რომანტიკული მოგზაურობა Honda S800-ით
რომანტიკული მოგზაურობა Honda S800-ით
07.05.2014
ფერმები, გუგულიანი საათები, გლოტერტალის სტილის ქუჩები - და ეს ყველაფერი იაპონიაში, სადაც მცირე მოგზაურობით ბევრი რამ აღმოვაჩინეთ. მოგზაურობის მთავარი გმირი Honda S800 იყო - პატარა როდსტერი, რომლითაც იაპონელები 50 წლის წინათ ევროპაში ჩამოვიდნენ

Auto Bild
რომანტიკული როდსტერი ფსევდო-რომანტიკული მაღაზიის წინ. გუგულიანი საათები პლასტმასისაა

ორი მელოდია ერთდროულად, ცოტა არ იყოს, ნამეტანია. თანაც იმ დროს, როცა ავტომობილს მართავ. პირველ კომპოზიციას მაღალტექნოლოგიური, 4-ცილინდრიანი ძრავა მთავაზობს და 800-სმ3 ძრავის კვალობაზე წარმოუდგენლად სასიამოვნოდ ჟღერს. რაც შეეხება მეორე მელოდიას: ეს უკვე მისტიკური კომპოზიციაა, რომელიც ძრავის ”სიმღერას” ახლახან შემოუერთ
და და ავტომობილის ქვემოდან ისმის. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ წუთას ცუმაგოიდან კუსაცუსკენ მივემართებით - თუკი ეს სახელწოდებები რამეს გეუბნებათ. იაპონიის მთავარი კუნძულის, ჰონსიუს ცენტრში ვიმყოფებით, ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზე და ავტომობილის ქვემოდან წამოსულმა მელოდიამ, რბილად რომ ვთქვათ, შოკში ჩაგვაგდო. უნდა გავჩერდეთ, შევამოწმოთ.

ღარები! ასფალტზე ღარებია, რომლებზეც მანქანა ისე იღებს მელოდიას, როგორც ბგერათამთმევი პატეფონის ფირფიტიდან! ოჰ, ეს იაპონელები - მათი ფანტაზია ხომ ყოველთვის უსაზღვროა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ეს კუსაცუს ჰიმნია. იდეა კი მართლაც შესანიშნავია: წარმოიდგინეთ, ყველა რეგიონში რომ იყოს ერთი ისეთი გზა, სადაც ავტომობილი
იმ რეგიონის ჰიმნს დაუკრავდა, მძღოლი ნავიგაციის გარეშეც იცნობდა ადგილსამყოფელს...

ხუმრობა იქით იყოს და მართლაც საოცნებო მოგზაურობა გამოგვივიდა - იაპონიის ულამაზეს ადგილებში ვიარეთ და თანაც, სავარაუდოდ იაპონიის ყველაზე ძვირფასი ავტომობილით - Honda S800-ით.

Auto Bild

ეს შესანიშნავი როდსტერი, რომელიც 50 წლის წინათ გამოვიდა, თავის დროზე მთელი დასავლეთისთვის შოკი იყო. იმხანად, იაპონია საავტომობილო თემატიკით ევროპასთან არცისე ახლოს იყო, ამ ავტომობილს კი ყველგან ცნობდნენ და გამოარჩევდნენ.

S800-ს ალუმინის 4-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, მოქნილი, მაღალ ბრუნებზე მუშაობის სიბეჯითითა და ორი, ზემოთ განთავსებული გამანაწილებელი ლილვით. ევროპული ბრენდების ინჟინრები მაშინ ”ჰონდას” ამ მოდელს საკმაოდ დიდხანს იკვლევდნენ, გაოცებულები იყვნენ იმით, რომ მისი აგრეგატისთვის 9000 ბრუნი ნორმალური მოვლენა იყო და 12 000 ბრუნსაც კი უპრობლემოდ აკეთებდა. მართალია, ბრუნის მომენტი 69 ნმ გახლდათ, მაგრამ მერე რა - თამამად უნდა გადაგერთო სიჩქარეები, რაც იაპონიაში ამ მართლაც რომანტიკული მოგზაურობის დროს უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე. ჰონსიუს მთებში ციცაბო აღმართები და მკვეთრი მოსახვევები ხშირია, სწრაფად ვერ მივდიოდით, მაგრამ არც გვეჩქარებოდა - მით უმეტეს იმ დროს, როცა რომანტიკულ ქუჩაზე გადავუხვიეთ.

Auto Bild
ჰონსიუს მთებში Honda S800-ით მოგზაურობა დიდი სიამოვნებაა

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ქუჩას მართლაც ასე ჰქვია - ”იაპონიის რომანტიკული ქუჩა”. და, რაც ყველაზე მთავარია, ქუჩის დასაწყისში წარწერა გერმანულ ენაზეა გაკეთებული: ”იაპანიშე რომანტიშე შტრასე”! ქუჩას ასეთი სახელწოდება სწორედ გერმანიის პატივსაცემად დაერქვა. საქმე იმაშია, რომ მელოდიური ასფალტის მქონე კუსაცუს გერმანიასთან ბევრი რამ აკავშირებს. სადღაც მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1900 წელს აქ ორი გერმანელი ექიმი ჩამოსულა, რომლებმაც იაპონელები დასავლურ მედიცინას აზიარეს. კუსაცუში ყველაზე სასარგებლო ცხელი წყაროები, გარშემო კი სულ ვულკანებია. გზას ცხელი მდინარეების გავლით მივყავართ, გვერდით კი პარკია, სადაც გერმანელი ექიმების ბრინჯაოს ორი ბიუსტი დგას, იქვე მარმარილოს დაფა, რომელზეც გერმანულად წერია: ”მეგობრობა იაპონიასა და გერმანიას შორის”.

თუმცა ჩვენი მოგზაურობა განსაკუთრებით საინტერესო ჯერ კიდევ 100 კილომეტრის წინ გახდა, როცა უედას ციხესიმაგრეს მივაღწიეთ. ეს უკანასკნელი ტოკიოდან 200 კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. იაპონური ციხეები მძინარე მზეთუნახავებს არ ჰგვანან - ლოგიკურია, რომ მათგან სამურაების სულისკვეთება გამოსჭვივის. ზოგს მოხრილი სახურავი აქვს, ზოგს ორმაგი, სამმაგი, ან მრავალმაგი სახურავი და ცხადია, რომ ყველანაირ სახურავს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ისევე, როგორც ბევრ რამეს ამ საიდუმლოებებით მოცულ ქვეყანაში.

Auto Bild
ასეთ შესანიშნავდ კოკპიტებს აკეთებდა ”ჰონდა” 50 წლის წინათ

ყველაზე მისტიკური აქ ალბათ მაინც ასამას ვულკანია. კარუიზავადან, რომელიც მთაში გაშენებული ქალაქია, შესანიშნავი ხედები იშლება, რომანტიკულ ქუჩას კი, სერპენტინებით, კიდევ უფრო მაღლა ავყავართ, სადაც უკვე სასტიკად არარომანტიკული სიტუაციაა - აქ სუვენირები იყიდება. თუმცა დილაუთენია აქ ბევრი ხალხი არ ტრიალებს, რის გამოც ჩვენს გემოზე შეგვიძლია ვიბოდიალოთ და ისეთ ადგილებშიც გადავიდეთ, სადაც ტურისტებს ჩვეულებრივ არ უშვებენ ხოლმე. გიგანტურ ასამას ღრმა ძილით სძინავს. რა სამწუხაროა, რომ დღეს მისი მწვერვალი ღრუბლებითაა დაფარული.

ჩვენ აქ კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი - რაც უნდა იყოს, რომანტიკული გზის მანძილი 350 კილომეტრია. ვიწრო გზებით ნაკანოიოში გადავდივართ, იქიდან კი, ნუმატას გავლით, Lockheart Castle-ს ვსტუმრობთ, რომელიც მართლაც თითოეული ქვის დონეზე წამოიღეს შოტლანდიიდან. მერე კი ისევ ზევით, მთებში და ტყეებში მივდივართ, სადაც თვალწარმტაცი ტბები კიდევ ერთხელ, ვინ მოთვლის, მერამდენედ გვარწმუნებს იმაში, რომ იაპონია საოცარი ქვეყანაა, რომლის აღმოსაჩენად მთელი ცხოვრებაც კი არ გეყოფა.

Auto Bild
გერმანული რესტორანი Imbiss Schwester კარუიზავაში

ჩვენი ისტორიული ”ჰონდა” კი აქ თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მუხრუჭები ჯერ კიდევ ძალიან მყარია, გადაცემათა კოლოფი წვალებას უკანასკნელი სამურაივით უძლებს, 4-ცილინდრიანი ძრავა კი ისევ მღერის. ფინიში ტაძრის ქალაქი ნიკოშია - მარტო ამის სანახავად ღირდა აქ ჩამოსვლა. მანქანის ქვემოდან ისევ გვესმის მელოდია, მაგრამ გაჩერება აღარ გვჭირდება, რადგან უკვე ვიცით, რასაც ნიშნავს ეს კომპოზიცია...
ბერნჰარდ შმიდტი

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
06.04.2015
ნახევარი საუკუნე სიცარიელეში - პაკარდის ქარხნის ნანგრევები დეტროიტში
სრულად
06.04.2015
თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე
სრულად
16.02.2015
ყველაზე დიდი მაკეტი მსოფლიოში, რომელსაც ახალი ”სმარტიც” დაემატა
სრულად