როგორ მივიღოთ აუდიო-სისტემის იდეალური ჟღერადობა ავტომობილში?
როგორ მივიღოთ აუდიო-სისტემის იდეალური ჟღერადობა ავტომობილში?
11.02.2016
ინტერვიუ ავტომობილების აუდიოსისტემების მოყვარულთა მსოფლიო ასოციაცია EMMA-ს ქართული წარმომადგენლობის თავმჯდომარესთან

როგორ მივიღოთ აუდიო-სისტემის იდეალური ჟღერადობა ავტომობილში? რამდენად ხარისხიანი პროდუქცია შემოდის საქართველოში და რა უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლებლებმა ავტომობილისთვის აპარატურის შეძენის დროს? ამ და აუდიო-სისტემებთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე AUTO BILD-ის ქართულ გამოცემას ”EMMA საქართველოს” (ავტომობილების აუდიო-სისტემების მოყვარულთა ასოციაცია) თავმჯდომარე ვიქტორ ბუაჩიძე ესაუბრება.

Auto Bild

- რას ნიშნავს კარგი აუდიოსისტემა ავტომობილში? თითქმის ყველა ავტომოყვარულმა იცის, რომ BOSE, Harman Kardon, Bang & Olufsen არის ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნული სისტემები, რადგან ”მერსედესი” BMW, “აუდი” და თითქმის ყველა
სხვა ცნობილი ბრენდები ამ ფირმების აპარატურას იყენებს მათი ავტომობილების ტოპ-კომპლექტაციებში. არის თუ არა ეს მართლაც მაქსიმუმი?


- მოდი, მე კონტრკითხვას დაგისვამთ: როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს საერთოდ კარგი ხმა და კარგი ჟღერადობა? არა მარტო ავტომობილში, არამედ ზოგადად.

- მგონია, რომ კარგი ხმა და ჟღერადობა უნდა იყოს სტუდიური ჩანაწერის იდენტური. ხარისხიანი ჟღერადობა ჩემთვის მაქსიმალურად სუფთა ხმასთან ასოცირდება.

- ნაწილობრივ სწორია, ყოველ შემთხვევაში სწორი გეზი გაქვთ. საერთოდ, კარგი სისტემის დანიშნულება ის არის, რომ მაქსიმალურად ნატურალურად და ყოველგვარი შეფერადების, ან გაუმჯობესების გარეშე გადმოსცეს ის ინსტრუმენტალური თუ ვოკალური ჟღერადობა და
სტუდიის ან კონცერტის არტოსფერო, რაც ჩაწერის დროს ისმოდა. ჩანაწერი უნდა გადმოიცეს ისე, რომ მაქსიმალურად ახლოს იყოს ორიგინალ LIVE-ჟღერადობასთან. რაც უფრო ნატურალურად და შეფერადების გარეშე გადმოსცემს აპარატურა ჩანაწერს, მით უფრო მაღალ კლასად ითვლება, რადგან ეს არის ყოველთვის ყველაზე მთავარი.

Auto Bild

- დავუშვათ, ადამიანს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნული აუდიო-სისტემა ავტომობილში - თუნდაც Bose ან Harman Kardon. რა უნდა ჩართოს, რომ მაქსიმალურად კარგი ჟღერადობა მიიღოს?

- მიუხედავათ ციფრული ტექნოლოგიებისა, დღეს საუკეთესოდ მაინც ვინილი მიიჩნევა (ვინილის ფირფიტები). ეს არის განუმეორებელი ხარისხი, რადგან ჩაწერა ანალოგური ჩაწერის პრინციპით ხდება. ციფრული ჩანაწერი ასეთ ატმოსფეროს ვერ გადმოსცემს. შეიძლება 5-10 წელიწადში ციფრული ჩანაწერის ხარისხიც უკეთესობისკენ შეიცვალოს, მაგრამ დღესდღეობით ასეა. ამას შევადარებდი ფოტოკამერების შემთხვევას: ციფრული ფოტოაპარატის ხარისხი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, მეტი არ მჭირდება, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ციფრულ ფოროაპარატებს არ აღიარებს და ჩვენ ვიცით, რომ მათ აქვთ თავიანთი სიმართლე, რადგან ლენტას განუმეორებელი რეალობის და რეალური ფერების გადმოცემის უნარი აქვს. სამწუხაროდ, ვინილს ავტომობილში ვერ ჩავრთავთ - ფირფიტას მოძრაობისას ვერ დავუკრავთ, ხომ ასეა? ასე რომ, მხოლოდ მაღალი ხარისხის ციფრული ჩანაწერით უნდა დავკმაყოფილდეთ - ამ შემთხვევაში ორიგინალი CD დისკი, ან აუდიო-სისტემა, რომელიც უკრავს არაკომპრესირებულ ფორმატებს.
Auto Bild
- ანუ, MP3 არ ვარგა?

- MP3 შეკუმშული ვერსიაა მუსიკალური ჩანაწერის, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს მაქსიმუმს. MP3 ჩაწერის პრინციპი ზუსტად იმაშია, რომ მცირე შეუმჩნეველი დეტალები უბრალოდ წაიშალოს ჩანაწერიდან და ამის ხარჯზე ხდება ზუსტად ფაილის შეკუმშვა (კომპრესია) დაახლოებით 10-ჯერ ორიგინალთან შედარებით. სამწუხაროდ, ზუსტად ეს მცირე დეტალები ქმნიან იმ სასიამვნო შეგრძნებებს, რაც ადამიანს ეუფლება LIVE მუსიკის, ან კარგი ჩანაწერის CD-ფორმატის (უკომპრესო ჩანაწერის) მოსმენისას. MP3 შეიქმნა იმ დროს, როცა ფლეშ-დრაივების მაქსიმალური ტევადობა 2-4 გიგაბაიტი იყო - რომ არაფერი ვთქვათ დისკებზე 700 მეგაბაიტი ტევადობით. კარგია, რომ MP3 კარგავს აქტუალობას და ხალხი უბრუნდება არაკომპრესირებულ ფორმატებს - ისეთებს, როგორიცაა WAV, FLAC, ALAC და ა.შ.

- გამოდის, რომ როდესაც USB-მეხსიერების ბარათზე ჩავყრით MP3-ებს და ჩავრთავთ მანქანაში, ეს ხარისხის მხრივ ზღვაში წვეთია?

- დიახ, თუმცა გააჩნია MP3-საც. თუკი აიღებ ორიგინალ დისკს, აიღებ კარგ პროგრამას და ამ პროგრამის მეშვეობით მოახდენ კონვერტაციას MP3-ში 320 kb/s დაკუმშვით, უკეთეს შედეგს ნამდვილად მიიღებ - არსებობს ამისთვის კარგი კომპიუტერული პროგრამები. პროგრამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: ზოგს კარგად გადაჰყავს, ზოგს - ცუდად. მუსიკის ჩამოსაქაჩათ არსებობს ვებ-რესურსები, სადაც არეკლამებენ, რომ ვითომ 320-იანი ხარისხის MP3-ები დევს და შეგვიძლია, ჩამოვტვირთოთ, მაგრამ ასეთ ვებ-გვერდებს ვერ ვენდობით. უმეტესობა შემთხვევაში, 128 kb/s-დან „აპკონვერტი“ არის გაკეთებული 320 kb/s-ზე. ალაბთ ამ შემთხვევაში მხოლოდ ფასიან რესურსებს თუ ვენდობით. უმჯობესია, ჩამოვქაჩოთ ზემოთ ხსენებული უკომპრესო ფორმატები ვებ-რესურსებიდან და ჩვენთვითონ გადავიყვანოთ ხარისხიანი პროგრამის მეშვეობით.

- ძირითადად სწორედ პირდაპირ იწერენ ხოლმე. რას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი ჟღერადობისთვის: MP3 ფაილის ხარისხს, თუ აუდიო-სისტემას?

- საერთოდ, კარგი ჟღერადობის შექმნას ოთხი რამ ჭირდება. 1) კარგი ჩანაწერი; 2) ამ ჩანაწერის რაც შეიძლება კარგათ გარდაქმნა აუდიო-სიგნალად. ანუ ხარისხიანი აუდიორესივერი (”მაგნიტოფონი”); 3) მიღებული აუდიოსიგნალის ხარისხიანად გაძლიერება. ამისთვის საჭიროა ხმის გამაძლიერებელი ან გამაძლიერებლები; 4) უკვე გაძლიერებული აუდიოსიგნალის გარდაქმნა ხმაში, რასაც უკვე ჩვენი ყური აღიქვამს. ეს უკვე არის დინამიკების მისია - რაც შეიძლება ნატურალურად და ახლოს ორიგინალ ჟღერადობასთან მოახდინონ ეს გარდაქმნა. აი, ეს ოთხი კომპონენტია საჭირო კარგი ჟღერადობისთვის და ერთი მათგანიც რომ გამოვაკლოთ, მაქსიმალურად ხარისხიანი ხმის მიღება შეუძლებელი გახდება.

Auto Bild

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დინამიკების რაოდენობას?

- ბევრი დინამიკი ხშირად ხმას აზიანებს. საერთოდ, ადამიანის ყურები ისეა მოწყობილი, რომ მუსიკას მხოლოდ სტერეო ჩანაწერს აღიქვამს სიამოვნებით. 5.1, 7.1 და ა.შ კარგია მხოლოდ ფილმებისთვის და კომპიუტერული თამაშებისთვის. თანაც, აუცილებელია, რომ ხმა მოდიოდეს წინიდან - ასე ვთქვათ ვირტუალური სცენა უნდა გქონდეს წინ. თუ დინამიკი ყურის უკანაა განლაგებული, ყური მათაც აღიქვამს და ზიანდება სცენის და სტერეოპანორამის შეგრძნება. ვეღარ აღიქვამ მუსიკას ისე, როგორც საჭიროა და აქედან გამომდინარე, სიამოვნებას ვერ ღებულობ. დღეს შეიძლება ამის გასწორება აუდიო-პროცესორებით, მაგრამ თუ დინამიკები უკანაა, მაინც დაზიანებული აღქმაა და გარკვეული აუდიფილური გამოცდილების შემდეგ ხვდება ადამიანი, რომ უკანა დინამიკებში ფული არ უნდა გადაეხადა. მძღოლს სცენა უნდა ჰქონდეს წინ - ვირტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, ტორპედოდან სადღაც კაპოტის შუამდე სიღრმით და გარე სარკეების დაბოლოებების სიფართის. მომღერალი ვირტუალურად ტორპედოს შუაში უნდა იდგეს, მის უკან დრამერი, და ა.შ. ანუ უნდა ხდებოდეს სცენის ვირტუალური შეგრძნება და ეს, რამდენადაც დაუჯერებელი არ უნდა იყოს, კეთდება მანქანაში.

- იდეალურ შემთხვევაში რამდენი დინამიკი უნდა ჰქონდეს ავტომობილს?

- ექვსი, ექვსივე წინ. დაყოფილი დიაპაზონებათ (მიდბასი, მიდრენჯი და ტვიტერი) სამი ერთ მხარეს, სამიც - მეორე მხარეს. პლუს ”საბბუფერი”, რომელიც შეიძლება საბარგულში განთავსდეს.

Auto Bild

- ქარხნულად რატომ დებენ დინამიკებს უკან, ფანჯრების ქვეშ ? უკან, ფანჯრის ქვეშ დინამიკს იდეაში აზრი არ აქვს, მაგრამ რატომ აკეთებს ამას ქარხანა?

- ამით ვუბრუნდებით ზემოთ წამოჭრილ საკითხს. თუ აყენებ ძლიერ დინამიკებს წინ, მაშინ მანქანას უნდა გაუკეთო ვიბრო და ხმის იზოლაცია, სხვანაირი გაყვანილობა და ა.შ. თუ ამის თავიდან აცილება გინდათ, და მანქანის წარმოოების გაიაფება, მაშინ აყენებთ იაფიან უკანა დინამიკებს რათა უკან მჯდომმა მგზავრებმა უკეთესათ მოისმინონ მუსიკა. ვინ დარდობს იმაზე თუ რამდენად დაზიანდება მუსიკალური სცენა და აირევა ტემბრალური ბალანსი? საშუალო მომხმარებლები ასეთ დეტალებში ვერ ერკვევიან და ურჩევნიათ, მეტი დინამიკის მქონე ავტომობილი შეიძინონ. როგორ ფიქრობთ სალონში შესული ადამიანი 7-დინამიკიან მანქანას უფრო იყიდის, თუ მანქანას რომელსაც მაგალითად 16 დინამიკი აქვს? გამყიდველი რასაკვირველია ამას პრემიუმ აუდიოსისტემათ გაასაღებს ხომ ესეა! ეს მწარმოებლის მარკეტინგული ხრიკიცაა.
Auto Bild
- თქვენი გამოცდილებით, რომელ ავტომობილებს აქვთ იდეალურთან მიახლოვებული ქარხნული აუდიო-სისტემები?

- უამრავი სისტემა მომისმენია, მათ შორის ძალიან გარეკლამებული და ფანტასტიურად ძვირადღირებული TOP-OEM სისტემები, რომლებიც, როგორც იტყვიან, ”ციდან ვარსკვლავებს უნდა წყვეტდნენ”. EMMA-ს მთავარი მსაჯების ტრეინინგების დროს გვაქვს ერთი სპეციალური კლასი - სწორედ ქარხნულ სისტემებს ვუსმენთ ხოლმე. რა თქმა უნდა, EMMA-ს სპეციალური სტუდიური ჩანაწერებით და ჩვენი სატესო-კომპილაციებით. 70-მდე მთავარი მსაჯი ვაფასებთ ამ სისტემებს და ვაკეთებთ და ერთმანეთს უზიარებთ ჩვენს დასკვნებს. ეს თვითონ მწარმოებლის ინტერესებში შედის, რადგან EMMA ფაქტობრივად აუდიო-სისტემების ჟღერადობის სტანდარტების დამფუძნებელი და მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ორგანოა მსოფლიოს მაშტაბით (აშშ-ის გარდა). ამიტომაც, მათ ჩვენი აზრი აინტერესებთ. EMMA ბოლომდე და 100 პროცენტით ვერცერთ ქარხნულ აუდიო-სისტემას ვერ უწევს რეკომენდაციას. მიზეზი ისაა, რომ ავტომობილის სისტემა არ არის ისეთი, როგორიც მაგალითად სახლის. სახლისთვის შეგიძლია იყიდო სუპერ-სისტემა, უბრალოთ შეაერთო დენში და მიიღებ იდეალურ ჟღერადობას, მანქანაში კი მთელი რიგი მიზეზების გამო ეს შეუძლებელია. იმისათვის, რომ დინამიკი კარგად უკრავდეს, გარკვეული სამუშაო პირობები ჭირდება (თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას). ავტომობილის ინტერიერი კი დინამიკისთვის თავიდანვე აგრესიული გარემოა, რადგან მანქანის სალონის დიზაინიდან და მასალებიდან გამომდინარე, მანქანის სალონში უამრავი ხმის დამხშობი ან არეკლვის კუთხეა, რაც ხმის ტალღას ზღუდავს და აზიანებს. გარდა ამისა, მაგალითად წინა კარში დამონტაჟებულია დინამიკი, რომლის უკან ჟღრიალა თუნუქია და თვითონაც ჟღრიალა პლასმასზე ან თუნუქზეა დამონტაჟებული. ასეთ პირობებში ამ ”საწყალ დინამიკს” ვერ მოვთხოვთ იდეალურ ჟღერადობას ხომ ესეა?

Auto Bild
”EMMA საქართველოს” (ავტომობილების აუდიო-სისტემების მოყვარულთა ასოციაცია) თავმჯდომარე ვიქტორ ბუაჩიძე (მარჯვნივ)

- კარგით, რატომ ვერ აკეთებენ მწარმოებლები კარგ სისტემებს თავიანთ თუნდაც ძალიან ძვირიან მოდელებში, ისეთს რომელიც EMMA-ს მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ფული უჭირთ, თუ ინჟინრები ჰყავთ თქვენზე ნაკლები?

- (იცინის) ქარხნის კონვეირი არის ის, რაც ჩვენ ორგანიზაციას სამუშაოს აძლევს. თავი რომ დავანებოთ მანქანის აკუსტიკურად მომზადების საკითხს, მუსიკის აღქმა ადამიანისთვის არის იგივე გემოვნების პრიორიტეტების მომენტი როგორც მაგალითად საკვები. ზოგს როკი უყვარს, ზოგს კლასიკა და ინსტრუმენტალური მუსიკა, ზოგი უსმენს ელექტრონულ მუსიკას, ზოგი კი რეპზე გიჟდება. ყველა ამ ჟანრს უნდა აუდიკომპონენტების თავიდანვე სწორად შერჩევა, რადგან ყველა აუდიბრენდს აქვს თავისი ჟღერადობის ხელწერა და ამას კარგი ხელოსანი ყოველთვის სათავისოდ იყენებს, რათა კლიენტზე პრიორიტეტებზე ორიენტებული სისტემა დაიგეგმოს და მერე აიწყოს. შემდგომი ეტაპია კლიენტის მუსიკალური გემოვნებიდან გამომდინარე აუდიო-სისტემის ჟღერადობის მასზე მორგება. ზოგს მომატებული ბასი უყვარს ზოგს კიდევ პირიქით, სხვა დანარჩენზე რომ არაფერი ვთქვათ. ამას ვერცერთ კონვეირზე ვერ გააკეთებ - ხომ ცხადია? ამიტომაც კეთდება რაღაც შუალედური ნორმალური ჟღერადობა, რომელიც უმეტესობას მოწონს. ხოლო ვისაც ჟღერადობა არ მოსწონს, მანქანას ყიდულობს მინიმალური აუდიმომზადებით და მიჰყავს იგი ე.წ ”კასტომ ინსტალატორებთან”, ან თავის ძალებით აუმჯობესებენ ჟღერადობას.

- ანუ, საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვინც ამას კარგად აკეთებს.

- დიახ. თუმცა, სამწუხაროდ, ერთ სივრცეში მათ თავი ჯერ ვერ მოვუყარე.

Auto Bild

- ახლა კი EMMA-ზე ვისაუბროთ, რომლის დეფინიციაც ასეთია: ავტომობილების აუდიო-სისტემების მოყვარულთა ევროპული ასოციაცია. როდიდან გვაქვს საქართველოში EMMA-ს ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ 2012 წლიდან.

- EMMA გერმანიაში შეიქმნა და შემდეგ გაფართოვდა - ისევე, როგორც თქვენი ჟურნალი AUTO BILD. ჩემი ინფორმაციით, ჩრდილოელ მეზობელს ჰქონდა რამდენიმე მცდელობა საქართველოში EMMA-ს წარმომადგენლობის შექმნაზე. მე გადავწყვიტე, რომ აჯობებდა, ეს საქმე საქრთველოში ქართველებს გვეკეთებინა. დიდი ხანია, CAR AUDIO-ს მოყვარული ვარ და გერმანიაში იმ დროისთვის უკვე მიცნობდნენ. ჩავედი გერმანიაში, შევხვდი EMMA-ს დამფუძნებლებს, ალექს კლეტს და პიტერ ფურმანს. ასევე ”პლანეტის ყველაზე კარგ ყურებს” ნორბერტ ტიკას. ამის შემდგომ გავიარე სპეციალური ტრენინგები და ჩავაბარე გამოცდები რომელიც სავალდებულოა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ყველა EMMA-ს საერთაშორისო კლასის მსაჯისთვის.

Auto Bild

- გასაგებია და კარგია, რომ EMMA-ს ჰყავს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა, მაგრამ იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამან ჩვენს ქვეყანას?

- EMMA-ს მთავარი ფუნქცია პირველ რიგში აუდიომოყვარულთა გაერთიანება, დაცვა და მათთვის ამ სფეროში უახლესი ინოვაციების გაზიარებაა. საუკეთესოების გამოვლენა და მათი წარდგენა მსოფლიო მაშტაბით. ასევე მწარმოებლების კონტროლი და ობიექტური დასკვნების მიტანა მომხმარებლამდე. მოკლედ რომ ვთაქვათ, EMMA აყალიბებს უახლეს სტანდარტებს აუდიო-ინდუსტრიაში, რაც პირველ რიგში მომგებიანია მომხმარებლისთვის და იცავს მას ამ საინტერესო ჰობის ყველა ეტაპზე. სამწუხაროდ, საქართველოში ავტომობილების აუდიო-სისტემების ბაზარი არაკეთილსინდისიერი ხალხის ხელში იყო ჩავარდნილი და ასეთი ადამიანები ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრია. აი, მაგალითად, რომ მოვიაროთ ჩვენთან აუდიო-სისტემებით მოვაჭრე მაღაზიები და ორგანიზაციები, მხოლოდ რამდენიმეა ისეთი ორგანაცია, რომელიც ყიდის ორიგინალ პროდუქტს. უდიდესი პრობლემაა ფალსიფიცირებული აუდიო აპარატურა. შემომტანები სარგებლობენ კანონის არარსებობით, რომელიც ბრენდებს დაიცავდა და შემოაქვთ ყველაფერი, რაც გაუხარდებათ - მთავარია იაფი იყოს და კონკურენტ მაღაზიაზე იაფად გაყიდონ, რომ კლიენტი გადაიბირონ. ხარისხიანი აპარატურა არავის აინტერესებს, რადგან ისინი ერთმანეთს ფასით ებრძვიან და არა ხარისხით.

- საიდან შემოდის ფალსიფიცირებული პროდუქცია?

- ძირითადად დუბაიდან და შორეულ აღმოსავლეთიდან. როგორც პროფესიონალს, მე არ მიჭირს კონტრფაქტული პროდუქტის ამოცნობა ბევრი ფაქტორით, მაგრამ ამ ბოლო დროს ვიზუალურად იმდენად უნაკლო კონტრაფაქტი შემოდის, რომ ხანდახან მეც მიჭირს ხოლმე ვიზუალურად ნამდვილი, მაგალითად, Pioneer-ის ფალსიფიცირებულისგან განსხვავება. რასაკვირველია ჟღერადობით კი მაშინვე გავარჩევ, მაგრამ ჩვეულებრივი მომხმარებლები ამას ვერ მოახერხებენ და დარწმუნებულები იქნებიან, რომ მაგალითად ორიგინალი ”პიონერი” ან ”სონი” იყიდეს.

Auto Bild
უძველესი რადიო და დინამიკი Porsche 356 1500 Super Cabriolet-ში

- ანუ, სადღაც სარდაფში სხედან ადამიანები და აკეთებენ ცნობილი ბრენდების, იგივე Pioneer-ის, Alpine-ის და ა.შ. ასლებს?

- სამწუხაროდ ასეა და ასეთი მინი-ქარხნები ძირითადათ ჩვენნაირ ქვეყნებზე მუშაობენ. ევროკავშირის ტერიტორიაზე ასეთი ”შედევრები” ვერ აღწევს და საზღვრის გადაკვეთისას ნადგურდება. დაუჯერებელს გეტყვით მაგრამ ასეა: ჩვენთან ისეთი შემთხვევებიც კი ხშირია, როცა უსახელო აპარატურა შემოდის და უკვე აქ, ადგილზე აწებებენ Sony-ს, JVC-ის ან ნებისმიერი ცნობილი ბრენდის ლოგოებს. ბაზრობებზე რომ ჩავიდეთ, ვნახავთ ბევრ ერთნაირ ტექნიკას სხვადასხვა სახელებით - ერთს JVC აწერია, ხოლო მეორეს კი - Sony. არადა აბსოლუტურად იდენტურად გამოიყურება.

- როგორ ვებრძოლოთ ამას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ეს ბაზარი გაკონტროლდეს და მომხმარებელი არ დაზარალდეს?

- პირველ რიგში უნდა მოხდეს ევროკავშირის ქვეყნების მაგალითის გადმოღება კანონმდებლობის მხრივ. EMMA-ს საქართველოს ფილიალმა დაიწყო ამასთან ბრძოლა, თუმცა ჩვენი ბერკეტები მხოლოდ გათვიცნობიერებული მომხმარებელია და ხარისხიანი აუდიო პროდუქცია, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ შემოდის საქართველოში. ჩვენ თქვენი ჟურნალის მეშვეობით მივაწოდებთ მომხმარებელს ინფორმაციას არსებულ პროდუქციაზე საქართველოში და ასევე ვეცდებით, შედარებითი ტესტებიც ჩავატაროთ. EMMA-ს გერმანიის ოფისის და პირადად ალექს კლეტის დიდი დახმარებით მოხერხდა საქართველოში მსოფლიო ტოპ-ბრენდების შემოყვანა - ისეთი „გრანდების“ როგორებიცაა ALPINE, GLADEN, GROUND ZERO, MOSCONI, GERMAN MAESTRO. რამდენიმე ბრენდი კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა და, რაც მთავარია, ალექს კლეტის დახმარებით დაწესდა საქართველოსთვის სპეციალური, დაბალი ფასები პროდუქციაზე. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ეს აპარატურა ყველაზე იაფად იყიდება სხვა ქვეყნებთან შედარებით. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგი დაცვა კონტრაფაქტისგან ისევ თვით მომხმარებელს შეუძლია. საკმარისია, მოსთხოვოთ გამყიდველს სერტიფიკატი, რომ ის მწარმოებლის ოფიციალური დილერია და მაშინვე ყველაფერი ყველაფერი ცხადი გახდება. თუ არ ექნება ასეთი სერტიფიკატი, ან მწარმოებლის საიტზე ვერ გაჩვენებთ თავის კომპანიის მისამართს, ეს ნიშნავს, რომ ის არის გადაყიდვის მესამე ხელი და მისი პროდუქციის ავთენტურობა კითხვის ქვეშ დგას.

Auto Bild
ავტომობილის რადიო 1950 წელს

- როგორ შეაფასებდით ქართველი მოხმარებლის დამოკიდებულებას?

- ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა: ბევრი ფიქრობს, რომ თუ პროდუქციას Made in china აწერია, ეს ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ დაბალ ხარისხთან გვაქვს საქმე. მინდა ვთქვა, რომ ეს არასწორი მიდგომაა. Made in china ავტომატურად ცუდს არ ნიშნავს. მე მინდა, ხალხი ერთ რამეში დავარწმუნო: მნიშვნელობა არ აქვს, სად არის პროდუქტი წარმოებული, თუკი ის ოფიციალურ შემომტანს (დისტრიბიუტორს) შემოაქვს საქართველოში, ეს ავტომატურად ნიშნავს ოფიციალურ ბრენდის ხარისხს. მთავარია, ვინ გამოიგონა ესა თუ ის პროდუქტი და შემდგომ ვინ გააკეთა მისი ჩაბარება ხარისხის კონტროლი, თორემ ვისი ხელებით აიწყო, ეს მეორე ხარისხოვანია! თუკი პროდუქტი ოფიციალურა, წარმოების ლოკაციას მნიშვნელობა არ აქვს. მინდა ასევე გითხრათ, რომ ყველაზე ზუსტი ხელსაწყოები და უცნობილესი ბრენდების მთელი პროდუქცია დღევანდელ დღეს მხოლოდ ჩინეთში იწყობა, რადგან ყველა ქარხანა იქ არის გადატანილი - იაფი მუშა ხელის გამო. რაც უფუჭებს ჩინეთს სახელს, ეს არის ძალიან ბევრი ”ერთდღიანი” ბრენდები, რომელიც ძირითადად კოოპერატიული ტიპისაა და სადღაც რაღაცას აწარმოებს - ყველანაირი კონტროლის გარეშე. რასაკვირველია, რომ ასეთ ნაწარმს არ უნდა ვენდოთ. თუმცა საქართველოში ასეთ პროდუქციასაც ყიდულობენ! ბევრი ფიქრობს, რომ თუ 300-ლარიანი მონიტორიანი მაგნიტოფონი იყიდა, ესე იგი, კარგი რამ შეიძინა. განსაკუთრებით მონიტორიანები უყვართ! არ გადაიხდიან 300 ლარს უმონიტორო, მაგრამ ხარისხიან მაგნიტოფონში და შეიძენენ სარდაფში აწყობილ უსახელო აუდიორესივერს, რომელიც მაქსიმუმ 5-6 თვეში შესაცვლელი იქნება.

Auto Bild
ავტორადიო 70-იანი წლებიდან

- იმედია, გვყავს საქართველოში სპეციალისტები, რომლებიც მსურველს სისტემას კარგად აუწყობენ.

- დიახ, ასეთი სპეციალისტები არიან. ისე, თუ ადამიანს ”ჩხირკედელობა” ეხერხება, შეუძლია, თვითონვე გააკეთოს ყველაფერი. თუ არა და სპეციალისტები ნამდვილად არიან. მე მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ ბევრი ასეთი მოყვარული, ან სპეციალისტი გაჩნდება და გაიხსნება მომსახურების ცენტრები. ჩვენ სიამოვნებით დავეხმარებით ყველა ენთუზიასტს და ასევე პროფესიონალსაც, რომ ცოდნა კიდევ უფრო გაიუმჯობესონ. დავეხმარებით მათ რჩევებით და გავაკონტროლებთ (კარგი გაგებით) მათ საქმიანობას - რომ ყველაფერი იდეალურად, EMMA-ს სტანდარტების შესაბამისად აკეთონ. დროა, საქართველოში კარგი აუდიო-სისტემები აიწყოს მანქანებში, ჩავატაროთ შეჯიბრები, ხოლო საუკეთესოები EMMA-ს ფინალზე წავიდნენ ევროპაში, საქართველოს სახელით საასპარეზოდ.

Auto Bild
ავტორადიო Becker Monaco – 1952 წელი

- რას ურჩევთ მომხმარებლებს, ვინც ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ დაინტერესდება იმით, რომ გააუმჯობესოს აუდიო-სისტემა საკუთარ ავტომობილში?

- ყველაზე კარგია ის, რომ ჩვენთვითონ მოვინდომოთ რაღაცების გარკვევა და მერე გაკეთება. ჩვენ აუცილებლათ დაგეხმარებით ინფორმაციულად და, პირადათ მე დაგეხმარებით სწორად აპარტურის გასწორებაში. კიდევ უფრო გავაქტიურდებით და მომხმარებლებს ინფორმაციას მივაწვდით. მანამდე კი ყველაზე კარგი ის იქნება, რომ სადაც არ უნდა შეიძინოთ სასურველი აუდიო-აპარატურა, უნდა მოითხოვოთ მწარმოებლის დამამტკიცებელი სერთიფიკატი, რომ ეს მათი ოფიციალური წარმომადგენლობაა და თქვენ ოფიციალური წარმომადგენლისგან ყიდულობთ აპარატურას. ამ დოკუმენტის გარეშე ნდობას არავის ვურჩევ. ინტერნეტშიც შეიძლება ინფორმაციის მოძიება - ჰყავს თუ არა ამა თუ იმ ბრენდს ოფიციალური წარმომადგენლობა. ხშირად მინახავს ფორუმზე, როგორ წერს ადამიანი, რომ ჰყავს ”მერსედესი”, რომელსაც აქვს Bose-ის სისტემა და კითხულობს, რა დავაყენო იმისათვის, რომ უკეთესი ჟღერადობა მივიღოო. ამ დროს ბევრი პასუხობს ხოლმე, რომ უმჯობესია ხელი არ ახლონ, რადგან უკეთესს მაინც ვერ დააყენებენ და შესაძლოა, არსებული ქარხნულიც გააფუჭონ. ეს ხშირ შემთხვევაში მართალიცაა, რადგან თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ ახალი ტექნიკა მართლა ოფიციალური და ხარისხიანია, ისევ ძველი, 10-15 წლის წინანდელი ქარხნული Bose ჯობია.

EMMA - ავტომობილების აუდიო-სისტემების მოყვარულთა მსოფლიო ასოციაცია

Auto Bild

EMMA (European Mobile Media Association) 2000 წელს, გერმანიაში იმ მიზნით დაარსდა, რომ ჩაეტარებინა საავტომობილო HiFi და მულტიმედიის შეჯიბრები. დღეისათვის EMMA მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში 400-მდე შეჯიბრს ატარებს. შეჯიბრებში საქმე ეხება აუდიო-სისტემების ხარისხს და ავტომობილში აუდიო-ჟღერადობას. ასევე სისტემებისა და ტექნიკის ინსტალაციის ხარისხს. EMMA ასევე უშვებს საკუთარ, სატესტო დისკებს სპეციალური კომპოზიციებით, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია აუდიო-სისტემების ერთმანეთთან შედარება. EMMA-ს ჟიური 1000-ზე მეტი ადამიანისგან შედგება და ამგვარი ტესტირება წელიწადში დაახლოებით 20 000 ავტომობილს უტარდება.
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად