რვა BMW, რომელსაც აქამდე არ იცნობდით და გაცოცხლებული ლეგენდა
რვა BMW, რომელსაც აქამდე არ იცნობდით და გაცოცხლებული ლეგენდა
28.05.2015
ძველისგან ახლის შექმნა მოდიდან არ გადასულა და არც არასდროს გადავა. BMW-მ ადრეული 70-იანების იდეა გააცოცხლა და შექმნა უნიკალური მოდელი 3.0 CSL Hommage, რომელიც იმ ავტომობილის განახლებული ვერსიაა, M3-სა და M5-ის პაპის პაპად რომ მიიჩნევა.

საქმე იმაშია, რომ 3.0 CSL პირველი ავტომობილია, რომელზეც BMW Motorsport GmbH-მ იმუშავა - ეს ფირმა კი თავის დროზე იმისათვის დააფუძნეს, რომ ყველაზე სწრაფი BMW-ები კიდევ უფრო სწრაფ მანქანებად გადაექცია. ასე დაიწყო ეს ისტორია და დღემდე ამ პრინციპით გრძელდება.

Auto Bild

თუ როგორ ხდება და რა შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს,
ამას მშვენივრად აჩვენებდა CSL 1971 წელს. CSL ასე იშიფრება: Coupé Sport Leichtbau, სადაც პირველი ორი სიტყვა ალბათ ყველასათვის გასაგებია, Leichtbau კი სიმსუბუქეს ნიშნავს. იმისათვის, რომ მაშინდელი ამბავი უფრო კარგად განვმარტოთ, გეტყვით, რომ 3.0 CSL მთელი 200 კილოგრამით მსუბუქი იყო, ვიდრე BMW 3.0 CS. ამის მიზეზი კი, სხვა მიზეზებთან ერთად, ის გახლდათ, რომ კაპოტი, საბარგულის კარი და ფრთები ალუმინის ჰქონდა.

სარბოლო ავტომობილის სუნი ასდის, არა? რა თქმა უნდა! ეს მანქანა თავის დროზე სწორედ რბოლისთვის შეიქმნა. თუმცა ხელმისაწვდომი იყო შედარებით ცივილური ვერსიაც, რომლის ქუჩაში გამოყვანას კანონი არ
კრძალავდა. სულ 169 ეგზემპლარი შეიქმნა, 200 ცხენის ძალა ჰქონდა, 1165 კილოგრამს იწონიდა და 100 კმ/სთ-ს 7,4 წამში ავითარებდა.

Auto Bild
ორიგინალი 70-იანი წლებიდან

როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს 3.0 CSL-ის თანამედროვე ვერსია? ამ კითხვაზე BMW-მ პასუხი იტალიაში გამართულ ავტოშოუზე გაგვცა - ეს არის ივენთი, რომლისთვისაც BMW ყოველ წელს ახალ-ახალ განსაკუთრებულ მოდელებს ქმნის. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ამ ექსკლუზიური ოლდთაიმერების ღონისძიების სპონსორი თავად BMW გახლავთ.

ამრიგად, Hommage, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, დიდი კლასიკოსის თანამედროვე ინტერპრეტაციაა. ფორმები და მასალები სწორედ ორიგინალს გვახსენებს, თუმცა ახალში ყველაფერი უახლესი და თანამედროვეა. მაგალითად, ძარა და ინტერიერის ძირითადი ნაწლი ალუმინის კი აღარ არის, არამედ კარბონისაა. ცხადია, მაშინდელ 200-ცხენისძალიან სიმძლავრესაც ბევრი ცხენი დაემატა - სამწუხაროდ, BMW არ ამბობს, კონკრეტულად რამდენი.

Auto Bild

უმჯობესია, BMW-ს ფანებმა არ იოცნებონ, რომ ოდესმე 3.0 CSL Hommage ეყოლებათ, რადგან ეს ავტომობილი მხოლოდ კონკრეტულად ამ ოლდთაიმერების შეხვედრისთვის შეიქმნა.

Auto Bild

BMW-ს ისტორიას არაერთი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როცა კონცეპტებს იდენტური ან სხვა ბედი ეწიათ. იყო ბევრი კონცეპტი, რომლებიც BMW-ს ფარეხში დღემდე საგულდაგულოდაა გადამალული და მათ სახელებს დღეს თითქმის არავინ იცნობს.

ეს ის მანქანებია, რომლებიც BMW-მ ”ფიქრების ქარხანაში” ე.წ. Technik GmbH-ში შექმნა, რომელიც 1985 წელს დაარსდა. იქ მომუშავე პერსონალის მისია ”ხვალინდელი ავტომობილების” შექმნა იყო. ისინიც დღე და ღამე მუშაობდნენ, ფიქრობდნენ და ქმნიდნენ.

”ფიქრების ქარხანაში” ჩამოყალიბებული იდეებიდან ბევრი აისახა BMW-ს სერიულ მოდელებზე. იმდროინდელ იდეებს შესაძლოა, ბევრი არ იცნობდეს და ვთქვათ, რომ მაგალითად, 1991 წელს შექმნეს Z1-ის პროტოტიპი კომბის უკანალით, რომელიც ფაქტობრივად X5-ისა და X3-ის წინამორბედად უნდა მივიჩნიოთ. მისი უცნაური კიჩო კი 1998 წელს, Z3 Coupe-ში გამოჩნდა.

BMW Technik GmbH-ში შექმნილი მოდელებიდან მხოლოდ ერთი გახდა სერიული და მისი ყიდვა ყველას შეეძლო: ეს იყო ულამაზესი როდსტერი Z1, რომელიც 1989-დან 1991 წლამდე იწარმოებოდა.

მოდით ერთად გადავხედოთ ბავარიელთა იმდროინდელ ფიქრებს:

Auto Bild
ეს Z1 არის BMW Technik GmbH-ს ერთადერთი მოდელი, რომელიც სერიულად აწარმოეს. როდსტერს მაშინდელი ”მესამე სერიის” ტექნიკა და 170 ცხენის ძალა აქვს.

Auto Bild
1991 წელს მოიფიქრეს Z1 Coupé, რომელსაც საკმაოდ მაღალი კლირენსი ჰქონდა და ამავდროულად სპორტული წინა მხრით ერთობ უცნაური ტიპი გამოვიდა. პლუს ამას კომბის უკანალი, რომელიც შვიდი წლის შემდეგ Z3 Coupé-მ მიიღო. მაშინ კომბისა და სპორტული ავტომობილის ნაზავი არავის მოეწონა. თავად Z3 270 000 ეგზემპლარად გაიყიდა და ასე ვთქვათ, გაჰიტდა, აი, მისი Coupe-ვერსია კი მხოლოდ 18 000-მა ადამიანმა ისურვა. კონკრეტულად ამ ფოტოზე გამოსახული კონცეპტის საინტერესო დეტალი ისიცაა, რომ მოხვევის ციმციმები სარკეებშია ინტეგრირებული - ასეთი რამ ავტომობილებში სერიულად მხოლოდ 90-იანების ბოლოსღა დაინერგა.

Auto Bild
1991 წელს BMW-მ ფრანკფურტის ავტოშოუზე ელექტრომობილი E1 წარმოადგინა. ეს გახლდათ 4-ადგილიანი, რომელსაც ელექტროამძრაობით 200 კილომეტრის გავლა შეეძლო და მაქსიმუმ 120 კმ/სთ-ს ავითარებდა. აი, რას წერდა AUTO BILD მაშინ E1-ის შესახებ: ”ეს დღეისათვის ყველაზე თანამედროვე ავტომობილია.”

Auto Bild
1993 წელს BMW-მ ისევ ელექტრომობილი წარმოადგინა - მაგრამ, შეცვლილი დიზაინით. თუმცა ამ შემთხვევაშიც მხოლოდ პროტოტიპი შეიქმნა. ელექტრომობილისთვის საჭირო ელემენტები მაშინ სერიული წარმოებისთვის ზედმეტად სუსტი და ზედმეტად ძვირი იყო.

Auto Bild
ეს არის BMW Z18, რომელიც 1995 წელს შეიქმნა. ცნობისათვის, ეს კონცეპტი საზოგადოებას მხოლოდ 2000 წელს უჩვენეს, მანამდე კი საიდუმლოდ ინახავდნენ. ეს იყო ორადგილიანი 8-ცილინდრიანი ძრავით, რომელშიც გაერთიანებული გახლდათ კაბრიოლეტი, სპორტული როდსტერი და მაღალი გამავლობის ოფროუდერი. წინა მხრიდან აშკარად წააგავდა Z3-ს. აქვე დავამატოთ, რომ დღეს SUV-კლასის ავტომობილები მთელ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სეგმენტია.

Auto Bild
აი, ეს კი BMW Just 4/2 (just for two) გახლავთ, ორ მგზავრზე გათვლილი, რომელიც ასევე 1995 წელს შექმნეს და რომელიც მსოფლიომ მაშინდელ ტოკიოს ავტოშოუზე იხილა.

Auto Bild
2001 წელს შეიქმნა Z29, რომელშიც მთავარი მაქსიმალური სიმძლავრე კი არა, მინიმალური წონა გახლდათ. სპორტულ მანქანას, რომლის კარებიც აი, ასე მიმზიდველად იღებოდა, 343 ცხენის ძალა ჰქონდა. სიმსუბუქის მთავარი მიზეზები ბევრი ალუმინი და კარბონით გაჯერებული მასალები იყო.

Auto Bild
MW H2R: აეროდინამიკურად ოპტიმირებული საცდელი ავტომობილი 12-ცილინდრიანი წყალბადის ძრავით, რომელსაც 2004 წელს მსოფლიო რეკორდი უნდა დაემყარებინა. ტრეკზე მან 300 კმ/სთ განავითარა.

Auto Bild
ახლა კი ისევ უკან გადავხტეთ: ჯერ კიდევ 1994 წელს შექმნა BMW-მ მეხუთე სერიის სრული ჰიბრიდი, რომელსაც ბენზინის 112-ცხენისძალიანი აგრეგატი და 35-ცხენისძალიანი ელექტრომოტორი ჰქონდა. ამ მანქანას ელექტროსვლით 11 კილომეტრის გავლა შეეძლო და სტარტ-სტოპ სისტემითაც გახლდათ აღჭურვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა:
BMW-ს მომავალი მოდელები

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად