ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთი მელუასთან
ექსკლუზიური ინტერვიუ ქეთი მელუასთან
12.11.2011

უნაკლო მუსიკოსს ახალი Astra ყავს, რომელსაც მალე Ampera-ზე გაცვლის - ქეთი მელუა ოპელის სახეა

გერმანია, ფრაიბურგი, “როთჰაუს არენა” - შესასვლელში პირველი დიდი ბანერი გვამცმობს, რომ ზუსტად ერთ საათში აქ ქეთი მელუას კონცერტი დაიწყება. ბოლო ალბომის (The House) ტურნეს ბოლო “ლაივი”. მელუას ბანერის გვერდით კიდევ ერთი დიდი აფიშაა, რომელიც გვაუწყებს, რომ ოქტომბერში “როთჰაუს არენა”  Pink Floyd-ის კონცერტია დაგეგმილი...


10 000 მსმენელს (დარბაზი სავსე იყო) ქეთიმ თავის ბენდთან ერთად კიდევ ერთხელ, ფრაიბურგელ პუბლიკას უკვე მეორედ უჩვენა თავისი სრულყოფილება და ნიჭი. ფრაიბურგში კონცერტი პირველად

2008 წელს ჩაატარა და მსმენელები ამბობდნენ, ამ სამ წელიწადში კიდევ უფრო დახვეწილა, აბსოლუტური სრულყოფილებისკენ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადაუდგამსო. გერმანელების აზრით, ქეთი მელუას ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ უნაკლოა! კონცერტის შემდეგ, ერთმანეთს აზრებს რომ ვუზიარებდით, ყველამ აღნიშნა, მომღერალი ხანდახან შეცდომასაც უნდა უშვებდეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პუბლიკას ეს მოსწონსო. არანაირი შეცდომა, არც სპონტანური ხუმრობა - ქეთის ზედმედი ემოციებიც არ სჩვევია. არის თუ არა ეს ნაკლი, ცალკე სასაუბრო თემაა... ყველა სიმღერას ერთი ამოსუნთქვით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ასრულებს და თან ხმა აქვს ისეთი, მსმენელს პირდაპირ გულში, სულში
წვდება - აფორიაქებულს ამშვიდებს, აგრესიულს აკეთილშობილებს, გახარებულს ანაღვლიანებს, ნაღვლიანს უთანაგრძნობს და ა.შ.


მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე 26 წლის ქეთიმ ამ სამ წელიწადში უამრავი ახალი კომპოზიცია დაწერა, ფრაიბურგის კონცერტი მაინც ერთ-ერთი უპირველესი და უპოპულარულესი ჰიტით, The Closest Thing To Crazy გახსნა. პუბლიკამ სიმღერა პირველივე აკორდზე იცნო და “როთჰაუს არენა” ქეთისთან ერთად ამღერდა. ყველა სიმღერას წინ უძღოდა სპეციალური კომენტარი, ბოლო ალბომის ერთ-ერთ ულამაზეს კომპოზიციას კი  (The Flood), ქეთიმ ისეთი კომენტარი გაუკეთა, რომლითაც პუბლიკას კიდევ ერთხელ ერთხელ შეახსენა, რომ მისი სამშობლო საქართველოა: “შემდეგი სიმღერა, The Flood, ჩემს ბავშვობას და საქართველოს მახსენებს. შვიდი წლის ვიყავი, როცა ნამდვილი წყალდიდობა ვნახე. დღესაც თვალწინ მიდგას ჩემი მშობლების და მეზობლების შეწუხებული სახეები...”


ბოლო ალბომი ძველებისგან პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ რამდენიმე სიმღერა აღარ არის მელანქოლიური. მაგალითად კომპოზიციას საინტერესო სათაურით God on the drums, Devil on the bass უილიამ ორბიტის ხელწერა ეტყობა და აქტიური, როკისკენ წასული პოპია. იგივე ითქმის სიმღერაზე A Happy place და Tiny Alien. Twisted კი ძალიანაა გადახრილი კლასიკური როკისკენ.


კონცერტამდე კი ინტერვიუ შედგა - ქეთის “როთჰაუს არენის” საგრიმიოროში შევხვდით და ნახევარი საათი ვესაუბრეთ. სად Auto Bild და სად მუსიკა? იქნებ ჯერ არ იცით, რომ ქეთი მელუა “ოპელის” სახე, კერძოდ ელექტროქარ Opel Ampera-ს “ელჩი” გახდა.


 


Auto Bild საქართველო: გეგმებით დავიწყოთ: რას უნდა ველოდოთ თქვენგან ახლო მომავალში?


ქეთი მელუა: ახალ ალბომს, რომელიც სექტემბერში ან ოქტომბერში გამოვა.


Auto Bild საქართველო: ასე მალე? The House ხომ ზუსტად ერთი წლის წინ ჩაწერეთ?


ქეთი მელუა: ჰო, მაგრამ მუშაობა არ შემიწყვეტია. მუდმივად ახლის ძიებაში ვარ და ისე გამოვიდა, რომ ახალი ალბომის ჩასაწერად უკვე მზად ვარ.


Auto Bild საქართველო: ძალიან პოპულარული მომღერალი ხართ, თანაც მსოფლიოს მასშტაბით. თქვენს ნიჭზე თვით ინგლისის დედოფალმაც ისაუბრა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რა უნდა მოხდეს?


ქეთი მელუა: დედოფლის აღიარება არაჩვეულებრივი განცდა იყო. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. მინდა რომ კიდევ ბევრი სიმღერა შევქმნა. ასეთი ტემპით თუ გავაგრძელებ, ყოველ წელს ახალ ალბომს ჩავწერ.


Auto Bild საქართველო: ქართველი ხართ, მაგრამ საქართველოში იშვიათად ჩამოდიხართ...


ქეთი მელუა: არცისე იშვიათად, უბრალოდ ყველა ვერ იგებს ხოლმე. წელიწადში ერთხელ ბებიისა და ბაბუის, ნათესავების სანახავად ჩამოვდივარ. წელსაც ვაპირებ ჩამოსვლას. კონცერტის ჩატარება კი რთულია, რადგან სერიოზული ორგანიზება ჭირდება. საქართველო შორსაა და ინგლისიდან ძნელია ყველას ჩამოყვანა. ისე კი, ძალიან მინდა...


Auto Bild საქართველო: შეგიძლიათ შარშანდელი კონცერტი გაიხსენოთ?


ქეთი მელუა: ქართული პუბლიკისთვის სიმღერა არაჩვეულებრივი, საოცარი განცდა იყო. ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო და მეც ბედნიერი ვიყავი. თან, რაც მთავარია, ბებიაჩემმა, როგორც იქნა, ცოცხლად ნახა ჩემი კონცერტი.


Auto Bild საქართველო: პოპულარულ ადამიანებს თითქმის ყოველთვის ძვირადღირებული ავტომობილები ყავთ, თქვენ რა მანქანას ატარებთ?


ქეთი მელუა: “ოპელ ასტრა”. არცისე ძვირადღირებულია.


Auto Bild საქართველო: რატომ მაინც და მაინც “ასტრა”?


ქეთი მელუა: კარგი ავტომობილია, სასიამოვნო სამართავია. ახალი “ასტრას” დიზაინი თავიდანვე ძალიან მომეწონა და რომ მაჩუქეს, ძალიან გამიხარდა. “ოპელ ამპერა” უფრო მეტად მომწონს, მაგრამ ჯერ სერიული არ არის. როგორც კი სერიული გახდება, მაშინვე მეყოლება.


Auto Bild საქართველო: თქვენი პირველი ავტომობილი გახსოვთ?


ქეთი მელუა: კი, Seat Ibiza იყო.


Auto Bild საქართველო: რატომ გადაწყვიტეთ, რომ Opel Ampera-ს სახე გამხდარიყავით?


ქეთი მელუა: მისი ეკოლოგიურობის გამო - ბუნებას უფრთხილდება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მიზეზი - “ამპერა” მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი არ არის, ის სპორტული და ამასთან ულამაზესი მანქანაა.


Auto Bild საქართველო: საქართველოდან რვა წლის ასაკში წახვედით. გახსოვთ მაშინდელი მოძრაობა ქუჩებში?


ქეთი მელუა: რა თქმა უნდა მახსოვს. დღეს უკვე უდიდესი პროგრესი შეიმჩნევა, მოძრაობა გაცილებით მოწესრიგებულია. ისე, ბიძაჩემი დღემდე ძალიან სწრაფად ატარებს მანქანას.


Auto Bild საქართველო: მოზომილ სისწრაფეს არა უშავს, მთავარია წესების დაცვით იმოძრაო... საინტერესოა, რა მუსიკას უსმენთ მანქანაში? თქვენსას?


ქეთი მელუა: საკუთარ სიმღერებს თითქმის არასდროს ვუსმენ. საჭესთან უმეტესად Led Zeppelin მაქვს ხოლმე ჩართული. ხშირად ვუსმენ Queen-საც.


Auto Bild საქართველო: საჭესთან ჯდომისას თქვენი საყვარელი სიმღერა რომელია?


ქეთი მელუა: Led Zeppelin-ის Rock & Roll.


Auto Bild საქართველო: დუეტის ჩაწერას ხომ არ აპირებთ?


ქეთი მელუა: არა, ჯერ არა...


Auto Bild საქართველო: ვფიქრობთ, იდეალური იქნებოდა დუეტი დევიდ გილმორთან ან რობერტ პლანტთან...


ქეთი მელუა: ოოო, ეს მართლაც შესანიშნავი რამ იქნებოდა!


შალვა ბუაჩიძე

  • ქეთი მელუა: “ამპერა” მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი არ არის, ის სპორტული და ამასთან ულამაზესი მანქანაა
  • 10 000 მსმენელს (დარბაზი სავსე იყო) ქეთიმ თავის ბენდთან ერთად კიდევ ერთხელ, ფრაიბურგელ პუბლიკას უკვე მეორედ უჩვენა თავისი სრულყოფილება და ნიჭი
  • ქეთი მელუა “ოპელის” სახე, კერძოდ ელექტროქარ Opel Ampera-ს “ელჩი” გახდა
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16