როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად?
როგორ ვიყიდოთ მანქანა საქართველოში სარფიანად?
09.03.2015
რჩევები მათთვის, ვინც ავტომობილის შეძენას აპირებს:

ავტომობილი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს - საკმარისია, დაახლოებით 3000-დოლარიან კრედიტზე ხელი მიგიწვდებოდეთ, რომ საკმაოდ ნორმალურ მანქანას შეიძენთ. ასეთ კრედიტზე კი ხელი ძალიან ბევრს მიუწვდება - ამიტომაც გადააჭარბა ავტომობილების რაოდენობამ საქართველოში ერთ მილიონს.

Auto Bildჟურნალ AUTO BILD-ის ქართული გამოცემის რედაქტორი შალვა ბუაჩიძე: ”მარტო ფულის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მანქანას სარფიანად იყიდი. მყიდველს პირველ რიგში აინტერესებს, როგორია მისთვის სასურველი მანქანა - რამდენად გამძლეა, რა პრობლემები შეიძლება ახასიათებდეს და ა.შ. AUTO BILD-ის ფეისბუქის გვერდზე (Auto
Bild Georgia) უამრავი მკითხველი გვწერდა და გვეკითხებოდა სხვადასხვა ავტომობილების შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ავტო-კატალოგი სახელწოდებით ”რა მანქანა ვიყიდოთ”, სადაც საქართველოში პოპულარული 400-მდე ავტომობილის დეტალური მიმოხილვის ნახვა შეიძლება.”

ჟურნალი AUTO BILD წარმოგიდგენთ 7 რჩევას მათთვის, ვინც ავტომობილის შეძენას აპირებს:

1. მოიძიეთ ინფორმაცია

მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი. ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია ვებგვერდზე autobild.ge, რუბრიკაში ”რა მანქანა ვიყიდოთ”. გაიგეთ სასურველი მოდელის მინიმალური
და მაქსიმალური ფასი. ვებ-გვერდის ამავე განყოფილებაში ნახავთ საქართველოში პოპულარული მეორადი ავტომობილების დეტალურ მიმოხილვას - ყველა მოდელის პლუსებს, მინუსებს, ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში ხელმისაწვდომი სერვისის შესახებ. ჩვენი კატალოგი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რა სისუსტეები ახასიათებს თქვენთვის სასურველ მანქანას.

2. ფასის ლიმიტი

დაისახეთ ფასის კონკრეტული ლიმიტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ნუ ეტყვით გამყიდველს, კიდევ რა ვარიანტები გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო იაფად შეძენის შანსი ხელიდან გაუშვათ. თუ ხედავთ, რომ გამყიდველი ფასს აღარ დააკლებს, წაუყენეთ მას დამატებითი მოთხოვნები - მაგალითად, მოსთხოვეთ უახლოესი სავალდებულო სერვისის დაფინანსება (მაგალითად, ზეთის გამოცვლა). თუ ატყობთ, რომ საბურავები ძველია, მოითხოვეთ ახალი საბურავები.
Auto Bild
3. შეამოწმეთ ავტომობილი

წაიყვანეთ ვინმე ავტომობილის დასათვალიერებლად. თუნდაც ავტო-ექსპერტი არ იყოს, მოლაპარაკებაზე მარტო წასვლას ვინმესთან ერთად წასვლა ჯობია. შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ ავტომობილი პროფესიონალს, აუცილებლად მოიწყვეთ ტესტ-დრაივი. მოსთხოვეთ გამყიდველს მანქანის წიგნი (თუკი არსებობს), სადაც აღნიშნულია, როდის რა გამოუცვალეს ავტომობილს. თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამყიდველი მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება.

4. იყავით თავდაჯერებული

სასურველია, რომ იყოთ სოლიდურად ჩაცმული. ივაჭრეთ თამამად და მკაცრად! მაგრამ ნუ გადაამეტებთ და შეეცადეთ, რომ კრიტიკა იყოს აგრუმენტირებული. არ შეურაცხყოთ ავტომობილი და მით უმეტეს გამყიდველი, იყავით სამართლიანი. მოლაპარაკებების დროს კარგ ატმოსფეროს და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და შეთანხმების შანსს ზრდის. მოლაპარაკებების დროს ყველაზე მთავარი ჯანსაღი თავდაჯერებაა და თუ გრძნობთ, რომ თავდაჯერებას კარგავთ, შეწყვიტეთ მოლაპარაკება - ალტერნატივა ხომ უამრავია.

5. არ აყვეთ გრძნობებს

„ეს ჩემი ოცნების ავტომობილია! ხუთი წლისაა და მაინც რა კარგად გამოიყურება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ეგზემპლარია მათ შორის, რაც ოდესმე მინახავს!“ - ვინც ასე, ან დაახლოებით ასე იწყებს მოლაპარაკებას გამყიდველთან, ფასს არ დაუკლებენ. გამყიდველმა არ უნდა იგრძნოს, რომ თქვენ ამ მანქანის ყიდვა ძალიან გინდათ. თუ მიხვდა, რომ ერთი სული გაქვთ, როდის გაიფორმებთ ამ ავტომობილს, ფასს მხოლოდ ოდნავ თუ დააკლებს (რას ისედაც ჰქონდა გათვალისწინებული). დაიხსომეთ: პირველად ნათქვამი ბოლო ფასი თითქმის არასდროს არ არის ბოლო ფასი!

6. მოსაფიქრებელი დრო

ნუ დათანხმდებით სწრაფად, მოითხოვეთ დრო მოსაფიქრებლად. მეორადი ავტომობილის ყიდვისას დაშვებული შეცდომა უმეტესად გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაა. სერიოზული გამყიდველი მანქანის იმ დღესვე შეძენას არასდროს გაიძულებთ. წადით სახლში და კიდევ ერთხელ დაფიქრდით, არის თუ არა ეს თქვენთვის სასურველი ავტომობილი, რომელშიც იმ თანხის გადახდა გიღირთ. გაიხსენეთ გამყიდველთან საუბარი დეტალურად - ხომ არ იცრუა სადმე? ერთი ტყუილიც კი ბევრს ნიშნავს! თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, დაგეგმეთ ყიდვის პროცედურა.
Auto Bild
7. საბოლოო შეთანხმება

როცა საქმე ხელის საბოლოო ჩამორთმევაზე მიდგება, ხელის გაწვდამდე ფასის კიდევ უფრო დაკლების ბოლო შანსიც გამოიყენეთ. „მოკლედ, ამ ფასად ვყიდულობ! ამაზე მეტს არ ვიხდი, შევთანხმდით?“ - ამ სიტყვების მოსმენისა და გამოწვდილი ხელის დანახვის შემდეგ გამყიდველი ხშირად დგამს თქვენთვის სასურველ კიდევ ერთ ნაბიჯს. თუ უარი თქვა, ყოველთვის შეგიძლიათ იმ ფასად ყიდვა, რასაც ითხოვს და ის ფაქტი, რომ ორიოდე წამის წინ „ამაზე მეტს არ იხდიდით“, ნამდვილად არ არის სამარცხვინო. ეს ბიზნესია! საბოლოო შეთანხმებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგ აღარ განაგრძოთ დისკუსია ავტომობილისა და მისი ფასის შესახებ! საჭიროების შემთხვევაში გადაიტანეთ საუბარი სულ სხვა თემაზე, გაიფორმეთ ავტომობილი და სულ მწვანეზე გევლოთ.