ნადირობის სეზონი როდისაა?
ნადირობის სეზონი როდისაა?
12.01.2019
ტყე, მდელო, ტალახი, მთა - "სუძუკის" პატარა ყველგანმავალი ყველგან დაეხეტებოდა. როგორია ახალი Jimny? ის AUTO BILD-თვის მონადირეებმა შეაფასეს.

როლფ  შტალდერი და როლანდ ლულაი მეგობრები არიან. თავისუფალ დროს თითქმის ყოველთვის ერთად ატარებენ და უქმე დღეებშიც კი ყოველთვის ყველაფერი წუთი წუთზე აქვთ ხოლმე გაწერილი. მონადირეების კლუბ "ჰუბერტუს ბერგშტრასეს" წევრები დღეს, ამ დროს, აუცილებლად ისადილებდნენ, მაგრამ ახლა სხვა საქმით არიან დაკავებულები და, თანაც იმდენად, რომ სადილი გადაავიწყდათ. ისინი Suzuki Jimny-ს აკვირდებიან. AUTO BILD-მა როლფი და როლანდი იაპონელთა უახლესი პატარა ყველგანმავლის შესაფასებლად დაპატიჟა. "ჰეპენჰაიმის
ტყის მახლობლად, მდელოზე ვდგავართ და ჩვენთან ერთად "სუძუკის" ორი ყველგანმავალია - ძველი LJ 80, რომელიც პირველად 1983 წლის ივლისში გამოვიდა და ახალთახალი Jimny." – ამბობს როლფი. 

Auto Bild

მეგობრები პატარა იაპონურ ყველგანმავალს მიუახლოვდნენ და მის დაკუთხულ ძარას გულისყურით აკვირდებიან. პირველი შთაბეჭდილება: "სუძუკიმ" გაითვალისწინა "ჯიმნის" მოყვარულთა სურვილი და ახალ მოდელში რადიკალურ ცვლილებებს მოერიდა. არავითარი ნაბიჯი მანქანის ჩამრგვალებისკენ, რაც დღეს ასე მოდაშია და არც ერთი ნაბიჯი უკან - ახალი "ჯიმნიც" სრულფასოვანი ყველგანმავალია.

"ჩვენთან ერთადაა 43 წლის კრისტიან ჰირშიც, რომელსაც 10 წელია, SJ Samurai ჰყავს. მისი მანქანის შავ საღებავზე ტალახი
დიდი ხნის გამხმარია. ეს არის აქტუალური "ჯიმნის" ბაბუა, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან დაბრუნდა აფრიკული ნადირობიდან. თუმცა, მონადირეები ამბობენ, რომ ეს მანქანა აქ, ევროპაში უფრო გრძნობს თავს ისე, როგორც საკუთარ სახლში."
"თუ მთებში სიარული გიწევს, ძალიან კარგია, რომ ისეთი მანქანა გყავდეს, რომელიც ქალაქშიც კარგად იგრძნობს თავს. მსუბუქი "ჯიმნი" ციცაბო გზებზეც კარგად დადის და ქალაქშიც კორექტული ტიპია. უგზოობაზე ხომ საერთოდ მისწრებაა და ბევრი რამით ვამჯობინებ მძიმე ყველგანმავლებს," - ამბობს ადვოკატი ჰირში.

Auto Bild

ახალი "ჯიმნი" სულ 1165 კილოგრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს, რომ იდენტური სახელის მქონე წინამორბედზე მხოლოდ 30 კილოგრამით დამძიმდა. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედი 20 წლის მანძილზე იწარმოებოდა. მანამდე კი, "სუძუკის" ბონსაი-ოფროუდერებს LJ (1979-დან) და SJ (1981-დან) ერქვათ.

Auto Bild

როგორც უკვე ვთქვით, დღეს ჰეპენჰაიმში ვართ და მონადირეთა კლუბ "ჰუბერტუს ბერგშტრასეს" წევრებს შეუძლიათ, ახალი "ჯიმნი" გატესტონ. აქ ზუსტად ისეთი სანადირო ადგილები და ტყეა, "ჯიმნის" ტესტ-დრაივს რომ შეეფერება. რატომ მაინცდამაინც მონადირეები? იმიტომ, რომ "სუძუკის" პატარა ოფროუდერს ძირითადად ისინი ყიდულობენ ხოლმე. მეტიც: მაგალითად, გერმანიის ზოგიერთ რეგიონში "სუძუკის" კლიენტთა 30-35 პროცენტი სწორედ ნადირობის მოყვარულია. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ისინი "ჯიმნის" ირჩევენ, ამ ავტომობილის გამავლობა და მცირე ზომაა. "ტყეში ადვილად და კარგად უნდა შეგეძლოს მოტრიალება. შესაბამისად, მანქანის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია!" - ამბობს შტადლერი.

Auto Bild

ტესტის პირველი დისციპლინა მდელოზე რამდენიმე წრის დარტყმაა. აქ LJ 80 და Jimny თავს აბსოლუტურად უსტრესოდ გრძნობენ, ორივე ერთნაირად სანდოდ დადის. LJ მხოლოდ 826 კილოგრამს იწონის და ეს სიმსუბუქე ყოველ წამს ეტყობა. თუმცა, ის გაცილებით ხმაურიანია, არ აქვს ჰიდრავლიკური მოხვევა და დღევანდელი გადასახედიდან, გადაცემების გადართვაც ძალიან ძველებურად ხდება - შესაბამისად, ოლდთაიმერი გაცილებით არაკომფორტული და დამღლელია.

იორგ ბუჰსი: "ახალ "ჯიმნიში" არავითარი ზედმეტი ხმები არ ისმის. ძრავა მძლავრია, მანქანა უგზოობაზე მარტივად სამართავი და მანევრირებადია. სალონის დამუშავების ხარისხიც საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს," - აცხადებს 39 წლის მონადირე, რომელსაც ახლა პირადი მოხმარებისთვის Suzuki Vitara ჰყავს და დასძენს: "ვფიქრობ, ახალი "ჯიმნი" ოჯახის, სანადირო და სამსახურის მანქანის კარგი ნაზავია."

როლანდ ლულაი: "სვლის კომფორტის თვალსაზრისით ახალი "ჯიმნი" მოდურ SUV-ს მაგონებს. გადართვები ძალიან სასიამოვნოა, ყველა ყველა საფეხურს პირველივე ცდით ვპოულობდი."

Auto Bild

5-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფის ბერკეტის უკან კიდევ ერთი ბერკეტია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია აირჩიო წინა ამძრაობა, სრული ამძრაობა და მამცირებელი გადაცემა მკაცრი უგზოობისთვის. ღილაკზე დაჭერით აღმართზე დაძვრის ასისტენტი შეგიძლია ჩართო, რაც ჰეპენჰეიმის ტყეში არაერთხელ გამოვიყენეთ. დიფერენციალის კლასიკური ბლოკირება, როგორიც ძველ LJ 80-ს ჰქონდა, ახალს არ აქვს - სამაგიეროდ, აქვს წინა ღერძზე ბლოკირება. თუ ერთი ბორბალი ჰაერშია, ძალა იმ ბორბალს გადაეცემა, რომელიც მიწას ეხება. საბურავების თაღები პლასტმასის დამცავებითაა შემოსილი, განსაკუთრებით ციცაბო გზაზე კი, მძღოლის გვერდით მჯდომ მგზავრს შეუძლია, სახელთათმნე უჯრის თავზე განთავსებულ სახელურს ჩაეჭიდოს - როგორც LJ 80-ში იყო.

Auto Bild

"ჯიმნი" ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალია და ახალი მოდელიც ძალიან მომეწონა," - ამბობს 52 წლის უდო პფაილი, რომელიც მონადირეთა კლუბის თავმჯდომარეა. სვლის კომფორტის გარდა, ის ახალ "ჯიმნის" პრაქტიკულობასა და პრაგმატულობასაც უქებს: "მომწონს ის, რომ უკანა სავარძლები ძალიან ადვილად წვება და საზურგეზე არაფერი გასრიალდება." მონადირისთვის ეს ყველაფერი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ავტომობილი მოეწონოს. უმაღლეს კომპლექტაცია Comfort Plus-ში დამატებითი სათავსო მოჰყვება, რომლითად ნანადირევს ტყიდან სუფთად, მაცივარში ჩადებულს წამოიღებ. "თუმცა, ოჯახისთვის მაინც ვერ გამომადგება ისე, როგორც საჭიროა, რადგან საოჯახო ავტომობილის კვალობაზე ძალიან პატარა ზომისაა," - დასძენს პფაილი, რომელსაც "ფოლკსვაგენის" პიკაპი ამაროკი ჰყავს.

Auto Bild

"რაც მთავარია, ამ მანქანაში მონადირე, მისი ძაღლი და ინვენტარი ეტევა. ეს კი აბსოლუტურად საკმარისია," - პასუხობს 52 წლის შეტეფენ ბოსე, კრისტიან ჰირში კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად მცირე ზომისა (სიგრძე: 3,65 მეტრი), ახალ "ჯიმნიში" ისეთი შეგრძნება, რომ იმაზე დიდ მანქანაში ზის, ვიდრე გარედან ერთი შეხედვით ჩანს. ვიზუალურად, "სუძუკის" ახალი პატარა ყველგანმავალი მას Jeeo Wrangler-ს და Mercedes "G-კლასს" აგონებს.

ტყისა და მთის ავტომობილს იმდენად თვალში საცემი დიზაინი აქვს, რომ თავს ქალაქშიც არ იგრძნობს უცხოდ - იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაბრიოლეტი იქნება. თუმცა "სუძუკი" "ჯიმნის" კაბრიო-ვერსიის გამოშვებას ჯერ არ გეგმავს. მიზეზად იმას ამბობენ, რომ იაპონიაში ამ მანქანაზე უკიდურესად დიდი მოთხოვნაა და უახლოეს 2 წელიწადში კაბრიოლეტზე ფიქრიც კი დაუშვებელია.

Auto Bild

ყველა სიკეთესთან ერთად, უნიჭიერეს ოფროუდერ "ჯიმნის" ერთი საკმაოდ დიდი მინუსი აქვს: EuroNCAP-ის ქრეშ-ტესტში მან მხოლოდ 3 ვარსკვლავი დაიმსახურა, რაც 2018 წელს ნამდვილად არ არის კარგი შედეგი. მიზეზი: საჭის უსაფრთხოების ბალიში არასაკმარისად კარგი გამოდგა - მანეკენის თავი საჭეს შეეხო. თუმცა, მონადირეებს ავარიების არ ეშინიათ...

ტექნიკური მონაცემები LJ 80
  • ძრავა4-ცილინდრიანი, მოცულობა 791 სმ3, სიმძლავრე 29 კვ (40 ცხ. ძ.)5750 ბრ/წთ, მაბრ. მომენტი 55 ნმ/5750, ამძრავი სრული
  • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 3280/1395/1825 მმ, წონა 826 კგ,  მაქს. სისწრაფე 94 კმ/სთ


ტექნიკური მონაცემები Jimny
  • ძრავა 4-ცილინდრიანი, მოცულობა 1462 სმ3, სიმძლავრე 75 კვ (102 ცხ. ძ.) 6000 ბრ/წთ, მაბრ. მომენტი 130 ნმ/4000, ამძრავი სრული,
  • სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 3645/1645/1725 მმ, წონა 1165 კგ, მაქს. სისწრაფე 145 კმ/სთ, საწვავის ხარჯი 6,8 ლ. Super, გამონაბოლქვი 154 გ/კმ



ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად