ბასკერვილების ძაღლები - ახალი Aston Martin DB11-ის შედარება Mercedes AMG GT R-თან და Bentley Continental-თან
ბასკერვილების ძაღლები - ახალი Aston Martin DB11-ის შედარება Mercedes AMG GT R-თან და Bentley Continental-თან
04.08.2017
უსწრაფესები, უძვირესები და უგანსაკუთრებულესები: ახალთახალი Aston Martin DB11-ის შედარება Mercedes AMG GT R-თან და Bentley Continental-თან.

ახალი ”ასტონ მარტინი” დაახლოებით ისეთივე იშვიათი მოვლენაა, როგორც ფეხბურთში ინგლისელების გამარჯვება თერთმეტმეტრიანების სერიაში. მაგრამ ახლა, როგორც იქნა, ახალი ”ასტონი” გამოვიდა! DB11-მა ასევე ძალიან ნიჭიერი და ლამაზი DB9 შეცვალა.
  • მაგრამ არც ამ სამთაბრძოლაში მონაწილე სხვა ავტომობილები არიან ცუდი დედ-მამის შვილები!
Auto Bild

ერთის მხრივ Continental Supersports, რომელიც ”ფოლკსვაგენის” კონცერნის შვილის, ”ბენტლის” შედევრია და მეორე მხრივ, GT R მერსედეს-AMG-სგან - AMG GT-ს ყველაზე მძაფრი, სწრაფი და ბოროტი შესრულება.

მისი განუმეორებელი მწვანე ფერის სახელწოდებაა Green Hell Magno - ანუ, ჯოჯოხეთური მწვანე, რაც, რა თქმა უნდა, ნიურბურგრინგის ”ნორდშლაიფეს” უკავშირდება. ერთი შეთვალიერებაც საკმარისია, რომ მიხვდე: AMG-ს არავისი უნდა ეშინოდეს და არც ეშინია. ის მონადირე ძაღლივითაა შემართული, უძლიერესი კერამიკული მუხრუჭები აქვს, ასევე კარბონის ჭერი და Michelin-Sport-Cup-2-საბურავები (19-იანები წინ, 20-იანები უკან).

Auto Bild

სალონში დიიიდი სივიწროვეა. მასიური ცენტრალური კონსოლი სუპერ-ღილაკებით და სუპერსპორტული სავარძლები აქ ადგილს მხოლოდ გამხდარი პილოტისთვის და იდეალური ტანის მქონე გოგოსთვის ტოვებენ, რომელიც პილოტის გვერდით უნდა მოთავსდეს. სანამ AMG GT R-ში ჩაჯდები, კარგად უნდა დაფიქრდე - მცირეოდენი ზედმეტი
წონა და ვერ ჩაეტევი. და შეგრცხვება.
  • ჯდომის პოზიცია კი იმდენად დაბალია, რომ უკანალი თითქმის ასფალტზე გიდევს.
Auto Bild
Mercedes-AMG GT R: ვიწრო კოკპიტი და მასიური ცენტრალური კონსოლი სუპერ-ღილაკებით

მისი კაპოტის ქვეშ ორმაგად დამუხტული 4-ლიტრიანი V8 აგრეგატი ქუხს - 585 ცხენის ძალით და 700-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით (1900 ბრუნზე). წონის განაწილება? 48/52. გადაცემათა კოლოფი კი 7-საფეხურიანი და ორქუროიანია.

უნდა გითხრათ, რომ AMG-ის ბიჭებს ფერის სახელწოდების შერჩევისას ნამდვილად არ გადაუჭარბებიათ - ეს მანქანა მართლა ჯოჯოხეთურად დადის. 8-ცილინდრიანი ძრავა ჯერ მუქ, მუქარის შემცველ გრუხუნს გასმენინებს, მერე ღრიალს იწყებს, ბობოქრობს, დასტარტავ და 3,7 წამში GT R-ის სპიდომეტრზე უკვე 100 კმ/სთ წერია. ამაზე უფრო უცნაური და გადასარევი კი ის არის, რომ სულ რაღაც 10,5 წამში სისწრაფე უკვე 200-ს აღწევს. მაგრამ რა დროს მშრალი ციფრებია? აქ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ...
  • AMG ამ მანქანაში ავტოსპორტის გაუფილტრავ შეგრძნებებს გვთავაზობს - ჩვეულებრივ ქუჩებში ტარების უფლებით.
Auto Bild
AMG-ის ბიჭებს ფერის სახელწოდების შერჩევისას ნამდვილად არ გადაუჭარბებიათ. Green Hell Magno - ეს მანქანა მართლა ჯოჯოხეთურად დადის

მძვინვარე V8, სუფთა ბალანსი, უპირდაპირესი მოხვევა, ულტრახისტი სავალი ნაწილი და თანამოხვევადი უკანა ბორბლები ერთობლიობაში ქმნიან განუმეორებელ ავტომობილს, რომლის შემთხვევაშიც მძღოლი და მანქანა ერთ სიმბიოზს ქმნიან და ასფალტთან ახლო მეგობრულ კავშირს ამყარებენ. ერთს გაიფიქრებ და AMG GT R უკვე მომდევნო მოსახვევს იპყრობს. ცნობისათვის, AUTO BILD-ის მშობილურ ტრეკ კონტიდრომზე ამ მანქანამ სარეკორდო დრო აჩვენა - თვით Porsche GT3 RS-ზე (991) უკეთესი დრო.
  • თუ ამ მანქანით რეკორდების დამხობა გინდა, Race რეჟიმი უნდა ჩართო.
წევის კონტროლის სისტემა (Traction Control) უკანა ღერძზე მე-5 ან მე-6 საფეხურზე უნდა დააყენო (1: არანაირი მოჭიდება, 9: ნამეტანი) და სწორედ ასე ისიამოვნებ მაქსიმალურად სხვადასხვანაირი აჩქარებებით. ისიამოვნებ დამუხრუჭებითაც - ტესტირების დროს, GT R 100 კმ/სთ-დან ზუსტად 31,4 მეტრში გაქვავებული იდგა.

Auto Bild
AMG წინ 19-დუიმიანი ბორბლებით, კერამიკული მუხრუჭებით. საბურავები: Michelin Pilot Sport Cup 2

Bentley Continental-ის შემთხვევაში კი ანკერი გაცილებით ადრე უნდა გადააგდო - Supersports-ს 100 კმ/სთ-დან გაჩერებისთვის 38,4 მეტრი დასჭირდა. ხომ გახსოვთ, რა თქვა ეტორე ბუგატიმ თავის დროზე ”ბენტლის” მარკის ავტომობილების შესახებ - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სატვირთო მანქანებიაო. მართალია, ეს 30-იან წლებში ითქვა, მაგრამ, ”ბენტლი” არ გაგვინაწყენდეს და, დღემდე აქტუალურია.
  • ”კონტინენტალს” რეალურად ფეხებზე ჰკიდია სუპერსპორტული ავტომობილის მოთხოვნები.
სიგრძეში 4,82 მეტრია, სიგანეში - 1,94 და 2,3 ტონას იწონის. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად მასიური გამოვლინებაა, მაგრამ მეორე მხრივ: სპოილერები წინ და უკან, კარბონის დიფუზორი, შავი მაყუჩები, შავი 21-დუიმიანი ბორბლები (Pirelli P Zero) და ა.შ.

Auto Bild

AMG-სთან და ”ასტონთან” შედარებით, ”კონტინენტალში” ლამის მეფური ტევადობაა: წინ ორი ზრდასრული ადამიანი ძალიან კომფორტულად ჯდება და უკანაც ორი კომფორტული ადგილია.
  • ”ბენტლიმ” მდიდრულ კოკპიტში ჩააშენა ყველაფერი, რაც კარგი და ძვირფასია.
აქ შეხვდებით ბევრ კარბონს, ხელოვნების ნიმუშ ტყავს და ა.შ. სიმართლე ვთქვათ, ასეთი სიუხვე და სიმდიდრე მანქანაში დიდი ხანია, აღარ გვინახავს. და ალბათ ”ფოლკსვაგენის” კონცერნის წევრობის დამსახურებაა ის, რომ ყველა წვრილმანი იდეალურად ზის. სხვათა შორის, რამდენიმე დეტალმა VW Phaeton გაგვახსენა, რაც სულაც არაა აუცილებელი, ცუდი იყოს.

Auto Bild

Supersports 2003 წლიდან წარმოებული ”კონტინენტალის” უკანასკნელი საფეხურია, შემოდგომაზე კი, ფრანკფურტში მის შემცვლელს ვიხილავთ. აქტუალურ მონსტრს 6,0 ლიტრი მოცულობის W12 ძრავა უძგერს (ორმაგი VR6) - ახლა 710 ცხენის ძალით და დაუჯერებელი 1017 ნიუტონმეტრით 2050 ბრუნზე. სიმძლავრის განაწილებაზე კი ZF-ის სწრაფი, სპორტულ რეჟიმში თითქმის ნერვიული 8-საფეხურიანი ავტომატიკა და სრული ამძრაობა ზრუნავენ.

W12-ის ჟღერადობა ჯერ კიდევ უჩვეულოა. რაკრაკებს, სისინებს, მაღალ ბრუნებზე კი ჟღერადობა ისეთია, ვერაფერს რომ ვერ შეადარებ. ყველაზე შესაფერისი სიტყვა მაინც ბრუტალურობაა, რადგან 1017 ნიუტონმეტრი არც ხუმრობაა და არც ცარიელი სიტყვები. სრული ამძრაობის დამსახურებით, ”ბენტლი” უმაღლესი კლასის გაწევით გამოირჩევა - გაზის პედალს ბოლომდე რომ ჩააჭერ, მუცელში დარტყმა გარანტირებულია, სისხლი დუღილს იწყებს და სახიდან ფერი გადაგდის. 2,3-ტონიანი ”ბენტლი” წარმოუდგენლად ჩქარდება - 100 კმ/სთ 3,5 წამში, 200 – 12,0 წამში.

Auto Bild
BENTLEY CONTINENTAL SUPERSPORTS

ცხადია, მიხვდებოდით, რომ პირდაპირი სვლით აჩქარებაზეა ლაპარაკი. ხალისი და გართობა პირველივე მოსახვევში მთავრდება, რადგან 2,3 ტონა ბევრია - ასეთ სიმძიმესთან კარბონ-კერამიკულ მუხრუჭებსაც კი უჭირს გამკლავება. მოკლედ, ისეთი ამბავია, თითქოს იახტას მართავ, მოხვევა მიმართულებას იძლევა და მანქანა ამ მიმართულებას მოგვიანებით მისდევს. მაგრამ მთავარია, მოსახვევში ის პირველი წინააღმდეგობა გადალახო, მერე კი, გაზს რომ მისცემ, მაშინვე ქრება ყველაფერი, რაც ”კიჩოზე იჯდა”...
  • არა, მერე სწორზე თვით ”ასტონ მარტინიც” ვერ დაგეწევა. ვიმეორებთ, სწორ გზაზე!
DB11-მა 2004 წლიდან წარმოებული DB9 შეცვალა. ახალ მოდელში მისი ტრადიციული, უაღრესად ელეგანტური დიზაინი ახლებურადაა ინტერპრეტირებული. ჩვენი აზრით, ახალი ”ასტონის” დიზაინი ძალიან შემდგარია - მოდური, დახვეწილი, სტილით სავსე. თვალი მომცა და მაცქერინაო - DB11-ზე ამას ყველა თამამად იტყვის. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი აეროდინამიკური სიკოხტავე.

Auto Bild

კოკპიტი მინიმალისტური, მაგრამ ძალიან ძვირფასია. ცენტრალური ინსტრუმენტი 12-დუიმიანი ეკრანი გახლავთ, რომელიც სვლის რეჟიმების მიხედვით, სხვადასხვა ფერში ანათებს: GT თეთრი, Sport - წითელი, Sport Plus - ცეცხლოვანი წითელი. ტევადობის თვალსაზრისით ”ასტონი” სადღაც AMG-სა და ”ბენტლის” შორისაა: საგრძნობლად ელეგანტურად ჩაჯდები და გადმოხვალ, ვიდრე ვიწრო GT R-ში. სავარძლები სპორტულია, მაგრამ კომფორტულიც.

Auto Bild

ახალი, 5,2 ლიტრი მოცულობის V12 ძრავა ”ასტონ მარტინში” პირველადაა ორტურბინიანი. გამოიმუშავებს 608 ცხენის ძალას და 700 ნიუტონმეტრს 1500 ბრუნზე. ეს არის საოცარი აგრეგატი, საუკეთესო მანერებით. თავიდან მოკრძალებული ხმა აქვს, უფრო მღერის, ვიდრე ქუხს. მერე კი ნელ-ნელა უმატებს გაზთან ერთად და მაინც სიმღერა გამოსდის - მიიყვანეთ ნებისმიერი ფილარმონიის აკუსტიკოსები ”ასტონ მარტინში” და აუცილებლად ისწავლიან რაიმე ახალს.

ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატიკა საოცრად სწრაფად რეაგირებს, სურვილის შემთხვევაში უკიდურესად ხისტადაც კი და DB11 ასამდე აჩქარებას 4,4 წამს ანდომებს, 200 კმ/სთ კი 12,6 წამში მიიღწევა.

Auto Bild
”ბრიჯსტოუნის” სატესტო ტრეკი იტალიაში - უსწრაფესი ოვალით. ამ გზაზე მაქსიმალური დასაშვები სისწრაფე ”მხოლოდ” 250 კმ/სთ-ია, მაგრამ ამ მანქანებს გაცილებით მეტი შეუძლიათ

ამრიგად, ”ასტონ მარტინი” ამ სამეულში ყველაზე სწრაფი ნაღდად არ არის, მაგრამ ერთადერთია, ვისაც ორივე შეუძლია - იყოს მშვიდი და განმტვირთველი სუპერავტომობილი გასაოცარი კომფორტით და ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში გადაიქცეს ”ბასკერვილების ძაღლად”, ჰქონდეს სასწაული მოხვევა და იყოს უკიდურესად მანევრული. რაც მთავარია, ”ასტონი” ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში რჩება კომპეტენტურ, თავდაჯერებულ და გაწონასწორებულ სუპერ-ავტომობილად. ის ჯოჯოხეთურად სწრაფია, მაგრამ უწვალებლად უდირიჟორებ. სუპერ-სპორტულია და ამავდროულად, შეძლებისდაგვარად კომფორტული. ბრიტანელებმა ძალიან მაგარი მანქანა შექმნეს. Well done.

Auto Bild

1. ASTON MARTIN DB11Auto Bild
ეს არის სრულფასოვანი Gran Turismo. სტილით, დიზაინის კლასიკური ელემენტებით, ულამაზესი, შესანიშნავი ინტერიერით, უმძლავრესი 12-ცილინდრიანით და უსერიოზულესი სავალი ნაწილით.

2. MERCEDES-AMG GT R
სუფთა სისხლის სპორტქარი პირდაპირ ავტოსპორტიდან. ვიზუალურად აგრესიული, ტექნიკურად საუკეთესო. მისი V8 ძრავა ულმობელი ცხოველია, მანქანა დაუჯერებლად სწრაფია, რეკორდების დასამხობადაა შექმნილი. ყოველდღიურ ხმარებაში კი კომპრომისებს მოითხოვს.

3. BENTLEY CONTINENTAL SUPERSPORTS
რეალურად, უსწრაფესი მდიდრული ავტომობილი უფროა, ვიდრე სპორტული მანქანა. დიდია და მძიმე, კარგი ტევადობით და უძვირფასესი ინტერიერით. უმძლავრესი W12, სრული ამძრაობა - დაუჯერებელი აჩქარება.

დასკვნა
რომელია ყველაზე მაგარი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთული და ამავდროულად, ძალიან მარტივია. ყველაზე მაგარი არის AMG GT R, მაგრამ საუკეთესო ”ასტონ მარტინია”. სხვანაირად რომ ვთქვა: სუბიექტურად ”მერსედესი”, ობიექტურად - ”ასტონი”. უფრო მეტი განმარტება? Aston Martin DB11 არის ოქროს შუალედი ჯოჯოხეთის ნადირ AMG GT R-სა და უმდიდრულეს Bentley Continental-ს შორის. იმიტომ, რომ ”ასტონს” კომფორტული სეირნობაც შეუძლია და სერიოზული სპორტიც უმაღლეს სისწრაფეებზე. ”ბენტლის” მხოლოდ პირველი ხელეწიფება, ”მერსედესს” - მხოლოდ მეორე.
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild
Auto Bild


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად