102 წლის კაცი, რომელიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა
102 წლის კაცი, რომელიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა
09.03.2019
მან მართვის მოწმობა 1934 წელს აიღო. ფრიდრიხ ვილჰელმ გრადე, დიდი ალბათობით, გერმანიაში ყველაზე მოხუცი მძღოლია. გარდა ამისა, ის ცნობილი გერმანული წყალქვეშა ნავის, U96-ის უკანასკნელი გადარჩენილია ბონთან ახლოს ვართ. გზაზეც ნისლია და მანქანაშიც. ფრიდრიხ ვილჰელმ გრადე ფანჯარას წევს და მეუბნება: "იმისათვის, რომ არ დაიხრჩოთ!" კვამლი მანქანიდან გადის. მერე ფრიდრიხი გაზის პედალს უფრო ძირავს და სიგარას კიდევ ერთხელ აბოლებს.

ეს კაცი 102 წლისაა და დიდი ალბათობით, გერმანიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია მათ შორის, ვინც ავტომობილებს მ
ართავს. და, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ არამც და არამც არ არის ყველაზე ნელი! თავის 60-ცხენისძალიან "ფოლკსვაგენ პოლოს" ისე აჩქარებს, არაერთ მასზე გაცილებით ახალგაზრდას შეშურდება. გასეირნება მოხუცთა სახლიდან დავიწყეთ, რომელიც ბონთან, ბორნჰაიმში მდებარეობს. ფრიდრიხი სწორედ აქ ცხოვრობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად დივანზე ზის და ტელევიზორს უყურებს. იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ხანდახან კიბეზე ერთდროულად ორ საფეხურს აბიჯებს ხოლმე. და თუკი შორი გზა აქვს გასავლელი, საკუთარ ავტომობილში ჯდება (საჭესთან!) და მიდის.

Auto Bild
ფრიდრიხ ვილჰელმ გრადე წელიწადში მანქანით დაახლოებით 4 000 კილომეტრს გადის. რამდენიმე თვის წინ მანქანა დაეწვა (ეს სიგარის მოწევის ბრალი არ ყოფილა) და ფოლკსვაგენ პოლო
იყიდა

მანქანის მართვისას სათვალეს არ ხმარობს - ჯერ არ მჭირდებაო. ფრიდრიხი სათვალეს მხოლოდ კითხვის დროს იყენებს. მისივე თქმით, წელიწადში მანქანით დაახლოებით 4 000 კილომეტრს გადის. აღიარებს, რომ ავტომობილის ღამით მართვა სიამოვნებას აღარ ანიჭებს, რადგან მისი თვალები სიბნელესა და განათებების სიკაშკაშეს ისე ვეღარ ეგუებიან, როგორც ადრე. ცოტა ხნის წინ ახალი მანქანა იყიდა - უფრო სწორად ნახმარი, "ფოლკსვაგენ პოლო".

კითხვაზე, რომელ წელსაა გამოშვებული მისი "პოლო" ფრიდრიხი უცებ მპასუხობს: "აზრზე არ ვარ და ჩემთვის სულერთიცაა. მთავარია, რომ კარგად დადის და მომწონს!" მის მანქანას სახურავი რომ ეხსნება, ეს მოგვიანებით აღმოაჩინა და მოეწონა.

Auto Bildიმ დროს, როცა ფრიდრიხ ვილჰელმი 1916 წელს, მარტში, ქალაქ კილთან ახლოს დაიბადა, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. მართვის მოწმობა 1934 წელს აიღო. გამოცდაზე გასასვლელი ფული აბიტურიენტობის აღსანიშავად აჩუქეს. თუმცა მანქანა ჯერ არ ჰყავდა - როგორც გერმანელების უმრავლესობას. მაშინ რაიხში დაახლოებით ნახევარი მილიონი მსუბუქი ავტომობილი დადიოდა (დღეს, გერმანიაში 46 მილიონი მანქანაა).

სამაგიეროდ, გრადე წყალქვეშა ნავს მართავდა. ეს კარიერა 1935 წელს დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის დროს კი ცნობილი U96-ის ხელმძღვანელი ინჟინერი გახლდათ. სწორედ ამაზეა ფილმი "Das Boot", რომელიც ნანახი გექნებათ. "მაშინ ჩვენი ავტომობილები მხოლოდ შტაბის მანქანები იყო, უმეტესად ძველი სიტროენები გვყავდა," - იხსენებს ფრიდრიხ ვილჰელმ გრადე.

გაუმართლა და ინფერნოს გადაურჩა. 40 000 გერმანელიდან, წყალქვეშა ნავებიდან ცოცხალი მხოლოდ 10 000 დაბრუნდა. ომის დროს მხოლოდ მისი მართვის მოწმობა ჩაიძირა, მაგრამ 1952 წელს ახალი აიღო. ამის შემდეგ, ფრიდრიხმა სიმამრის კომპანიაში დაიწყო მუშაობა - ფორდის მარკის სატვირთო ავტომობილის საჭეს მიუჯდა. ფრიდრიხს ყველაფერი გადაჰქონდა - ნახშირით დაწყებული, ავეჯით დამთავრებული. მოგვიანებით, ექსპორტის ექსპერტი გახდა და, როგორც იქნა, პირველი საკუთარი ავტომობილის ყიდვა მოახერხა: ეს იყო... რა თქმა უნდა, ფოლკსვაგენ "ხოჭო".

1967 წელს ფრიდრიხმა Karmann-Ghia შეიძინა და მას მეტსახელად "ლოკომოტივი" დაარქვა. "ძალიან მძიმე ავტომობილი იყო და ლოკომოტივივით სამუხრუჭე მანძილი ჰქონდა, მაგრამ ძალიან მიყვარდა, - იხსენებს გრადე, - მარტო იმიტომ გამოვეთხოვე, რომ ერთხელ საცობში ყურადღებით არ ვიყავი და საკმაოდ დავაზიანე." ეს ფრიდრიხის 84-წლიან სამძღოლო კარიერაში ერთადერთი ავარიაა.

პროფესია კიდევ ერთხელ შეიცვალა. ბუნდესმარინეში (გერმანიის ფედერალური ფლოტი) გამოცდილი ოფიცერი სჭირდებოდათ. გრადე გერმანიის თავდაცმის სამინისტროში წყალქვეშა ნავების ტექნიკური განვითარების პასუხისმგებელ ინჟინრად მოეწყო.

ფრიდრიხი საკუთარ ავტომობილებს სიმძლავრის მიხედვით არასდროს ირჩევდა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის მანქანის ფორმა იყო. წლების მანძილზე ჰყავდა ფორდის, პეჟოსა და ტოიოტას მარკის ავტომობილები. როცა ამ ყველაფერს გვიყვებოდა, გრადე ხელით შესრულებულ ცხრილს გვიჩვენებდა, სადაც წერია მოდელების სახელები, ფასი, გარბენი შეძენისა და გაყიდვის დროს. ყველაფერი ჩაწერილი აქვს - იმ ადამიანების სახელები, გვარები და მისამართებიც კი, ვისაც მანქანები მიჰყიდა. მაგალითად: გერდ და დორის შნაიდერები ბერგიშ გლადბახიდან...

2011 წლის ოქტომბერში ფრიდრიხმა Peugeot 307 CC აღმოაჩინა და ამ ავტომობილით ძალიან მოიხიბლა. "კაბრიოლეტი არ მჭირდებოდა, მაგრამ ისე მომეწონა, რომ უარი არ ვთქვი," - იხსენებს გრადე.

Auto Bild
პირველი მართვის მოწმობა 1934 წელს აიღო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში დაკარგა. მოწმობა 1952 წელს აღუდგინეს.

მიუხედავად იმისა, რომ არ გაუჭირდებოდა, ფრიდრიხს საკუთარი ავტომობილები არასდროს შეუკეთებია. "წყალქვეშა ნავებში საკმარისზე მეტად ვმუშაობდი, ძალების დაზოგვას ბავშვობიდან მიმაჩვიეს და რატომ უნდა შემეკეთებინა ჩემი მანქანები მეთვითონ, როცა სერვის-ცენტრები არსებობს? თანაც, მანქანებს 120 კმ/სთ-ზე უფრო სწრაფად იშვიათად ვატარებდი და ალბათ ამიტომაც არ ფუჭდებოდა ჩემი ავტომობილები."

ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 2018 წლის 14 სექტემბრამდე. იმ დღეს ფრიდრიხი თავისი პეჟოთი ოჯახურ შეხვედრაზე მიდიოდა და ფინიშამდე რამდენიმე ასეული მეტრი იყო დარჩენილი, როცა კაპოტიდან კვამლი ამოვიდა, მერე კი სახანძროები მოვიდნენ და ელექტროგაყვანილობებში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.
  • "ძალების დაზოგვას ბავშვობიდან მიმაჩვიეს. ჩემი მანქანები 120 კმ/სთ-ზე უფრო სწრაფად არასდროს მიტარებია!" - ფრიდრიხ ვილჰელმ გრადე
Auto Bildგრადემ ADAC-ს (გერმანიის საავტომობილო კლუბი) დაურეკა, რომლის წევრიც 1951 წლიდანაა და უთხრა, ახლა მაინც გააკეთეთ ჩემთვის რაიმე კარგიო. ADAC-ში სწრაფად შენიშნეს, რომ გრადე მათი ყველაზე ასაკოვანი წევრია. მივიდნენ, დაეხმარენ და ბორნჰაიმისკენ ტაქსით მგზავრობის საფასური გადაუხადეს (270 კილომეტრი).

ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში ფრიდრიხმა ისევ ავტო-დილერს მიაკითხა. "ცხადი იყო, ისეთი მანქანა მჭირდებოდა, რომელსაც ბევრი კომპიუტერი და გადატვირთული ელექტროობა არ ექნებოდა. რაღაც მარტივი, მაგრამ სასიამოვნო და პრაქტიკული უნდა მეყიდა," - ამბობს ფრიდრიხი. მან არჩევანი 60 ცხენის ძალის მქონე VW Polo III-ზე შეაჩერა. გაგიკვირდებათ და, 102 წლის კაცმა ფოლკსვაგენ პოლო მექანიკური გადაცემათა კოლოფით აირჩია! მის მანქანას ელ. შუშებიც კი არ აქვს. არც ცენტრალური საკეტი, სხვათა შორის. გრადეს ელექტროობა არ უყვარს! "იმიტომ, რომ როცა ელექტროობა გაჭედავს, შეკეთება უმეტესად თითქმის შეუძლებელია!"

ჩვენი გასეირნება დასასრულს უახლოვდება. ბორნჰაიმში დავბრუნდით. 102 წლის ფრიდრიხმა პოლოც ჩააქრო და სიგარაც. სპორტული ფეხსაცმლით მოხუცთა სახლის კიბეებს ცოცხლად მიუყვება, თავისი ბინის კარს გვიღებს და გვეუბნება: "მე ყოველთვის ამ სკამზე ვზივარ, თქვენ კი, სადაც გსურთ, იქ მოთავსდით." ფრიდრიხი ბარიდან ლიქიორის ბოთლს იღებს და მაგიდაზე დგამს. "ეს ლიქიორი სპეციალური შეკვეთაა, პირადად მე შევუკვეთე, რომ ზუსტად ასეთი გემო ჰქონოდა. ლიდლში 93 ევრო დამიჯდა," - ამბობს ამაყად.

სიგარის კვამლსა სპეც-შეკვეტით დამზადებული ლიქიორის სიამოვნებაში გახვეულ გრადეს დიზელის შესახებაც სურს ერთი-ორი სიტყვის თქმა: "დიზელი არ იმსახურებს ისეთ დაკნინებას, როგორც ამას დღეს აკეთებენ. ათწლეულების მანძილზე დიზელს სხვანაირად უყურებდნენ და ყველამ იცის, რომ დიზელის გაუმჯობესება კიდევ შეიძლება," - მეუბნება ფრიდრიხი და მერე რა, რომ 102 წლისაა, ვერ ვიტყვი, რომ ძველმოდურია. ისიც ფიქრობს, რომ ახალ ენერგიებში ინვესტიციის ჩადება საჭიროა: "ცხადია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნავთობი აღარ იქნება და მერე ელექტროენერგიაზე ვიქნებით დამოკიდებული და ამ მხრივ ბევრი არაფერი გაკეთებულა და არც კეთდება. პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, ამაზე იფიქრონ."

ფრიდრიხ გრადეს მიაჩნია, რომ ელექტრომობილებს დიდი მომავალი აქვთ, მაგრამ მათ დამუხტვას ჯერ კიდევ ზედმეტად დიდი დრო სჭირდება. მოსწონს ის, რომ პორშეში 800-ვოლტიან ტექნიკაზე მუშაობენ. საერთოდ, ფრიდრიხი ტექნიკის ფანატიკოსია, მაგრამ მიაჩნია, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი: "კომპიუტერი მაქვს, მაგრამ მხოლოდ საბეჭდი მანქანის სახით ვიყენებ. 12 წლის წინ ინტერნეტში შევედი და მივხვდი, რომ ძალიან ბევრ დროს წამართმევდა. მე კი ისეთ ასაკში ვარ, დრო ჩემთვის მჭირდება!" - მეუბნება ფრიდრიხი, რომელსაც თავისუფალ დროს სიმღერა, კარტის თამაში და ძველი რადიოების შეკეთება უყვარს.

102 წლის ფრიდრიხ გრადეს 9 შვილიშვილი და 30 შვილთაშვილი ჰყავს. "თუ კიდევ რამდენიმე წელს ვიცოცხლებ, ჩემი შვილთაშვილების შვილებსაც მოვესწრები, მაგრამ ვიცი, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა," - ამბობს და ღიმილით. მანამდე კი შვილთაშვილებს სტუმრობს ხოლმე - თავისი ფოლკსვაგენ პოლოთი.
ტექსტი: მიხაელ შისლი
ფოტოები: მარკუს გლოგერი

Auto Bild
გრადე სიგარასაც ეწევა და ხანდახან ჩიბუხსაც აბოლებს

Auto Bild
102 წლის ფრიდრიხი ცნობილი წყალქვეშა ნავის, U96-ის უკანასკნელი გადარჩენილია. იმ ნავში ხელმძღვანელი ინჟინერი იყო. ფილმში Das Boot მის როლს კლაუს ვენემანი თამაშობს. გრადე მაშინ დღიურებს წერდა, რომლები რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად