ჩვენი საამაყო კაცი - დათა ქაჯაია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
ჩვენი საამაყო კაცი - დათა ქაჯაია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება
09.03.2016
ინტერვიუ ევროპის ქართველ ჩემპიონთან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

სპორტსმენებს, მით უმეტეს ქართველ სპორტსმენებს, სერიოზული წარმატებები «თავში უვარდებათ ხოლმე» და მერე «ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ, ხოლო დედამიწა - ქალამნად». შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის MIA Force-ის წევრ დათა ქაჯაიას ეს არ ეხება! 32 წლის ქართველმა ავტომრბოლმა შარშან უდიდეს წარმატებას მიაღწია, მაგრამ დათა მაინც ძალიან თავმდაბალ ადამიანად დარჩა. რედაქციაში ETCC-ის თასებით გვესტუმრა და საკუთარ წარმატებებზე ისე საუბრობდა, თითქოს საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი მოიგო და არა ევროპის ჩემპიონატი. დათა ქაჯაია დღესდღეობით არა მარტო
საუკეთესო ქართველი ავტომრბოლია, რომელმაც საქართველოს დროშა ევროპაში ააფრიალა და ჩვენ ქვეყანას სახელი გაუთქვა, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა. ამიტომაც იმსახურებს მთელი ქვეყნის სრულ მხარდაჭერას.

Auto Bild

- პირველ რიგში წინა სეზონი შევაჯამოთ. ETCC-ზე პირველად იასპარეზეთ და მიუხედავად ამისა, TC2T კლასის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეთ, რაც თქვენთვის ზოგადად ქართული ავტოსპორტისთვის ბრწყინვალე მიღწევაა. ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ თქვენს წარმატებას სენსაციურს ვუწოდებთ. თქვენ თვითონ თუ ელოდით ამას?

- შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის გვერდში დგომის დამსახურებაა ის, რომ 2015 წელი ჩემთვის მართლაც ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული გამოვიდა. საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეული გამოცდილება
მქონდა, მაგრამ ამ დონის შეჯიბრში პირველად ჩავერთე და, ცხადია, თავიდან საკმაოდ ვღელავდი, რადგან ძალიან სერიოზული კონკურენტები მყავდა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ პირველივე შეჯიბრზე პირველ ადგილზე აღმოვჩნდი და სიმართლე გითხრათ, მიჭირდა ამის დაჯერება. არარეალური შეგრძნება იყო, თვითონაც არ ველოდი ამას. საუკეთესო ოთხეულში ან სამეულში მოხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ ჩემპიონობას ნამდვილად არ ველოდი. პირველი რბოლის შემდეგ თავდაჯერება მომემატა, მანქანასაც შევეჩვიე და პრინციპში, როგორც დაიწყო, ისე კარგად გაგრძელდა ყველაფერი მომდევნო რბოლებშიც.

- ისიც აღსანიშნავია, რომ მანქანამაც არცერთხელ არ გიმტყუნათ და არც გუნდმა და მომსახურე პერსონალმა გაგიცრუათ იმედები...

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რომ არა ავტომობილის ხარისხი და მთელი გუნდის უდიდესი შრომა, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევდი.

Auto Bild

- ავტომობილზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

- ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ავტომობილი, რომელსაც ჩვეულებრივ და სერიულ BMW-სთან თითქმის არაფერი აქვს საერთო - გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არის BMW. ანუ, რომ შეხედავ, მიხვდები, რომ BMW-ს უყურებ. შიგნიდან კი ისეა მოწყობილი, რომ ჩვეულებრივ ავტომობილთან საერთო არაფერი აქვს. მე ვერ წარმომედინა, რომ სპორტული ავტომობილის დაძვრა ასეთი რთული შეიძლებოდა ყოფილიყო. მანამდე ყოველთვის მეცინებოდა იმაზე, რომ შეჯიბრის დროს უქვრებოდათ, ან დამატებით ვარჯიშობდნენ დაძვრაზე - 15-წუთიან სტარტ-ვარჯიშს ვგულისხმობ. ახლა ოდნავადაც აღარ მეცინება, რადგან თვითონ ვნახე და გამოვცადე ეს ყველაფერი. თურმე ისეთი რთულია ამ მანქანის ისე დაძვრა, რომ მაქსიმალურად გამოიყენო მისი შესაძლებლობები, რომ ნამდვილად ჭირდება საკმაოდ ბევრი ვარჯიში. ისიც უნდა ვთქვა, რომ Liqui Moly-ს ენგსტლერის გუნდი ავტომობილს ძალიან კარგად მიმზადებდა. ეს მრბოლელისთვის მართლაც უდიდესი უპირატესობაა. მანქანა ყველა ტრეკისთვის ინდივიდუალურად მზადდებოდა - ყველა პარამეტრები ზუსტად იყო დასმული და მე ისღა დამრჩენოდა, რომ ასეთი გუნდის შრომა ნაყოფიერად გამომეყენებინა. მანქანამ მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც კი არ მიღალატა.

- კონკურენტებს და ზოგადად ETCC-ის ორგანიზატორებს როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს წარმატებებზე?

- სპორტსმენები, როგორც წესი, არ იმჩნევენ ხოლმე კონკურენტის წარმატებას. არ გამოხატავენ განსაკუთრებულ ემოციებს. დადებითი რეაქციები ძირითადად ორგანიზატორებისგან მოდიოდა. ქართველი მრბოლელებისა და ქართული ავტოსპორტის შესახებ მათ მანამდე არაფერი სმენოდათ და ძალიან უკვირდათ, საქართველოდან ჩასული სპორტსმენი წარმატებებს რომ ვაღწევდი.

Auto Bild

- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ახალ სეზონში გაცილებით მაღალ დონეზე, უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატში მიიღებთ მონაწილეობას. ეს არის TCR-ის (Touring Car Racing) საერთაშორისო სერია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის, WTCC-ის განაყოფია. ცხადია, რომ გაცილებით რთული ამოცანის წინაშე დგახართ.

- დიახ, ეს ჩემთვის უკვე ძალიან სერიოზული გამოწვევაა, უფრო რთული კი პირველ რიგში იმიტომაა, რომ რბოლა წინაამძრავიანი ავტომობილით მომიწევს. საერთოდ, ჩემი სპორტული კარიერა აქამდე უმეტესად უკანაამძრავიანი ავტომობილებით მიმდინარეობდა. პირველად რომ მოვედი ავტოსპორტში, აქ, საქართველოში ცოტა ხანს მყავდა წინაამძრავიანი ავტომობილი, მაგრამ ეს იყო მხოლოდ 2 წლის მანძილზე. ბოლო 10-11 წელიწადია, მხოლოდ უკანა ამძრაობის მქონე მანქანებით გამოვდივარ და ამ ხნის განმავლობაში წინაამძრავიანთან შეხება აღარ მქონია. ეს საქმეს ართულებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მექნება ვარჯიშები და იმედი მაქვს, რომ წინა წამყვან თვლებს ისევ მალე შევეჩვევი. უბრალოდ, მე ჯერ კიდევ არ მქონია შეხება ჩემს მომავალ მანქანასთან, რომლითაც TCR-ზე უნდა გამოვიდე, ჩემი კონკურენტები კი ბოლო წლებში ყოველთვის წინაამძრავიანი მანქანებით გამოდიოდნენ - ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ასეა თუ ისე, ამას უნდა შევეგუო და კარგია, რომ ვარჯიშები და ტესტები მექნება.

Auto Bild

- მაინც რამდენად რთული შეიძლება იყოს უკანაამძრავიანიდან წინაამძრავიანზე გადაწყობა პროფესიონალი ავტომრბოლისთვის?

- ყველაზე მნიშვნელოვანი არის მანქანის შესწავლა. მანქანა უნდა იცოდე საკუთარი ხუთი თითივით. საკვალიფიკაციო გარბენზე წამის მეათედებია გადამწყვეტი და თუ შენი მანქანა საკუთარი ხუთი თითივით არ იცი, შენს დროს ვერ უჩვენებ. მით უმეტეს უცხო ავტოდრომზე, სადაც 40 წუთი გეძლევა ვარჯიშისთვის, იმ 40 წუთს კი მარტო ავტოდრომის გაცნობას ანდომებ. ტრეკის ყველა კუთხე-კუნჭული უნდა შეისწავლო, რათა ტრასის ფართობის თითოეული სანტიმეტრი მაქსიმალურად გამოიყენო. ამიტომ, მანქანაც ასე უნდა იცოდე, რათა ყველაზე უკიდურეს წერტილში დაამუხრუჭო ისე, რომ მართვა არ დააკარგვინო და ზუსტად მისცე აქსელერაცია მოსახვევიდან გამოსვლისას. ზოგადად უკანაამძრავიანიდან წინაამძრავიანზე გადაწყობა რთული არ არის, უბრალოდ, მანქანა უნდა გაიცნო კარგად. საერთოდ, წინაამძრავიანი ავტომობილის მართვა უფრო ადვილია. რთული არის მხოლოდ უცხო მანქანის მიჩვევა - ამას ჭირდება დრო.

- პირველი ეტაპი ფორმულა 1-ის თანმხლები რბოლა იქნება, რაც თქვენთვის ალბათ დამატებითი მოტივაციაა.

- დიახ, პირველი რბოლა აპრილშია. ეს არის ბაჰრეინის ეტაპი, რომელიც ემთხვევა ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრანრპრის. საერთოდ, TCR 12 ეტაპად ტარდება - 6 რბოლა ევროპაში გაიმართება, 6 - აზიაში. TCR ცალკე კლასებად არ არის დაყოფილი, ყველა მრბოლელი და გუნდი ერთად იბრძვის. ამ რბოლებს გაცილებით მეტი მაყურებელი ესწრება და გაცილებით მასშტაბურია. შარშან 14-მა გუნდმა და 40-ზე მეტმა მრბოლელმა მიიღო მონაწილეობა.

Auto Bild

- იმედია, ახლა მაინც მოხერხდება თქვენი რბოლების ჩვენება ტელევიზიით. მაყურებლის ინტერესი უდიდესია!

- მეც ბევრმა მითხრა, კარგი იქნებოდა, რომ რბოლების პირდაპირი რეპორტაჟები იყოსო. მთელი საქართველოს მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს ჩემთვის არა მარტო დამატებითი მოტივაცია, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. საქართველოს დროშა სულ ჩემთან ერთადაა - იქნება ეს ვარჯიში, კვალიფიკაცია, თუ რბოლა. არაფერია იმაზე სასიამოვნო, მაგალითად, «უნგარორინგზე» რბოლას წარმატებით რომ დაასრულებ და იქ შენი ქვეყნის დროშას ააფრიალებ.

- ბოლო დროს ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ავტოსპორტი უკვე ზედმეტად კომერციული გახდა და უმეტესად ის გუნდები იგებენ, ვისაც ყველაზე მეტი ფული აქვს დახარჯული...

- ევროპაში მართლაც ბევრს საუბრობენ ამაზე და სწორედ ამიტომ შეიქმნა TCR-ის სერია, რომ არ მოხდეს მსგავსი რამ. ეს სერია მარჩელო ლოტიმ ჩამოაყალიბა, რომელიც თანამედროვე ავტოსპორტის ბევრ ასეთ ზედმეტად კომერციულ მხარეს აპროტესტებს და ებრძვის. ეს იმას ნიშნავს, რომ TCR-ში მრბოლელები მაქსიმალურად ვიქნებით დაცული.

Auto Bild

- ცნობილი მრბოლელებიდან რომელია თქვენი ფავორიტი?

- არავის თავგადაკლული ფანი არ ვყოფილვარ, თანამედროვე სპორტსმენებიდან კი ყველაზე მეტად ფერნანდო ალონსოს მართვის სტილი მომწონს. ყველასგან გამორჩეული, აგრესიული სტილი აქვს და ყოველთვის ძალიან მონდომებულია.

- ავტოსპორტში თქვენი პირველი ნაბიჯებიც გავიხსენოთ.Auto Bild

- 21 წლის ვიყავი, როცა რუსთავის ავტოდრომზე პირველად მოვხვდი. რაღაც შეჯიბრი ტარდებოდა მოყვარულებს შორის და მონაწილეობა მივიღე. განსაკუთრებული ავტომობილი არ მყავდა, მაგრამ მაინც გამოვედი და მას მერე «მოვიწამლე» ავტოსპორტით. მანქანები ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა, მაგრამ იმ დღემდე ავტოსპორტთან შეხება არ მქონია. სამეგობრო წრეც ისეთი მყავდა, რომ ავტომობილები დიდად არ აინტერესებდათ და თავს ხომ არ მოვაბეზრებდი მანქანებზე ლაპარაკით? მერე ისე მოხდა, რომ ახალი მეგობარი შევიძინე, რომელიც მეზობლად გადმოვიდა და მან წამიყვანა რუსთავის ავტოდრომზე. აქედან დავმეგობრდით და იმ დღიდან ვარ მრბოლელი.

- რომელია დათა ქაჯაიას ფავორიტი საავტომობილო ბრენდი?

- რბოლებზე და ვარჯიშებზე იმდენად ვიხარჯები, რომ პირადი მოხმარებისთვის ავტომობილს უკვე სხვა კრიტერიუმებით ვირჩევ. ქალაქში სისწრაფე არც ადრე მიყვარდა, თუმცა მაინც ყოველთვის უფრო ხისტი და სპორტული მანქანები მყავდა, რომ თავი მაქსიმალურად სპორტულად მეგრძნო. როცა ჩემთვის მანქანას ვყიდულობ, ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, გამომადგებოდა თუ არა ეს ავტომობილი სპორტში - ანუ, რამდენად დამიკმაყოფილებს მოთხოვნებს ავტოდრომზე. ყველაზე რთული პერიოდი არის ზამთარი, როცა შეჯიბრებები არ არის და «ჩემს ჭიას ბოლომდე ვერ ვახარებ» - თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. ასეთ დროს გიჟივით ვარ ხოლმე და ლამის კედლებზე დავდივარ. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ გვაქვს რუსთავის ძალიან მაგარი ავტოდრომი, სადაც ნებისმიერ დროს შემიძლია ჩავიდე და ვივარჯიშო. თითქმის სულ რუსთავში ვარ და სულ ვვარჯიშობ. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ბრენდის ფანი ვარ. უბრალოდ, ძალიან მიყვარს BMW M3, რომლითაც ძალიან ბევრს მივაღწიე. ახლა ოჯახში BMW X5 გვყავს, რომელიც თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე მანევრირებადი ავტომობილია. ამასთან, საკმაოდ ტევადიცაა, რაც ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ორი შვილი მყავს.

Auto Bild

- შსს-ს საგზაო უსაფრთხოების ახალი პროგრამის ერთ-ერთი სახე ხართ და საინტერესოა, რას გვეტყვით ზოგადად ქართველ მძღოლებზე - როგორ შეაფასებთ ჩვენს გზებზე არსებულ ვითარებას?

- ბევრი მძღოლი გამოსწორდა, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი დამრღვევი გვყავს. ვგულისხმობ ისეთებს, ვინც განგებ არღვევს - ეს ყველაზე დიდი საშინელებაა. ჩემი აზრით, უფრო მეტი აქციაა საჭირო. რაც შეიძლება ბევრი ცნობადი სახე უნდა ჩაერთოს ამ აქციებში. უნდა მივცეთ მაგალითი, რომ არ დაარღვიონ მოძრაობის წესები, არ ჩაიგდონ საკუთარი თავი საფრთხეში და არც სხვას შეუქმნან პრობლემები. ყველამ იცის, რომ მრბოლელი ვარ და მაკვირდებიან ხოლმე, როგორ ვმართავ ავტომობილს. ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა და ორმაგად ყურადღებით ვარ, რომ შემთხვევით არ დავარღვიო. რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ამაზე და რაც უფრო მეტს გავაკეთებთ, ალბათ მით უფრო შერცხვებათ ისეთ მძღოლებს, ვინც დარღვევას მიჩვეულია.

Auto Bild

- ყველაზე მეტად რა სახის დარღვევა გაღიზიანებთ?

- როდესაც საცობში ღერძულა ხაზს კვეთენ, საპირისპირო ზოლში გადადიან და მერე წინ ცდილობენ ჩადგომას. ეს უდიდესი პრობლემაა და ყველაზე მეტად აბრაზებს პატიოსან მძღოლებს. ერთმანეთს პატივი ხომ უნდა ვცეთ? შენ თუ გეჩქარება, იქნებ მეც მეჩქარება, მაგრამ ასე ხომ არ ვიქცევი?! მძიმე საცობებს უმეტესად ასეთი მძღოლები იწვევენ. ძალიან ვბრაზდები ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე. გარდა ამისა, როდესაც ორზონიან გზაზე, უკიდურეს მარცხენა ზოლში მიდიხარ და «ზებრაზე» ქვეითს გზას დაუთმობ, ის ვერ ხედავს, უთმობს თუ არა ვინმე მარჯვენა ზოლიდან და რამდენჯერმე ძალიან უხერხული და სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. მარჯვენა ზოლიდან მანქანამ არ დაუთმო და კინაღამ დაარტყა. ერთი-ორჯერ მე ავიღე საჭე მარჯვნივ სპეციალურად, რომ უკნიდან მომავალი მანქანა შემეჩერებინა, თორემ «შუშის თვალებით» მოდიან ხოლმე და არაფერი აინტერესებთ.
ესაუბრა შალვა ბუაჩიძე
Auto Bild
”ჩემი თანამემამულეების გულისთვის, მე, დათა ქაჯაია, ევროპის ჩემპიონი ავტორბოლაში, ყოველთვის ვიცავ და დავიცავ საგზაო მოძრაობის წესებს და მიმაჩნია, რომ ის, ვინც მართავს ავტომობილს და შესაბამისად, კარგად ესმის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, არასდროს დაარღვეს საგზაო მოძრაობის წესებს სხვა ადამიანების სიცოცხლის რისკის ხარჯზე. ევროპისკენ, დასავლეთისკენ მიმავალი გზა სწორედ ამ არჩევანიდან იწყება და ჩემი სურვილია, რომ ეს არჩევანი ყველამ გავიზიაროთ.”
დათა ქაჯაია

TCR - ჩემპიონატი, სადაც დათა ქაჯაია ახალი სეზონიდან იასპარეზებს

Auto Bild

დათა ქაჯაია შარშან გერმანულ გუნდ «ენგსტლერთან» ერთად ETCC-ს TC2T კლასის ჩემპიონი გახდა. მან 12-დან 9 რბოლა მოიგო და ყველა შეჯიბრებაში ტოლ-სწორად ეპაექრებოდა «სეატის» მონო სერიის მონაწილეებს, რომლებიც უფრო მძლავრი და მსუბუქი ავტომობილებით ასპარეზობდნენ.

სწორედ ამიტომ, გუნდის მფლობელმა და წარსულში თავადაც სახელოვანმა მრბოლმა ფრანც ენგსტლერმა დათას უყოყმანოდ შესთავაზა კონტრაქტი და ახალი სეზონიდან ქაჯაია გაცილებით მაღალ დონეზე - TCR-ის (Touring Car Racing) საერთაშორისო სერიაში იასპარეზებს, რომელიც ამავე კლასის მსოფლიოს ჩემპიონატის WTCC განაყოფია და ყველა კონტინენტს მოიცავს.

Auto Bild

TCR-ის საერთაშორისო სერია WTCC-ის ყოფილმა პრომოუტერმა, მარჩელო ლოტიმ ჩამოაყალიბა. TCR-ის პირველი სეზონი შარშან გაიმართა და მასში 14 გუნდი და 40-ზე მეტი მრბოლელი მონაწილეობდა. ჩემპიონი შვეიცარიელი სტეფანო კომინი გახდა, რომელმაც ეს ტიტული Seat Leon-ით მოიპოვა, მისი გუნდი კი იტალიურია - სახელწოდებით Target Competition.

ახალ სეზონში დათას ავტომობილი დიდი ალბათობით VW Golf TCR იქნება, ისე კი, ამ შეჯიბრში მრბოლელები შემდეგი მოდელებით მონაწილეობენ: Alfa Romeo Giulietta TCR (ძრავა: 1750 TBi), Ford Focus ST (EcoBoost 2.0), Honda Civic TCR (R20A i-VTEC SOHC), Opel Astra OPC Cup (GM Ecotec LDK), Seat Leon TCR (2.0 R4 TSI), Subaru Impreza STi TCR (EJ257), Volkswagen Golf TCR (2.0 R4 TSI). აღსანიშნავია, რომ დათას ყველა კონკურენტს ტურინგის კლასში ასპარეზობის უზარმაზარი გამოცდილება აქვს.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს...
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


პლანეტის ყველაზე სექსუალური ავტომრბოლი ქალები
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად