ერთი დღე როლს-როისთან ერთად
ერთი დღე როლს-როისთან ერთად
29.01.2015
სამეფო კლასის Rolls-Royce Phantom მხოლოდ ერთი დღით ვიქირავეთ

Auto Bildდედაჩემი ჩემზე ნერვიულობს - ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს, როცა დავიბადე. „ღმერთო, ჩემო... ლარს, - დაიწყებს ხოლმე მზრუნველი ტონით, - ბოლოს და ბოლოს როდის უნდა დაიწყო ფიქრი ხვალინდელ დღეზე? იყიდე ბინა! რაღაც ხომ უნდა გქონდეს საკუთარი?“

შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენჯერ გაუმეორებია ჩემთვის ეს წინადადება. სიტყვას ყოველთვის ბანზე ვუგდებ - რააა? ბინა? ჰამბურგში წესიერი ოროთახიანი 150 000 ევრო ღირს. და საერთოდ, ამ ფასად მსოფლიოში უძვირფასესი ნახმარი ავტომობილი მომივა!

რომელი? ინებეთ: Rolls-Royce Phantom, გამოშვებულია 2006
წელს, გარბენი: 33 000 კილომეტრი, ფასი: 146 900 ევრო, ვაჭრობა შეიძლება. ძვირია? როგორ გეკადრებათ! ეს გრანდიოზული ბრიტანელი თავის დროზე ხომ არც მეტი, არც ნაკლები, 385 203 ევრო ღირდა. მას მერე ზუსტად ექვსი წელი გავიდა, მანქანამ მხოლოდ 33 000 კილომეტრი გაიარა და დააკვირდით - ადამიანი, რომელსაც ეს „როლს როისი“ ჰყავდა, 6 წლის შემდეგ ზუსტად 238 303 ევროს კარგავს - ავტომობილის თავდაპირველი ფასი ზუსტად 62 პროცენტით შემცირდა!

დედიკო, არ მინდა სახლი! ამას ვიყიდი, აქ ვიცხოვრებ!

Auto Bild
ასეთი ავტომობილებით მხოლოდ შეიხები, ნავთობმაგნატები და სუპერვარსკვლავები დადიან. ჩვენ სამეფო კლასის Rolls-Royce
Phantom მხოლოდ ერთი დღით ვიქირავეთ


მანქანა ფლენსბურგში, Global Car Leasing-ის ოფისში დგას. „მოგესალმებით, ჰერ ბუზემან, - მეუბნება იქაურობის ბატონ-პატრონი მიხაელ კრისტენსენი, - რა ხანია, „ფანტომი“ დავქოქე. გახურებულია და თქვენ გელოდებათ.“ „როლს როისი“, რომელშიც 24 საათი უნდა გავატარო, Ferrari 599-ს, Bentley Continental GT-სა და Maserati GranTurismo-ს შორის დგას. აღფრთოვანებული ვარ!

Auto BildAuto Bild
08:03 Rolls-Royce Phantom-ზე ჩვენს წითელ ნომრებს ვამონტაჟებ. ერთი დღე მეფე უნდა ვიყო. 08:37 წვერის გაპარსვა დამავიწყდა. საბედნიეროდ, „როლს როისის“ სალონში განათებული სარკეა - დედოფლებისთვის, ან მართლა იმისთვის, რომ წვერი გაიპარსო. ერთი ეგაა, რომ ოქროს ონკანი არსად ჩანს

ჩაჯდომამდე ფეხსაცმელებს ვიხდი. ხალიჩები ისეთი რბილი და ფაფუკია, რომ მინდა, საკუთარ ფეხებზე კარგად შევიგრძნო. ფეხშიშველს ის კაცი და მნიშვნელოვანი დეტალი მახსენდება: „ჰერ კრისტენსენ, სპიდომეტრს არ განაახლებთ? ეს ფუნქცია ყველა ახალ „პანდას“ აქვს. თუნდაც რომელიმე სხვა, ძველი ავტომობილის იყოს. უბრალოდ, მეგობრებს ხომ უნდა ვაჩვენო ამ 12-ცილინდრიანი ძრავის ლიმიტი!“ მიხაელ კრისტენსენი ჭირვეული გამომეტყველებით მიყურებს. კარგი, წავედი. ოჰო, 460 ცხენის ძალა... ეზოდან გავდივარ და ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ გადაყლაპა კრისტენსენმა ნერწყვი...

Auto BildAuto Bild
09:16 პიტ-სტოპი: ვამოწმებ V12 ძრავის ზეთს და საწვავის ავზში 100 ლიტრ სუპერს ვასხამ. ფაქტია, რომ შეფს ქვითარი ძალიან გაახარებს

პირველი გაჩერება სამრეცხაოა. უნდა გავიგო, სადმე წყალი ხომ არ ჟონავს. აბა, როგორია, ძილის დროს წვეთი რომ დამეცეს - გამეღვიძება და თავს არაკომფორტულად ვიგრძნობ. ტყუილად ვშიშობდი, „როლს როისში“ წყალი არ ჩამოდის.

ახლა იმაზე ვიწყებ ფიქრს, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ როცა მეგობარი გოგონა მესტუმრება, გარედან არავინ დაგვინახოს. ჟალუზები შეიძლება. სილიკონი ბოლოს და ბოლოს... შხაპი გარეთ უნდა მივიღო ხოლმე, შეშის ღუმელი არ მჭირდება, წვერის გაპარსვა სალონშიც შესაძლებელია. იქნებ, უმჯობესი იქნება, რომ უკანა სავარძელი ამოვიღო და ორადგილიანი საწოლი ჩავდგა? წარმომიდგენია ჩემი ფოტო ჟურნალ „ლამაზად ცხოვრების“ ყდაზე...

Auto Bild
10:07 იატაკის შემოწმება: როგორც ჩანს, „როლსის“ მფლობელი თავის საყვარელს ტყეში შეხვდა - აქ ყველაფერი ძალიან დასვრილია. სამაგიეროდ, ჟანგს ვერსად შეხვდებით

„როლსს“ ქვემოდანაც ვამოწმებ. აქ, სამეფო კლასის „ანდერგრაუნდში“ უკვე კარგად ჩანს ბრიტანულ-ბავარიული ნათესაობა: ბევრ დეტალს BMW-ს ლოგო ამშვენებს. ეს ძალიან კარგია, რადგან მეორადი ნაწილების ბაზარზე რაღაც-რაღაცებს იაფად ვიშოვნი.

მეგობარი მაქსი მირეკავს, „როლსზე“ მეკითხება. მეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ მაგას 460 ცხენის ძალა აქვს, ჩემი Golf II GTI-თ მაინც გაგასწრებო. მცირე ტესტი შუქნიშანზე: სანამ დრაივში გადავიტანდი, პიცის დამტარებელმა ბიჭმა თავისი „სმარტით“ ჩამიქროლა.

სამაგიეროდ, შოპინგი შესაძლებელია. Phantom-ში დიდი სივრცეა და დედიკოს ყველაფრით მოვამარაგებ ხოლმე. თუმცა ჩემი „როლსი“ ერთ-ერთი სუპერმარკეტის პარკინგ-ზომებში ვერ ჩაჯდა. ავტომობილის სიგრძე 5.83 მეტრია და იძულებული გახვდი, მიწოდების ზონაში, სატვირთო ავტომობილის გვერდით დამეყენებინა.

Auto Bild
12:05 ლანჩზე „ჩემი სახლის“ მისაღებ ოთახში ფოტოგრაფი თომასი დავპატიჟე. მხოლოდ Fast Food მივირთვით, მაგრამ რაღაც-რაღაცების მოფიქრება შეიძლება და სადილს აქვე გავაკეთებ

Auto BildAuto Bild
13:48 შოპინგი სუპერმარკეტების ქსელ „ალდიში“. ფულის დაზოგვა უკვე დავიწყე - 150 000-ევროიან კრედიტთან ხუმრობა არ შეიძლება

Auto Bild
14:43 C-საყრდენთან პატარა ფანჯარა ძალიან მომწონს და ზოგადადაც: კარგი სახლია, არა?

Auto Bild
17:02 ფრთხილად გარეცხეთ ბიჭებო, არ გამიკაწროთ! შორს არ წავსულვარ, რეცხვის პროცესში იქვე ვპატრულირებდი...

Auto Bild
19:36 ესენიღა მაკლდნენ?! საღამოს პოლიციამ გამაჩერა - მართვის მოწმობა და საბუთები მომთხოვეს, რაღაცები იბოდიალეს, ნერწყვები ყლაპეს და დამემშვიდობენ

მანქანა 146 900 ევრო ღირს. ანუ, ბანკს 150 000 ევრო უნდა ვთხოვო. ვრეკავ: „ჰალო, ლარს გელაპარაკებათ. იპოთეკური სესხი მჭირდება. ამბობენ, ამაზე დაბალი პროცენტებიაო. სახლის ყიდვა გადავწყვიტე, „როლს როისია“.

პასუხი: ტუუუ-ტუუუ-ტუუუ...

ჰმ, როგორც ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. უარესი: ფლენსბურგისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ გამაჩერა. „გადმოდით, თუ შეიძლება,“ - მეუბნება მეგობრულად. აინტერესებს, რატომ აქვს „როლს როისს“ წითელი ნომრები...

მორჩა, საკმარისია! მე მგონი, დედაჩემი მართალია. სახლი უნდა ვიყიდო. ნამდვილი სახლი! ნეტა, ამ ხალიჩებს მაინც თუ მომყიდიან და რამდენად?
ლარს ბუზემანი

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში
სრულად
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე
სრულად
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად