გიორგი ჯანელიძე - მშვიდი მძღოლი განსხვავებული ოცნებით
გიორგი ჯანელიძე - მშვიდი მძღოლი განსხვავებული ოცნებით
05.11.2015
ჩვენი სტუმარია იუმორისტი გიორგი ჯანელიძე, რომლისთვისაც ავტომობილი უბრალოდ გადაადგილების კომფორტული საშუალებაა და არა განსაკუთრებული სიყვარულის ობიექტი, თუმცა ამ თემაზეც ისევე საინტერესოდ და იუმორით საუბრობს, როგორც სხვა ნებისმიერ საკითხზე.

ამჟამად, 2007 წელს გამოშვებული ”ტოიოტა კოროლა” ჰყავს და ბედს არ უჩივის. უკვე მეექვსე წელია, რაც ამ მანქანას მართავს და ამ ხნის განმავლობაში ავტომობილი ერთხელაც არ გაფუჭებულა. ბუნებრივია, ზეთის, ხუნდების და ფილტრების შეცვლას არ ვგულისხმობთ. სამაგიეროდ, პირველმა ავტომობილმა ”გოლფ 3-მა” გააწამა, რომლის წყალობითაც, მანქანის თითქმის ყველა დეტალს გაეცნო და თითქმის ყველაფრის შეკეთება მოუწია.
ბოლოს, მანქანას მოძრაობის დროს ძრავა “გაძვრა” და როდესაც გაიგო, რომ მისი შეკეთება ახალი ძრავის ყიდვაზე სამჯერ ძვირი ჯდებოდა, მყარად გადაწყვიტა, რომ ავტომობილი შეეცვალა.

Auto Bild

”ტოიოტა კოროლა” მაშინ შეიძინა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და იაფად გამოვიდა. უკვე ვთქვით, რომ მისთვის მანქანა უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა და როგორც თავად ამბობს, ბევრად უფრო კომფორტული, ვიდრე, მაგალითად, ვირი...

გიორგისთვის მთავარია, რომ მანქანა ეკონომიური იყოს, უხმაუროდ იაროს და არ შეაწუხოს - სისწრაფე და ექსტრემალური მართვა კი არასდროს იზიდავდა. მისი საოცნებო მანქანა ელექტრომობილია. ოცნებობს ისეთ ქალაქში ცხოვრებაზე, სადაც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან და
ყველა ბოძზე დენის წყარო იქნება მიმაგრებული. გიორგის ვარაუდით, ეს დრო აუცილებლად დადგება და იმაზე უფრო მალე, ვიდრე ეს ბევრს წარმოუდგენია.

Auto Bild

ქართველ და ევროპელ მძღოლებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს, მაგრამ გიორგის აზრით, ბებერი კონტინენტი ზედმეტად ჭრელია, ასეთი შედარებები კი - ნაკლებად ობიექტური. მაგალითად, ნეაპოლში დაახლოებით ისე მართავენ ავტომობილებს, როგორც საქართველოში და ზოგადად, სამხრეთულ ქვეყნებს მეტნაკლებად მსგავსი პრობლემები აქვთ. აღარაფერს ვამბობთ არაევროპულ ქვეყნებზე - მაგალითად, ეგვიპტესა და ინდოეთზე, სადაც კიდევ უფრო რთულადაა საქმე. გიორგი თავისი მანქანით იყო გადასული თურქეთში და არც იქ დახვდა სახარბიელო ვითარება - თუ თბილისში, შუქნიშანზე გამწვანებისთანავე გისიგნალებენ, ტრაბზონში სიგნალები ჯერ კიდევ წითელ ფერზე იწყება, როდესაც გამწვანებამდე 10 წამზე ნაკლებია დარჩენილი. ასე რომ, ამ მხრივ დიდად ”საამაყოდ” არ გვაქვს საქმე და ჩვენზე უარესი ვითარება არაერთ ქვეყანაშია - აი ჩრდილოევროპელები კი თამამად შეგვიძლია ”გავაკვირვოთ”...

მოძრაობის წესებს ხშირად ქვეითად მოსიარულეებიც არღვევენ, მაგრამ ჯანელიძის აზრით, ეს არა იმდენად ხალხის, არამედ ქალაქის არასწორი განვითარების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის ბრალია. თუ იქნება საკმარისი რაოდენობის და სწორად დაგეგმილი უსაფრთხოების კუნძულები, ბარიერები და საგზაო ნიშნები, პრობლემაც აღმოიფხვრება. თუმცა იმას რა უნდა ვუშველოთ, როდესაც გზაზე გადასავლელი ხიდი დგას და ხალხი მაინც ქუჩაზე გადარბის - ამაზე პასუხი არ აქვს.

Auto Bild

გიორგის რომ სპორტი უყვარს, ცნობილი ამბავია, მაგრამ ავტოსპორტი დიდად არ იტაცებს – მონცაში ყოფნისას, შეეძლო ”ფერარის” მუზეუმი ენახა, მაგრამ იმ საღამოს ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო და ფეხბურთი ამჯობინა. თუმცა, ქართველ მრბოლელებს დიდ წარმატებას უსურვებს - რამდენიმე მათგანის გვარიც იცის, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, მევლუდ მელაძე ახსენდება.

გიორგი ჯანელიძე მკაცრი სანქციების მომხრეა იმ მძღოლების მიმართ, რომლებიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავენ, კიდევ უფრო მეტად კი დრიფტის მოყვარულებს არ წყალობს. ერთი პერიოდი, ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, სადაც ყოველ ღამე დრიფტი ეწყობოდა და მრბოლელებს არც მოხუცების შეწუხება ანაღვლებდათ და არც ბავშვების გაღვიძება. ამის ნიადაგზე, მათთან კონფლიქტიც კი მოუვიდა. გიორგიმ დასძინა, შუა ქალაქში, უდროო დროს და უადგილო ადგილზე დრიფტი იმ ხელის მოტეხვით უნდა ისჯებოდეს, რომლითაც მრბოლები გადაცემათა კოლოფს მართავენ და სხვების შეწუხების ხარჯზე, თავის ”მუღამს ისწორებენო”.

Auto Bild

Golf 3-ის გადამკიდე, ქართველი ხელოსნების ფსიქოლოგია შესწავლილი აქვს და ისიც კარგად იცის, რომ ხშირად, ბუზს სპილოდ გადააქცევენ ხოლმე. ავტომობილი ახალი ნაყიდი ჰყავდა, როდესაც რაღაც გაუფუჭდა და ხელოსანს მიაკითხა – დიაგნოზი ასეთი იყო: ბენზონასოსია გამოსაცვლელი და 240 ლარი დაგიჯდებაო.

”მაშინ, 240 ლარი კარგი ფული იყო. გამიკვირდა და ვკითხე, რა არის ეს ბენზონასოსი, ასეთი ძვირი რომ ღირს-მეთქი. მიპასუხა, რას ამბობ, ბენზონასოსი ნახევარი მანქანაოო. ჩემ წარმოადგენაში, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ნახევარ მანქანას უდრის, მინიმუმ უნდა ჩანდეს,” - ამბობს გიორგი.

Auto Bild

კიდევ არაერთი ინციდენტი მოსვლია: ერთხელ, აღმართზე ადიოდა და უკან ისეთ მანქანას მიყვებოდა, თბილისში რომ ძალიან ბევრია – ანუ, ნელა რომ მიდიან და ძრავა არაადეკვატურად დიდ ხმას გამოსცემს. უცებ, ეს არაადეკვატური მანქანა დაგორდა და გიორგის ავტომობილს დაეჯახა. სანამ სადაზღვეო კომპანია და პატრული მოვიდა, დამნაშავემ გაქცევა სცადა, კიდევ ერთხელ გადაქოქა მანქანა, დაძრა, რამდენიმე მეტრით აუყვა აღმართს, ისევ დაგორდა და კიდევ ერთხელ დაეჯახა გიორგის ნატანჯ ”გოლფს”...

ცუდად ახსენდება ავტომობილის პირველი დაზღვევაც - გამომდინარე იქიდან, რომ მშვიდი მძღოლია, ექსტრემალური მართვა არ იტაცებს და ავარიის საფრთხეს ნაკლებად გრძნობს, სადაზღვეო კომპანიის მენეჯერს ერთადერთი კითხვა დაუსვა: ითვალისწინებდა თუ არა დაზღვევა სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შეთანხმება შედგა, იქედან ორ კვირაში კი გიორგის მანქანა დაესეტყვა. როდესაც სადაზღვეო კომპანიას მიმართა, უთხრეს, რომ სეტყვა კიდევ სხვა რამე იყო და სტიქიურ შემთხვევებში არ შედიოდა. ასე დარჩა ჩვენი დღევანდელის სტუმრის ავტომობილი დასეტყვილი.

Auto Bild

გიორგი გამოგვიტყდა, რომ იმ ხალხის დიდად არ ესმის, რომლებსაც ავტომობილები ფანატიკურად უყვართ და ერთი საინტერესო შემთხვევაც გაიხსენა: რადიოს უსმენდა, სადაც ინტერაქტიული გამოკითხვა ტარდებოდა მეტად პროვოკაციული კითხვით: BMW თუ “მერსედესი”. დიდხანს უსმინა, მაგრამ ერთი არგუმენტირებული პასუხიც ვერ მოისმინა, თუ რატომ ანიჭებდნენ უპირატესობას ამა თუ იმ ბრენდს. ერთ ხანშიშესულ ადამიანს დაურეკავს და უთქვამს, “მერსედესი” ათი თავით სჯობს, რადგან მართვისას, გზაში თითქოს გელაპარაკებაო...

ისე, ჩვენს ქალაქში ბევრი ძველი “მერსედესი” დადის, რომლებიც საოცარ ხმებს გამოსცემენ და თითქოს მართლა ლაპარაკობენო - ეს უკვე გიორგიმ დასძინა.
ლაშა წიკლაური

ასევე დაგაინტერესებთ:
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
Auto Bild


გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
Auto Bild


დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად