გაიცანით ანი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და მერსედესის ფანი
გაიცანით ანი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი და მერსედესის ფანი
22.07.2015
ეს გოგონა, ფოტოებიდან თბილად რომ გვიღიმის, ანი ზაქაიძეა. 20 წლის. ფეხბურთელი... ფეხბურთელი? დიახ, ფეხბურთელი! თან, ისე უბრალოდ ფეხბურთელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი! ქალთა ნაკრების, რა თქმა უნდა. პოზიცია? მარჯვენა მცველი.

Auto Bild
ანი ზაქაიძე საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა მცველია

ცხადია, ახლა ლოგიკურ-ლეგიტიმური კითხვა გაგიჩნდებათ: რატომ დაინტერესდა საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მოთამაშით საავტომობილო ჟურნალი? საქმე იმაშია, რომ ანი ზაქაიძე სერიოზული ავტომოყვარულია და სანამ ფეხბურთელი გახდებოდა, ავტოსპორტზე ფიქრობდა, მაგრამ ავტოსპორტი ისეთია, სანამ კარგად არ წამოიზრდები და მართვის მოწმობას არ აიღებ, სერიოზულად
ვერ ივარჯიშებ, ფეხბურთის თამაშს კი ბავშვობიდან იწყებ.

”ავტომობილის მართვა მამამ მასწავლა და ბავშვობაშივე დამსვა საჭესთან. რა თქმა უნდა, ქალაქში არა. უფრო ქალაქგარეთ, სადაც ბევრი მანქანა არ იყო. ყოველდღე ვეხვეწებოდი, ზოოპარკში და ვაკის პარკშიც სულ მანქანებზე ვჯდებოდი და ამიტომაც მასწავლა. დაახლოებით 14-15 წლის ვიყავი, როცა მანქანა უკვე სერიოზულად მანდო - მამა ნასვამი იყო და მე წამოვიყვანე,” - გვითხრა ანიმ.

Auto Bild
ანიმ ფეხბურთის ფედერაციის ”მინი კუპერით” დაგვიმტკიცა, რომ მანქანას მართლაც კარგად მართავს

ახლა უკვე 20 წლისაა და მართვის მოწმობაც აქვს, მაგრამ საკუთარი ავტომობილი ჯერ არ ჰყოლია. ძირითადად თავისი
დის, ან მეგობრების ავტომობილების საჭეს უზის ხოლმე: ”ბავშვობაში, ფეხბურთელობასთან ერთად, ავტომრბოლის კარიერაზეც ვოცნებობდი და, შესაბამისად, სპორტული მანქანები მიყვარს. მომწონს ყველანაირი სპორტული ავტომობილი, საავტომობილო მაკრებიდან კი უპირატესობას ”მერსედესს” ვანიჭებ. ჭკუა მეკეტება ახალ AMG GT-ზე, ძალიან მომწონს Mercedes C63 AMG, ვგიჟდები CLS-ზე და მოკლედ, ყველა ”მერსედესი” ძალიან მიყვარს,” - ანი ზაქაიძე ”მერსედესის” სერიოზული ფანია. იქვე ამბობს, რომ BMW-ს საჭესთანაც მჯდარა და ბავარიულ მარკასაც დიდ პატივს სცემს, მაგრამ პირადად ”მერსედესი” ურჩევნია. ეს უკვე გემოვნების ამბავია.

საქართველოში კაცთა ფეხბურთია შავ დღეში და ქალთა ფეხბურთი საერთოდ რომ გვაქვს, ესეც გასაოცარია, მაგრამ იცით, თუ არა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგში 112-ე ადგილზეა (ივლისის მდგომარეობით - ავტ)?! და რომელ ადგილზეა კაცების ნაკრები? 153-ეზე!.. ეს ისე, უბრალოდ.

Auto Bild
”ფეხბურთის თამაში დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან დავიწყე - რა თქმა უნდა, ეზოში, ბიჭებთან ერთად”

”ვიცი, რომ გოგო ფეხბურთელი უცნაური ამბავია - მით უმეტეს ქართულ რეალობაში, მაგრამ ჩვენი ნაკრები სტერეოტიპებს ამსხვრევს: აი, ელიტრაუნდი გავიარეთ და შესარჩევში გავედით, საიდანაც ფინალურ ეტაპზე ხვდებიან და ახლა ისეთ სერიოზულ მეტოქეებთან მოგვიწევს თამაში, როგორებიცაა იტალია და შვეიცარია. ფეხბურთის თამაში დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან დავიწყე - რა თქმა უნდა, ეზოში, ბიჭებთან ერთად. სხვათა შორის, თავიდანვე ისე ვთამაშობდი, რომ უარს არ მეუბნებოდნენ, ყოველთვის სიამოვნებით მათამაშებდნენ. გოგო ვიყავი და არ მეუხეშებოდნენ, მაგრამ მაინც კარგად ვთავაშობდი, ბევრ ბიჭზე უკეთესადაც კი. სერიოზულად ვარჯიში კი 12 წლის ასაკიდან დავიწყე და მას მერე ოფიციალურად ვარ ფეხბურთელი,” - ამაყად ამბობს ანი.

Auto BildAuto Bild
”დედაჩემი დიდხანს ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და სანამ საქართველოს ნაკრებში არ მოვხვდი, მანამდე ჩემს ფეხბურთელობას სერიოზულად არავინ უყურებდა”

ნიჭიერი გოგო ფეხბურთელი სწორედ ეზოში შეამჩნია ერთ-ერთმა მწვრთნელმა და ასე მოხვდა დიდ ფეხბურთში: ”მშობლებს, რა თქმა უნდა, უკვირდათ. დედაჩემი დიდხანს ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ გატაცება იყო და სანამ საქართველოს ნაკრებში არ მოვხვდი, მანამდე ჩემს ფეხბურთელობას სერიოზულად მაინც არავინ უყურებდა. ახლა უკლუბოდ ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ, მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესარჩევში კარგად ვითამაშოთ.”

ჩვენს გოგონებს შესარჩევის პირველი ოფიციალური მატჩი 18 სექტემბერს აქვთ - იტალიის ნაკრების ესტუმრებიან, მერე კი, 22 სექტემბერს თბილისში ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

Auto Bild

ანიმ მართვის მოწმობა პირველივე ცდაზე აიღო - უშეცდომოდ ჩააბარა თეორიაც და პრაქტიკაც. ”თანაც, მექანიკაზე ჩავაბარე. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობ, რომ მიმაჩნია, მანქანის მართვა მექანიკური გადაცემათა კოლოფით უნდა ისწავლო. საერთოდაც, მექანიკა მირჩევნია ავტომატიკას, თუმცა ქალაქში უკვე ისეთი გადატვირთული მოძრაობაა, რომ ავტომატური გადაცემათა კოლოფის კომფორტიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. არ მიყვარს თავხედი მძღოლები. სხვათა შორის, ბევრი ქალი მძღოლი ვიცი, ვინც კაცებზე უკეთესად მართავს ავტომობილს. თუმცა მაინც ბევრია ისეთი გოგო, ვინც დაძაბული ზის საჭესთან, რადგან ქალაქში პრაქტიკა არ ჰქონია. მარტო ”რვიანი”, ზიგ-ზაგი და უკუსვლით შეყენება საკმარისი არ არის. ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართვის მოწმობის გამოცდები ქალაქშიც უნდა ჩატარდეს, ანუ, რეალურ მოძრაობაში. იმიტომ, რომ 10-წუთიანი გამოცდა არ ნიშნავს იმას, რომ უკვე სერიოზული მძღოლი ხარ,” - მიაჩნია ანი ზაქაიძეს, რომელსაც საჭესთან ჯდომისას ნერვები ყველაზე მეტად მაშინ ეშლება, როცა სხვა მძღოლები მოხვევის ციმციმას ან საერთოდ არ რთავენ, ანაც ძალიან გვიან - როცა აზრიც აღარ აქვს.

Auto Bild

ანი ფეხბურთელი კი გამოვიდა, მაგრამ ავტოსპორტის სიყვარული დღემდე არ განელებია და მინიმუმ მოყვარულის დონეზე მაინც სურს სპორტული ავტომობილებით სიამოვნების მიღება.

ფეხბურთელ ანი ზაქაიძეს ბოლოს ეს აუცილებელი კითხვაც დავუსვით: რომელია მისი საყვარელი ფეხბურთელი? და რომელი მამაკაცი ფეხბურთელი ესიმპათიურება ყველაზე მეტად? ანის საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთელად კი ასევე მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველი ისკო მიაჩნია. ისკოს ხსენებაზე ანის თვალები ისე გაუბრწყინდა, რომ მივხვდით, მეტი აღარაფერი უნდა გვეკითხა...

ასევე იხილეთ:
ქართველი ლეგენდა საჭესთან - გიორგი ქინქლაძის ბენტლი
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად