ერთგულები - ესენი მანქანები კი არა, გმირები არიან!
ერთგულები - ესენი მანქანები კი არა, გმირები არიან!
29.05.2019
არსებობს არაერთი ავტომობილი, რომლებსაც დიდი სიამოვნებით შევიძენდით. მათ შორისაა ეს სამეული: G-კლასი, ვრანგლერი და ჯიმნი.
ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ ხანდახან განსაკუთრებით რთულია. როცა ცხოვრების სირთულეზე მძიმე უგზოობის გამო საუბრობენ (ასეც ხდება!), მაშინ საუკეთესო გამოსავლის ძიებაში ადამიანს დიდი არჩევანი ნამდვილად არ აქვს. ჩვენ სამი გამორჩეულად კარგი ოფროუდერი შევკრიბეთ და ცოტა გავერთეთ.

"გაზაფხულია," - ვუთხარი მათ, - წამოდით, ბიჭებო, ჰაერზე გავიდეთ და ტალახსა და ქვიშაში ვითამაშოთ!"

ნება მოგვეცით, გაგეცნოთ - ჩვენ სამნი ვართ, ტიმი, იანი და მე. მოკლე სახელები იმიტომ, რომ
აქ, ჩრდილოეთ გერმანიაში ბევრი და უაზრო ლაპარაკი არ უყვართ. და უყვართ დაკუთხული ფორმების მქონე ატომობილები - ასევე მოკლე სახელწოდებებით - ჯიმნი, ჯიპი და G.

დილას, რედაქციის დიდ ფარეხში ჟურნალის მთავარ რედაქტორსაც შევხვდი, რომლის სახელიც ასევე მხოლოდ სამი ასოსგან შედგება. ტომი სამსახურში ლურჯი Jeep Wrangler-ით მოვიდა - მთელი ერთი კვირაა, ამ მანქანას ტესტავს. რას ფიქრობ-მეთქი? "სიგიჟეა ის, რასაც ეს მანქანა გიკეთებს!" - მითხრა სიცილით. არადა, შეფი ამ დღეებში მხოლოდ ავტობანსა და ქალაქში დადიოდა. რომ იცოდეს, რას უზამს ეს მანქანა მძიმე უგზოობაზე...

ლიუბეკისკენ მივდივართ. იქ, ქალაქთან ახლოს,
ერთი ქვიშიან-ტალახიანი ადგილი მეგულება, სადაც საუკეთესო ოფროუდერებიც კი ვერ დამალავენ თავიანთ ნაკლს - თუკი საერთოდ აქვთ. ადგილზე მხოლოდ დიდი სატვირთოები და ბაგით გართობის მოყვარულები დაგვხვდნენ.

ჭკვიანი კოლეგები მყავს - მე Suzuki Jimny დამითმეს. მათ კარგად იცოდნენ, რომ სანამ დანიშნულების ადგილს მივაღწევდით, ავტობანზე 70 კილომეტრით უნდა გვევლო. ახლა გერმანიაში დიდი დისკუსიებია სისწრაფის შეზღუდვაზე, მაგრამ როცა ჯიმნის მართავ, ეს შეზღუდვები ფეხებზე გკიდია, იმიტომ, რომ 130 კმ/სთ მისთვის თითქმის მაქსიმუმია. რაც შეეხება ადგილიდან აჩქარებას - ჯიმნის საჭესთან მაშინაც ბედნიერი ხარ, როცა 100 კმ/სთ-ს 13 წამში მიაღწევს. ნუ, ამას მთლად ბედნიერებას ვერ დავარქმევდი, მაგრამ სულერთია, რადგან მისი სტიქია ავტობანი კი არ არის, არამედ უგზოობა და ტალახი.

ქვიშა გამოჩნდა. სრულ ამძრავზე გადავრთე - ხელით, როგორც ადრე. პლუს გრძელი ბერკეტი რეზინის მანჟეტით და 5 საფეხური მის ქვეშ. ჯიმნი უგზოობაზე წინ უპრობლემოდ მიიწევს, მძღოლი კი მის საჭესთან თითოეულ ორმოს, თითოეულ წინააღმდეგობას გრძნობს. სულ რაღაც 1104-კილოგრამიანი Suzuki ტორტმანებს, ხტის და იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიო, ამ ყველაფერს არა მარტო უნდა შეეგუო, არამედ უნდა გაითავისო კიდეც. მე ეს შევძელი, ახლა კი ტალახში ვარ გადმოსული და კოლეგებს ფოტოებს ვუღებ. ტიმი და იანი თამამად დადიან და ტალახს მესვრიან. პერიოდულად მეკითხებიან, რამე ხომ არ მოგხვდა, ხომ კარგად ხარო?სასაცილოა, არა? ალბათ ვერ მიტანენ. თუმცა არა უშავს, ეს ისეთი ავტომობილებია, სადაც ტალახიანიც კი ისე ჩაჯდები, რომ სინდისი არ შეგაწუხებს.

Suzuki-მ ახალი ჯიმნის გამოშვება წელს დაიწყო და უკვე ყველა წლევანდელი ეგზემპლარი გაყიდულია - ბევრი არ ელოდა, რომ ამ მანქანაზე ამხელა რიგები იქნებოდა. წარმოიდგინეთ, იაპონელებმა შექმნეს მანქანა, რომელიც ძალიან იაფიც არ არის (17 000 ევროდან) და 102 თავისი ცხენის ძალით არც მძლავრია - და მიუხედავად ამისა, მისი შეძენა მაინც ყველას უნდა. რატომ? იმიტომ, რომ ხასიათი აქვს! მასისგან გამოირჩევა და კიდევ იმიტომ, რომ პატარა "G-კლასივით" გამოიყურება (მერსედესზე 1,20 მეტრით მოკლეა). მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის ყოფილა, რომ პოპულარულ, ერთმანეთის მსგავს SUV-ებს არ ჰგავდეს. 20 წლის განმავლობაში ჯიმნი მონადირეების სოლიდური მანქანა იყო, ახლა კი, ახალი დიზაინით, ლეგენდის გზაზე დგას.

ეს ყველაფერი, ფაქტობრივად Jeep-საც ეხება, ოღონდ, ეს უკანასკნელი ჯიმნიზე დიდია. მისი წინაპრები ევროპის მიწაზე ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოვიდნენ - ნორმანდიაში დესანტის გადასმის ამბავს ვგულისხმობთ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

დღესდღეობით ჯიპი უკვე ფიატს ეკუთვნის, მაგრამ ვრანგლერს ეს არ ეტყობა. ის ჯერ კიდევ ნაღდი ამერიკელია. როდესაც მის გრძელ და მაღალ კაპოტს უყურებ, თავი მეფე გგონია. მერე კოვბოის როლის მორგება გინდება - კარისა და საქარე მინის მოხსნა და ლასოთი ძროხების დევნა. ეს ყველაფერი რეალურადაც შესაძლებელია. ძროხების დევნას თუ არ ჩავთვლით.

ჯიპი განუმეორებელია. მანქანას გარშემო რომ შემოუვლი, დიზაინის უამრავ ახალ ელემენტს აღმოაჩენ. თანაც, ისეთ დეტალებს, სხვა მანქანებში რომ ვე(ღა)რ შეხვდები. მაგალითად, გრძელი ანტენა, რომლის მოხსნაც შეიძლება. ასევე კარის დიდი ანჯამები და ა.შ. მოკლედ, მას ბევრი რამ აქვს ანაქრონისტული. გარდა ფასისა! საწყისი ფასი 45 000 ევროა. ხუთი კარით, ჰარდტოპით, 200-ცხენისძალიანი დიზელის ძრავითა და 8-საფეხურიანი ავტომატიკით მინიმუმ 55 000 ევრო ღირს. ამერიკაში კი მისი ფასი დაახლოებით 25 000 ევროდან იწყება, პლუს გადასახადები. ასეთ ფასად, არც კი დავფიქრდებოდით. პირველ რიგში იმიტომ, რომ Jeep Wrangler ყველგანმავლებს შორის იგივეა, რაც ფორდ მუსტანგი სპორტულ ავტომობილებში - ამერიკული იკონური მანქანა!

ახლა კი G-ში გადავინაცვლოთ. კვადრატულ მერსედესს დიდი იუბილე აქვს - 40 წელია, ოფროუდში შეუდარებელ ნიჭს ავლენს და სამაგალითო გამავლობით გამოირჩევა. ამ მანქანით შეგიძლია, 70-სანტიმეტრიან წყალში გაიარო, მაგრამ ახლა ამ გამოცდას არ მოვუწყობთ - ის დრომ არაერთხელ გამოსცადა. ასეთი G 350d მინიმუმ 95 000 ევრო ღირს. ვინც კარბონის ელემენტებს, Nappa-ტყავს, დიზაინის რამე-რუმეებს და შავ, 22-დუიმიან დისკებს დაუმატებს, ფასი იმდენით გაეზრდება, რომ ამ ნამატით ერთი ახალი ჯიმნი მოუვა.

პატარა რჩევა: ფერი, რომელსაც უდაბნოს ქვიშა ჰქვია, 5 593 ევრო ღირს. უფასოდაც შეიძლებაო, ამბობს ტიმი და 286-ცხენისძალიან G-ს რამდენჯერმე თამამად აძლევს გაზს. ამის შემდეგ ავტომობილი მართლაც შნიცელივით გამოიყურება.

დავამთავრეთ. რედაქციაში ისევ ავტობანით უნდა დავბრუნდეთ. "ჯიმნით დაბრუნება რომელს გინდათ?" - ვეკითხები ტიმს და იანს. უარის ნიშნად თავებს აქეთ-იქით აქნევენ. ცხოვრება რთულიაო, მომაძახეს და G-კლასი და ვრანგლერი დაქოქეს...

Mercedes G 350 d
ძრავა: 6-ცილინდრიაინი, Turbo; ძრავის მოცულობა: 2925 სმ3; სიმძლავრე: 210 კვ (286 ცხ. ძ.); მაბრ. მომენტი: 600 ნმ/1200; ამძრავი: სრული/9-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4825/1931/1969 მმ; წონა: 2451 კგ; საბარგული: 667-1941 ლ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,4 წამში; მაქს. სისწრაფე: 199 კმ/სთ; საწვავის ხარჯი: 9,6 ლ. დიზელი; გამონაბოლქვი: 252 გ/კმ; ფასი: 95 022 ევროდან

Suzuki Jimny
ძრავა: 4-ცილინდრიანი, ატმოსფერული; ძრავის მოცულობა: 1462 სმ3; სიმძლავრე: 75 კვ (102 ცხ. ძ.) 6000 ბრ/წთ; მაბრ. მომენტი: 130 ნმ/4000; ამძრავი: ჩართვადი სრული ამძრავი/ მამცირებელი გადაცემა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 3645/1645/1705 მმ; წონა: 1104 კგ; საბარგულის მოცულობა: 85-830 ლ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 12,5 წამშილ მაქს. სისწრაფე: 145 კმ/სთ; საწვავის ხარჯი: 6,8 ლ. Super; გამონაბოლქვი: 154 გ/კმ; ფასი: 17 ევროდან

Jeep Wrangler 2.2 CRDi
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; ძრავის მოცულობა: 2143 სმ3; სიმძლავრე: 147 კვ (200 ცხ. ძ.) 3500 ბრ/წთ; მაბრ. მომენტი: 450 ნმ/2000; ამძრავი: სრული/8-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4882/1894/1897 მმ; წონა: 2119 კგ; საბარგულის მოცულობა: 533-1094 ლ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 9,6 წამში; მაქს. სისწრაფე: 180 კმ/სთ; საწვავის ხარჯი: 7,4 ლ. დიზელი; გამონაბოლქვი: 195 გ/კმ; ფასი: 56 000 ევრო

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად