ნიკო როსბერგი - "ფორმულა 1-ში არაფრის დრო და გეგმა არ მქონდა!"
ნიკო როსბერგი - "ფორმულა 1-ში არაფრის დრო და გეგმა არ მქონდა!"
18.05.2019
გულახდილი სიტყვები ფორმულა 1-ის მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონისგან, ნიკო როსბერგისგან, რომელმაც ელექტრომობილურობა აღმოაჩინა ნიკო როსბერგი

2016 წელს ის ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და თითოეულ რბოლაზე 100 ლიტრზე მეტ სასვწვას წვავდა. ახლა, ნიკო როსბერგმა ელექტრომობილურობა აღმოაჩინა. AUTO BILD 33 წლის როსბერგს ბერლინში შეხვდა, სადაც ის თავის ახალ იდეაზე, Greentech-ფესტივალზე მუშაობს.

Auto Bild

AUTO BILD: ჰერ როსბერგ, ყველა გიცნობთ, როგორც ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონს, მაგრამ 2017 წლიდან ბიზნესმენი ხართ. როგორ დაახასიათებთ ახალ ნიკო როსბერგს?
ნიკო როსბერგი (ფიქრობს): დავახასიათებ როგორც ადამიანს, რომელიც ახალ გამოწვევებს ეძებს. სწორედ
ასეთი გამოწვევაა ელექტრომობილები, რაც ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ აღმოვაჩინე. ვფიქრობ, ბევრი რამის შეცვლა და გაკეთება შემიძლია. კარიერის დასრულების შემდეგ სწორედ ასეთი გამოწვევა მჭირდებოდა. ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი Greentech-ფესტივალია.

AUTO BILD: ფორმულა 1-ში ეკო-მრბოლელი ნამდვილად არ იყავით...
ნიკო როსბერგი: ფორმულა 1-ში არც რაიმე გეგმები მქონდა და არც დრო. უბრალოდ, სწრაფად ვმართავდი ბოლიდს. კარიერის დასრულების შემდეგ კი სამყაროს სხვა თვალით შევხედე. ინსპირაცია მერსედესიც იყო - შტუტგარტელებმა მაჩვენეს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ელექტრომობილურობას. ტექნოლოგიების ფანი ყოველთვის ვიყავი, ახლა კი ამ სფეროში ინვესტიციაც ჩავდე.

AUTO BILD: Greentech-ფესტივალი მაისში, ფორმულა
E-ს რბოლის ფარგლებში ჩატარდება...

ნიკო როსბერგი: დიახ, რადგან ამით შეგვიძლია კიდევ უფრო გავამძაფროთ მწვანე ტექნოლოგიით აღფრთოვანება. ერთი მაგალითი: ფესტივალზე ვაჩვენებთ დრონს, რომელსაც ადამიანი მიჰყავს. ან იატაკის პლატებს, რომლებიც ელემენტებს მუხტავენ, როცა ადამიანი მასზე გაივლის. სამწუხაროდ, ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე წარვადგენთ ყველას და ყველაფერს - სტარტაპიდან დიდ მოთამაშეებამდე. გვინდა, რომ ამ ტექნოლოგიების შესახებ ყველამ გაიგოს. აქვე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ტრანსპორტის მინისტრ ანდრეას შოიერს, რომელიც გვეხმარება.

AUTO BILD: როგორ წარმოგიდგენიათ მობილურობა მომავალში?
ნიკო როსბერგი: მომავალში მობილურობა უაღრესად ეფექტიანი და ჭკვიანური იქნება. მობილურით დავჯავშნი, ავტოპილოტიანი მანქანა მომაკითხავს, მიმიყვანს რკინიგზის სადგურზე, საიდანაც მატარებლით გავემგზავრები მიუნხენში, სადაც წინასწარ დაჯავშნილი ელექტრო-როლერი დამელოდება და ასე მივალ დანიშნულების ადგილამდე. ეს იქნება არა მარტო სუპერეფექტიანი, არამედ გაცილებით იაფი მგზავრობაც.

AUTO BILD: და ავტომობილის მართვის სიამოვნება?
ნიკო როსბერგი: რა თქმა უნდა! ცხადია, იმედი მაქვს, რომ მანქანის სწრაფად მართვას თავისი ადგილი ექნება. ეს ადგილი, დიდი ალბათობით, სარბოლო ტრეკი იქნება, ანაც გერმანული ავტობანი. მიუხედავად ამისა: დარწმუნებული ვარ, რომ მგზავრობა სენსაციურად სასიამოვნო იქნება - დაგვიბრუნებს იმ დროს, რასაც საცობებში ვკარგავთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ დროს კი არ ვკარგავთ, არამედ გარემოსაც ზიანს ვაყენებთ.

AUTO BILD: რომელი ავტომობილები გყავთ პირადი მოხმარებისთვის?
ნიკო როსბერგი: ქალაქში გადაადგილებისთვის Carsharing-ს ვიყენებ, Renault Twizy-ით დავდივარ ხოლმე. ეს იდეალურია ისეთი ქალაქისთვის, სადაც ვიწრო ქუჩები, ბევრი მანქანა და პარკინგისთვის ცოტა ადგილია. შორი და ხანგრძლივი მგზავრობისთვის კი Mercedes GLC 220 მყავს. დიზელი. ყველაზე პატარა ძრავით.

AUTO BILD: დიზელი?
ნიკო როსბერგი: არცისე გამომწვევად ჟღერს, არა?

AUTO BILD: პირიქით, ახლა ხომ ყველა პოლიტიკოსი დიზელის ძრავის მქონე მანქანების მძღოლებს უტევს...
ნიკო როსბერგი: პროგრესი აუცილებელია, მაგრამ არა მომხმარებლების ხარჯზე. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიჩაგრონ ის ადამიანები, რომლებმაც დიზელი იყიდეს და ფიქრობდნენ, რომ ეკონომიური და ეკოლოგიური გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემთვის საკამათო არ არის ის, რომ დიზელის მფლობელები არ უნდა დაისაჯონ. ასეთ შემთხვევაში, ყველა წააგებს. დროთა განმავლობაში ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებზე უნდა გადავიდეთ. ქალაქში ელექტრომობილი დღესვე საუკეთესო გამოსავალია.

AUTO BILD: თუმცა ენერგიის მიქსი და ბატარეები ჯერ კიდევ არ არის განსაკუთრებით ეკოლოგიური...
ნიკო როსბერგი: ცხადია, კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. ელექტრომობილურობა მომდევნო ნაბიჯია და არა ბოლო ნაბიჯი. ელემენტები უფრო და უფრო პატარავდება, ხარისხი კი უმჯობესდება.

AUTO BILD: ბევრი საუბრობს იმაზე, რომ სისწრაფეზე უფრო მკაცრი შეზღუდვები უნდა იყოს. როგორც ყოფილი მრბოლელი, რას იტყვით ამაზე?
ნიკო როსბერგი: ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ადამიანს რამე გადააფიქრებინო, აკრძალვა ყველაზე ცუდი გამოსავალია. ცხადია, რომ ავარიები უნდა შევამციროთ და გარემოზეც ვიზრუნოთ, მაგრამ ავტობანი გერმანული კულტურის ნაწილია. ჩემი აზრით, საუკეთესო გამოსავალი ტექნიკის გაუმჯობესებაა. უსაფრთხოების სისტემებს შეუძლიათ რისკის, თანამედროვე ძრავებს კი - გამონაბოლქვის შემცირება.

AUTO BILD: ბოლოს თქვით, რომ ფორმულა 1-იც ელექტრო უნდა გახდეს. იხუმრეთ, თუ მართლა ასე ფიქრობთ?
ნიკო როსბერგი: ფორმულა 1 ავტოსპორტის მწვერვალია და ეს მომავალშიც ასე იქნება. მე დღემდე ფორმულა 1-ის უდიდესი ფანი ვარ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ფორმულაშიც უნდა დაფიქრდნენ ბევრ რამეზე. თუკი მხოლოდ ელექტრომობილები გაიყიდება, დროს არც ფორმულა 1 უნდა ჩამორჩეს. თუმცა, ფორმულა E-ს ელექტროძრავებზე უფლებები მომდევნო 20 წლისთვის აქვს. ამ ორი სერიის შერწყმა წარმომიდგენია. ეს ხვალ არ მოხდება და არც ზეგ, მაგრამ მომავალში მოხდება.

AUTO BILD: ფანები ჰიბრიდულ ძრავებს აკრიტიკებენ.
ნიკო როსბერგი: ძრავის ჟღერადობაზე ხალხი უკვე აღარ ლაპარაკობს. საერთოდ, ადამიანი ბევრ რამეს ეგუება. თუკი ფორმულა 1 საინტერესოა და ექშენს გვთავაზობს, სხვა დანარჩენი სულერთია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ ბოლიდი ხმას საერთოდ არ გამოსცემდეს...

AUTO BILD: როგორ ფიქრობთ, 2040 წელს ადამიანებს ავტოსპორტი კიდევ დააინტერესებთ?
ნიკო როსბერგი: ფორმულა 1 სპორტი და გართობაა. სანამ გაგართობს, მანამდე ისიამოვნებ - გლადიატორები მაღალტექნოლოგიური ბოლიდების საჭესთან არასდროს არავის მობეზრდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ფორმულა 1 კიდევ დიდხანს იქნება პოპულარული და იმედია, ყოველთვის.

AUTO BILD: რამდენად კმაყოფილი ხართ ფორმულა E-ში ჩადებული ინვესტიციით, როცა ხედავთ, რომ ისეთი მწარმოებლები შემოდიან, როგორიცაა პორშე?
ნიკო როსბერგი: კეთილი იყოს პორშეს მობრძანება! (იცინის) ინვესტიციამ გაამართლა. მამაჩემი ამის გამო ძალიან მაკრიტიკებდა, მაგრამ ახლა ჩუმადაა.

AUTO BILD: გერმანული ავტოწარმოების მომავალს როგორ უყურებთ?
ნიკო როსბერგი: ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიამ ელექტრომობილურობაში ბევრი რამ დააგვიანა, მაგრამ რას მოგვიტანდა ელექტრომობილები ინფრასტრუქტურისა და მომხმარებლის ინტერესის გარეშე? ფასი და გარბენი მისაღები უნდა იყოს. თუკი ავტომწარმოებლები მოახერხებენ და მომდევნო წლებში კარგად იმუშავებენ, პრობლემა არ იქნება. ბევრი შრომაა საჭირო ავტოპილოტზე და carsharing-ზე - მაგალითად, გუგლმა რომ არ გვაჯობოს. თუმცა დაიმლერს და კომპანიას ნამდვილად ვენდობი. გერმანულ ავტოწარმოებას არაფერი ემუქრება.

Auto Bild

მის შესახებ
ექს-ჩემპიონ კეკე როსბერგის (ტიტული 1982 წელს) შვილი, ნიკო როსბერგი ფორმულა 1-ში 2006 წლიდან გამოჩნდა. 2016 წელს ის მერსედესით მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ტიტულის მოპოვების შემდეგ კარიერა დაასრულა. ახლა ინვესტიციას სტარტ-აპებში და ახალ იდეებში დებს.

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად