ჩვენ სამნი და Model 3
ჩვენ სამნი და Model 3
04.05.2019
AUTO BILD-ის ავტორმა ჰაუკე შრიბერმა ბრუკლინში ოჯახთან ერთად იმოგზაურა და გადაადგილებისთვის Tesla Model 3 იქირავა

"მკუანა ბალიში". აქვს უფლება ისეთ სერიოზულ ჟურნალს, როგორიც AUTO BILD-ია, სტატია იმით დაიწყოს, რომ ავტომობილს "მკუანა ბალიში" აქვს? "კიი!" - ყვირის ჩემი შვილი გვერდითა სავარძლიდან. მან ორჯერ სწრაფად გაუსვა თითები 15-დუიმიან სენსორულ ეკრანს და ჯერ მე გავაკუე, მერე კი ჩემმა ცოლმა უკანა სავარძელზე. არა, სერიოზულად ჰაერი არ მოგვიწამლავს, მაგრამ სწორედ ასეთი ხმები კი გამოვეცით. ანტონი კი მაგრად გაერთო და გაკუების მენიუში სხვადასხვა ვერსიები გამოსცადა: "სარაკეტო
კუილი", "მოწყენილობის კუილი", "გიჟური კუილი" და ა.შ. კარგი, გვეყოფა ამაზე, თორემ ამ ისტორიას უკვე სუნი აუვიდა. არადა, კარგი ამბავია.

Auto Bild

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საშობაო შვებულების გატარება ნიუ იორკში, ბრუკლინში გადავწყვიტე. ეს უკვე საკმარისად საინტერესო ამბავია, მაგრამ მინდოდა, რომ კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო და სტატიაც დამეწერა - ამიტომ, რამდენიმე დღეთ Tesla Model 3 ვიქირავე. პირველ რიგში იმიტომ, რომ სწორედ ეს არის მოდელი, რომელშიც სამი წლის წინ ათასობით ა
დამიანმა წინასწარ, ბრმად გადაიხადა 1000 ევრო. სამი წლის შემდეგ, მარტში, Model 3-ს ევროპელი კლიენტებიც მიიღებენ. შვებულებისთვის ტოპ-მოდელი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ძვირფასი ვერსია მომაქირავეს. დიდი აკუმულატორი, სრული ამძრავი (თითო მოტორი და წინ და უკან), Performance-ვერსია. "ეს ვერსია 100 კმ/სთ-მდე 3,5 წამში ჩქარდება!" - ვეუბნები ჩემს შვილს. ანტონი: "Yeah!" ცოლი: "ჰმ."

სანამ იმ დღეების ამბებს მოგიყვებით, ჯერ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა უნდა გავაკეთო: მანქანა, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, ევროპელი მომხმარებლისთვის 74 930 ევრო ღირს. ალბათ გახსოვთ, რომ Tesla Model 3-ს 35 000-დოლარიან ავტომობილადაც მოიხსენიებდნენ. ეს აუცილებლად უნდა გაგვეხსენებინა, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ელექტრომობილს, რომელიც მე ვიქირავე, ისეთი მონაცემები აქვს, როგორიც მაგალითად Mercedes-AMG C 63-ს. ამ უკანასკნელის ფასი კი სწორედ იქ იწყება, სადაც ამ ტესლასი მთავრდება.

Auto Bild

მაგალითად, გერმანელი მომხმარებლები მარტიდან მხოლოდ სრულამძრავიან ვერსიებს მიირებენ, რომლის გარბენის რესურსი ერთი დამუხტვით მაქსიმუმ 560 კილომეტრია. ასეთი ვერსიის ყველაზე დაბალი ფასი, კონფიგურატორით თუ ვიმსჯელებთ, 56 380 ევროა. მოგვიანებით, ევროპისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი საბაზო ვერსია, მაგრამ ფასის თვალსაზრისით, წინ ოთხიანს ვვარაუდობთ. არა მგონია, 40 000-ზე იაფი ღირდეს. ეს ისე, შენიშვნისთვის. ამიტომაც არის 35 000-დოლარიან ტესლაზე ლაპარაკი დიდწილად მითი.

ავტომობილი Tesla-Store-დან, მანჰეტენზე გამოვიყვანეთ და ბრუკლინნის მშვიდ უბანში მისვლას ვჩქარობთ. გზებზე ჯოჯოხეთია. მუდმივად Stop and go და, თანაც, საცობში. ცივ ჰაერში ადვილად შეიმჩნევა ის ჭუჭყი, რაც სხვა მანქანების გამოსაბოლქვი მილებიდან გამოდის. ჩვენ კი სუფთები ვართ.

Auto Bild

ნელა ვმოძრაობთ და გვაქვს იმის დრო და საშუალება, რომ Tesla Model 3 შიგნიდან კარგად დავათვალიეროთ. ანტონი პანორამული ჭერიდან ღრუბლებს უკვე იმდენი ხანია უყურებს, რომ მეშინია, კისერი არ გაუშეშდეს. ჩემი ცოლი სვენია კი სავარძლებს აკვირდება, რომლებიც ისეთი თეთრია, რომ მათი დასვრის გარდა, იმის მეშინია, რომ თვალები არ ასტკივდეს. ზუსტად ვიცი, რასაც ფიქრობს ახლა ჩემი ცოლი - სავარძლები თეთრია, მაგრამ ასე დიდხანს არ იქნებაო. მე კი ამ დროს ღილაკებს და ჩამრთველებს ვსწავლობ, კოკპიტის დამუღამებით ვარ დაკავებული. ორი დასაჭერ-დასატრიალებელი საჭეზე, ორი ბერკეტი (ასევე საჭეზე). მორჩა! სხვა ყველაფერი სენსორული ეკრანიდან ხდება და რეგულირდება. ამ ეკრანის მოხმარება კი ისეთივე ინტუიტიური და მარტივია, როგორც Apple-ს ნებისმიერი მობილური ტელეფონის. სწორედ ამიტომ, თამამად ვიტყვი, რომ აბსოლუტურად მართალია, როცა Tesla Model 3-ს "ბორბლებიან iPhone-ს" უწოდებენ. ჯერ მარტო Google Maps-ში ნავიგირება ისე ადვილია, რომ ეს საქმე ჩემს შვილს მივანდე! მე კი, დრაივინგის მენიუში Chill ავირჩიე და არა Sport, საჭე კი Standard-ზე დავაყენე. Model 3-ს ასევე აქვს ფინიშის დროშით გაფორმებული Track-რეჟიმი, მაგრამ მას ხელუხლებელს ვტოვებ, რადგან 100 კმ/სთ-ის 3,5 წამში განვითარება ნიუ იორკის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თეორიაა.

Auto Bild

AUTO BILD-ში ჩემმა კოლეგებმა უკვე გატესტეს Model 3, ოღონდ უკანაამძრავიანი. მათ ავტომობილს კარგი შეფასება, დაუწერეს, მაგრამ არა ფრიადი - წერდნენ, რომ სველ გზაზე გაწევა არ ვარგოდა, ასევე ცივი მუხრუჭების ეფექტიანობა დაუწუნეს და მოხვევაც. ბრუკლინის ქუჩებში საქმე უფრო პრაქტიკულობას და იმას ეხება, თუ რამდენად კარგია ეს მანქანა ოჯახისთვის. თავიდან რაღაც-რაღაცებისთვის შეგუება მოგვიხდა - მაგალითად, კარის სახელურები, რომლებიც კარიდან გამოდის, ან იმის, რომ საბარგულის ლუკი ცოტა პატარა და მაღალია. თუმცა, როგორც კი ამ ყველაფერს შევეჩვიეთ, მივხვდით, რომ Tesla Model 3 ჩვენთვის წლის ავტომობილია. შესაძლოა, ასეთი შეფასება ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მანქანა თავის კონკურენტებს, განსაკუთრებით კი გერმანელებს, წლებით უსწრებს, რაც პირველ რიგში და თითქმის მხოლოდ ოთხი რამის დამსახურებაა: სიმარტივის, ელეგანტურობის, განსაკუთრებულობისა და, რა თქმა უნდა, იმის, რომ ელექტრომობილია.

Model 3-ს ბევრი ისეთი დეტალი აქვს, რაც გვაოცებს და თქვენც გაგაოცებთ. მაგალითად, ოდნავ მოხრილი მზისგან დამცავი წინაფრები. ან ის, თუ როგორ გადადის წყალი ექსტრემალურად დახრილ საქარე მინაზე და ის, რომ გასაღები ბარათია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბუხრის ცეცხლი, რომელიც შეგიძლიათ, ეკრანზე დაანთოთ (შესაბამისი მუსიკაც მოყვება) და ამ დროს ინტერიერი ავტომატურად თბება. სპორტული საჭე. პატარა სარკე სალონში. სრულყოფილად ფუნქციონირებადი ავტომატური დაპარკინგება. ასევე გვაოცებს აუდიო-სისტემის განუმეორებელი ჟღერადობა მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი დინამიკები არ აქვს. აღარაფერს ვამბობთ ბრწყინვალე პანორამულ ჭერზე.

Auto Bild

რამდენი რამ ჩამოვთვალე და ავტოპილოტზე ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს. ჩვენს განკარგულებაში მყოფი Model 3-ის ავტოპილოტი დამატებითი ოფციის სახით 5 200 ევრო ღირს (Level 2). ეს ავტიპილოტი უკანასკნელი მიზეზია იმ ბევრი მიზეზიდან, რის გამოც ჩემმა შვილმა ასეთი დასკვნა გააკეთა: "ეს ვუნდერმანქანაა!" თუმცაღა, ასევე სასწაული იქნებოდა, ოდესმე იმდენი ფული მქონდეს, რომ ამ მანქანაში 74 930 ევრო თამამად გადავიხადო.

ცხადია, სისუსტეებიც აღმოვუჩინეთ. მაგალითად, ანტონს არ მოეწონა ის ამბავი, რომ უკანა მინები ბოლომდე არ ჩადის. სვენიას არ მოეწონა სადინრები, საიდანაც ძლიერი წვიმის დროს, თუკი საბარგულის კარს გააღებ, საბარგული სველდება. პირადად მე ნამდვილად არ მომწონს სათავსები ცენტრალურ კონსოლში, სადაც ბარათები უბრალოდ იკარგება (მათ შორის, გასაღები ბარათიც!).

მე და ჩემს მეუღლეს, სპორტული ავტომობილის შესაბამისი მონაცემების ფონზე ყველაზე მეტად უსაფრთხოება მოგვეწონა. Tesla Model 3-ს დეფორმაციის დიდი ზონები აქვს, 9 აირბაგი, კამერები და რადადი. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამაზე ბევრად მეტი შეუძლებელია.

Auto Bild

აი, დამუხტვა კი ბრუკლინში ადვილი ნამდვილად არ იყო. ქალაქის 2,6-მილიონიან ნაწილში 2 სუპერჩარჯერია, თავისუფალი ჩარჯერები კი იშვიათია. უფასოდ დამუხტვა (ოღონდ, ნელა) Chargepoint-აპლიკაციით სუპერმარკეტის პარკინგზე შემეძლო, ანაც დაუნთაუნის ფასიან პარკინგზე, სადაც მანქანის ერთი საათით გაჩერება 16 დოლარი ღირს. რაკი Model 3 CCS-შტეკერით გამოდის, შუა გზაში გაჩერების შიში მაინც არ მქონდა. მე მხოლოდ იმ ციფრული "მკუანა ბალიშის" მეშინოდა, ჩემი შვილი მაგრად რომ გაართო...

ტექნიკური მონაცემები Tesla Model 3 Performance

ძრავა - ორი ელ. მოტორი; სიმძლავრე 147 კვ (200 ცხ. ძ.) წინ; 211 კვ (287 ცხ. ძ.) უკან.; 358 კვ (487 ცხ. ძ.) ჯამში. მაბრ. მომენტი 638 ნმ/0 ბრ.წთ ამძრავი სრული სიგრძე/სიგანე/სიმაღლე 4694/1933/1440 მმ, წონა 1847 კგ, საბარგულის მოცულობა 365 + 60 ლ. 0-100 კმ/სთ 3,5 წამში, მაქს. სისწრაფე 250 კმ/სთ, მაქს. გარბენი 530 კმ, ხარჯი 15,0 კვ.სთ/100 კმ-ზე, აკუმულატორი 75 კვ.სთ.
ფასი (EU) 74 930 ევრო

დასკვნა ჰაუკე შრიბერი
ჩვენ, კაცებმა, ჩვენს ცოლებსა და შვილებს უნდა დავუჯეროთ. ჩემმა ცოლმა თქვა, რა მაგარიაო, შვილმა კი ამ მანქანას სასწაული უწოდა. მე ვამბობ: ყველაზე დაუჯერებელი ავტომობილი მათ შორის, რაც ოდესმე მიტარებია. Tesla Model 3-ს ყველა სისუსტეს ვპატიობ ერთის გარდა - ძალიან ძვირია. ამიტომაც, საბაზო მოდელს ველოდები. ის უფრო მაინტერესებს.


ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად