ჰიუნდაის ელექტრო-რევოლუცია
ჰიუნდაის ელექტრო-რევოლუცია
14.08.2017
ჩვეულებრივი ჰიბრიდი, დასატენი ჰიბრიდი და ელექტრომობილი, რომლისთვისაც სპორტულობა არ არის უცხო!

რევოლუცია რაიმე სფეროში, არის ამ სფეროში დროის შედარებით მოკლე პერიოდში მომხდარი შესამჩნევი ცვლილებები. რევოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ გადატრიალებას არ ნიშნავს. საავტომობილო სფეროში რევოლუცია ძირითადად ტექნოლოგიური პროგრესია.
  • ”ჰიუნდაიმ” ასეთი რევოლუცია ელექტრომობილურობის სფეროში, ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყო, როცა კორეელებმა ჟენევის 2016 წლის ავტოგამოფენაზე თავიანთი ახალი ავტომობილი, Hyundai Ioniq წარმოადგინეს.
AUTO BILD-ის ერთგულმა მკითხველებმა იცით, მაგრამ მაინც: ეს გახლავთ კომპაქტური სედანი, რომელიც სამი ვერსიის სახით იწარმოება - ჩვეულებრივი ჰიბრიდი, Plug-in (ანუ,
დასატენი) ჰიბრიდი და სრულფასოვანი ელექტრომობილი.

Auto Bild
Hyundai Ioniq და ჰიბრიდების პიონერი ”ტოიოტა პრიუსი”

Ioniq-ის პირველი ფოტოების გავრცელებისთანავე, მთელი საავტომობილო მსოფიო შეთანხმდა, რომ ჰიბრიდების პიონერ ”ტოიოტა პრიუსს” უსერიოზულესი მტერი გამოუჩნდა. ჰიბრიდული ვერსიის პირველმა ტესტებმა კი მალევე დაგვარწმუნა იმაში, რომ Ioniq მოსალოდნელზე გაცილებით ნიჭიერი ავტომობილი იყო. პირველ რიგში დინამიკური სვლით გაგვაოცა - Ioniq-ს ძალზე დაბალი სიმძიმის ცენტრი და კლასში საუკეთესო ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტი (0,24) აქვს!

ეს ყველაფერი კი ავტომატურად ნიშნავს შეძლებისდაგვარად დინამიკურ სვლას, რასაც Ioniq ნებისმიერ მძღოლს პრაქტიკაშიც დაუმტკიცებს. თანაც, ელექტრომოტორისა და შიგაწვის ძრავის სისტემური სიმძლავრე 141 ცხენის ძალაა. ამგვარი
სიმძავრით კი, წინაამძრავიანი Ioniq 100 კმ/სთ-მდე 10,8 წამში ჩქარდება, მაქსიმალური სისწრაფე კი 185 კმ/სთ-ია. ეს კი არცისე ცუდი შედეგია ისეთი ეკონომიური მანქანისთვის, როგორიც ჰიბრიდული Ioniq გახლავთ - საშუალოდ 3,4 ლიტრი 100 კილომეტრზე.

Auto Bild
Hyundai Ioniq სამი ვერსიის სახით იწარმოება: ჰიბრიდი, დასატენი ჰიბრიდი და ელექტრომობილი

ელექტრო-Ioniq-ის რესურსი: 250 კილომეტრი!

ამ მოდელისთვის ”ჰიუნდაიმ” სრულიად ახალი პლატფორმა შექმნა და მასზე ააგო როგორც ჰიბრიდული ვერსია, ისე Plug-in-ჰიბრიდული და ელექტრომობილიც. ამ უკანასკნელის საქმეში ხილვის შესაძლებლობა შემოდგომაზე, ”ოქროს საჭის” ფინალურ ტესტებზე გვქონდა და სწორედ მაშინ დავრწმუნდით, რომ მთლად 280 არა, მაგრამ Ioniq ელექტრომობილით 250 კილომეტრის გავლა სავსებით რეალურია.
  • დიახ, 250 კილომეტრი სუფთა ელექტრო-სვლით!
აღსანიშნავია, რომ ”ჰიუნდაის” თბილისის ცენტრში ჰიბრიდული Ioniq დიდი ხანია, ხელმისაწვდომია და თბილისის შოურუმში ელექტრომობილიც გამოჩნდა. ახლა კი გავიცნოთ Plug-in-ჰიბრიდული ვერსია, რომელიც იტალიაში, ბრიჯსტოუნის ტრეკზე Test The Best 2017-ის ფარგლებში გავტესტეთ.

Plug-in-ჰიბრიდული Ioniq: 64 კილომეტრი ელექტროსვლით!

ტრეკი 4,8-კილომეტრიანია. 18 გრადუსი სითბო იმას ნიშნავს, რომ კონდიციონერი არ გვჭირდება. Plug-in-ჰიბრიდული ავტომობილის ტესტირების დროს უმთავრესი კითხვა ასე ჟღერს: რამდენ კილომეტრს გაივლის სუფთა ელექტრო სვლით, გამონაბოლქვის გარეშე? პირველ რიგში ჩვენც ამის გარკვევა გვსურდა და დავიძარით!

Auto Bild

ვიარეთ საშუალო სისწრაფით, მაქსიმალურად მრავალფეროვან ასფალტზე და ელემენტები დაახლოებით 1 საათში დაჯდა. Plug-in-ჰიბრიდულმა Ioniq-მა მხოლოდ ელექტროძრავით 64 კილომეტრის გავლა მოახერხა და ეს საკმაოდ კარგი შედეგია. მართალია, საცობში არ ვიყავით, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თბილისის საცობში ელექტროსვლით 40 კილომეტრის გავლა რეალურია. ეს კი, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ Plug-in-ჰიბრიდული Hyundai Ioniq-ით თამამად წახვალ სამსახურში და სახლშიც დაბრუნდები ისე, რომ შიგაწვის ძრავის ამუშავება საჭირო არ გახდება და, შესაბამისად, არც საწვავი დაიხარჯება და არც გარემო დაბინძურდება. რაც შეეხება დამუხტვას: 8,9 კვ. სთ. ელემენტების ბლოკის დამუხტვას სახლის პირობებში სამ საათზე ოდნავ მეტი დრო ჭირდება.

Auto Bild
სალონი მარტივი და ფუნქციურია: დიდი ინსტრუმენტები, იოლი მომსახურება, მარტივი მასალები

დიზაინი ყოველთვის გემოვნების ამბავია, მაგრამ ერთ რამეზე ყველანი შევთანხმდებით: Hyundai Ioniq-ს არ აქვს ფუტურისტული და უცნაური დიზაინი. ინტერიერში, მძღოლის სამუშაო მაგიდა ისეთია, ნებისმიერი ადამიანი ყველა ღილაკს თუ ფუნქციას ძალიან სწრაფად შეისწავლის და გაითავისებს. ავტომატიკის ბერკეტი შუაში, მულტიმედიის ეკრანი კარგ სიმაღლეზე, დიდი ინსტრუმენტები, იოლად აღქმადი მომსახურება - კორეელებმა საქმე იციან. Ioniq პრაქტიკულობითაც გამოირჩევა: ხილვადობაც კარგია, უკან სამი ზრდასრული ადამიანი კარგად თავსდება, ხოლო საბარგულის მოცულობა კი 443-დან 1505 ლიტრამდეა. უფრო მეტი, ვიდრე მის მთავარ კონკურენტ ”პრიუსში” (360-1204).

Auto Bild
საბარგულის მოცულობა 443-დან 1505 ლიტრამდეა - უფრო მეტი, ვიდრე მის მთავარ კონკურენტ ”პრიუსში” (360-1204)

Plug-in-ჰიბრიდულ Ioniq-ს ბენზინის 1,6-ლიტრიანი ძრავა აქვს (105 ცხენის ძალა), რომელსაც 61-ცხენისძალიანი ელექტრომოტორი და 6-საფეხურიანი ორდისკიანი გადაცემათა კოლოფი ეხმარებიან (სისტემური სიმძლავრე 141 ცხ. ძ.). უნდა გითხრათ, რომ ეს ავტომატიკა არ მოგაწყენთ! სხვა დანარჩენთან ერთად, სწორედ ამ კოლოფის დამსახურებაა, რომ Ioniq მოსალოდნელზე დინამიკურად დადის.

რაც უნდა გასაკვირი იყოს, სიამოვნება პირველივე მოსახვევში არ მთავრდება. მოხვევის სისტემა მოსალოდნელზე გაცილებით მძაფრი და პირდაპირია. მეტსაც გეტყვით: მანქანა ჰიბრიდისთვის ასე უცხო, სპორტულობის ნიჭის სერიოზულ ელემენტებსაც კი ავლენს! სწორედ ეს არის ”ჰიუნდაის” რევოლუცია.

Auto Bild
Plug-in-ჰიბრიდული Ioniq-ის კაპოტის ქვეშ: 1,6 ლიტრი მოცულობის ატმოსფერული ძრავა 105 ცხენის ძალით და 61-ცხენისძალიანი ელექტრომოტორი

ტექნიკური მონაცემები - Hyundai Ioniq Plug-inAuto Bild
  • ძრავა: 4-ცილ. + ელ. მოტორი
  • ძრავის მოცულობა: 1580 სმ3
  • სიმძლავრე: შიგა წვის ძრავა 77 კვტ (105 ცხ. ძ.)
  • სიმძლავრე: ელ. მოტორი 45 კვტ (61 ცხ. ძ.)
  • მაბრუნი მომენტი: 147 ნმ (შიგა წვის ძრავა)
  • სისტემური სიმძლავრე: 104 კვტ (141 ცხ. ძ.)
  • ენერგიის ტევადობა: 8,9 კვ. სთ.
  • ელ. ძრავის რესურსი: 64 კმ
  • გადაცემათა კოლოფი: 6-საფ. ავტომატიკა
  • ამძრაობა: წინა
  • გამონაბოლქვი: 26 გ/კმ
  • საწვავის ხარჯი (კომბინირებული): 1,1 ლ. Super
  • საბარგულის მოცულობა: 443-1505 ლიტრი
  • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4470/1820/1450 მმ
  • ფასი (EU): დაახ. 28 000 ევრო
ტევადობა
ელემენტების ბლოკი უკანა სავარძლის ქვეშაა. შესაბამისად, საბარგულის მოცულობა კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა - 443-1505 ლიტრი. კარგია სალონის ტევადობაც.

ძრავა
ბენზინის თამამი 1,6-ლიტრიანი ძრავა, პლუს ელექტრომოტორი და კარგად ფუნქციონირებადი ავტომატიკა - ასეთი კომბინაციით ჰიბრიდი მართლაც სასიამოვნო სამართავია.

დინამიკა
Ioniq ჰიბრიდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მანევრული ავტომობილია და, რამდენადაც ეს შესაძლებეოლია, სვლის სპორტული მანერა ახასიათებს.

მულტიმედია
მობილური სმარტფონების დაკავშირება უმარტივესია, ხმოვანი სიგნალები Apple CarPlay-ს მეშვეობით ხორციელდება.

ეკოლოგია
როდესაც ტემპერატურა 18 გრადუსია და კონდიციონერი გათიშული გაქვს, Plug-in-ჰიბრიდული Ioniq სუფთა ელექტროსვლით 64 კილომეტრის გავლას ახერხებს. როცა ელემენტები დაჯდება, საწვავის ხარჯი შეიძლება 5 ლიტრამდე ავიდეს.

კომფორტი
მასალების ხარისხი მისაღებია, წინა სავარძლები, შეიძლებოდა, უფრო კომფორტულიც ყოფილიყო.

Auto Bild

ხარჯები
Plug-in-ჰიბრიდული Ioniq-ის ფასი ევროპაში დაახლოებით 28 000 ევროა - ასეთი Ioniq უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ელექტრომობილი და მით უმეტეს ჩვეულებრივი ჰიბრიდი. ამ უკანასკნელის ფასი ”ჰიუნდაის” თბილისის ცენტრში 22 800 დოლარიდან იწყება.

დასკვნა
Hyundai Ioniq-მა ეკოლოგიური ავტომობილების კლასში შემოიტანა ის, რაც ამ კლასს ყველაზე მეტად აკლდა: მართვის სიამოვნება. ეს ამ ავტომობილის სამივე ვერსიას ეხება - ჰიბრიდსაც, Plug-in-ჰიბრიდსაც და ელექტრომობილსაც. ეკონომიური ჰიბრიდის კვალობაზე გასაოცრად სასიამოვნოა სამართავია. კორეული რევოლუცია გრძელდება!
შალვა ბუაჩიძე

ასევე დაგაინტერესებთ:
ბასკერვილების ძაღლები
ახალი Aston Martin DB11-ის შედარება
Mercedes AMG GT R-თან და Bentley Continental-თან

Auto Bild


გემრიელი იტალიელი
ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი

Auto Bild


მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის
სუპერ-SUV-ების შედარება

Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა
როგორები არიან სხვები? მომავალი მდიდრული SUV-ები
Lamborghini Urus, BMW X7/X8, Aston Martin DBX,
Rolly Royce Cullinan, Mercedes Maybach SUV და სხვები

Auto BildAuto Bild
Auto BildAuto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად