როგორ აჩუქა მერსედესმა შევარდნაძეს სიცოცხლე
როგორ აჩუქა მერსედესმა შევარდნაძეს სიცოცხლე
23.04.2014

სიცოცხლე ჯავშნიანი მერსედესისგან, უარი გერმანულ რეკლამას და სტუმრად ფიდელ კასტროსთან - ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტს ყველაზე ხშირად, ცხადია, პოლიტიკური ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტები სტუმრობენ. ედუარდ შევარდნაძეს სხვა არაერთ საკითხზეც უყვარს საუბარი, თუმცა ჩვენთან ინტერვიუს დაწყებამდე საგანგებოდ აღნიშნა, რომ ვერ იხსენებს ფაქტს, რომ ოდესმე საავტომობილო თემაზე დაწვრილებით ესაუბროს.

ედუარდ შევარდნაძე: ავტომობილებით ბავშვობიდანვე ვსარგებლობდი, თუმცა ჩემი არც ერთი ყოფილა, ახალგაზრდობიდანვე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ვმუშაობდი და ავტომობილი ყოველთვის მემსახურებოდა.

AUTO BILD: თავად თუ მჯდარხართ საჭესთან?

ედუარდ შევარდნაძე: მართვა კარგად ვიცოდი, მაგრამ საჭესთან ჯდომა დიდ სიამოვნებას არასდროს მანიჭებდა. ჩემს კარიერაში
იყო დაახლოებით წელიწადნახევრიანი პერიოდი, როცა მძღოლი არ მემსახურებოდა და ავტომობილს თავად ვმართავდი. ეს მცხეთის რაიკომის მდივნობისას ხდებოდა. მაშინ გაზ-69-ით, ე.წ. "ვილისით" რაიონის მაღალმთიან სოფლებში დავდიოდი და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე ვეცნობოდი. შეხება "მოსკვიჩთანაც" მქონდა, ამ მანქანას ქუთაისში მუშაობისას ვატარებდი. თუმცა ყოველთვის მერჩივნა, რომ მძღოლი მყოლოდა.

AUTO BILD: მანქანით ხანგრძლივი მგზავრობა დისკომფორტს ხომ არ გიქმნიდათ?

Auto Bild

ედუარდ შევარდნაძე: არა, ეს ჩემთვის არ იყო დამღლელი. მეტიც, ახლო მანძილზე ყოველთვის ავტომობილით გამგზავრება მერჩივნა, თვითმფრინავსა და ვერტმფრენს უფრო ძნელად ვეგუებოდი. მანქანით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით არ ვმოძრაობდი, ბაქოსა და ერევანშიც არაერთხელ ვყოფილვარ.

AUTO BILD: გაიხსენეთ ის ავტომობილები, რომლებიც მაღალ თანამდებობებზე მოღვაწეობისას გემსახურებოდნენ...

ედუარდ შევარდნაძე: საბჭოთა პერიოდში ძირითადად, "ვოლგით" ვმოძრაობდი. 90-იანი წლების დასაწყისში, საქართველოში ახალდაბრუნებული ისევ "ვოლგით" დავდიოდი, ოღონდ ძალიან დანჯღრეულით (იცინის). ეს მანქანა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორმა გურამ ქაშაკაშვილმა მაჩუქა.

1995 წლის ტერაქტის შემდეგ ამერიკელებმა ჯავშნიანი "მერსედესი" მაჩუქეს. დიდი დღე არც ამ ავტომობილს ეწერა (იცინის). 1997 წლის ტერაქტს მე კი გადავურჩი, მაგრამ ჩემი გადამრჩენელი მანქანა გადასაგდები გახდა. ამის მერე უკვე გერმანელებმა გადმომცეს ასევე ჯავშნიანი "მერსედესი" და "ვარდების რევოლუციამდეც" და შემდეგაც იმით დავდივარ. ამას გარდა, ჩემს უსაფრთხოებას 3-4 ჯიპიც ემსახურება.

იყო ასეთი გერმანელი მოღვაწე, გვარად ვაიზეგერი, რომელიც ბოლო ტერაქტიდან რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვიდა და ეს ავტომობილი გადმომცა. მინდოდა, ეს ამბავი ტელევიზიით გაშუქებულიყო და ყველას გაეგო, მაგრამ იმ კაცმა მთხოვა, არაა საჭირო ამ ამბის დეტალურად გახმაურებაო.

მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვგრძნობ, რომ უცხოური ავტომობილები საბჭოურებს ათი თავით ჯობიან.

AUTO BILD: ტერაქტების დეტალებს მოკლედ ხომ ვერ გაიხსენებდით?

Auto Bild

ედუარდ შევარდნაძე: სიკვდილს ორივეჯერ ბეწვზე გადავურჩი. პირველი ტერაქტისას "იმელის" ეზოში მდგარი "ნივა" უნდა აფეთქებულიყო. თავდამსხმელს ღილაკზე თითი უნდა დაეჭირა და დისტანციური მართვის ბომბი ამოქმედდებოდა. ტერორისტმა სულ ერთი წამით დააყოვნა და ამასობაში ჩემმა მანქანამ სახიფათო ადგილს ჩაუარა. საკმაოდ დავშავდი. ვახტანგ რჩეულიშვილმა და სხვა თანმხლებმა პირებმა იყოჩაღეს და სავადმყოფოში ოპერატიულად გადამიყვანეს.

არ გასულა დიდი ხანი და ჩემი მოკვლა კიდევ ერთხელ სცადეს. გვიანი საღამო იყო, სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. ეს ამბავიც დეტალურად მახსოვს. ვიცოდი, რომ ჯავშნიანი "მერსედესი" ძალიან საიმედო იყო, მაგრამ ექსპერტებმა მაინც სასწაული უწოდეს იმას, რომ მან ორ "მუხას" გაუძლო. ამ მანქანამ უიმედო ვითარებაში გადამარჩინა. პირველი ჭურვი საბარგულს მოხვდა, მეორე კი საქარე მინას. სამაგიეროდ, ავტომობილის სალონს, ფაქტობრივად, არაფერი მოსვლია.

დაცვამ იყოჩაღა და საპასუხო ცეცხლი გახსნა, მე კი დაცვის უფროსი, ვახტანგ ქუთათელაძე გადამეფარა. მანვე იქვე მდგომ "მოსკვიჩში" ჩამსვა, რომლის მძღოლმაც შინ უვნებელი მიმიყვანა. ჩემი პირადი მძღოლი კი ტერაქტის დროს გივი ელიზბარაშვილი იყო, იგი დღესაც ჩემთან მუშაობს.

Auto Bild

AUTO BILD: რა იგრძენით ტერაქტების დროს, კრიტიკულ მომენტში რაიმეს გაფიქრება თუ მოასწარით?

ედუარდ შევარდნაძე: იცით, ისეთი მოულოდნელი იყო ყველაფერი, რომ გააზრებაც ვერ შევძელი, რა ხდებოდა, მაგრამ დიდი შიში ნამდვილად არ მქონია. გული მხოლოდ ჩემი დაცვის ბიჭების დაღუპვამ მატკინა. ღმერთმა გაანათლოს კახა შევარდენიძისა და დათო კოკაურის სულები...

AUTO BILD: ცნობილია, რომ გერმანელები თქვენი გადამრჩენელი "მერსედესის" სარეკლამო რგოლში გადაღებას გთავაზობდნენ...

ედუარდ შევარდნაძე: დიახ, ამ ტერაქტმა მთელ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, როგორც ვიცი, ჯავშნიან "მერსედესზე" მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. რეკლამაში გადაღების სანაცვლოდ, გერმანელებმა სოლიდური გასამრჯელო შემომთავაზეს, მაგრამ ცოცხალი თავით ვერ დამითანხმეს. მერე ეს კლიპი მაინც გადაიღეს, ოღონდ ჩემს გარეშე. ამას გარდა, 1997 წლის 9 თებერვლის ტერაქტსა და ჩემი დაცვის სისტემას "დისქავერიზე" გადაცემათა ციკლი მიეძღვნა.

Auto Bild

AUTO BILD: სისწრაფის მოყვარული თუ ბრძანდებით?

ედუარდ შევარდნაძე: არა, თუ სადმე არ მეჩქარება, ნელა სიარული მირჩევნია. ზოგადად ვფიქრობ, რომ მძღოლის საქმეში არასოდეს არ უნდა ჩაერიო.

AUTO BILD: ქართველი თუ უცხოელი მეგობრებისგან უამრავი საჩუქარი მიგიღიათ. ხომ არ უსახსოვრია თქვენთვის ვინმეს ავტომობილი, არა როგორც პრეზიდენტისთვის, არამედ როგორც მეგობრისთვის?

ედუარდ შევარდნაძე: არა... სურვილი ალბათ, ბევრს ექნებოდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ძვირფასი საჩუქრების მიღება არ მიყვარდა და ალბათ, ამის გამო იკავებდნენ თავს. ჩემს კაბინეტს რამდენიმე საჩუქარი ამშვენებს, მაგრამ ძვირიანი არც ერთია, ეს ნივთები ჩემთვის მხოლოდ იმიტომაა ძვირფასი, რომ საყვარელმა ადამიანებმა მაჩუქეს.

Auto Bild

AUTO BILD: არასოდეს აღფრთოვანებულხართ სხვისი მანქანებით?

ედუარდ შევარდნაძე: არა, ავტომობილების დიდი ტრფიალი არასოდეს ვყოფილვარ. არასოდეს მქონია იმისი დრო და სურვილი, რომ ვინმეს მანქანებს დავკვირვებოდი. სამაგიეროდ, ბრეჟნევი იყო მანქანებზე გადარეული. ერთხელ გერმანიაში იყო ვიზიტად და იქაურებმა სპორტულ ავტომობილზე დასვეს. ბრეჟნევი ისე აღფრთოვანდა ამ ამბით, რომ გასცდა სპეციალურად მისთვის შემოსაზღვულ ზონას და... დაიკარგა (იცინის). მთელი ბონი ფეხზე დადგა. ბევრი ეძებეს გერმანელებმა და კარგა ხნის მერე იპოვეს იმ ადგილიდან საკმაო დაშორებით.

AUTO BILD: ცნობილია, რომ ფიდელ კასტროსთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გქონდათ. მანქანების სიყვარული მისთვისაც ხომ არ შეგიმჩნევიათ?

ედუარდ შევარდნაძე: ზუსტად ვიცი, რომ ფიდელს ავტომობილები არ უყვარდა, მისი საუკეთესო გასართობი ცხენები იყო. თუმცა მართვა იცოდა. რამდენიმეჯერ კაბრიოლეტით გამასეირნა და მთელი ჰავანა დამათვალიერებინა.

Auto Bild

საერთოდ, კასტრო ყოველთვის თავის მეგობრად მიმიჩნევდა. ნიუ იორკიდან, სადაც ყოველწლიურად გაერო-ს მასშტაბური სხდომები ეწყობა, ხშირად შევივლიდი ხოლმე კუბაზე, რაღა თქმა უნდა, ფიდელის პირადი მიწვევით. სხვათა შორის, ფიდელ კასტრო თბილისშიცაა ნამყოფი.

ბრწყინვალე პიროვნებაა, ნაკითხი, განათლებული, ენამოსწრებული... სამწუხაროდ, რაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ ვარ, მასთან ურთიერთობა აღარ მქონია.

AUTO BILD: როგორ ფიქრობთ, ქალს უხდება მანქანა?

ედუარდ შევარდნაძე: კაი ქალს ყველაფერი უხდება (იცინის). ყოველთვის მომწონდა, როცა ქალს საჭესთან ვხედავდი. ერთხელ მცხეთიდან თბილისში ვბრუნდებოდი, ავტომობილს თავად ვმართავდი. მოულოდნელად ავტომობილმა გადამისწრო, რომელსაც სიმპათიური ქალბატონი მართავდა, ერთი პირობა, მასთან გაჯიბრება გადავწყვიტე, მაგრამ გადავიფიქრე. ისე აღვფრთოვანდი მისი ოსტატობით, რომ მთელი დღის განმავლობაში კარგ ხასიათზე ვიყავი.

Auto Bild

AUTO BILD: არ გიჩნდებათ სურვილი, ზოგჯერ უბრალო ადამიანივით იცხოვროთ, გაისეირნოთ ქალაქში, გაესაუბროთ ხალხს...

ედუარდ შევარდნაძე: როგორ არა, ვცდილობ, რეზიდენციიდან ხშირად გავიდე. დაცვის გარეშე ვერსად ვივლი, მაგრამ შეზღუდვების მიუხედავად, მაინც ვახერხებ თბილისში გავლას, საყვარელი ადგილების მონახულებას. მალე ჩემი წიგნის გერმანული ვერსიის პრეზენტაცია მოეწყობა, ამ საკითხზე თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ვთანამშრომლობ. გერმანელებმა მთხოვეს, ამ ვერსიისთვის სხვა სათაური მომეფიქრებინა. გადაწყდა, რომ წიგნს, რომელსაც ქართულად "ფიქრები წარსულსა და მომავალზე" ეწოდება, გერმანულად "როცა რკინის ფარდა გაირღვა" ერქმევა.

ესაუბრა ლევან ჯანეზაშვილი (2008)

Auto Bild
Auto Bild
  • საჭესთან ჯდომა დიდ სიამოვნებას არასდროს მანიჭებდა
  • 1997 წლის ტერაქტს მე კი გადავურჩი, მაგრამ ჩემი გადამრჩენელი მანქანა გადასაგდები გახდა
  • რეკლამაში გადაღების სანაცვლოდ, გერმანელებმა სოლიდური გასამრჯელო შემომთავაზეს, მაგრამ ცოცხალი თავით ვერ დამითანხმეს
  • მანქანებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ იმას კი ნამდვილად ვგრძნობ, რომ უცხოური ავტომობილები საბჭოურებს ათი თავით ჯობიან
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16