არ დაეჯახოთ პატრულს!
არ დაეჯახოთ პატრულს!
08.06.2019
წამით ძველი "გაიშნიკი" მეგონა, მაგრამ მხოლოდ წამით. ხელებგაშლილი მილიციელი კვერთხით და დაყენებული მოძრაობებით ხომ ჩემს ბავშვობას გაჰყვა. ძალიან ოსტატურად კი ატრიალებდნენ ძველი ინსპექტორები იმ ზოლებიან ჯოხებს მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვობა არ დაბრუნებულა. რკინები დაუყენებიათ ქუჩებში. რკინები, რომლებიც წამით ძალიან ჰგავდნენ ხელებგაშლილ ინსპექტორებს.

გავიდა ასე ერთი კვირა და ამ რკინებს ზედ გადაყირავებული, დამტვრეული მანქანები დაადგეს. ძნელი მისახვედრი არ იყო, მძღოლებს გვაფრთხილებდნენ, რომ ავარია ყოველ ფეხის ნაბიჯზეა ჩასაფრებული. წესების დაცვისკენ მოგვიწოდებდნენ. ერთი კი გავიფიქრე, მოდი, სადმე ფეისბუქში ვიხუმრებ და ერის გასუქებისგან თავის დასაცავად ქუჩაში
დიდი ხაჭაპურების დადგმისკენ მოვუწოდებ, მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამ გადაყირავებულ მანქანებში ცუდი არაფერი იყო. ორიგინალურ აქციად მეჩვენა.

ჰოდა, სწორედ იმ დღეებში, როდესაც ქალაქში გადაყირავებული მანქანები გამოჩნდა, ჩემს ნაცნობს, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს ჩვეულებრივ არ არღვევს ასეთი რამ გადახდენია:

(აქვე ვიტყვი, ამას უბრალოდ ისე ვწერ, როგორც სახალისო ამბავს. არანაირი ქვეტექსტი არ მაქვს. და კიდევ, მეთვითონ ბოლომდე არ მჯერა, რომ ნაცნობმა ეს ისტორია არ მოიგონა)

მოკლედ, ეს ჩემი რაღაცაზე განერვიულებული და გონებით ცხოვრებისეულ პრობლემებში ჩაყვინთული ნაცნობი ძველი იპოდრომის მხრიდან ვაკე-საბურთალოს გზას მიდგომია. მანდ, გზაჯვარედინზე, მოგეხსენებათ, შუქნიშნების
მთელი სისტემაა. ნაცნობს ვაკეში მიეჩქარებოდა. ამისთვის კი არსებობს ორი ვარიანტი:

წახვიდე პირდაპირ და უნივერსიტეტის ქუჩაზე სადმე შემოტრიალდე;

შეუხვიო ცხვირით დელისისკენ და ასევე შემოტრიალდე სადმე.

ნაცნობმა მეორე ვარიანტი ამჯობინა და საპირისპირო მხარეს გადასვლა იქვე, გალფის ბენზოგასამართ სადგურთან გადაწყვიტა. მანძილი მოკლეა, დელისისკენ მიმავალი მანქანები კი გზის გადაკვეთის საშუალებას არ გაძლევენ.

თუკი ადგილის აღწერით დაგღალეთ, მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი ნაცნობი წყვეტილ ზოლში ვერ ჩაეტია და გზა მაშინ გადაკვეთა, როდესაც ზოლი უწყვეტი გახდა. ჰოდა, სარკეში რომ ჩაიხედა, დაბარებულივით უკან პატრულის მანქანა დაინახა. აშკარად მას იყო ადევნებული - კომპიუტერში ნომერს ამოწმებდა.

გააჩერეს ეს ჩემი ნაცნობი სადღაც ამიერკავკასიის ძველ საბჭოთა სამხედრო შტაბთან. რა უნდა ქნას. დამნაშავეა. მივიდა მასთან პატრულ-ინსპექტორი, წარუდგა, აუხსნა, რაც ამან ისედაც იცოდა და საბუთები გამოართვა. 20-ლარიანი ჯარიმა გერგებაო.

რა უნდა ექნა ჩემს ნაცნობს. იჯდა და ისედაც პრობლემებით გადატვირთულ გონებაში ახალი უსიამოვნებისთვის ეძებდა თავისუფალ ადგილს. მაგრამ, დახეთ საოცრებას - დაბრუნდა პატრულ-ინსპექტორი და ბატონო ესა და ეს, თქვენ იმდენად წესიერი მძღოლი ყოფილხართ, რომ გადავწყვიტეთ, კი არ დაგაჯარიმოთ, არამედ მხოლოდ გაფრთხილება გამოგიწეროთო.

დაიღვარა ჩემი ნაცნობი მადლობებად. დაემშვიდობა კეთილ პატრულ-ინსპექტორს, დაქოქა მანქანა, მიაჭირა პედალს და..  ჰოპ! მანქანა უკან წავიდა.

უცბად გააჩერა. უკნიდან პატრულმაც დაუსიგნალა. სიჩქარეების გადამრთველს დახედა. "რევერსში" ჰქონია ჩაგდებული. და… აბსოლუტურად დარწმუნებულმა, რომ "დრაივში" გადართო, ისევ პედალს მიაჭირა ფეხი.

მიაჭირა და ბრახ! უკუსვლით პირდაპირ პატრულის მანქანას ეძგერა.

ახლა რაღა გინდა ქნა?! დაიწყო პატრულმა ფოტოების გადაღება, გადასცა სადღაც რაღაც, გამოიძახა სხვა ეკიპაჟი. დგას ყურებჩამოყრილი ჩემი ნაცნობი და ცდილობს, პრობლემებით გადავსებულ გონებას რამენაირად ახლა ეს ახალი სიგიჟე შეატენოს. და უცებ…

ბიჭო, მგონი მანქანებს არაფერი სჭირს. არც პატრულისას და არც მისას. ამოიღო პატრულ-ინსპექტორმა ჩვარი, გაუსვა თავის ბამპერს და შენ დაილოცე - ახალივითაა.

მოვიდა, ამასობაში მეორე ეკიპაჟიც. გადმოვინენ იქიდან ახალი პატრულ-ინსპექტორები შეხედეს-შემოხედეს გაიკითხეს-გამოიკითხეს და… სიცილი აუტყდათ.

ეტყობა დაიბენით, ბატონო ესა და ეს, ნერვიულობაზე ხდება ხოლმეო, უთხრეს. მოკლედ დაემშვიდობა ამ ჩემს ნაცნობს ერთბაშად ორი ეკიპაჟი პატრული, ბედნიერი მგზავრობა უსურვა და…

აი, მერე კი ძალიან ვინერვიულე. კინაღამ ვუთხარი, მოდი რა, თუ ჩემი ძმა ხარ, ჯერ შენ წადი, თორემ ისეთ ფეხზე ვარ ამდგარი, კიდევ რომ დაგეჯახო, მერე თავი მექნება მოსაკლავიო, - მიყვებოდა ნაცნობი.

და მეც სულ ეს იყო, რისი მოყოლაც მინდოდა.

ისე, ბოლომდე თვითონაც არ მჯერა, მაგრამ რა ვიცი...

ილია ბაბუნაშვილი

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად