ავტოდიზაინი, როგორც ხელოვნება
ავტოდიზაინი, როგორც ხელოვნება
13.01.2019
ავტომობილების, როგორც ხელოვნების ნიმუშების წარმოჩენა - სწორედ ეს არის Grand Basel-ის იდეა. ვინც თავს ავტოდიზაინის ფენომენის ფანატიკოსად მიიჩნევს, აქ ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს.

მან ქანდაკებაში შემოიტანა მანამდე უცნობი, ფორმის თავისუფლება. იგი ქმნიდა როგორც ზუსტ რეპროდუქციებს, ასევე ძლიერი გრძნობით აღსავსე ქანდაკებებს. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა დახვეწილი ფორმით. მან პირველად ფართოდ შემოიტანა ქანდაკების სიშიშვლე, რასაც იგი "ადამიანის სილამაზეს" უწოდებდა. ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი (1840-1917), სამწუხაროდ, რამდენიმე ათეული წლით ადრე დაიბადა საიმისოდ, რომ ავტომობილის დიზაინზე ემუშავა, მაგრამ განა ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ სფეროშიც უნიკალური
მიღწევები ექნებოდა? პაოლო ტუმინელის ამაში ეჭვი ნამდვილად არ ეპარება.

დიზაინის პროფესორი, როგორც მას ავტოინდუსტრიაში უწოდებენ, პირველი Grand Basel-ის კურატორია. ეს ცნობილი ხელოვენის ნიმუშების გამოფენის, Art Basel-ის ფილიალია. მან და მისმა თანამოაზრეებმა დებიუტისთვის 100 უნიკალური ეგზემპარი შეკრიბეს და შვეიცარიის ქალაქ ბაზელში უნიკალურად გამოფინეს. "გრანდ ბაზელის" მიზანია, ავტომობილზე ადამიანების ხედვები შეცვალოს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ," - გვითხრა ტუმინელიმ სადებიუტო გამოფენაზე, რომელსაც თვით 80 წლის ჯორჯეტო ჯუჯაროც კი ესტუმრა.

ტუმინელიმ გამოფენაზე ყველაფერი ისე მოაწყო, რომ
დამთვალიერებელი მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილებზე იყოს კონცენტრირებული და მისი ყურადღება სხვა არავინ და არაფერმა გაფანტოს. არანაირი გოგონები, არავითარი ბარიერები, არც მუსიკა და არც ტექნიკური მონაცემები დაფებზე - გამოფენის დირექტორი მარკ ბაკე ამბობს: "ავტომობილები აქ ისე დგას, რომ მარკეტინგმა არ დასვაროს!"

სამაგიეროდ, მანქანები იდეალურადაა განათებული - დროის უდიდესი ნაწილი სწორედ განათებების დარეგულირებაზე დაიხარჯა. აქ შემოსული ადამიანი უნიკალური ავტომობილების უკიდურესად ინტიმურ გარემოში ხვდება და ავტოდიზაინის სიდიადეს მაქსიმალურად მძაფრად აღიქვამს.

რაც შეეხება კოლექციას: აქ არაერთ უიშვიათეს მოდელს ნახავთ - ბევრი იტალია, ცოტა გერმანია, ცოტაც ინგლისი და კიდევ უფრო ცოტა საფრანგეთი და ამერიკა. დაზღვევის საერთო ღირებულება გაინტერესებთ? ეს კოლექცია 300 მილიონ დოლარადაა დაზღვეული. გამოფენა იმდენად ელიტარულია, რომ ერთი ბილეთი 40 ევრო ღირს და მხოლოდ ლიმიტირებულად გაიცემა. ვინც შევა, ნახავს ისეთ უნიკალურ ეგზემპლარებს, როგორებიცაა მაგალითად 1947 წლის Cisitalia 202 SC ან Pegaso Z-102 II Cabriolet 1954 წლიდან. თუმცა აქვე დგას მაგალითად 1979 წლის Fiat Panda 45, რომელიც ტუმინელის პირადი ფავორიტი და ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელია.

მოკლედ, ყველა "meaningful car" გახლავთ - მნიშვნელოვანი და აზრიანი მოდელები. ან, როგორც ტუმინელი პოეტურად ამბობს: "სტუმრები აქ ავტომობილებს ისე დაინახავენ, როგორც ვარსკვლავებს, რომლებიც ცას მოწყდნენ და დედამიწაზე ჩამოვარდნენ."

ჰაუკე შრიბერი
იმ დროს, როცა ადამიანები სამრეწველო მტვერსა და ეკოლოგიაზე (სამართლიანად) საუბრობენ, Grand Basel-ის უნიკალური მანქანები აბსოლუტურად უმტვეროა. აქ საქმე ეხება ესთეტიკას და არა ემისიებს. ეს არის ავტოდიზაინის შედევრების განუმეორებელი წარმოდგენა ერთ სივრცეში. შესაძლოა, ეს გამოფენა ზედმეტად ელიტური ჩანს, მაგრამ ის იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვისაც საავტომობილო კულტურის გადარჩენა სურს. იმისათვის, რომ ავტომობილის ფორმა დააფასო, არც სექსუალურად ჩაცმული მოდელებია საჭირო და არც მუსიკა. დამთვალიერებლის გაბრწყინებული თვალები საკმარისია.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად