ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
14.02.2014
FACE-ტესტის წლის პირველი სტუმარი ვასიკო ოდიშვილია, რომელმაც AUTO BILD-ისთვის ახალი Suzuki S-Cross გატესტა

”ნებისმიერი მთავრობა პოსტს, მანქანის საჭესავით ხელში რომ მოიგდებს, შეუძლია მარჯვნივ, ან მარცხნივ გადაუხვიოს, მაგრამ სწორ გზაზე სიარული ჩვენ უნდა ვაიძულოთ, ყოველ ნაბიჯზე უნდა შევახსენოთ, უნდა მივუთითოთ, რა არის მართებული და რა - არა. სწორედ ამას ემსახურება გადაცემა ”აბები”, - გვითხრა ვასიკო ოდიშვილმა, რომელიც იუმორის შერევით ცდილობს პოლიტიკური მძიმე ცხოვრების ხალხამდე მსუბუქად მიტანას.

მას დღემდე ერთი მთავრობაც არ მოსწონებია და ამის ”საშიშროება” არც მომავალშია. სამაგიეროდ მოსწონს ძლიერი ძრავის
მქონე ავტომობილები. მართალია, ჩვენთან შესახვედრად მცირელიტრაჟიანი Nissan March-ით მოვიდა, მაგრამ ნათხოვარი ყოფილა - ახლა გაცილებით მძლავრ და უხვცხენისძალიან ავტომობილს ველოდებიო...

რომ გაიგო, ქროსოვერი Suzuki S-Cross უნდა გაეტესტა, დაფიქრდა: “გამოგიტყდებით, სედანის მოყვარულთა “გილდიიდან” ვარ. მიყვარს სპორტულად ორიენტირებული მანქანები, თუნდაც იმიტომ, რომ ავტომობილში ჯდომისას მქონდეს შეგრძნება, როცა დამჭირდება, სწრაფადაც ვიარო. Suzuki S-Cross-ს არ ვიცნობ, თუმცა მეუღლეს ”გრანდ ვიტარა” ჰყავს და კამყოფილები ვართ. საოჯახო მანქანაა, ქალაქშიც გამოსადეგია და ქალაქგარეთაც.”

Auto Bild

S-Cross-ის ჯერიც დადგა. ვასიკო ოდიშვილი მძღოლის ადგილას მოთავსდა, სკამი მოირგო, საჭე შეამოწმა, მარჯვენა ხელი იდაყვის ჩამოსადებზე დადო და კმაყოფილი
სახით გამოიხედა: “ჩემი აღნაგობის ადამიანისთვის ყველაფერი კარგია, საჭე ოთხი მიმართულებით მოძრაობს და როგორც გინდა ისე დააყენებ. საჭეს ბოლომდე ზემოთ ვწევ, ასე უფრო მიადვილდება მართვა. სკამიც კარგად მომერგო, დავიძრათ?”

Auto Bild
Auto Bild

ვასიკომ სტანდარტული რეჟიმით დაიწყო: მცხეთასთან მტკვარზე გადებულ ხიდზე გადავედით, ჯვრის მონასტერის გზას შევუყევით და რეჟიმის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აღმოვჩნდით: გზაზე თოვლიც დაგვხვდა და ტალახიც. მიხვდებოდით, რომელი რეჟიმით განვაგრძეთ გზა - Snow and Mud.

ვასიკო ოდიშვილი მანქანების კარგი მცოდნე აღმოჩნდა და ავტომობილის ყველა დეტალს თუ მონაცემს ისე ამოწმებდა, ”ფერარის” ინჟინერ-სპეციალისტებს შეშურდებოდათ. ამიტომ, გასაკვირი სულაც არ იყო, დათოვლილი ტრასის პარალელურად Suzuki S-Cross თოვლიან გორაკზეც რომ გამოვცადეთ. "აბების" წამყვანის დასკვნა ასეთი იყო: ”საერთოდ, Suzuki-ს გამავლობის მხრივ არაფერი დაეწუნება. ცხადია, Suzuki S-Cross ქროსოვერია და მთების გადალახვა არც მოეთხოვება. საკმარისად გამოსადეგია როგორც ქალაქში, ასევე შედარებით რთულად გასავლელ გზებზე. მოკლედ საოჯახო ტრანსპორტია. ახლა, დროა სპორტული რეჟიმი მოვსინჯოთ. მოემზადეთ...”

Auto Bild

გორაკიდან ავტობანზე რომ დავეშვით Suzuki S-Cross მოსახვევში სისწრაფეზეც შვამოწმეთ, ხოლო გზა რომ გასწორდა, სიჩქარის მაჩვენებელი სწრაფად ავარდა 80-დან 100-ზე, 110-ზე... მეტს ვერ დავასახელებთ, რადგან ქართულ ავტობანზე 110 კმ/სთ სიჩქარეზე მეტით მოძრაობის უფლება არ გვაქვს...

”იგრძენით, ასეთი სიჩქარით რომ მივდიოდით?” - იკითხა ვასიკომ, - სპორტული რეჟიმი სულ სხვაა, სერიოზული განსხვავება დავინახე. ”ფერარი” არაა, მაგრამ საშუალებას გაძლევს, საჭიროების შემთხვევაში სისწრაფე სწრაფად აკრიფო და თავისუფლადაც გაასწრო სხვას.

Auto Bild

Auto Bild”ფერარის” გახსენებაზე: ჩვენი სტუმრის საოცნებო ავტომობილი "ფერარი ენცოა", რომლის შეძენისთვის მხოლოდ ჯიბის სისქე არ კმარა, ყიდვის მსურველის ისტორიასა და შესაძლებლობებს "ფერარიში" განსაკუთრებულად განიხილავენ და საბჭო წყვეტს, ეკუთვნის თუ არა მსურველს "ენცო", რომლის ახალ მოდელს ახლა LaFerrari ჰქვია და იტალიელები იფიცებიან, უკვე ყველა ეგზემპლარი გავყიდეთო. ასე რომ, ვასიკო ოდიშვილი ღირსეულ მეპატრონედაც რომ მიიჩნიონ, ჯერ ფული უნდა შეაგროვოს, მერე კი ახალ ”ენცოს” უნდა დაელოდოს.

დავბრუნდეთ დიღომში, Suzuki-ს ცენტრში. ტესტის დასრულების შემდეგ, ვიდრე ვასიკო S-Cross-იდან გადმოვიდოდა, ინტერიერის შესახებ საკუთარი მოსაზრება გაგვიზიარა: ”მაჩვენებელთა დაფა ძალიან მარტივია, იოლად მივხვდი თითოეული ღილაკის დანიშნულებას და ადგილმდებარეობას. ამ მხრივ ეს მანქანა ბევრს სჯობს. გარედან რომ შევხედე, ვერ მივხვდი, რისთვის იყო საჭირო უკანა მხარეს პატარა, დამატებითი ფანჯარა, მაგრამ მანქანაში მჯდომისთვის ძალიან მოსახერხებელია, სივრცის ერთიანად აღქმაში გეხმარება. ამ კომპლექტაციის Suzuki S-Cross 19 900 ევრო ღირს? იაფია! ფასთან შესაბამისობაში ათბალიანი სისტემით მაქსიმალურ ქულას ვუწერ.” ისე კი, ცნობისათვის, Suzuki S-Cross-ის ფასი 15 500 ევროდან იწყება.

სანამ ვასილ ოდიშვილის მიერ დაწერილ კიდევ 9 ნიშანს გაეცნობოდეთ, მოგახსენებთ, რა გვითხრა დამშვიდობებისას: ”მანქანა ჩემთვის ფილოსოფიაა. გადამეტებულს არაფერს ვამბობ, თავად განსაჯეთ: ორი წლის ასაკიდან მესიზმრებოდა, რომ ავტომობილი მყავდა”...
ვაჟა სიმონიშვილი


Suzuki S-Cross
ვასიკო ოდიშვილის შეფასებაAuto Bild
(10-ბალიანი სისტემით)

ექსტერიერის დიზაინი - 8
ინტერიერის დიზაინი - 9
სივრცე სალონში - 8
ხმაური სალონში - 8
მართვის სიამოვნება - 8
აჩქარება - 8
მომსახურება - 10
ხილვადობა - 9
ჯდომის კომფორტი - 9
ფასთან შესაბამისობა - 10
ჯამი (მაქს. 100) - 87
Fatal error: require_once(): Cannot redeclare class shortener in /var/www/html/www.autobild.ge/templates/default/html/com_content/article/default.php on line 406