ოცნება საქართველოს ნაკრებზე
ოცნება საქართველოს ნაკრებზე
12.11.2013
10 კითხვა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორს, პროფესიონალ ავტომრბოლ მევლუდ მელაძეს

AUTO BILD: საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომის გახსნას ქართული ავტოსპორტის სამყარო დიდ ხანს ელოდა, გამართლდა თქვენი მოლოდინი?

მევლუდ მელაძე: ავტოდრომის რეკონსტრუქციის პერიოდში იყო ბევრი პესიმისტური აზრი, რომ მისი დასრულების შემდეგ, ”ჩვეულებრივ მოკვდავებს” ნაკლებად ექნებოდათ ავტოდრომზე მოხვედრის და სიამოვნების მიღების საშუალება. მე ვიყავი ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი იმ ოპტიმისტთაგანი, რომელიც ამბობდა, რომ განახლებული ავტოდრომი იქნებოდა მრავალფუნქციური, რომელზეც ჩატარდებოდა დიდი საერთაშორისო სარბოლო სერიები და ამასთანავე, ღია და მისაღები იქნებოდა ნებისმიერი მსურველისთვის ნებისმიერი ავტომობილით. საბედნიეროდ,
პესიმისტების პროგნოზი არ გამართლდა.

- ჩამოთვალეთ პლუსები, რაც ამ ტრეკმა ქართულ ავტოსპორტს მოუტანა?

- თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომის არსებობა ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. არსებობს ბაზა, სადაც შეიძლება ყველა ტიპის შეჯიბრისა და წვრთნის ჩატარება. ეს ერთგვარი ნავსაყუდელია, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, ასევე ყველა იმ მოყვარულისთვის, ვისაც ავტობომილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ყველა პლუსის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს...

- ხშირად ისმის, რომ ახალი ტრეკის გახსნის შემდეგ, ავტოსპორტს გულშემატკივარი მოაკლ
და. რით შეიძლება ეს იყოს განპირობებული?


- ავტოდრომის გახსნის შემდეგ, მართლაც იყო პერიოდი, როდესაც გარკვეული ვაკუუმი შეიქმნა. საბედნიეროდ, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა და დღეს, სულ სხვა მდგომარეობაა. ყველა ტიპის შეჯიბრს თავისი მაყურებელი ჰყავს, რომელიც გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე უწინ. ხსენებული ჩავარდნის ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ მაყურებელი დააფრთხო ავტოდრომის 22-მილიონიანმა ინვესტიციამ; ბევრმა ჩათვალა, რომ ტრეკი ფუფუნების ადგილად იქცა, სადაც მისი ადგილი აღარ იყო. თუმცა, ეს მითი იმსხვრევა - ავტოდრომის კარი ყველასთვის ღიაა.

- რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ, რომ ავტოსპორტი უფრო მასიური გახდეს და მეტი მაყურებელი მიიზიდოს?

- ავტოდრომის გახსნისას, დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რის გამოც ახალი ტრეკის ცხოვრება ორ პერიოდად შეგვიძლია გავყოთ. მას შემდეგ, რაც ავტოდრომის ხელმძღვანელობა ჩავიბარე, ბევრი რამ შეიცვალა, პირველ რიგში კი დამოკიდებულება, რაც ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე სამსახური. ჩატარდა უამრავი ღონისძიება, მათ შორის სამოყვარულო შეჯიბრებები. საავტომობილო კლუბებთან აქტიურად ვმუშაობთ; ტარდება ტესტირებები ახალი, ნიჭიერი მრბოლელების გამოსავლენად. ეს ყველაფერი სტარტზე ბოლიდების რაოდენობის გაზრდას და შესაბამისად, მაყურებლის სიმრავლეს გამოიწვევს. ”ფორმულა ალფას” ტიპის ბოლიდები საჩუქრად გადავეცით მათ, ვინც წარმატებით გაიარა გასული სეზონის რბოლები, ან სპეციალური ტესტები. კიდევ მრავალი მსგავსი ღონისძიებაა დაგეგმილი, რაც 2014 წლისთვის გარანტირებულად მოიტანს გულშემატკივრის დიდ ინტერესს.

- ახალი ჩემპიონატი დაიწყო, როგორ ჩაიარა პირველმა ტურებმა?

- სიმართლე გითხრათ, ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები ჩვენზეც აისახა, რაც სპონსორების დაკარგვაში გამოიხატა. შესაბამისად, წლის დასაწყისში ავტომობილების რიცხვი შემცირდა და რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. თუმცა, ზემოთჩამოთვლილმა ღონისძიებებმა არა თუ დაგვიბრუნა ძველი მდგომარეობა, არამედ ჩემპიონატის დონე კიდევ უფრო აამაღლა.

- რით განსხვავდება ახალი ჩემპიონატი წინა პირველობებისგან, რაიმე სიახლე ხომ არ დაინერგა?

- წლევანდელ სეზონზე, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ ყველაზე დემოკრატიულ კლასს - ”მონო კლასს”, რომლის რებრენდინგი მოვახდინეთ და touring light დავარქვით. ასევე, დაემატა ორ ლიტრამდე ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების კლასი, სახელწოდებით touring 2000. შევიძინეთ GT3 კლასის სპორტულად აღჭურვილი „ლამბორგინი“, რომელიც აგვისტოს ბოლომდე უკვე ავტოდრომზე იქნება.

- როდესაც ახალი ტრეკი გაიხსნა, ითქვა, რომ მალე საქართველოში მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარდებოდა, საუბარი იყო ფორმულა 3-ზე. ეს საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში?

- მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორის სერიებთან დიდი ხანია დასრულებულია, პროცესის დაძვრას კი საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიტაცებული სტატუსი აფერხებს. ანუ, ორგანიზაცია, რომელმაც წინა ხელისუფლების პერიოდში ძალადობრივად მიითვისა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ლიცენზია და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ სპორტულ ღონისძიებას არ ატარებს, არ თმობს მას. აქამდეც შესაძლებელი იყო დიდი საერთოშორისო სერიის საქართველოში ჩამოტანა, მაგრამ სწორედ ამ მიზეზით, ვერ ხერხდება. ვფიქრობ, წლის ბოლომდე სპორტის სამინისტროს და სპორტული საზოგადოების დახმარებით, ეს პრობლემა მოგვარდება და 2014 წელს საქართველოში ვიხილავთ დიდ საერთაშორისო რბოლას.

- თქვენი დაკვირვებით, ბოლო წლებში იზრდება ქართველ მრბოლელთა დონე და კლასი?

- ჩვენი სპორტსმენები გიგანტური ნაბიჯებით პროგრესირებენ. ამის ნათელი მაგალითია ევროპის თასის გათამაშებაში, დათა ქაჯაიას მიერ მოპოვებული ჩემპიონის ტიტული ”ლეგენდის კლასში”. ასეთი მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება: საერთაშორისო შეჯიბრებიდან საპრიზო ადგილის გარეშე არასდროს დავბრუნებულვართ.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ქართულ ავტოსპორტს განვითარებისთვის სჭირდება?

- აუცილებელია კანონში ცვლილების შეტანა, რომ სპონსორებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ავტოსპორტის, არამედ ზოგადად სპორტის და კულტურის სხვადასხვა სფეროების დაფინანსების ინტერესი.

- დიდი ხანია მევლუდ მელაძის გარეშე ქართული ავტოსპორტი წარმოუდგენელია. რას გეგმავთ სამომავლოდ, რა მიზნები გაქვთ დასახული?

- მიუხედავად იმისა, რომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი საქმე მაქვს, ინტენსიურად ვვარჯიშობ და თვითონ ვიღებ მონაწილეობას ექსტრემალური მართვის სკოლის წვრთნებში, როგორც რიგითი ინსტრუქტორი, რაც ფორმაში ყოფნის საშუალებას მაძლევს. გამოვდივარ სხვადასხვა კლასის, როგორც პროფესიონალურ, ასევე სამოყვარულო ტიპის შეჯიბრებებში. თუ ჩემი მთავარი ოცნება ახდა და საქართველოს ნაკრები შეიქმნა, დიდი სიამოვნებით ვიქნები ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი და დავიცავ ქვეყნის ღირსებას დიდ საერთაშორისო რბოლებში.
ლაშა წიკლაური



Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16