60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé
60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé
01.07.2015
თუკი ხელნაკეთი კუპე მნიშვნელოვანია (და ამ მნიშვნელობის დეტალური ახსნა ახლა საჭირო არცაა), მაშინ ”მერსედესის” W 111 Coupe ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კუპე გამოდის , რომელმაც ხელნაკეთ ავტომობილებში თავისი მასშტაბები დაამკვიდრა.

დღეს, როცა ეს მანქანა შენს წინ დგას, ავტომატურად გეფიქრება იმაზე, რომ თითქოს ერთ-ერთი უკანასკნელი ნათელი წერტილია იმ დროისა, როცა ”მერსედესის” საბატონო კუპეებს კვალიფიცირებული ოსტატები ხელით ქმნიდნენ და ნაწილ-ნაწილ აწყობდნენ. მერე კი ეს მანქანები მდიდრების ავტოფარეხებისკენ მიემართებოდა.

1967 წელს Mercedes 250 SE Coupé 24 950 მარკა ღირდა. შედარებისთვის, ეს იყო
7 600 მარკით მეტი, ვიდრე 250 SE Limousine-ს ფასი. აი, ტოპ-მოდელი 300 SE Coupé კი სულაც 31 950 მარკა ღირდა. მიუხედავად ასეთი ფასებისა, 1961-დან 1971 წლამდე W-111/112-Coupé-ს 28 918 ეგზემპლარი გაიყიდა. აქედან 250 SE Coupé-ზე (1965 bis 1967) 5259 ეგზემპლარი მოდიოდა.

Auto Bild

W 111 Coupé-ში უბრალოდ ყველაფერი გენიალურია. ჯერ მარტო ინტერიერში გამოყენებული ხე რად ღირს - სანამ შეეხები, საკუთარი ხელი საგულდაგულოდ რომ უნდა შეათვალიერო, ემანდ დასვრილი არ გქონდეს. ტყავის ხარისხზე კი ლაპარაკი და შედარებების მოყვანაც ზედმეტია - ამას ვერავინ აღწერს, ეს უნდა შეიგრძნოთ. მისი კარები კი
ისე იკეტება, როგორც გოთიკური ტაძრის პორტალები.

ამ ავტომობილის ძარაზე პასუხისმგებელი ფრიდრიხ გაიგერი გახლდათ - კაცი, რომელმაც 1952 წელს 300 SL-ის სარბოლო ვერსიისგან სერიული, ფრთოსანი მოდელი შექმნა. 50-იანი წლების შუაში ის ”მერსედესის” სტილისტიკის განყოფილების პირველი შეფი გახდა.

”ამ ავტომობილმა ”მერსედესის” სტილს მომავალი უკარნახა!” - ეს დიზაინერ პოლ ბრაკის სიტყვებია, რომელიც ”მერსედესში” 1957-დან 1967 წლამდე მუშაობდა. აქვე ვთქვათ, რომ თავად გაიგერი 1996 წელს გარდაიცვალა.

Auto Bild

ამ გენიალური ავტომობილის მართვის დროსაც ხვდები, რომ მისი შექმნისას მთავარი სიტყვა ინჟინრებს ეთქმოდათ და არა მარკეტინგის დეპარტამენტის გოგონებსა და ბიჭუნებს. მანქანაში თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ, თანაც, ოცნების სახლში, ხილვადობა განუმეორებელია! ამას ემატება დიდი კაპოტის ქვეშ 6-ცილინდრიანი ძრავის დამამშვიდებელი გუგუნი. თავის დროზე ზეთს რომ უხვად მიირთმევდა და სხვა ამგვარი დეტალები, ცხადია, დღეს აღარავის აინტერესებს, რადგან ახლა ამ კუპეს ფარეხიდან მხოლოდ ძალიან იშვიათად და ისიც განსაკუთრებულ დღეებში თუ გამოიყვანს კაცი.

Auto Bild

მუხრუჭები შესანიშნავია, აი, 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი, სიჩქარეებს, რა თქმა უნდა, უხეშად რთავს. იმდროინდელ ავტომატიკაზე ცუდი როგორ უნდა დაგვცდეს - უბრალოდ, ამით იმის თქმა გვინდოდა, რომ სწორედ ამის გამო ანიჭებენ დღეს ფანები უპირატესობას მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ეგზემპლარებს. თუმცა საბოლოო ჯამში ეს, რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია.

იხილეთ ფოტოგალერეა:
60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé
Auto Bild


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად