ერთი დღე ბავარიელ ლამაზმანთან - BMW i8 Roadster
ერთი დღე ბავარიელ ლამაზმანთან - BMW i8 Roadster
03.11.2018
BMW i8 თავისი სტილით, უდავოდ განუმეორებელი ავტომობილია. ახლა კი მისი როდსტერ-ვერსიაც გამოვიდა. აჩარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე? 4,4 წამში! ნებისმიერი ავტომობილი თავის მფლობელს რაღაცით ამახსოვრდება. ეს შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოცდილება. ან, სულაც, ორივე ერთად. მაგალითად, ჩემი პირველი ავტომობილი VW Golf II გახლდათ - დიზელის 55-ცხენისძალიანი ძრავით, რომლისგანაც დასვენება ძალიან დიდხანს გამიგრძელდა. გულახდილად რომ გითხრათ, ამ მანქანამ თავდაჯერება ისე შემირყია, რომ ეს ამბავი დღემდე მომყვება და მაწუხებს.

იმედი მაქვს, რომ ამ დილიდან იმ "გოლფს" საბოლოოდ დავივიწყებ. "ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება!"
- ვფიქრობ ჩემთვის და საკუთარ თავს სარკეში ვაკვირდები. თმა კარგად დავივარცხნე. მგონი, თავი იმაზე უკეთ დავიბანე, ვიდრე BMW-მ გარეცხა თავისი სატესტო ავტომობილი. Ray-Ban-ის მზის სათვალეც აშკარად მიხდება. ვცდილობ, ისე გავიღიმო, როგორც მსახიობები იღიმიან ხოლმე - წუხელ რაღაც სერიალის მორიგ სერიას ვუყურე და ერთ-ერთი მსახიობის მიბაძვას ვცდილობ.

Auto Bild
20-დუიმიანი დისკები Jetblack მქრქალ ფერში შესანიშნავად გამოიყურება და ამ მანქანას ძალიან უხდება

ერთი სიტყვით, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მე და BMW i8 Roadster ერთმანეთს ვუხდებოდეთ. რედაქციაში ისეთი დავალება მომცეს, უარს ვერ და, რა თქმა უნდა, არც ვიტყოდი. საქმე ისაა,
რომ შემიძლია, BMW i8 Roadster-ის საჭეს მივუჯდე და ვისიამოვნო. ეს 155 000-ევროიანი მანქანაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გმირად გადააქცევს. დღეს მეც გმირი გავხდები. ამაში უბრალოდ დარწმუნებული ვარ.

პირველი ამოცანა: გადავხადოთ სახურავი! ამისათვის მთელი 5 წუთი დამჭირდა. 4 წუთი და 45 წამით მარტო იმ ღილაკის ძებნას მოვანდომე, რომლითაც i8 ქუდს მოიხდიდა. როგორც იქნა მივაგენი ცენტრალურ კონსოლზე! მთავარი ამ ღილაკის მიგნებაა, თორემ მერე სახურავის გადაწევას სულ რაღაც 15 წამი სჭირდება. "ძვირფასო, გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? მაშინაც გაგვიგრძელდა," - ჩემი მეუღლე ცდილობს, დამამშვიდოს და მთხოვს, იქნებ ბავშვი საბავშვო ბაღში მივიყვანოთო.

"ჰო, მაგრამ წინა მგზავრის სავარძელზე ბავშვის სავარძლის დადგმა ყველანაირ ხედს გააფუჭებს," - ვწუწუნებ ლოგიკურად. მერე ვიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ ეს ძალიან ძვირფასი ინტერიერის მქონე ავტომობილია (ახალი კომპლექტაცია Accaro Amido/E-Copper) და ვცდილობ, მეუღლეს გადავაფიქრებინო, მაგრამ ის მაინც ჯიუტად მიმეორებს: "ბიჭი ბაღში უნდა მივიდეს!"

Auto Bild
თითქოს გასაფრენად ემზადებაო - BMW i8 Roadster ულამაზესი ავტომობილია

ბავშვმა უხმაურო ელექტრო-ამძრავის შესახებ არაფერი იცის. მისთვის მანქანები ძრავის მაგარ ხმასთან ასოცირდება. ელექტრო-სვლით ისედაც მაქსიმუმ 49 კილომეტრს თუ გავივლით - ამიტომაც, პირდაპირ სპორტის ღილაკს ვაჭერ, რომელიც მართვის სიამოვნების გარანტია უნდა იყოს. ჩემში ბავშვის აღზრდის სურვილმა გაიღვიძა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარაა, მაინც ვეკითხები: "შვილო, როცა მანქანას Mini-ს 3-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომლის სიმძლავრე 231 ცხენის ძალაა და გარდა ამისა, 134 ელექტრო-ცხენის ძალებიც ემატება, სისტემური სიმძლავრე ჯამში რამდენი გამოდის?"

ბავშვი, გაოცებული თვალებით, ჯერ მე მიყურებს, მერე კი უკვე ოდნავ ასაკში შესულ კოკპიტს და ამბობს: "ფუტკარი მაია!" ეს იმას ნიშნავს, რომ მულტფილმ "ფუტკარი მაიას" სიმღერა უნდა ჩავრთოთ, ან ვიმღეროთ. ჰოდა, მოკლედ, ამ მშვენიერ დღეს, როცა მე ჩემი თავდაჯერების დაბრუნება მინდა, BMW i8 Roadster-ით მივსეირნობ, ორწლინახევრის ბავშვი მიზის და "ფუტკარი მაიას" სიმღერას ვმღერით. შესაბამისად, იმაზე ვფიქრობ, რომ იქნებ უმჯობესი ყოფილიყო, 8-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდეს, რათა მის ჟღერადობას ეს სიმღერა უკეთ გადაეფარა, ვიდრე ამას i8-ს საუნდ-გენერატორი ახერხებს.

Auto Bild
ხიდი ქვემო საქსონიაში. მიმტანმა ქალმა გვკითხა, ამით მოფრინდითო?

BMW-ს ჰიბრიდი 2014 წლიდან გამოდის და იაფი არასდროს ღირდა. როდსტერი კი სულაც 17 000 ევროთი ძვირია. თუმცა, არა მარტო ძვირი, არამედ უფრო სასიამოვო და ლამაზიც, ვიდრე მისი დახურული ძმა.

მანქანა პირდაპირ საბავშვო ბაღის შესასვლელთან გავაჩერე. ჩემი კლასელი გოგონა, ნინა, 90-იან წლებში სკოლაში მე-8 სერიის კუპეთი მოჰყავდათ ხოლმე. მიხარია, რომ დღეს ჩემი შვილი ბაღში თანამედროვე სუპერ-BMW-თი მივიყვანე.

კარი ფრთასავით ავწიე, 40 წელს გადაჭარბებული კაცის კვალობაზე მანქანიდან ნორმალურად გადმოვედი და პირდაპირ ფრაუ შტოლდტი შემეფეთა. ეს ქალბატონი ჩემი შვილის მასწავლებელია. "აჰ, i8? ასეთში მეც ვიჯექი ამას წინათ. დიდი არაფერი... სალონში სივიწროვეა!" - მომახალა.

ამის გამო დარდს არ ვაპირებ. ჩემთვის სულერთია, რას ფიქრობს ფრაუ შტოლდტი, რადგან ჩემს ცხოვრებაში უკვე მხოლოდ ერთადერთი ქალია, რომელზეც შთაბეჭდილების მოხდენა მსურს. რა თქმა უნდა, ცოლს ვგულისხმობ. ნაშუადღევს მასთან ერთად გადავწყვიტე გასეირნება. შვილის გარეშე, რადგან ორადგილიანში ბავშვის ადგილი არ არის. საბარგული კი უფრო პატარაა, ვიდრე ჩემი ორწლინახევრის ბავშვი.

Auto Bild

ჯერ ავტობანზე გავისეირნეთ. უკნიდან სერიოზული პოტენციის მქონე ძველი BMW 7er წამოგვეწია. გასწრება სურდა და, რა თქმა უნდა, დავუთმე. ამ დროს ჩემმა ცოლმა ცოტა დაბნეული გამომეტყვეკება მიიღო. "რა გიკვირს, ეს ხომ ჰიბრიდია და არა ნაღდი სპორტული მანქანა," - ვეუბნები ოდნავ იმედგაცრუებული.

რესტორნის მიმტანმა გვითხრა, ჩვენს პარკინგზე ასეთი ლამაზი მანქანა ჯერ არ მდგარაო და ისე გაგვიღიმა, იძულებული გავხდი, ორჯერ მეტი დამეტოვებინა. ჩემს დას ფოტო გავუგზავნე და მომწერა, მომავლიდან დაბრუნებულხარო. ჩემს ცოლს კი ერთადერთი რამ აინტერესებს: "ფოტოების გადაღების პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება?"

ჩემი პასუხი: "ძვირფასო, ორი ასეთი სილამაზისთვის ერთდროულად ფოტო აქამდე არასდროს გადამიღია! ცოტაც დამაცადე." კომპლიმენტმა იმოქმედა. მორჩილად პოზირებს. უკან ელექრორეჟიმით დავბრუნდით. სიჩუმე მზის ჩასვლას მოუხდა.

Auto Bild

ნებისმიერი ავტომობილი ადამიანს რაღაცით ამახსოვრდება. i8-მ ბოლოს მაინც ბედნიერად მაგრძნობინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ჩემი ცოლი. ამბობს ჩემი ცოლი...

დასკვნა
ზედმეტი 150 000 ევრო რომ მქონდეს, i8 Roadster-ს შევიძენდი და ჩემი სახლის მისაღებ ოთახში დავაყენებდი. ხელოვნების ნიმუშია და იმიტომ. მართვისთვის კი, თუ მაინცდამაინც ელექტრო-ტიპი უნდა იყოს, "პორშეს" Taycan-ს დაველოდები.
ტექსტი და ფოტოები: ჰოლგერ კარკჰეკი
  • ტექნიკური მონაცემები
ძრავა: 3-ცილინდრიანი Turbo + ელ. მოტორი; ძრავის მოცულობა: 1499 სმ3; სიმძლავრე: 275 კვტ (374 ცხ. ძ.); მაბრუნი მომენტი: 570 ნმ; ამძრავი: სრული/6-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4689/1942/1298 მმ; წონა: 1650 კგ; 0-100/200 კმ/სთ: 4,4/15,6 წამში; (გატესტილი); მაქს. სისწრაფე: 250 კმ/სთ; საწვავის ხარჯი: 9,0 ლ. SP; (ელ. სვლის გარეშე); ელ. რესურსი: 49 კმ; (გატესტილი); ფასი: 155 000 ევროდან

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად