ქალწული ბენცი
ქალწული ბენცი
08.12.2015
1985 წელს ერთმა პატიოსანმა ბავარიელმა სარეზერვო ავტომობილის რანგში ახალი ”მერსედესი” იყიდა, მაგრამ ეს მანქანა ერთხელაც არ დასჭირვებია! ავტომობილი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა, დღემდე ჰყავს!

”მოდი პირდაპირ ვთქვათ, თავად 124-ია დამნაშავე,” - ბრაზობს ლეო და ხელის ერთი მოძრაობით მიმითითებს: ”ნახეთ, რამდენი პლასტმასია!” თუმცა მერე დასძენს: ”აი, აქ კი, მადლობა ღმერთს, ყველაფერი წესრიგშია. ფოლადი, მეგობარო! ქრომირებული. ანუ, ”დაიმლერი” რა,” - ამას რომ ამბობს, ლეოს ეცინება და თავის 30 წლის ”მერსედესის” სავარძლიდან მტვერს ბერტყავს.

Auto Bild
საჭე, რომელსაც კაცის ხელი 1000-ჯერაც კი არ
შეხებია


ეს ისტორია 1985 წელს, ბავარიაში, უფრო სწორად კი მიტერრორბახში დაიწყო. ”ლანც ლეოს”, რომელსაც სინამდვილეში ლეონარდ შპეერი ჰქვია და 1941 წელსაა დაბადებული, Mercedes 300 D ჰყავდა (W123). თუმცა ამ მანქანის საუკეთესო დღეები უკვე წარსული იყო, რადგან 5-ცილინდრიანს 250 000 კილომეტრი ჰქონდა უკან მოტოვებული და აქაიქ ჟანგიც შეჰპარვოდა. ჰოდა, ცხადი იყო, რომ ლეოს ახალი ”ბენცი” სჭირდებოდა.

როცა W123-ის შემცვლელი W124 გამოვიდა, ტრადიციონალისტი ლეო თავიდან უკმაყოფილო იყო, რადგან იმ დროისთვის თანამედროვე პლასტმასები დიდად გულზე არ ეხატებოდა. თუმცა მაღაზიაში დაარწმუნეს, ამ მანქანაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და მერე რიგებში
მოგიწევს დგომაო.

Auto Bild
კარგად დააკვირდით 240 D-ს გარბენს: სულ 30 კილომეტრი აქვს გავლილი და აქედან ლეომ 24,8 კილომეტრი გაატარა

Auto Bild

ლეომ მაშინვე ბანკს მიაშურა, თავის დანაზოგს კრედიტიც დაუმატა, სახლში ცოლის, ტრაუდლის ქოქოლასაც გაუძლო და განაცხადი შეავსო: 240 D, წითელი, ელექტროსარკეებით, აუდიოსისტემით, ცენტრალური საკეტით. ახალი სედანიც მოჰგვარეს, მაგრამ რაკი ლეოს ჯერ თავისი 300-ის ჩაბარება არ სურდა, ახალთახალი ”მერსედესი”, რომელშიც მაშინ 34 900 მარკა გადაიხადა, თავიდან შოურუმში დატოვა.

გავიდა წლები. 1992 წელს მისი 300 D ჯერ კიდევ მხნედ გამოიყურებოდა, აი, დარეზერვებული ”ბენცი” კი შოურუმში აღარ დაიტოვეს. ლეომ მანქანა ჯერ ევაკუატორით წაიყვანა, მეორე დღეს კი, 24,8 კილომეტრი უკვე თავად გაიარა. აი, ასე მიაღწია ამ მანქანის გარბენმა 000030 კილომეტრს. ლეო ამბობს, რომ ახლაც გუშინდელივით ახსოვს, როგორ სიამოვნებდა მაშინ 7 წლის ”მერსედესის” მართვა, რომელიც იმ მომენტში თავის პირველ კილომეტრებს გადიოდა. თუმცა ლეომ მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ 240 D-სთვის ის კილომეტრები უკანასკნელი იქნებოდა. ისევე, როგორც არ იცოდა, კიდევ რა რესურსი ჰქონდა თავის 300 D-ს. 2012 წელს მის ანგარიშზე უკვე 400 000 კილომეტრი გახლდათ და სწორედ ეს აღმოჩნდა მისი საზღვარი.

Auto Bild
ძრავა ისე გამოიყურება, როგორც 30 წლის წინათ

Auto Bild
სიბერე მხოლოდ გადაცემათა კოლოფის ბერკეტს ეტყობა

Auto Bild
ობობის ქსელი მისაბმელის კაუჭზე

2009 წლიდან 240 D უკვე საკუთარ ფარეხში ეყენა. ”მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვმართე და ისიც ფაქტობრივად იძულებით, მისი გასხვისება არც მიფიქრია. ამ მანქანის მიმართ სენტიმენტალური გრძნობა მაქვს,” - ამბობს ლეო. ”ეგ სიჯიუტე უფროა,” - უსწორებს შვილი კრისტიანი. 2014 წელს მამაშვილი ძველი ავტომობილების კლუბში გაწევრიანდნენ და როგორც კი თავიანთი ”მერსედესის” ფოტოები და მონაცემები დადეს, ტელეფონი არ უჩერდებოოდათ - ”ორ საათში 200-მა კაცმა მაინც დარეკა. ერთსა და იმავეს მეუბნებოდნენ, ბოლო ფასი გვითხარიო.” ამის შემდეგ ფოტოები მაშინვე წაშალეს.

ასე და ამგვარად, 30 წლის ”მერსედესი” ჯერ კიდევ ელოდება თავის პირველ რეალურ მფლობელს. ”მაინც რამდენად გაყიდდით?” - ვეკითხები ლეოს. ”30 მილიონად!” - მეჩრება კრისტიანი. ”ცოტა ბევრი ხომ არ არის?” - ვუღიმი. ”123-ებში, რომლებსაც 60 000 კილომეტრი აქვთ გავლილი, 20 000 ევროს ითხოვენ,” - მეუბნება ლეო. ასეა, მიტერრორბახში ვერავის გაასულელებ. ბავარიული ეშმაკობა მოსდევთ.
ვოლფგანგ ბლაუბე

Auto Bild
ლეონარდ შპეერი ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ დიზელისძრავიანი ”დაიმლერებით” დადიოდა. ჯერ 200 D ჰყავდა, მერე Mercedes /8, მერე W123... ლეოს Mercedes 240 D-ს წიგნი, რა თქმა უნდა, ცარიელია

ასევე დაგაინტერესებთ:
ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე:
Mercedes 250 SE Coupé

Auto Bild


როლს-როისიდან საფლავში - ძვირადღირებული გასვენება
Auto Bild


ქართულ-ამერიკული მუსტანგი
Auto Bild


რუსებმა ძველი ვოლგა პორშესთან ”შეაჯვარეს”...
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად