BMW M2 Competition და Porsche 718 Cayman GTS - დუელი ტრეკზე
BMW M2 Competition და Porsche 718 Cayman GTS  - დუელი ტრეკზე
13.01.2019
"პორშემ" "კაიმანი" კიდევ უფრო გაამძაფრა. რომელმა მანქანამ შეიძლება გაუწიოს მას კონკურენცია? - მაგალითად, BMW M2 Competition-მა.

სწრაფი მანქანები, სწრაფი წრეები... უმჯობესია, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და მოკლედ ვთქვათ: BMW M2 Competition ახალ Porsche 718 Cayman GTS-ს შევადარეთ. შედეგი: ბავარიული ბოლიდი, როგორც ავტომობილი, უკეთესია, რადგან ასეთი M2 უფრო უხმაუროდ ბობოქრობს, მეტი ტევადობა აქვს და უფრო იაფი ღირს, ვიდრე "კაიმანი".

Auto Bild

ჰო, ძალიან სწრაფი და მოკლე დასკვნა ასეთია, მაგრამ ასეთ სიჩქარეში, თავიდანვე ამის თქმა აუცილებელი იყო. თუმცა, ალბათ იმასაც ხვდებით, რომ თუკი ამ ორივე
მანქანის ყოველდღიურობაში მოხმარების კრიტერიუმებს დავაიგნორებთ, შედეგიც და დასკვნაც სხვანაირი იქნება. ასეც უნდა მოვიქცეთ, რადგან M2 Competition-ისა და 718 GTS-ის ბენზინის ვენებში მაღალი ოქტანობის სისხლი მოძრაობს. და ეს ის შემთხვევაა, როცა საბარგულის მოცულობა აბსოლუტურად, მეორეხარისხოვანი ხდება.

Auto Bild

მხოლოდ ქალაქში და ჩვეულებრივ გზებზე მათი ტესტირება თითქმის დანაშაულია. ისეთ მანქანებთან გვაქვს საქმე, რომ "კონტიდრომზე" წასვლა უბრალოდ აუცილებელია. AUTO BILD სწორედ ამ ტრეკზე ტესტავს ხოლმე სპორტულ ავტომობილებს და ასეთების დუელს წამის მეათედები წყვეტს. მოკლედ, უნდა გავარკვიოთ, რომელია უკეთესი ტრეკზე.

Auto Bild

BMW-ს შესანიშნავი "რამე-რუმეები" აქვს. ეს განსაკუთრებით Competition-ს ეხება - ამგვარი M2
ძალიან ახლოსაა ავტოსპორტთან. სპეციალური საკიდარი, ექსტრემალურად ხისტი დაკიდება, გიგანტური მუხრუჭები, ძალების ჭკვიანურად გამნაწილებელი დიფერენციალი და მთავარი მონსტრი, მისი ძრავა - 3 ლიტრი მოცულობის 6-ცილინდრიანი ორი დიდი ტურბოთი. 410-ცხენისძალიანი აგრეგატი M2-ისთვის საკმარისზე მეტიცაა. სიმძლავრის გამოყენება, ჟღერადობა, მაღალ ბრუნებზე მუშაობის ნიჭი - BMW-ს ეს ძრავა ხელოვნების ნიმუშია. მას ზუსტად 550-ნიუტონმეტრიანი მაბრუნებელი მომენტი აქვს - ასეთით დიზელისძრავიანთა უმეტესობაც კი ვერ დაიკვეხნის. მაგრამ ასეთი სიმძლავრე და მაბრუნებელი მომენტი მთელ რიგ მომენტებში მეტისმეტია იმ ყველაფრისთვის, რამაც ეს ძალა ბორბლებს უნდა გადააწოდოს. თვით 265-იან უკანა საბურავებსაც კი არცთუ იშვიათად უჭირთ გამკლავება, თუმცა BMW-ს მოყვარულებსაც სწორედ ეს სიამოვნებთ ხოლმე. საკმარისია, მოსახვევის შემდეგ ოდნავ ადრე მოგივიდეს გაზის მიცემა, რომ M2 არ გაპატიებს და განაწყენებული შემოგიტრიალდება. აქ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძრავა წინ დგას - ფიზიკას ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ზუსტად გავზომეთ და, წინა ღერძს 850 კილოგრამი აწევს - ეს მთლიანი წონის 52 პროცენტია. პილოტთან ერთად M2 Competition 1,7 ტონაზე მეტს იწონის. ამას მძღოლი შეხვევისას იგრძნობს, მოსახვევის შეძლებისდაგვარად მაქსიმალური სისწრაფით გავლისას და განსაკუთრებით მაშინ, თუ მიმართულებას უცებ შეცვლის.

Auto Bild

კაიმანი 4 ცენტნერით ნაკლებს იწონის, რის გამოც უფრო პროგნოზირებადია. ეს არის იმის მიზეზიც, რომ "მხოლოდ" 365 ცხენის ძალის მქონე "პორშე" BMW-ს აჩქარებაშიც სჯობნის. თუმცაღა, ამაში თავისი არცთუ მცირე წვლილი მის უმაღლესი კლასის ორქუროიან გადაცემათა კოლოფსაც მიუძღვის. მას წნეხგამძლე და ძალიან ბეჯითი კოლოფი აქვს სწრაფი სტარტის ფუნქციით. ამ Launch Control-ით 100 კმ/სთ-ს 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებს.

Auto Bild

მანევრულობისა და მართვადობის თვალსაზრისით, უკეთესად დაბალანსებული (შუაში განთავსებული ძრავა) "კაიმანი" ასევე უფრო უსტრესო, ზუსტი და პროგნოზირებადია. რაც არ უნდა მაღალი იყოს სისწრაფე, "პორშე" თავის უნიკალურ სიზუსტეს ინარჩუნებს და ზღვარზეც კი შესაძლებელია შესწორებების ისე შეტანა, რომ არ ანერვიულდე. საერთოდაც, GTS-ის მართვის სიამოვნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტრეკზე ოდნავადაც არ ინერვიულო - ლიმიტზე დამუხრუჭებისას დარწმუნებული იყო, რომ ზუსტად ისე შეამცირებ სიჩქარეს, როგორც გინდა და მოსახვევს მაქსიმალურად მცირე დროში გადალახავ. პედლის შეგრძნება? უკეთესი არ არსებობს! კერამიკული მუხრუჭების ეფექტი? ბრწყინვალე! შედეგი? "პორშე" 100 კმ/სთ-დან თითქმის მეტრნახევრით ადრე დგას, ვიდრე M2.

Auto Bild

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ 2,5-ლიტრიანი ბოქსერი, რომელიც გასაოცრად შემტევი და საერთო ჯამში უნიკალური ძრავაა, ერთობ არასპორტული და მაღალი ჟღერადობით გამოირჩევა. არა უშავს. როგორც სპორტული მანქანა, "კაიმანი" M2-ს მაინც სჯობნის.

დასკვნა - იან ჰორნი, მირკო მენკე:
BMW-ს ეს მოდელი ძალიან შთამბეჭდავია. ეს არის ბავარიული მარკის მოყვარულთათვის ერთ-ერთი იდეალური მანქანა, რომელსაც შესანიშნავი ძრავა უძგერს. მაგრამ ახალი Porsche 718 Cayman GTS უფრო სწრაფი და უფრო სპორტულია. უფრო ძვირიც, რა თქმა უნდა...


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად