ყველაზე ექსტრემალური რენჯ როვერი მფლობელის, გიორგი გეგეჭკორის თვალით
ყველაზე ექსტრემალური რენჯ როვერი მფლობელის, გიორგი გეგეჭკორის თვალით
10.10.2018
ეს არის ყველაზე ექსტრემალური ავტომობილი მათ შორის, რაც "ლენდ როვერს" დღემდე შეუქმნია: Range Rover Sport SVR.
"რენჯის" High-Performance-ვარიანტი ინგლისელებმა პირველად 2014 წლის გუდვუდის ფესტივალზე წარადგინეს - უმძაფრესი ვიზუალური დეტალების გარდა, "სუპერ-რენჯი" 550-ცხენისძალიანი V8 ძრავითა და სპორტული სავალი ნაწილით გამოირჩეოდა, რაც ავტომობილისთვის, რომელიც 2 ტონაზე მეტს იწონის, საკმაოზე მეტად შთამბეჭდავი ამბავი იყო. ეს ყველაფერი იმ ფაქტმაც დაადასტურა, რომ SVR-ის იმ ვერსიამ ლეგენდარული ნიურბურგრინგის ნორდშლაიფე 8 წუთსა და 14 წამში გაიარა. "ლენდ როვერში" მიღწეულით იშვიათად კმაყოფილდებიან ხოლმე - განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე
Range Rover-ს ეხება. ისედაც უმძაფრესი მოდელი 2018 წლისთვის განახლდა - არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ტექნიკურადაც და ახლა უკვე 575 ცხენის ძალა აქვს.
  • ერთი სიტყვით, ეს არის საუკეთესო რამ მათ შორის, რისი შემოთავაზებაც ახლა "ლენდ როვერს" Range Rover-ის სახელით შეუძლია.
Auto Bild

ამ შთამბეჭდავ ავტომობილთან ერთად, მისი მფლობელიც უნდა გაგაცნოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ Range Rover SVR-ის წინა ვერსიაც ჰყავდა და ახლა განახლებული მოდელი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ერთადერთია საქართველოში, ვისაც ამ ავტომობილზე ამომწურავად საუბარი შეუძლია. თანაც, ზუსტად ისე, როგორც მანქანა, მფლობელიც განსაკუთრებულია: გიორგი გეგეჭკორი არც
ცნობილი ფეხბურთელია და არც მომღერალი, ან მსახიობი, ის საინვესტიციო კომპანია "რაკია ჯორჯიას" დირექტორია - ჩვენთვის კი მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მაქსიმალურად სერიოზული ავტომოყვარულია.

მანქანები, შეიძლება, ყველას უყვარდეს, მაგრამ ძალიან ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ისეთ დეტალებს, როგორებიცაა მაგალითად მაბრუნებელი მომენტი, ძრავის კომპრესია და ა.შ. გიორგიმ კი, ავტომობილების შესახებ იმაზე გაცილებით მეტი იცის, ვიდრე შეიძლება ავტომფლობელმა იცოდეს. როცა ავტომობილის მფლობელი მანქანებში ასე კარგად ერკვევა, მის მოსაზრებებს, შეიძლება, ნებისმიერ ექსპერტზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ერთია, როცა ავტომობილს დღეების, კვირების, ან თუნდაც თვეების განმავლობაში ტესტავ და მეორე, როცა შენთვის ყიდულობ და წლების განმავლობაში ყოველდღიურად იყენებ.

Auto Bild

"ამ მოდელის წინა ვერსია ჩემი პირველი ლენდ როვერი იყო და მთავარი ხიბლი, რის გამოც მის შეძენა გადავწყვიტე, ეს იყო მისი შესაძლებლობები უგზოობაზე. ამ ავტომობილში ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსალურობაა. სწრაფი და მძლავრი მანქანები მანამდეც მყავდა. მაგალითად, Range Rover-ამდე იყო 2014 წლის Porsche Panamera GTS, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი ავტომობილია, მაგრამ ფაქტია, რომ "პანამერათი" ყველგან ვერ მიხვალ. Range Rover შეგიძლია, ყველა შესაძლო შემთხვევაზე გათვალო - არის ძალიან სწრაფი, ამავდროულად შეუძლია იაროს გზის ნებისმიერ ზედაპირზე და ყველაფერთან ერთად აქვს ძალიან შთამბეჭდავი დიზაინი. ასეთი ავტომობილი ოფროუდზე წასაყვანად ბევრს დაენანება, მაგრამ მე დამცავი ფირი გადავაკარი და მშვიდად ვარ. მისი გამავლობა იარაღივითაა, რომელიც თავდაცვის მიზნით შეიძლება ჰქონდეს ყველა ნორმალურ ადამიანს - თუ დაგჭირდა, არსად დაგტოვებს და თავს დაცულად გრძნობ," - გვითხრა გიორგი გეგეჭკორმა.

Auto Bild

განახლებული SVR მან სწრაფად გადაწყვიტა: "2018 წლის მოდელი იმიტომ შევუკვეთე, რომ წინა მოდელით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. იმის გამო, რომ წინა ვერსიაც მყავდა, ძალიან ადვილად დავინახე განსხვავებები. პირველი შეფასებისას გადამწყვეტი ძრავის ხმა აღმოჩნდა - დავქოქე თუ არა, მაშინვე მოვიხიბლე. 5,0 ლიტრი მოცულობის ამ 8-ცილინდრიანის ჟღერადობა იმდენად განსაკუთრებულია, რომ ყველაზე მეტად მომწონს. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა უმძლავრესი ქროსოვერებიც, Jeep Grand Cherokee SRT, Mercedes G-კლასი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით, Range Rover SVR-ის აგრეგატს ყველაზე შთამბეჭდავი ჟღერადობა აქვს. ცხადია, ძრავა მხოლოდ მისი ხმის გამო არ მომწონებია. 575 ცხენის ძალა და 700-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტი გრანდიოზული მონაცემებია და იმას ნიშნავს, რომ ძრავის მოცულობის ყოველ 1 ლიტრზე 115 ცხენის ძალა მოდის! ასეთ დეტალებს უდიდეს ყურადღებას ვაქცევ. მანქანა მხოლოდ ბრენდის და მოდელის სახელი არ არის - რეალური განსხვავებები და ხიბლი მის შესაძლებლობებშია. როცა ავტომობილი 2 ტონაზე მეტს იწონის და 100 კმ/სთ-მდე 4,3 წამში ჩქარდება, ამის ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - გიორგი გეგეჭკორი "სუპერ-რენჯით" აღფრთოვანებულია.

სუნთქვისშემკვრელი აჩქარება

გიორგისთან ერთად, მისი Range Rover SVR-ით გავისეირნეთ. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, სპიდომეტრის ისარი უკვე 150-ზეა ავარდნილი, წინ კი უკვე მოსახვევია და სანამ იმაზე დაფიქრდები, რამდენად ოპტიმალურად დაამუხრუჭებს 2,3-ტონიანი "რენჯი", ეს "პრობლემაც" უკვე გადაჭრილია. მერე ისევ აჩქარება და როცა რწმუნდები, რომ ამ მანქანას იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე წარმოგედგინა, აუცილებლად გაიღიმებ. მომდევნო მოსახვევი შორსაა და უკვე ასწრებ იმის გააზრებას, რამდენად შთამბეჭდავია 575 ცხენი კარბონის კაპოტის ქვეშ. ამის შემდეგ მხოლოდ ის გინდა, რომ V8 აგრეგატს ხშირად მისცე pedal-to-the-metal-ბრძანებები და რაც უფრო ხშირად გააკეთებ ამას, მით უფრო მალე დარწმუნდები, რომ ეს ავტომობილი არის ტექნიკური შესრულება სურვილისა "მინდა ყველაფერი და თანაც, ახლავე!"

Auto Bild

"როცა შევიძინე, ბევრმა გამოთქვა კრიტიკული აზრი - მეუბნებოდნენ, "რენჯ როვერს" ელექტროობის ხარვეზები ახასიათებსო. სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერებ, რომ ასეთი ბრენდი დღეს იყოს პრობლემური, თუ მოუვლი. ტექნილოგიურად იმდენად დატვირთულია, რომ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. შეიძლება, პროგრამული განახლება ან გარკვეული ცვლილებები ჭირდებოდეს. მეგობრებში ყოველთვის ვუწევ ხოლმე რეკომენდაციას. კონკრეტულად SVR ცოტა სხვანაირი მანქანაა, სხვანაირი მოყვარულებისთვის, მაგრამ Range Rover Sport-ითაც მომიწია სარგებლობა, რადგან ამაზე პროგრამულ განახლებას ვაკეთებდით და აბსოლუტურად კმაყოფილი დავრჩი. ეს იყო 2018 წლის Range Rover Sport, 3,0-ლიტრიანი დიზელის ძრავით. ეს კი 5,0 ლიტრი მოცულობის ძრავითაა, 575 ცხენის ძალა აქვს და, განსხვავება, რა თქმა უნდა, უდიდესია," - ამბობს გიორგი.

Auto Bild

სიმაღლეში რეგულირებად სავალ ნაწილს ბევრი რამ შეუძლია, სპორტულ რეჟიმში კი იმაზე გაცილებით მეტ დინამიკას გვთავაზობს, ვიდრე ასეთ SUV-ზე შეგიძლია წარმოიდგინო. ოღონდ, შენც უნდა შეგეძლოს რაღაც-რაღაცები, რადგან რაც უნდა იყოს, ეს მოქნილი როდსტერი კი არ არის, არამედ 2,3-ტონიანი ქროსოვერია 10,1 კვადრატულ მეტრზე, თვლების 2,9-მეტრიანი ბაზით! პირდაპირობასა და სიზუსტეზე ორიენტირებული მოხვევის სისტემა ძლიერ ხელს ითხოვს... ორივე ხელს! სამაგიეროდ, ზუსტი მოხვევით დაგაჯილდოვებს. თუ მოსახვევში ზედმეტი მოგივიდა, თამამი ESP საქმეში დრულად ჩაერთვება და შეცდომას გამოგისწორებს.

შთამბეჭდავი ინტერიერი

Auto Bild

თუ სპორტულ სავარძელში კომფორტულად ჯდომის ფენომენი შეიძლება არსებობდეს, Range Rover SVR ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მისი Performance-სავარძლები ზედგამოჭრილია იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ამ მანქანას აქვს. გარშემო დიდი სივრცე გაქვს და Meridian-ის აუდიოსისტემის განუმეორებელი ჟღერადობა კიდევ უფრო მეტი სივრცის შეგრძნებას გიტოვებს. აღარაფერს ვამბობთ სალონში გამოყენებული მასალების ხარისხსა და ზოგადად ინტერიერის შესრულებაზე, რაც "ლენდ როვერს" სხვა მოდელებშიც არ ეშლება. SVR-ის სალონში ისეთი გარემოა, რომ მეუღლის მშობლებთან ერთად დიდხანს მგზავრობაც კი შეიძლება არ იყოს დამღლელი...

  • ტექნიკური მონაცემები - Range Rover Sport SVR
ძრავა: V8; ძრავის მოცულობა: 5000 სმ3; კვ (ცხ. ძ.) ბრ/წთ: 423 (575)/6000; მაბრ. მომენტი: 700 ნმ/3500-5000 ბრ.; გადაცემათა კოლოფი: 8-საფ. ავტომატიკა; ამძრავი: სრული; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4879/2073/1803 მმ; თვლების ბაზა: 2923 მმ; წონა 2310 კგ; წონა/სიმძლავრე: 4,0 კგ/1 ცხენის ძალაზე; აჩქარება: 0-100 კმ/სთ 4,3 წამში; მაქს. სისწრაფე: 280 კმ/სთ; საწვავის საშ. ხარჯი: 12,8 ლ/100 კმ (Super)

Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად