ტესლას აუდი უტევს! ვისი აჯობებს?
ტესლას აუდი უტევს! ვისი აჯობებს?
26.05.2019
Tesla Model X მძლავრი და ძვირი ელექტრომობილია, ერთი დამუხტვით ბევრს გადის. მისთვის კონკურენციის გაწევას ახალი Audi e-tron ცდილობს. ჩვენ დავინტერესდით, რომელი ჯობია და რატომ

Audi e-tron: 95-კვ.სთ-ბატარეა, 408 ცხენის ძალა, 79 900 ევროდან

Auto Bild

Tesla Model X: 100-კვ.სთ-ბატარეა, 524 ცხენის ძალა, 91 380 ევროდან

Auto Bild

ჯიბის ხელსახოცი? მაშინვე სელპაკი გვახსენდება. სპორტულ ფეხსაცმელებს ბოტასებს ვუწოდებთ, ყველგანმავალ ავტომობილებს კი - ჯიპებს. არადა, ერთიც კონკრეტული ბრენდია, მეორეც და - მესამეც. თითქმის ასეა ელექტრომობილების შემთხვევაშიც - მათ ხსენებაზე პირზე ყველას ტესლა აკერია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ამერიკელები
ელექტრომობილების პიონერები არიან. თანაც, ტექნიკურად საკმაოდ სრულყოფილები, რადგან სიმძლავრითაც გამოირჩევიან და ერთი დამუხტვის რესურსითაც. განსხვავებული დიზაინი დიზაინი მომხმარებლებს მოსწონთ, გაყიდვების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.

Auto Bild

თუმცა კარგი ელექტრომობილების შექმნა უკვე სხვებმაც დაიწყეს. ახლა, აუდიმ თავისი e-tron გამოიყვანა. ისევე, როგორც Tesla Model X, ახალი აუდიც ეკონომიურ-ეკოლოგიური მდიდრული SUV-ია ისეთი ზომით, როგორიც ქალაქის ავტომობილს შეეფერება. ეს იმას ნიშნავს, რომ e-tron-ს აქვს შანსი, Model X-ს "ფრთები (კარები) მოამტვრიოს". მოდით, ეს ორი ელექტრომობილი ერთმანეთს დეტალურად შევადაროთ.

Auto Bild

ფაქტია, რომ ორივე პირველი კლასის ელექტრომობილია. ორივე ელეგანტურად, უხმაუროდ დადის და ორივე ძალიან
მძლავრია. არც დაძაბულობა, არც საფეხურები, თითქმის უხმაურო - ასეთი ელექტრო-ძალა მოგვწონს. თუმცა, აუდიცა და ტესლაც ამაზე მეტსაც გვთავაზობენ. პირველ რიგში ერთი დამუხტვის რესურსს ვგულისხმობთ. მართალია, ქარხნულ დაპირებას (ტესლა - 500 კმ, აუდი - 417 კმ) რეალობაში ვერცერთი მათგანი ვერ ასრულებს (ტესლა - 290 კმ, აუდი - 280 კმ), მაგრამ ყოველდღიური მოხმარებისთვის ასეთი რესურსიც მისაღებზე მეტია. დამუხტვის შესაძლებლობას კი ორივე მათგანი ძალიან კარგად, თანამედროვე ტექნიკის შესაბამისად ფლობს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, e-tron სახლის ჩვეულებრივ როზეტში 60 საათი უნდა გქონდეთ შეერთებული იმისათვის, რომ ბოლომდე დაიმუხტოს. არის, უფრო სწრაფი საშუალებაც, სწრაფი დამუხტვის აპარატით (150 კვ), რომელიც აუდის ელემენტებს ნახევარ საათში 80 პროცენტამდე დატენის. თითქმის იგივეა ტესლას შემთხვევაშიც. გარბენის რესურსი კარგია, დამუხტვის დრო არც ისე - ასეა თვით ამ ძვირადღირებული ელექტრომობილების შემთხვევაშიც.

Auto Bild

განსაკუთრებით შთამბეჭდავი მათი აჩქარებაა - აქსელერაციის სატერფულს რომ ჩააჭერ, ორივე საოცრად მიფრინავს. მეტიც: 200 კმ/სთ-მდე (ტესლას შემთხვევაში 250 კმ/სთ) აჩქარება სასაცილოდ შთამბეჭდავიც კია. თუმცა ასეთებით სისტემა ცხელდება და სიმძლავრე იკლებს. აუდი თავის 300 კვ მაქსიმალურ (boost) სიმძლავრეს 8 წამის შემდეგ არეგულირებს და ამის შემდეგ, მითითებული 265 კვ მხოლოდ 60 წამი ნარჩუნდება. სტაბილურად ჯანმრთელ ტემპერატურებში e-tron მხოლოდ 100 კვ-ზეა დამოკიდებული. მოჭარბებული სითბოს შემთხვევაში, ასევე იქცევა ტესლაც, რომელიც თავის 385-კილოვატიან ძალას აგდებს. თუმცა, შევეშვათ ვატების დათვლას - ვინც ელექტრომობილს მართავს, მანქანა ხშირად არ უნდა ააჩქაროს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ელექტრომობილის მთელი ხიბლი არა სისწრაფესა და მყისიერ აჩქარებაში, არამედ ეკონომიურად მართვასა და უხმაურობით სიამოვნებაშია.

Auto Bild

აი, ეს კი აუდის აშკარად უკეთ შეუძლია. ის უფრო ნაკლებად ხმაურიანია, უფრო უკეთესად შესრულებული სავალი ნაწილი აქვს, უფრო კომფორტული დაკიდება, უფრო მგრძნობიარე მოხვევა და გზაზე უკეთესად დგას! ტესლაში ხელს გვიშლის ძარის მუდმივი მღელვარება და შფოთი ცუდ გზებზე. აუდი, საგრძნობლად რბილად და კომფორტულად დადის. ამავდროულად, ტესლაში უფრო მეტად გვესმის სვლით გამოწვეული ხმა და საბურავების თაღებშიც უფრო ხმაურიანად მოძრაობენ კენჭები. ამასთან, ამერიკელის "დირიჟორობა" უფრო რთული ჩანს - სავალი ნაწილი აუდის უკეთესი აქვს. ტესლაში სტრესის მომგვრელია სავარძლების საზურგეების გვერდული მდგრადობის ნაკლებობაც - მოსახვევებში სწრაფი შესვლაც დაძაბულობას გამოიწვევს. აუდის სავარძლებიც უკეთესი აქვს. უკან ჯდომაზე ერთი რამ უნდა ვთქვათ: აუდიში, უკანა შუა ადგილი არასაკმარისადაა ფორმირებული, ტესლაში კი, მესამე მგზავრი უკან თავს სახურავს მიარტყამს. ამერიკელში, უკან სივრცეს ფრთების მსგავსი კარების კონცეფცია ამცირებს. ტესლას უდავოდ ელეგანტურ კარებს კიდევ ერთი ნაკლი აქვს: ვიწრო ფარეხში მანქანიდან გადმოსვლა ჭირს. ვინც ტესლაში 7-ადგილიან კონცეფციას (3100 ევრო) აირჩევს (ასევე ხელმისაწვდომია 6-ადგილიანი ვერისა 6700 ევროდ), საბარგულს, თითქმის გააუქმებს. ასეთ შემთხვევაში, საბარგულის მოცულობა 187 ლიტრამდე მცირდება.

Auto Bild

არც აუდია უნაკლო. მაგალითად, გარეთა სარკეები, რომლებიც არცაა სარკეები. იქ კამერებია, რომელთა სურათიც კარის შიდა მხარეს ჩადგმულ პატარა ეკრანებს გადაეცემა. ამას შეჩვევა სჭირდება და ეს პროცესი, შესაძლოა, იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. სარკეების ნაცვლად, ფანჯრის ხაზის ქვეშ მოთავსებულ მონიტორებში ყურება დამაბნეველია. ამის დამუღამება ადვილი ნამდვილად არ არის. ჩვენ გირჩევთ, რომ ამ მინიმუმ 1540-ევროიან ოფციაზე უარი თქვათ - მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის წინააღმდეგობის კოეფიციენტს 0,01-ით აუმჯობესებს და რესურსსაც მინიმალურად ზრდის. კლასიკური სარკეები უკეთ და, რაც მთავარია, გაცილებით უსაფრთხოდ ფუნქციონირებს.

Auto Bild

რაც შეეხება ფასსა და ხარჯებს. აუდი თავისი e-tron-ის სანაცვლოდ 79 900 ევროს ითხოვს, დაამატებითი ოფციებით კი - 80 000 ევროზე მნიშვნელოვნად მეტს. თუმცა, Tesla Model X მაინც ყოველთვის უფრო ძვირი გამოდის. ეს უკანასკნელი ამ შესრულებით დაახლოებით 97 000 ევრო ღირს. არადა, ტესლა აუდიზე უარესადაა შესრულებული - არასწორი ღრეჩოები, კაბელები ხალიჩებში, არასრულყოფილი საღებავი, ავტობანზე მინამწმენდი მოგვძვრა... ეჰ, ტესლა, ტესლა...

პოდიუმი - მაქსიმალური ქულა 750

1.
515 ქულა
Audi e-tron სოლიდური სვლა და შესანიშნავი სავალი ნაწილი. საკმაოდ კარგი შესაძლებლობები - ის სრულფასოვანი ელექტრომობილია.



2.
462 ქულა
Tesla Model X იმაზე ხმაურიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, სავალი ნაწილი უკეთესის სურვილს ტოვებს, ასეთი მაღალფასიანი მანქანა უკეთესად უნდა იყოს შესრულებული. გარბენის რესურსი კარგია! აჩქარება - შთამბეჭდავი.


დასკვნა იან ჰორნი, მანფრედ კლანგვალდი.
ელექტრომობილისთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი აჩქარება ორივეს საუკეთესო აქვს. საერთო ჯამში, აუდი უფრო სოლიდურადაა შესრულებული, ვიდრე თავმომწონე ტესლა. თანაც, e-tron უფრო იაფია. თუმცა, მასშიც ბევრი ფული უნდა გადაიხადო.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად