აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
აი, ასეთი ყველგანმავალი ჰყავდა მერსედესს 1906 წელს
02.02.2015
გაიცანით 1906 წელს გამოშვებული Mercedes Simplex, რომელიც თანამედროვე „G-კლასს“ შევახვედრეთ

„მერსედესის“ G-მოდელი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ თანამედროვე SUV-ზე შორს წავა და ყველგან მივა, მაგრამ იცოდით, რომ „მერსედესს“ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰყავდა ავტომობილი, რომელიც ცუდ გზებზე მოხდენილად დააბოტებდა? გაიცანით 1906 წელს გამოშვებული Mercedes Simplex, რომელიც თანამედროვე „G-კლასს“ შევახვედრეთ.

Auto Bild

ოქტომბრის მშვიდი დილაა. მზემ პირველი სხივები გვტყორცნა. ბუნება იღვიძებს. რამდენიმე კილომეტრის რადიუსში კაციშვილი არ ჭაჭანებს. ამ ბუნებრივ ჰარმონიაში ველოდები კაცს, რომელიც აგვიანებს და ნელ-ნელა ვხვდები, რომ ძალიანაც მიხარია, რომ აგვიანებს, რადგან ყოველდღიურობას მოწყვეტილი
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ცოტაც და ტკბილად ჩავთვლემ.Auto Bild

უცებ ყრუ გრუხუნი მირღვევს იდილიას. ისეთი ხმაა, თითქოს მალე უნდა გაავდრდეს. გრუხუნს ძველი ქარხნის ჭიშკრის გაღების მსგავსი ხმა მოჰყვა და ძილბურანიდან საბოლოოდ გამოფხიზლებული რეალობაში ვბრუნდები. თავზე შუახნის კაცი მადგას და გასატესტად გამოყვანილი „G-კლასის“ ფანჯარაზე ფრთხილად მიკაკუნებს.

„ბოდიში! დავაგვიანე, - მეუბნება ჰერმან ლაიერი, - მაგრამ ჩემი ბრალი არაა. დღეს ისე ცივა, რომ ამას დაქოქვის პროცესი ძალიან გაუგრძელდა.“ ლაიერი Mercedes Simplex-ს გულისხმობს - 1906 წელს გამოშვებულ ავტომობილს, რომელსაც 35 ცხენის ძალა აქვს. თავად ჰერმანი „სიმპლექსზე“ 50 წლით გვიან დაიბადა,
ზინსჰაიმის ავტო-ტექნიკის მუზეუმის ხელმძღვანელია და ეს უძველესი „მერსედესი“ აქ სწორედ ზინსჰაიმიდან ჩამოიყვანა.

Auto Bild

უძვირფასესი ანტიკვარი ჩვენი დღევანდელი შედარების მთავარი გმირია - შედარებისა, რომლის მსგავსიც ჯერ არავის გაუკეთებია. ჰერმანი კი სწორედ ამ ამბისთვისაა ზედგამოჭრილი, რადგან უშიშარი კაცია და ექსპერიმენტები უყვარს.

„ისტორიული შეხვედრაა. „მერსედესის“ წარსული და აწმყო. სხვათა შორის, „სიმპლექსიც“ არამყარი, ცუდი გზებისთვის გააკეთეს,“ - ჩუმად მეუბნება ჰერმანი, თითქოს არ უნდა, რომ მანქანებმა გაიგონ და უძველესი „ბენცის“ გამოცდას სწორედ G-მოდელთან ერთად მთავაზობს.

ცხადია, ახალი „G კლასი“ ამ შედარებას იოლად მოიგებს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ლაიერი ირწმუნება, აგერ ნახავ, როგორ იძრომიალებს მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი „სიმპლექსიო“. „თუ სადმე გავიჭედებით, „G-კლასი“ გამოგვათრევს,“ - თავს იზღვევს ჰერმანი, რომელიც მის მიერ მოყვანილი ანტიკვარის 6-ციფრიან ფასს არად დაგიგდევთ და ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის სრულ მზადყოფნაშია.

Auto BildAuto Bild

თუმცა არც ახალი G-კლასია იაფფასიანი ავტომობილი. G 350 Bluetec-ისთვის, რომელსაც 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს, „მერსედესი“ 85 000 ევროს ითხოვს და ეს, რა თქმა უნდა, საბაზო ფასია. „გელენდევაგენი“, რომელიც 1979 წლიდან იწარმოება და უგზოობის ავტომობილების საუკეთესო, ლეგენდარული წარმომადგენელია, თავს განახლებული სალონით, სერიული მულტიმედია-სისტემით, ახალი LED-მაშუქებითა და მოდიფიცირებული გარე სარკეებით იწონებს, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს ყველაფერი ამ ავტომობილს რაღაცნაირად არ უხდება - ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სანადიროდ „სვაროვსკის“ ქვებით გაწყობილი მაჯის საათით წამოვედი...

ანტიკვარ „სიმპლექსს“ ასეთი „უწუ-პუწუ-სისტემები“, რა თქმა უნდა, არ აქვს. მისი განსაკუთრებული აღჭურვილობა მსუბუქი მეტალის ძრავით (35 ცხენის ძალა) შემოიფარგლება. თუმცა სიმძიმის ცენტრი საკმაოდ ქვემოთ აქვს, რაც დასაფასებელი ფაქტია და თავის დროზე ავტოინდუსტრიაში რევოლუციური ნაბიჯი იყო. ამ მოდელით „მერსედესმა“ მე-20 საუკუნის დასაწყისში ავტომობილის მომსახურება გააიოლა, თუმცა უცვლელი დარჩა ერთი რამ: „სიმპლექსიც“ მილიონრებისა და მონარქების მანქანა იყო.

Auto Bild

ჰერმან ლაიერის ანტიკვარული „მერსედესი“ ამასობაში ისე ვიბრირებს, როგორც ორთქლმავალი ლოკომოტივი. „დავიწყოთ, დავიწყოთ! - ყვირის ჰერმანი, - ხომ უნდა გავიგოთ, როგორ გაართმევს თავს უგზოობაზე ხეტიალს.“ ძალისა და გრძნობის ნაზავით პირველ სიჩქარეში აგდებს და პირველივე დარტყმის შემდეგ მეორე სიჩქარეში გადააქვს - 5319-სანტიმეტრკუბიანი, 4-ცილინდრიანი ძრავა ისე გუგუნებს, რომ მგლების ხროვას დააფრთხობდა.

„სიმპლექსი“ ჯვაროსნების ციხესავით მასიური ჩანს: ძარა 1200 კილოგრამს იწონის, წინ და უკან საბურავები მყარ ღერძებზეა დაკიდებული. სიმძლავრე ძრავიდან შუალილვებისა და ჯაჭვების გავლით უკანა საბურავებს გადაეცემა და თუ ასეთმა გახსნილმა ტექნიკამ გადამეეტა, მძღოლის განკარგულებაში ერთბაშად ოთხი მუხრუჭია: ერთი ფეხით დასაფიქსირებელი კარდან-მუხრუჭია, მეორე ასევე ფეხით დასაფიქსირებელი ლენტისებრი მუხრუჭი, რომელიც შუალილვებზე მოქმედებს და ე.წ. ბარაბნული მუხრუჭები, რომელიც ხელის მუხრუჭის ბერკეტით უნდა გააქტიუროთ. თუკი გაზსა და მუხრუჭებს სათანადოდ გამოიყენებთ, უგზოობაზე გასაოცარ გაწევას მიიღებთ - მიუხედავად იმისა, რომ „სიმპლექს“ ძალიან წვრილი საბურავები აქვს.

Auto BildAuto Bild

ჰერმანი ამ ავტომობილს იდეალურად ფლობს და დილის მოსეირნეები პირდაღებული უყურებდნენ, როგორ დაცოცავდა უძველესი „მერსედესით“ ატალახებულ ბალახზე და როგორ გადადიოდა საშუალო ამაღლებებზე.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს მანქანა ავტომობილისტებს ალპებში დაჰყავდათ და უკიდურეს უგზოობასაც კი არ ეპუებოდნენ. მაშინ გზაც იშვიათი ხილი იყო და წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა უგზოობა! მდიდარი მოგზაურები „სიმპლექსით“ მდინარეებსაც კვეთდნენ - თუკი, ხიდი არ იყო, რა თქმა უნდა.

თუმცა „სიმპლექსის“ ყველგანმავლურ ნიჭსაც აქვს საზღვარი: მოზრდილ ამაღლებაზე გადასვლა უჭირს და თუ უკან 90-კილოგრამიანი ადამიანი შემოჯდება, გაწევა აღარ ყოფნის. „მაინც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას, არა?“ - ამბობს ჰერმანი ლაკონურად და „სიმპლექსის“ ძარაზე აკაკუნებს.

Auto Bild

რაც შეეხება თანამედროვე „G-კლასს“ - თითით საჩვენებელმა ყველგანმავალმა თავისი პაპისპაპა დიდი ხანია, უკან მოიტოვა და წინაღობებიან სერებზე დააბოტებს. ელექტრონულად რეგულირებადი მუდმივი სრული ამძრაობით G-მოდელი აქ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და მეტიც: ეტყობა, რომ უზგოობის ხარისხი არ ჰყოფნის, ოფროუდ-მოთხოვნილებებს ბოლომდე ვერ იკმაყოფილებს. მას უარეს გზებზე ხეტიალი უნდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან დამადაბლებელი გადაცემისა და სამი 100-პროცენტიანი დიფერენციალის ბლოკირებით გაცილებით მეტი შეუძლია და შესაძლებლობების დემონსტრირება სხვაგან, გაცილებით ექსტრემალურ პირობებში სურს.Auto Bild

ასე აღჭურვილ G-კლასს 80 პროცენტამდე ამაღლებების გადალახვა ხელეწიფება, 21-სანტიმეტრიანი კლირენსი მის მძღოლს თავდაჯერებას შემატებს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, „გელენდევაგენი“ ღრმა მდინარეებშიც თამამად შეტოპავს. შესაძლებელია 54-პროცენტიანი ფერდობების დაპყრობაც. 6-ცილინდრიან დიზელის ძრავას G 350 Bluetec-ში 2 987-სანტიმეტრკუბიან მოცულობა აქვს და 211 ცხენის ძალას ავითარებს (3400 ბრ/წთ). ბრუნის მაქსიმალური მომენტი 540 ნიუტონმეტრია (1600-დან 2400-მდე ბრ.).

ტესტის ბოლოს ახალმა „მერსედესმა“ ბებერი ნათესავი უგზოობიდან ბუქსირით გაიყვანა, ნორმალურ გზაზე დაბრუნების შემდეგ კი „სიმპლექსმა“ გზა თავისით განაგრძო. ასეთი გასეირნებები მისთვის ხშირი არ უნდა იყოს - ზინსჰაიმის მუზეუმში ხალხი მხოლოდ მის სანახავად მიდის.
პეტერ მიხაელი

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
30.04.2015
BMW 507 არის ”როდსტერი”, რომელიც 1956-1959 წლებში იწარმოებოდა.
სრულად
24.12.2014
ავტომობილს ყოველთვის 4 ბორბალი უნდა ჰქონდეს? რა სისულელეა! ინგლისური Reliant Robin ამტკიცებს, რომ სამიც საკმარისია
სრულად
20.06.2014
სადღაც 1987 წელი იდგა, უფრო ზუსტად 87-ის დასაწყისი...
სრულად