ყველაფერი ახალი სანომრე ნიშნების შესახებ
ყველაფერი ახალი სანომრე ნიშნების შესახებ
14.11.2013
ნომრის შეცვლა ნებაყოფლობითი იქნება - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ ნინო კობახიძესთან

იანვრიდან საქართველოში ახალი სანომრე ნიშნები შემოდის. ეს თემა ახლა მძღოლებისთვის ყველაზე აქტუალურია და სწორედ ამიტომ ვთხოვეთ ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორ ნინო კობახიძეს. ახალი სანომრე ნიშნების გარდა, საუბარი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილებით ჩაბარებასაც შეეხო.

Auto Bild
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნინო კობახიძე

AUTO BILD: რატომ მიიჩნია მომსახურების სააგენტომ საჭიროდ ახალი სანომრე ნიშნების შემოღება?

ნინო კობახიძე: ცვლილების მიზანი დღეს არსებული სანომრე ნიშნების ევროპულ სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანაა. ახალი დიზაინის სანომრე ნიშნის მარცხენა კუთხეში არსებული წითელი ფერის ზოლით გამოყოფილი იქნება სახელმწიფო დროშა და ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო „GE”, შეცვლილი იქნება სანომრე ნიშნის შრიფტი და ზომა, ასევე განთავსებული იქნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბით. გარდა ამისა, ახალ დიზაინში უფრო მეტი დამცავი მექანიზმები იქნება ჩადებული.
როგორც მოგეხსენებათ ამ ეტაპზე მოხმარებაში მყოფი სანომრე ნიშნის კომბინაცია განისაზღვრება 3 სიმბოლოთი და 3 ციფრით, სიმბოლოების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 6-ს. ახალ დიზაინში სიმბოლოების კომბინაცია გაიზრდება 7-მდე, რაც საშუალებას მოგვცემს, მომხმარებელს შევთავაზოთ მათთვის სასურველი კომბინაციების უფრო დიდი არჩევანი. მომხმარებელს
ე. წ. კვადრატული ნომრების ახალ დიზაინსაც შევთავაზებთ.

- გავრცელებული ცნობების თანახმად, სანომრე ნიშნის შეცვლა ნებაყოფლობითი იქნება. ანუ, ძველი, ფასიანი სანომრე ნიშნების მქონე მომხმარებელი არ დაზარალდება?

- სანომრე ნიშნის შეცვლა ნებაყოფლობითი იქნება. ის პირები, ვინც სატრანსპორტო საშუალებას 2014 წლის იანვრიდან დაირეგისტრირებენ, ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშნებს მიიღებენ. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ამ ეტაპზე უკვე აქვთ შეძენილი ფასიანი სანომრე ნიშნები, მათი სურვილის გათვალისწინებით, ჩვენ ვთავაზობთ აღნიშნული ნომრის საფასურის იდენტური საფასურის მქონე სანომრე ნიშნით ჩანაცვლებას. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ნებაყოფლობითი იქნება.

- ცნობილია თუ არა თარიღი, როცა ახალი სანომრე ნიშნის აღება სავალდებულო გახდება?

- ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ძველი სანომრე ნიშნის ახლით ჩანაცვლებას ექნება ნებაყოფლობითი ხასიათი. იმ პირებს, ვისაც სურვილი ექნებათ შეცვალონ სანომრე ნიშნები, გადაიხდიან ახალი სანომრე ნიშნის და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის შეცვლის საფასურს, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 70 ლარს.

- იარსებებს თუ არა ახალი სანომრე ნიშნების შემთხვევაში ფასიანი ნომრები?

- როგორც არსებული, ისე ახალი სანომრე ნიშნების შემოღების შემდეგ მომხმარებელს შევთავაზებთ ფასიან სანომრე ნიშნებს. ამასთან, სიახლეს ვთავაზობთ მოტო მოყვარულებსაც, როგორც მოგეხსენებათ ამ ეტაპზე არ ხდება მოტოციკლეტისთვის განკუთვნილი ფასიანი სანომრე ნიშნის გაცემა, ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შემოღების შემდეგ მოტოციკლეტების მფლობელებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი ფასიანი სანომრე ნიშანი.

- თუ იარსებებს, დადგენილია თუ არა ფასები და ხომ არ ისარგებლებენ შეღავათებით ის მომხმარებლები, რომლებსაც ძველ სანომრე ნიშნებში დამატებით თანხა აქვთ გადახდილი?

- როგორც მოგეხსენებათ, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარე სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილი საფასურები განისაზღვრება სასურველი სანომრე ნიშნის სიმბოლოების გათვალისწინებით. ახალი დიზაიანის სანომრე ნიშნის საფასურების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელს მივაწვდით კანონში ცვლილების განხორციელების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ. ხოლო ის პირები, ვინც ფლობენ ფასიან სანომრე ნიშნებს და სურვილი ექნებათ იანვრიდან შეცვალონ ახალი დიზანის სანომრე ნიშნებში, როგორც ზევით ავღნიშნეთ მომსახურების სააგენტო სთავაზობს იდენტური ღირებულების მქონე სანომრე ნიშნით შეცვლას.

- რამ განაპირობა მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ავტომატური კოლოფის მქონე ავტომანქანებით ჩატარდეს?

- პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებაზე უკვე დანერგილია ევროპის ქვეყნებში, ჩვენი მხრიდან აღნიშნული პრაქტიკის გამოყენება მიზნად ისახავს ეროვნული მართვის მოწმობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ის პირები, ვინც გამოცდას ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე ჩააბარებენ, უფლება ეძლევათ მართონ მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულის დასადგენად მართვის მოწმობაზე მითითებული კატეგორიის (B კატეგორია) გასწვრივ იქნება სპეციალური აღნიშვნა კოდი 78, რაც ნიშნავს რომ აღნიშნული პირი მართავს მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებას.

- ევროპაში პრაქტიკული გამოცდების საკმაოდ დიდი ნაწილი ქალაქში, რეალურ მოძრაობაში ბარდება. ხომ არ იგეგმება პრაქტიკული გამოცდის გარკვეული ნაწილის ქალაქის მოძრაობაში ჩაბარება საქართველოშიც?

- დიახ, ევროპის ქვეყნები პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ქუჩაში. პარტნიორი ევროპული ქვეყნების დახმარებით, სამომავლოდ ჩვენც ვგეგმავთ მართვის მოწმობის მიღების მსურველებს შევთავაზოთ, პირველ ეტაპზე ნებაყოფლობით ჩააბარონ პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში.

Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16