ელექტრომობილების დრო მალე მოვა!
ელექტრომობილების დრო მალე მოვა!
26.02.2014
Tesla-ს შეფი ელონ მასკი სამომავლო გეგმების, Model S-ისა და ზოგადად ელექტრომობილების პერსპექტივაზე საუბრობს

მომავალი ელექტრომობილებისააო, ასეთი მოსაზრება ხშირად გვესმენია - ბევრი ეთანხმება, უფრო მეტი კი - არა. ფაქტი ისაა, რომ სიტყვა ელექტრომობილი პირველ რიგში Tesla Motors-თან ასოცირდება, ამ კომპანიის შეფ ელონ მასკს კი სჯერა, რომ მომავალი ელექტრომობილებისაა. მასკი AUTO BILD-ს ინტერვიუზე სიამოვნებით დათანხმდა.

AUTO BILD: ახალი Tesla Model S ევროპაში უკვე გამოჩნდა. რამდენად მზადაა ეს მდიდრული ელექტრომობილი ავტობანებისთვის?

ელონ მასკი: არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგადაა. ევროპული ავტობანებისთვის კლიენტებს High Speed Performance
Upgrade-ს უფასოდ ვთავაზობთ.

- რამდენად მზადაა ევროპა ელექტრომობილებისთვის? მაგალითად, გერმანია ნამდვილად არ არის ელექტრომობილების ქვეყანა...

- ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გერმანია და სხვა ქვეყნები ელექტრომობილების ქვეყნებად ვაქციოთ. აქ კვირასი 200-დან 300-მდე ავტომობილის გაყიდვა გვინდა. ჩემი რწმენით, გერმანიას შეუძლია, გაყიდვების მხრივ გახდეს მესამე ქვეყანა ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ. ყოველ 100 კილომეტრში სერვის-ცენტრი უნდა გავხსნათ. ავტობანებზე დასამუხტი წერტილები უნდა დავამონტაჟოთ, სადაც Tesla Motors-ის კლიენტები თავიანთი ავტომობილების აკუმულატორებს 20 წუთში უფასოდ დამუხტავენ. საერთო ჯამში, მარტო გერმანიაში 60-დან 70 მილიონამდე ამერიკული დოლარის ინვესტიციას ვდებთ.

- აქამდე ვიცოდით, რომ დამუხტვას
ნახევარი საათი სჭირდება...


- ახალი ტექნიკა უფრო ძლიერია და 120-ის ნაცვლად, 135 კილოვატით მუხტავს.

- ელექტრომობილებს ახლა უკვე გერმანული ავტომწარმოებლებიც ქმნიან: BMW-მ i3 გამოიყვანა, ”ფოლკსვაგენმა” – E-Up და E-Golf. კონკურენტებზე რას იტყოდით?

- მე, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, რომ BMW-ს i3 არ უნდა გაეკეთებინა და ამ კონცერნს ჭკუას არ დავარიგებ, მაგრამ ფაქტია, რომ დამუხტვის შემდეგ მცირე მანძილს გადის და მანქანა ერთობ საეჭვოდ გამოიყურება. ”ფოლკსვაგენის” ბოსი მარტინ ვინტერკორნი კი ჭკვიანი და წინდახედულია. იგი კარგად იცნობს ამ ტექნიკას. მას ელექტრომობილების ჯერ ბოლომდე არ სჯერა და როცა ირწმუნებს, ამ ტექნოლოგიაში ძალიან დიდ ინვესტიციას ჩადებს. ოთხწლინახევრის წინ ”დაიმლერმა” გაკონტრებისგან გვიხსნა, ახლა კი მალე ელექტრონული ”B-კლასი” გამოვა.

- თქვენებურად რომ ვთქვათ, მსოფლიოს გაუმჯობესების იდეა Better Place-ს და ”ფისკერსაც” ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს. რატომ?

- Better Place ცარიელი მარკეტინგი იყო, ”ფისკერი” კი - ცარიელი დიზაინი. ჰენრიკ ფისკერს შეუძლია, ულამაზესი მანქანა შექმნას, მაგრამ ავტომობილი ხომ ფუნქციურიც უნდა იყოს.

- ცნობილია, რომ წელს 20 000 Tesla Model S გაყიდეთ...

- ...სდექ! 21 000 იქნება. ჩვენთვის ეს დიდი განსხვავებაა.

- ...და თქვენს ავტომობილს უცბად ცეცხლი წაეკიდა, რის გამოც Tesla Motors-ის აქციების კურსმა 13 პროცენტით დაიწია.

- ვისაც ეშინია, ჩემს მანქანას ცეცხლი არ გაუნჩდესო, ავტომობილში საერთოდ არ უნდა ჩაჯდეს - არც ელექტროძრავიანში და არც შიგაწვისძრავიანში. რაც შეეხება აქციების კურსს: დღეს კურსი იმაზე მაღალია, ვიდრე ვიმსახურებთ.

- როდის მოვა ის დრო, როცა მსოფლიოში ელექტრომობილების დომინირებას შევნიშნავთ?

- ეს Tesla Motors-ზე კი არა, სხვა ავტომწარმოებლებზეა დამოკიდებული. 10-12 წლის შემდეგ? იმედია! 15 წლის შემდეგ? მჯერა! 20 წლის შემდეგ? აუცილებლად! 25 წლის შემდეგ მსოფლიოში ელექტრომობილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მანქანები ბენზინის ან დიზელის ძრავით.

Auto Bild
ელონ მასკი AUTO BILD-ის ავტორებთან, თომას ჰირშბერგერთან, იოახიმ ვალტერთან და ჰაუკე შრიბერთან ერთად
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16