ნახევარი საუკუნე მუსტანგთან ერთად
ნახევარი საუკუნე მუსტანგთან ერთად
10.06.2014
...და აი, ის უკვე 50 წლისაა - დაღვინებული და ისევ დაუჯერებლად მიმზიდველია. დეტროიტში გამართულ ექსკლუზიურ საიუბილეო წვეულებაზე ”ფორდ მუსტანგმა” კიდევ ერთხელ, ამომწურავად გვიპასუხა კითხვაზე, თუ რატომაა ის ყველასათვის საოცნებო, უვადო ავტომობილი

დილის ხუთ საათზე დეტროიტის ჩრდილოეთი მხარე პირქუში და დაღვრემილია. ტიპურ ამერიკულ დასახლებას სწრაფი ნაბიჯებით მივუყვებით. იუბილარი სადღაც აქ გველოდება. როცა ისეთი ტიპი, როგორიც ”ფორდ მუსტანგია”, 50 წლის ხდება, ეს ფაქტი სიხარულთან ერთად შიშისმომგვრელიცაა.

Auto Bild
ასე მიულოცა Auto Bild-ის ავტორმა დანი ჰაინემ ”ფორდ მუსტანგს” დაბადების დღე

აღფრთოვანების განცდას ახსნა-განმარტება არ სჭირდება,
მაგრამ მაინც: ადრინდელი ”მუსტანგები” საუკეთესო მაგალითებია იმისა, თუ რამდენად რენტაბელური შეიძლება იყოს შესანიშნავი დიზაინისა და მისაღები ფასის ნაზავი. ძველ ”მუსტანგებზე” ხალხი ახლაც გადარეულია და ამ აღფრთოვანებას ვადა არ აქვს - იმიტომ, რომ ამ მანქანებს დღემდე ისეთი აურა აქვთ, როგორიც ფაქტობრივად ვერცერთ სხვა ანტიკვარს ვერ ექნება. თუ გნებავთ, თავად შეამოწმეთ: აიღეთ ძველი, ოღონდ ორიგინალი ”მუსტანგი” და ამ მანქანით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყურადღების ცენტრში მოექცევით.

რაც შეეხება მეორე განცდას: ამ იუბილეზე შიშისმომგვრელი მხოლოდ რიცხვია. რიცხვი 50. სწორედ ამდენი წელი გასულა მას მერე, რაც ჰენრი ფორდ მეორემ თავის
ბეჯით თანამშრომელ ლი იაკოკას მუსტანგის პროექტი მოუწონა და მწვანე შუქი აუნთო. დღევანდელი გადასახედიდან ეს ”ფორდის” შეფის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

ლი იაკოკამ, რომელმაც ”ფორდში” მუშაობა 1946 წელს პრაქტიკანტად დაიწყო, 60-იანი წლების დასაწყისში ყველაფერი იდეალური სიზუსტით გათვალა: ახალგაზრდა ამერიკელებს იმ დროს რადიკალური ცვლილებები მოსწონდათ. ეს ეხებოდა როგორც მუსიკას (Beatles, Rolling Stones), ისე პოლიტიკას (კენედი) და, რა თქმა უნდა, ავტომობილებსაც. ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გამოშვებულ მანქანებს უკვე აღარ აფასებდნენ და რაღაც ახალი, მაგარი, მიმზიდველი, რადიკალურად სხვანაირი და, ამავდროულად, ხელმისაწვდომი სურდათ.

Auto Bild
”მუსტანგი” 1964 წლიდან გამდის, Fox-ის თეატრი კი დეტროიტში 1928 წლიდან დგას

იაკოკა და მისი შეფინჟინერი დონალდ ფრეი თავიდან ორადგილიან როდსტერზე ფიქრობდნენ, რომელსაც V4 ძრავა ჰქონდა და 1962 წელს პროექტ T5-ის სახელით გამოჩნდა. მაგრამ ფორდმა იუარა. ამის მიზეზი ალბათ მაინც ის იყო, რომ იმხანად, მასობრივი თვალსაზრისით 2-ადგილიანები ტოქსიკური რისკი იყო. თუმცა იაკოკას გეგმა B-ც ჰქონდა შემუშავებული და დიზაინის გუნდს, რომელსაც ჯო ოროსი ხელმძღვანელობდა, 2-კარიანი, მაგრამ 2+2-ადგილიანი მანქანა დაახატინა, რომელიც არსებული მოდელების ტექნიკას მიიღებდა და, შესაბამისად, ხელმისაწვდომი იქნებოდა. სწორედ ამით მოარტყა მან ათიანში! ”მუსტანგი” ჯერ ”ფორდში” მოეწონათ, მერე კი მის სარეკლამო კლიპებზე ყველა გადაირია. წარმატების უმთავრესი საიდუმლო კი მისი დაბალი ფასი გახლდათ, რომელიც 2 368 დოლარიდან იწყებოდა, რამაც ახალგაზრდა ამერიკელები ჭკუიდან შეშალა.

Auto Bild
60-იან წლებში ეს ამერიკელების საყვარელი ხედი იყო

კიდევ რამდენიმე რიცხვი და მერე თანამედროვე დეტროიტში დავბრუნდეთ. ”ფორდმა” ”მუსტანგი” პირველად ნიუ იორკის ავტოშოუზე, 1964 წლის 17 აპრილის დილას წარმოადგინა და საღამოს უკვე 22 000 შეკვეთა იყო რეგისტრირებული. 18 თვის შემდეგ კი უკვე მილიონი ”მუსტანგი” იყო გაყიდული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩიკაგოში ”მუსტანგები” რამდენიმე შოურუმი გამოკეტეს კიდეც - სადილეროებს იმდენი ხალხი მიაწყდა, რომ ათეულობით დამთვალიერებელი დაშავდა და ”ფორდმა” მასობრივი პანიკის აღკვეთა შოურუმების დახურვით გადაწყვიტა. ტექსასში ერთი ”მუსტანგი” 15 ადამიანს უნდოდა და მსურველებმა სახელდახელო აუქციონიც კი გამართეს, რომელიც ერთმა ახალგაზრდა კაცმა მოიგო და მერე მთელი ღამე ”მუსტანგში” გაათენა, მეორე დღეს კი მანქანიდან მანამ არ გადმოვიდა, სანამ ბანკმა მისი ჩეკი არ დაადასტურა. იმავდროულად ალაბამაში, კერძოდ კი ჰანსტვილში საავტომობილო რბოლა იმის გამო შეწყდა, რომ 9000-მდე ადამიანი ტრასაზე შეიჭრა - მათ Pace Car-ის ახლოს ნახვა სურდათ. Pace Car, რა თქმა უნდა, ”მუსტანგი” გახლდათ...

...სწორედ ისეთი, რომელიც აი, ახლა გარაჟიდან გამოგვყავს. ეს არის Fastback GT-A, რომელიც ქალბატონ კატის ეკუთვნის. გვარიც ვკითხეთ, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. სამაგიეროდ, მნიშვნელოვანია მისი უძვირფასესი ”მუსტანგი”, რომელიც AUTO BILD-ის ფურცლებზე მოხვდება. “Have Fun!” - გვეუბნება კატი და თბილად გვიღიმის.

Auto Bild

მზის ამოსვლას სწორედ მისი V8-აგრეგატის ბასით შევეგებეთ - ”მუსტანგმა” თავისი მშობლიური მიწა დაგვათვალიერებინა. იუბილარმა დირბორნიდან პირდაპირ იოზეფ ერანტესთან წაგვიყვანა - კაცთან, რომელიც 50 წლის წინათაც ”ფორდში” მუშაობდა და ”მუსტანგის” დაბადებას ცოცხლად შეესწრო (იხილეთ მარცხნივ). ფირმის ოფისს ისე ჩავუარეთ, აღარ შევსულვართ, რადგან იქ დღეს არცერთი კლასიკური ”მუსტანგი” აღარ დგას - ასეთს მხოლოდ მუზეუმში შეხვდებით და ისიც მხოლოდ დასათვალიერებლადაა გამოფენილი, გატარება კი არ შეიძლება. სამწუხაროა! ამის ნაცვლად, კატის ”მუსტანგმა” დეტროიტი განუმეორებელი ადგილები მოგვატარა - ძველი რკინიგზის სადგური, Fox-თეატრი და ისეთი კუთხე-კუნჭულები, რომლებიც დღემდე უცვლელია. მერე ცენტრში გამოვედით, რის შემდეგაც გეზი უკვე დაუნთაუნისკენ ავიღეთ და ხალხში გავერიეთ.

Auto Bildიქ ”მუსტანგის” დანახვაზე თვალები ყველას სიყვარულით ევსება. ბევრს ცრემლებიც კი მოადგა. ხალხი მანქანას ეფერებოდა! დეტროიტს სიგიჟემდე უყვარს ეს მანქანა, რადგან ”მუსტანგი” იმ დროის სიმბოლოა, როცა არც კრიზისი იყო და მომავლისაც არავის ეშინოდა. სიმბოლო, რომელიც 60-იანი წლების ამერიკის ისტორიას დღემდე უნაკლოდ და სიტყვა სიტყვით გვიყვება. რა გასაკვირია, რომ დიზაინი დღემდე ნორჩია, ტექნიკა კი - აქტიური და ცოცხალი.

დღის ბოლოს ძველ ”მუსტანგთან” ერთად დაისით ვისიამოვნე. ისეთებს, როგორიც ისაა, ასაკის არასდროს არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ამ მანქანის დანახვისას ნახევარ მსოფლიოს სუნთქვა ეკვრება და გულისცემა უხშირდება. ესეც ლოგიკურია, რადგან ამაზე უკეთესი ”მუსტანგი” მერე დიდხანს აღარ გამოსულა. 1974-დან 2004 წლამდე გამოშვებული ბევრი კარგი თუ საშუალო მოდელის შემდეგ, მხოლოფ 2004-იდან გამოჩნდა კიდევ ერთი მართლაც გრანდიოზული ”მუსტანგი”.

ახლა კი კიდევ ერთი ახალი ”მუსტანგიც” დაიბადა, რომელიც პუბლიკის მოხიბვლას 4-ცილინდრიანი ტურბოაგრეგატებითა და უკანა ღერძზე განცალკევებული დაკიდებით აპირებს.

მონუსხავს ახალი ”მუსტანგი” მსოფლიოს? ამ კითხვაზე პასუხი 50 წლის შემდეგ გვეცოდინება.
დანი ჰაინე

Auto Bild
Happy End დეტროიტში. 50 წლის იუბილეზე ”მუსტანგის” წინაშე თვით მზეც ქედს იხრის. მადლობა მუსტანგს! მადლობა დეტროიტს!

ყველა ”მუსტანგი” არ იყო გადასარევი - იყვნენ ასეთებიც და ისეთებიც

Auto Bild
1964–1966 პირველი თაობა: ათლეტური და მარტივი ”მუსტანგი”. სტარტზე 6 და 8-ცილინდრიანი ძრავებითა და ბევრი ექსტრა-ოფციით იწარმოებოდა

Auto Bild
1967–1968 ”მუსტაგი” დაგრძელდა და გაგანიერდა. სტივ მაკქვინის გამო ის ყველაზე მაგარ ტიპად მიიჩნეოდა. ჰქონდა უმძლავრესი ძრავა: 6,4-ლ.-V8

Auto Bild
1969–1970 ზომამ ისევ მოიმატა! ”მუსტანგი” სიგრძეში უკვე 4,76 მეტრი გახლდათ და პირველად მიიღო 7-ლიტრიანი V8-ძრავა

Auto Bild
1970–1973 კიდევ უფრო დიდი, გრძელი და მძლავრი ”მუსტანგი”. თუმცა ეს მოდელი მხოლოდ 420 000-მა ადამიანმა შეიძინა

Auto Bild
1974–1978 რეაქცია ნავთობის კრიზისზე: დოღისთვის გამზადებული ცხენისგან სიმპათიური ”პონი” მივიღეთ. ბაზა: Ford Pinto

Auto Bild
1979–1993 ეს ვერსია დიდხანს ძლებდა, მაგრამ მოსაწყენი იყო. თავიდან სულაც მხოლოდ 4-ცილინდრიანი ძრავებით გამოდიოდა. დღეს ძალიან იაფად იყიდება

Auto Bild
1994–2004 ეს უკვე ჯერ კიდევ 1977 წლის Fox-პლატფორმაზე აწყობილი, მაგრამ უკვე 395 ცხენის ძალამდე სიმძლავრის მქონე ”მუსტანგია”

Auto Bild
2004–2009 Yeah! როგორც იქნა, 2004 წლიდან ”მუსტანგმა” რეტრო-დიზაინი მიიღო, რამაც ხალხი ისევ გადარია. ეს ვერსია (განსაკუთრებით V8) ძალიან კარგად გაიყიდა

Auto Bild
2009–2014 ”ფორდმა” წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ისწავლა და, გასუქების ნაცვლად, ”მუსტანგი” კიდევ უფრო გაამძაფრა

Auto Bild
ახალი მუსტანგი ეს უკვე ახალთახალი ”მუსტანგია”, რომელსაც ასევე ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს


"მე მუსტანგის დაბადებას დავესწარი!"

Auto Bild

”...და ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია,” - დასძენს იოზეფ ერანტე. დღეს უკვე 86 წლის იოზეფი 60-იანი წლების დასაწყისში, დირბორნში ”ფორდის” მეხელსაწყოედ მუშაობდა. როცა შეიტყო, რომ დიზაინის განყოფილება ახალ სპორტულ კუპეზე მუშაობდა, ყოველ შესვენებაზე პროტოტიპთან მიდიოდა და პირველი ”მუსტანგის” შექმნის პროცესს თვალყურს ადევნებდა. ”ამაზე უკეთესის შექმნა შეუძლებელი იყო!” - ამბობს იოზეფი.
სახლში დაბრუნების შემდეგ კი ყველაფერს თავის მეუღლეს უყვებოდა და საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქნა, შეძლო ცოლის დარწმუნება იმაში, რომ მიუხედავად 4 შვილისა და სახლისთვის აღებული კრედიტისა, ეყიდათ Mustang Coupe (V8). ეს 1965 წელს მოხდა. იოზეფს ცოლი და ”მუსტანგი” დღემდე ჰყავს. კუპე იმდენად კარგ მდგომარეობაშია, რომ ”ფორდის” წარმომადგენლები ხშირად თხოულობენ ხოლმე სხვადასხვა წვეულებებისთვის. ერთხელ მას პირადად ლი იაკოკაც კი ესტუმრა...

Auto Bild
1965 წელს იოზეფ ერანტემ ბევრი მცდელობის შემდეგ შეძლო თავისი ოჯახის დარწმუნება იმაში, რომ ”მუსტანგი” ეყიდათ

Auto Bild

Auto Bild
”მუსტანგმა” იოზეფს წლების მანძილზე უამრავი ტროფეი მოუტანა
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში
სრულად
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე
სრულად
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად