თავისი Volvo P1800 1966 წელს იყიდა და დღემდე ამ მანქანით 4,8 მილიონზე მეტი კილომეტრი გაიარა

Auto Bild
ჰანს-გეორგ ფონ გემინგენმა ამ Tesla-თი 6 წელიწადში 400 000 კილომეტრი გაიარა. ცნობისათვის, ეს მანქანა ელექტრონულად მხოლოდ 300 კილომეტრს გადის

Auto Bild
ტაქსისტმა გრეგორიოს სახინიდისმა თავისი ”მერსედესით” 4,6 მილიონი კილომეტრი იარა

Auto Bild
ასეთი Lexus LS400-ით ბერენდ ტე ვინკელმა 895 000 კილომეტრი გაიარა და ირწმუნება, რომ მანქანას პრობლემა არ შეჰქმნია

Auto Bild
პატარა ”სმარტი” ბეჯითი კურიერია: ამ ეგზემპლარმა 546 000 კილომეტრი იარა
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
03.04.2015
ამერიკული ავტოკულტურის მოყვარულებს 2002-დან 2006 წლამდე წარმოებული Chevrolet TrailBlazer ძალიან მოსწონთ
სრულად
14.07.2014

„სუბარუ  ფორესტერის“ მთავარი პლუსები: სრული ამძრაობა, პრაქტიკული ძარა და საიმედოობა

სრულად
11.02.2014
უგზოობის ავტომობილის შეძენა გსურთ და ბევრი ფული არ გაქვთ? აი, რამდენიმე მოძველებული კომპაქტური ქროსოვერი, რომელთა ფასი მაქსიმუმ 4000 ევროა
სრულად