ნუ დაიხშობთ ყურებს!
ნუ დაიხშობთ ყურებს!
23.12.2014
მძღოლების უმრავლესობისთვის ავტომობილის მუსიკის გარეშე მართვა წარმოუდგენელია, მაგრამ არსებობს საზღვარი, რომლის გადალახვაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
Auto Bild
მუსიკა კარგია, ხშირად აუცილებელიც, მაგრამ თუ მძღოლი თავის ავტომობილს ოთხ ბორბალზე შემდგარ დისკოთეკად გადააქცევს, საკუთარ და სხვების უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნის. მუსიკის მოყვარულებს ავტომობილში საყვარელი კომპოზიციები ხშირად იმდენად ხმამაღლა აქვთ ჩართული, რომ ფეხით მოსიარულეებსაც შეუძლიათ იმღერონ, თავად მძღოლს კი აღარც სიგნალის ხმა ესმის და არც პოლიციის ან სასწრაფო სამედიცინო
დახმარების მანქანის სირენა. გადავწყვიტეთ, უფრო საფუძვლიანად გაგვერკვია, რა დროს აღარ ესმის მძღოლს ხმამაღალი მუსიკის გამო სიგნალისა და სირენის ხმა?

Auto Bildასეთი ტესტის ჩატარება ჰამბურგის სახანძრო სამსახურის აკადემიაში მოხერხდა. ჩვენ ავტორმა ბენდიქს კრონმა თავის მანქანაში მუსიკას ბოლომდე აუწია და აპარატმა 90 დეციბელი გვიჩვენა. მის უკან, 150 მეტრის მოშორებით სახანძრო ავტომობილმა სირენა ჩართო, რომლის სიმძლავრე 110 დეციბელი გახლდათ. კრონი მანქანას ვერ ხედავდა, ფანჯრები დახურული ჰქონდა და თუ სირენას გაიგონებდა, ხელი უნდა აეწია. ამ დროს, სახანძრო მანქანა მას ნელ-ნელა უახლოვდებოდა. 130, 90, 70, 50, 20 მეტრი და არანაირი რეაქცია! ბენდიქსმა ხელი მხოლოდ მაშინ ასწია, როცა სახანძრო 11 მეტრის დისტანციაზე მიუახლოვდა. ეს კი ძალიან მცირე და
სარისკო მანძილია იმისათვის, რომ უსაფრთხო მანევრი შეასრულო და სახანძროს გზა დაუთმო.

რა ხდება ველოსიპედისტის შემთხვევაში, რომელსაც ყურსასმენები უკეთია? ბენდიქსი სახანრძო მანქანასთან ისევ ზურგით დადგა ყურსასმენები გაიკეთა - 95 დეციბელი 110 დეციბელის წინააღმდეგ! შედეგი: ბენდიქსმა ხელი მაშინ ასწია, როცა მანძილი 25 მეტრამდე შემცირდა. ასეთ მანძილზე ველოსიპედისტი უსაფრთხო და სწრაფი მანევრის შესრულებას კიდევ მოახერხებს.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლები პრობლემებს ყოველდღე აწყდებიან. ”ზოგი ექსტრემალურად ამუხრუჭებს, სხვები კი უცებ 80 კმ/სთ-მდე ააჩქარებენ ხოლმე ავტომობილს,” - გვეუბნება მეხანძრე და დასძენს: ”არ დაიჯერებთ და, ხანდახან ისეც ხდება, რომ გზას არ გვითმობენ!” და თუ დაბნეულ ან თავხედ მძღოლს თან მუსიკაც ხმამაღლა აქვს ჩართული, ვითარება კიდევ უფრო რთულდება, რადგან რაც უფრო გვიან გაიგონებს მძღოლი სირენის ხმას, მით უფრო ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ გზა უსაფრთხოდ დაუთმოს.

ასეთ დროს განსაკუთრებული ქაოსი შუქნიშნებზეა ხოლმე. მძღოლები გზაჯვარედინზე გადასვლას ვეღარ რისკავენ და დახმარების მანქანაც იჭედება. არადა, არავის უნდა ეშინოდეს ჯარიმის, თუ წითელზე იმის გამო გაივლის, რომ გზას სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას დაუთმობს. ადამიანის სიცოცხლე ნებისმიერ ჯარიმაზეა მნიშვნელოვანია!

მაგრამ ვისაც მუსიკა უმაღლეს ხმაზე აქვს ჩართული და ყურსასმენები უკეთია, ვერაფერს გააგებინებ.

ასე ჩავატარეთ ტესტი
Auto Bild
ჰამბურგის სახანძრო სამსახურის აკადემიაში სირენისა და მუსიკის ხმის სიმძლავრეს შტეფან ჟიხი ზომავდა, ჩვენი მეორე თანამშრომელი ბენდიქს კრონი კი საჭესთან ან ველოსიპედზე ჯდებოდა და მუსიკას ყურსასმენებიდან უსმენდა. სახანძრო მანქანა მისკენ ნელი სვლითა და ჩართული სირენით იძრებოდა, კრონი კი ხელს მაშინ სწევდა, როცა სირენის ხმას გაიგონებდა. ამ დროს სახანძრო ჩერდებოდა, რის შემდეგაც მასსა და კრონს შორის მანძილს ვზომავდით.

დასკვნა
მანქანაში მუსიკა ძალიან მაგარი რამ არის - ისევე, როგორც სიმღერა და ღიღინი. მაგრამ თუ ხმამაღალი მუსიკის გამო თანამგზავრს ვეღარ ელაპარაკებით და სიგნალები და სირენები აღარ გესმით, თქვენი (და არა მარტო თქვენი) უსაფრთხოება დაცული აღარაა. მძღოლს სმენა დახშული არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს!
შტეფან ჟიხი
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.