რენოს ახალი, სერიოზული სედანი (+ VIDEO)
რენოს ახალი, სერიოზული სედანი (+ VIDEO)
01.06.2016
გაიცანით, ეს არის Talisman: ”რენოს” ახალი, სერიოზული სედანი, რომლითაც ფრანგები ძალიან ამაყობენ...

...ფრანგები რომ ამაყობენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ იამაყებენ თუ არა ამ ავტომობილით მისი მფლობელებიც? სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც პასუხი Talisman-ის ტესტ-დრაივს უნდა გაეცა. Test The Best-ზე ჩვენ განკარგულებაში 25 ერთმანეთზე უკეთესი ავტომობილი იყო და შეგვეძლო, ამ გვერდებზე თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გვეოცნება Audi R8-ზე, ან Porsche 911 Turbo-ზე, მაგრამ ვიფიქრეთ, უმჯობესი იქნებოდა, რეალისტურები ვყოფილიყავით და თქვენთვის არა საოცნებო ან თმების ყალყზე დამყენებელი, არამედ ეს მართლაც
ძალიან საინტერესო და გაცილებით ხელმისაწვდომი ავტომობილი წარმოდგვედგინა.

Auto Bild
გრძელი კაპოტი და კონსერვატიული დიზაინი, დიდი C-ს ფორმის დღის LED-განათება - Renault Talisman აბსოლუტურად შემდგარი ავტომობილია

Talisman ”რენოს” ახალი, მაღალი კლასისკენ ორიენტირებული საშუალო კლასის სედანია. ანუ, Ford Mondeo-ს, Skoda Superb-ის და VW Passat-ის კონკურენტი, ან, როგორც ფრანგები ამბობენ, კომპანიის ახალი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. მისი სახელწოდება ფაქტობრივად გაიძულებს, რომ სიტყვებით ითამაშო. Talisman ისეთი სახელია, მის მნიშვნელობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ადამიანი მიხვდება. ეს არის ”რენოს” ახალი თილისმა,
რომელმაც ფრანგული ავტომწარმოებელ საშუალო კლასში ძველ სიმაღლეზე უნდა დააბრუნოს.

საკმარისია, ერთხელ შეათვალიერო, რომ მისი წინამორბედი Laguna მალე დაგავიწყდება, რადგან Talisman სრულიად ახალი და ძალიან მიმზიდველი დიზაინის მქონე მაშუქებით, გრძელი კაპოტით და უხვად მიმობნეული ქრომირებული დეტალებით გამოირჩევა. კუპესებრ ვარდნადი სახურავიც თანამედროვე დიზაინის აუცილებელი კომპონენტია, რომელიც ავტომობილს მოხდენილ ფორმას ანიჭებს. ”ეს 4-კარიანი სედანი დღესდღეობით ალბათ ყველაზე კონსერვატიული ”რენოა”, - ამბობს ფრანგების შეფ-დიზაინერი ლორენს ვან დენ აკერი. მისი მიზანიც სწორედ ეს იყო: Talisman უნდა მოეწონოთ ევროპაშიც და სამხრეთ კორეაშიც, სადაც Renault Samsung-ის სახითაა ხელმისაწვდომი.

Auto Bild
კომფორტული, თანამედროვე გარემო ინტერიერში: დიდი, ვერტიკალური ეკრანი მულტიმედიისთვის, რბილი და ხარისხიანი მასალები, მასაჟორი სავარძელი

ამ კლასის სედანი არა მარტო ვიზუალურად მიმზიდველი, არამედ პრაქტიკულიც უნდა იყოს. Talisman ამ მხრივაც ძალიან ნიჭიერი ავტომობილია: სალონში ტევადობა იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ, უკანა სავარძელზეც კი კომფორტულად ზიხარ, საბარგული კი სულაც 608-ლიტრიანია! ეს მინიმუმ, თორემ უკანა სავარძლის გაყოფილი საზურგის გადაწევის შემთხვევაში, მოცულობა 1022 ლიტრამდე იზრდება!
Auto Bild
საჭესთან მოთავსებისთანავე ვხვდებით, რომ ფრანგებს ინტერიერის შესრულებისას უკიდურესად მოუნდომებიათ. კოკპიტის დაფაზე გამოყენებული მასალა რბილი და სასიამოვნოა, სხვა მასალებისა და ფერების არჩევანში კი (ყოველ შემთხვევაში, ტოპ-მოდელ Initiale Paris-ში), დეტალებისადმი სიყვარული და დიდი გულისყურით შესრულებული სამუშაო ჩანს. სავარძლები მრავალმხრივ ვარირებს ელექტრონულად და თვით საბაზო მოდელშიც კი ხელმისაწვდომია მძღოლის სავარძლის მასაჟის ფუნქცია.

ცენტრალურ კონსოლზე სხვადასხვა რეჟიმების გადამრთველს მიაგნებთ, რომელიც მხოლოდ აქსელერაციის სატერფულის, გადაცემათა კოლოფის, მოხვევის სისტემისა და ამორტიზაციის მოქმედებას კი არ ცვლის (5 რეჟიმი), არამედ ცვლის განათების ფერს, ძრავის ხმას და TFT-ეკრანის დიზაინსაც. მაგალითად, Sport-რეჟიმში ეს უკანასნელი წითელ ტახომეტრს გვიჩვენებს, Eco-რეჟიმში - მწვანე ფერში წარმოგვიდგენს საწვავის ეკონომიის მაჩვენებელს და ა.შ. რაც მთავარია, ეს თავგადასავალი იმდენად კარგად ფუნქციონირებს, რომ თამამად ვიტყვით, ამ მანქანას მხოლოდ ისღა აკლია, რომ ავტომობილი თვითონ ხვდებოდეს, როგორ ხასიათზეა მისი მძღოლი და ავტომატურად შეუსაბამებდეს ფერებსაც და რეჟიმებსაც...

ძრავების არჩევანში ამდენი კომბინაცია ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არის, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ შესაბამისი არჩევანი გააკეთო - თანაც, გადაწყვეტილების მიღებად გიადვილდება. Talisman ხელმისაწვდომია დიზელის სამი (110-დან 160 ცხენის ძალამდე) და ბენზინის ორი (150 და 200 ცხ. ძ.) აგრეგატით. ევროპელები დიზელის ძრავებს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ჩვენ განკარგულებაში სწორედ 160 ცხენის ძალისა და ორი ტურბოდამბერის მქონე, 1,6-ლიტრიანი ვერსია იყო - 380-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით. ასეთი Talisman 100 კმ/სთ-მდე 9,1 წამში ჩქარდება და მაქსიმუმ 215 კმ/სთ-ს ავითარებს. ამ დროს ავტომობილი ინტერიერში ფრანგულ შარმსა და სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებს.

Auto Bild
გამოდის კომბი-ვერსიაც, რომელსაც ევროპაში უდავოდ დააფასებენ, თუმცა ქართველ მომხმარებელს ალბათ მაინც უფრო სედანი დააინტერესებს

მიუხედავად სვლის ხუთი რეჟიმისა, Renault Talisman სპორტულობის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ავტომობილი არ არის და ეს არც მოეთხოვება, მაგრამ Sport-რეჟიმი აბსოლუტურ ნდობას იმსახურებს - ამ კლასის სედანისთვის საკმარისი გართობა ნამდვილად შესაძლებელია. ისე კი, ”რენოს” აქცენტი აშკარად კომფორტზე აქვს გაკეთებული და ზოგადადაც, ამ მანქანის მთავარი პლუსი სწორედ თანამედროვე ტექნიკა, მულტიმედია, აუცილებელი უსაფრთხოება, კომფორტი და, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მისაღები ფასია.

როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები იტყვიან ხოლმე, ამ ავტომობილის სახით მიიღებ ”კარგ მანქანას კარგ ფასად”. კლიმატკონტროლი თვით საბაზო ვერსიაშიც კი ორზონიანია, პლუს პარკირების ასისტენტი, კრუიზკონტროლი, მულტიმედია-სისტემა ინტეგრირებული ნავიგაციითა და შესანიშნავი, ვერტიკალური სენსორული ეკრანით. და, რა თქმა უნდა, მასაჟი - სრულყოფილი განტვირთვისთვის. მერსი!

Auto Bild
  • Renault Talisman Energy dCi 160 EDC
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; ძრავის მოცულობა: 1598 სმ3; სიმძლავრე: 118 კვტ (160 ცხ. ძ.)/4000; ბრუნის მომენტი: 380 ნმ/1750; მაქს. სისწაფე: 215 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 9,4 წამში; ამძრაობა: წინა/6-საფ. ავტომატიკა; ავზის მოცულობა: 47 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4848/1869/1463 მმ; საბარგულის მოცულობა: 608-1022 ლიტრი; წონა: 1597 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 4,5 ლიტრი დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 118 გ/კმ-ზე.

დასკვნა
დავუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ კითხვას: ფრანგები რომ ამაყობენ, ეს გასაგებია, მაგრამ იამაყებენ თუ არა ამ ავტომობილით მისი მფლობელებიც? ჯერ ის ვთქვათ, რომ ასეთი სედანი ”რენოს” იმიჯისთვის აუცილებელი იყო. ამ მანქანას აქვს შანსი, რომ არა მარტო ”რენოს”, არამედ ზოგადად ფრანგული ავტოწარმოების მთავარი თილისმა გახდეს. მოხდენილი, კონსერვატიული დიზაინი, ძალიან კარგი კომპლექტაცია, კომფორტული სვლა და თანამედროვე გასართობი სისტემები - ვისაც სერიოზული სედანი სჭირდება, ამ ავტომობილით ნამდვილად იამაყებს.
შალვა ბუაჩიძე

იხილეთ ვიდეო
ახალი Renault Talisman

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად