გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
გემრიელი იტალიელი - ალფა რომეო სტელვიოს ექსკლუზიური ტესტი
14.06.2017
”სტელვიო” ”ალფა რომეოს” პირველი SUV-ია, რომელიც კლასში საუკეთესო სპორტულობას გვპირდება. ჩვენ ის გავტესტეთ და შეგვიძლია ვთქვათ: დიახ, ეს ყველანაირად ნაღდი ალფაა!

ალფა რომეო! მნიშვნელობა არა აქვს, გიყვართ, თუ არა - ამ ორი სიტყვის გაგონებაზე თითქმის ყველა ავტომოყვარულს დაბურძგლავს ხოლმე. ”ალფას” მოყვარულები, ანუ, ”ალფისტები”, განსაკუთრებული, დახვეწილი ავტოგემოვნების მქონე ხალხია. ”ალფა რომეო” გამონაკლისია - მას არ ჰყავს მტრები სხვა მარკების გულშემატკივართა ბანაკებიდან. შეიძლება არ უყვარდეს, მაგრამ ”ალფა რომეოს” დიზაინს ყველა აღიარებს - გულის სიღრმეში ყველა ავტომოყვარული ცოტათი მაინცაა ”ალფისტი”.

მაგრამ სად იყო
და რა ხდებოდა ”ალფა რომეოს” გარშემო ბოლო წლებში? არაფერიც არ ხდებოდა. თითქმის არაფერი. ფეხბურთის დაკვირვებული მოყვარულები გაიხსენებენ, რომ გერმანულ კლუბს, ფრანკფურტის ”აინტრახტს”, ცოტა ხნის წინ, მაისურზე ”ალფა რომეო” ეწერა. დიახ, ”ალფა” ამ გუნდის სპონსორი იყო, ფრანკფურტის შოურუმში კი მანქანები თითქმის არ ჰყავდა.
  • ბევრმა იფიქრა, თუ ცოტამ, ”ალფა რომეო” კვდებაო, სწორედ ამ დროს გამოცოცხლდნენ იტალიელები!
Auto Bild
Bella Italia! ”სტელვიო” ”ალფას” პირველი SUV-ია

გამოცოცხლდნენ და ჯერ უმშვენიერესი ”ჯულია” წარმოადგინეს, რომელმაც შემოდგომაზე ევროპის წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილის სტატუსი მოიპოვა და AUTO BILD-ის ”ოქროს საჭე” დაისაკუთრა, ახლა კი, სწორედ ”ჯულიას”
ბაზაზევე შექმნეს თავიანთი პირველი SUV სახელად ”სტელვიო”. ეს უკანასკნელი სიგრძეში 4,69 მეტრია - ანუ, ”ჯულიაზე” 4 სანტიმეტრით გრძელი გახლავთ, მაგრამ, ცხადია, ”სტელვიოში” გაცილებით მაღლა ზიხარ. ”ალფას” ამ ავტომობილით პირველ რიგში BMW X3-ისთვის სურს კონკურენციის გაწევა. რის ხარჯზე და რითი? რა თქმა უნდა, სპორტულობით. დინამიკურობით!

Auto Bild

BMW X3-ის გარდა, ”სტელვიო” თამამად უნდა განვიხილოთ ”პორშე მაკანის” კონკურენტადაც. ყოველ შემთხვევაში, ამას მოგვიწოდებს ”ალფას” შეფი რობერტო ფედელი. ოღონდ, ”მაკანს” მისი მძლავრი ვერსია უნდა შეეჯიბროს - რა თქმა უნდა, Alfa Romeo Stelvio Quadrifoglio-ს ვგულისხმობთ, რომელსაც 510 ცხენის ძალა აქვს. მანამდე კი ვნახოთ ის, რაც უფრო ხელმისაწვდომია: ”სტელვიო” 2-ლიტრიანი ტურბო-ძრავით, 280 ცხენის ძალით, 400-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით. არც ეს მონაცემები ჟღერს ცუდად, არა?..
  • ”ბრიჯსტოუნის” სატესტო ტრეკი იტალიაში. მზე გვიცინის. ჩვენც ვიღიმით. ამ ტრეკზე ყველაზე სწრაფ მოსახვევში 150 კმ/სთ-ით შეგიძლია იარო.
Auto Bild

ახლა სწორედ ამ მოსახვევს ვუახლოვდებით. მცირე მუხრუჭი, საჭის მარცხენა ბერკეტით დაბლა გადართვა, ერთი, ორი, სამი, მერე, მოსახვევში ისევ გაზი და სწრაფი გადართვები უკვე მაღლა... მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ 1,7-ტონიან SUV-ში ვზივართ! მართალია, ძრავა 2 ლიტრი მოცულობისაა, 4-ცილინდრიანია და 280 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ დინამიკურ რეჟიმში მანქანა ოდნავადაც არ ლივლივებს, არამედ მხნედ მიიწევს მორიგი მოსახვევისკენ. და ამ დროს, მაყუჩებიდან შესანიშნავი ხმები ისმის - იმდენად შესანიშნავი, რომ კიდევ უნდა ჩამოვყაროთ გადაცემები, მერე ისევ ავყაროთ და გაზი, უფრო მეტი გაზი... მადლობა, ალფა!

Auto Bild
”ალფა რომეო სტელვიო” და ქართული AUTO BILD-ის მთავარი რედაქტორი შალვა ბუაჩიძე ”ბრიჯსტოუნის” ტრეკზე


ტრეკზე ”სტელვიოც” ისე დადის, როგორც ”ჯულია” - რა თქმა უნდა, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ზომა-წონების გათვალისწინებით. ”ალფა რომეოს” პირველ ქროსოვერს რაღაცნაირი, თავისებური სპორტულობა ახასიათებს. მაინც როგორია ეს სპორტულობა? რბილი! დიახ, რბილი სპორტულობა! ეგ რა ფენომენია? ახალი, სრულიად ახალი ფენომენი ”ალფა რომეოსგან”.

Auto Bild

ტრეკის შემდეგ რომის გარეუბნებშიც გავისეირნეთ. ”სტელვიოს” კომფორტის რეჟიმიც აქვს, რომელშიც გზის უსწორ-მასწორობებს კარგად ყლაპავს. იმდენად კარგად, რომ 20-დუიმიანი ბორბლებითაც კი ქებას იმსახურებს. ქუჩაში ხალხი გვიღიმის, ცერა თითებს გვიჩვენებენ. საკმარისია, ერთი სადმე მიაყენო, რომ მაშინვე ხალხი მოაწყდება - ტვინს წაიღებენ სელფებით და უაზრო კითხვებით.

”სტელვიო” 280 ცხენის ძალის მქონე ბენზინის 2-ლიტრიანი ძრავით სადღაც 49 000 ევრო ღირს. ტყავი 1200 ევრო, 20-დუიმიანი ბორბლები - 1800, საჭის ბერკეტები - 400. ZF-ის 8-საფეხურიანი ავტომატიკა ყოველთვის სერიულია - ისევე, როგორც სრული ამძრაობა.

Auto Bild

ზემოთ ვთქვით, რომ ეს ნაღდი ”ალფაა”. და ამაში ”ალფასთვის” დამახასიათებელი ნაკლოვანებებიც ვიგულისხმეთ. უნაკლო არც ჩვენთვის გამოყოფილის სატესტო მოდელი იყო. მაგალითად, დიდი ღრეჩოები, სადაც საფულეც კი შეეტევა. იტალიელები გვეუბნებიან, ეს სერიულის წინა ვერსიაა და გამოვასწორებთო. ანაც საბარგულის სადები, რომლის ამოღებაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა და, თანაც, პლასტმასებს ჩხაპნის. იტალიელებმა ამაზე გვითხრეს, კარგი რჩევაა, დიდი მადლობაო.

Auto Bild
ღრეჩოები ზედმეტად დიდია. გარდა ამისა: საბარგულის სადების დემონტაჟი რთულია და არც იატაკის ქვეშ ეტევა
  • არა, ძმებო, არა რაგაცი! მიუხედავად ამ წვრილმანებისა, თქვენ კი არა, ჩვენ უნდა გითხრათ მადლობა!
მადლობა უნდა გითხრათ იმისთვის, რომ შექმენით რაღაც სხვანაირი, თავისებური, ”ალფასებური”. თქვენი ”სტელვიო” არის წიწაკა იმ სუპში, რომელიც ”აუდისგან”, BMW-სგან და ”მერსედესისგან” კეთდება და რომელსაც აქამდე ყოველთვის ერთნაირი გემო ჰქონდა. მადლობა იმისთვის, რომ SUV-კლასშიც შემოიტანეთ ”ალფა რომეოსთვის” დამახასიათებელი შეგრძნებები. შეძლებთ თუ არა ამ მანქანით X3-ის და კომპანიის დამარცხებას, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ გაზი ტრეკზე, გადავრთოთ, გადმოვრთოთ, მივადგათ, ხმა გავიგონოთ... ამორე, ამორე...

ტექნიკური მონაცემებიAuto Bild
მოდელი: Alfa Romeo Stelvio 2.0 Turbo 16V
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo
ძრავის მოცულობა: 1995 სმ3
კვტ (ცხ. ძ.) ბრ/წთ: 206 (280)/5250
მაბრუნი მომენტი: 400 ნმ/2250 ბრ.
მაქს. სისწრაფე: 230 კმ/სთ
0-100 კმ/სთ: 5,7 წამში
გადაცემათა კოლოფი: 8-საფ. ავტომატიკა
ამძრავი: სრული
წონა: 1735 კგ
გამონაბოლქვი: 161 გ/კმ
საწვავის ხარჯი: 8,9/5,9/7,0 ლიტრი
ავზი/რეკ. საწვავი: 64 ლიტრი/Super
საბარგულის მოცულობა: 525 ლიტრი
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4687/1903-2163/1648 მმ
გარანტია (ტექნიკა): 4 წელი/შეუზღუდავი გარბენით
გარანტია (საღებავი): 3 წელი
გარანტია (კოროზია): 8 წელი
ფასი: 49 000 ევროდან

Auto Bild

დასკვნა
SUV-კლასს სრული ბედნიერებისთვის სწორედ ეს ავტომობილი აკლდა! ”სტელვიო” ძალიან გემრიელი ”ალფა რომეოა”, რომელიც სა-SUV-ეთს გაალამაზებს. სრულყოფილი ნამდვილად არ არის, დეტალებისადმი მეტ სიყვარულს ვისურვებდით. მაგრამ, რაც მთავარია, ისე დადის, რომ გულს უხარია! როცა საშუალო კლასის SUV მოსახვევებს ასე აუთოვებს და მისი მართვა ასეთი სასიამოვნოა, სხვას ვეღარაფერს ვიტყვით, თუ არა ამას: ბრავო, ”ალფა”!
შალვა ბუაჩიძე

შეფასება: ALFA ROMEO STELVIO 2.0 TURBO 16V

ტევადობაAuto Bild
ოთხი ზრდასრული ადამიანი კომფორტულად იმგზავრებს, მაგრამ საბარგულის მოცულობა მხოლოდ 525 ლიტრია. შედარებისთვის: BMW X3-ს 550-ლიტრიანი საბარგული აქვს.

ძრავა
2 ლიტრი მოცულობის 4-ცილინდრიან ძრავას ისეთი ხმა აქვს, თითქოს ერთით მეტი ცილინდრი ჰქონდეს. 400-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი საკმარისზე მეტია.

დინამიკა
იშვიათია SUV, რომელიც მოსახვევებს ასე კარგად იპყრობს. დინამიკურ რეჟიმში უნაკლოდ დადის. მიუხედავად სირბილის შეგრძნებისა, სავალი ნაწილი საკმაოდ ხისრია, მოხვევა - სპორტული.

მულტიმედია
ნავიგაცია სახელწოდებით Alfa Connect 3D, 8,8-დუიმიანი ეკრანით, პაკეტში 2 550 ევრო ღირს. ასისტენტ-სისტემების თვალსაზრისით ”სტელვიო” ნამდვილად არ არის BMW-ს დონეზე.

ეკოლოგია
იტალიელები 100 კილომეტრზე საშუალოდ 7 ლიტრს გვპირდებიან. სპორტული სვლის დროს, საწვავის ხარჯმა 12-13 ლიტრს არ უნდა გადააჭარბოს.

კომფორტი
შესანიშნავი, მოხდენილი სპორტული სავარძლები. ხმაურიზოლაცია მისაღებია. ტრასაზე ”სტელვიოს” სასიამოვნო სირბილე ახასიათებს.

ხარჯები
”ალფა რომეო სტელვიოს” საწყისი ფასი დაახლოებით 49 000 ევროა. ის ოდნავ უფრო იაფი ღირს, ვიდრე 245-ცხენისძალიანი BMW X3. ანუ, როგორც მოსალოდნელი იყო: ”ალფა” BMW-ზე 10 პროცენტით იაფა.

BMW-ს კონტროლერი ალფაში

Auto Bild

როცა BMW-ზე ვწერთ, ყოველთვის ვაქებთ ხოლმე iDrive-ის კონტროლერ-ღილაკს. სწორედ ასეთი კონტროლერი შემოგვთავაზა ”ალფამ” ”სტელვიოში”. იტალიელები TomTom-ის ნავიგაციას იყენებენ. ეკრანი პატარაა და არც მისი მომსახურებაა უნაკლო.

იხილეთ ვიდეო:


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად