10 საუკეთესო მეორადი ფლირტ-მობილი
10 საუკეთესო მეორადი ფლირტ-მობილი
15.11.2013
ყველამ იცის, რომ ძვირფასი კაბრიოლეტით საპირისპირო სქესის მონუსხვა ყველაზე ადვილია, მაგრამ ფლირტის გასაბმელად, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ძვირად ღირებული ავტომობილი გყავდეთ. ჩვენ გიჩვენებთ 10 მეორად ავტომობილს მაღალი ფლირტ-ფაქტორით

Renault Twizy: პატარა ყუთი ყველას მოხიბლავს

Auto Bild
Twizy მომავლიდან აწმყოში გადმოგდებულ ნივთს ჰგავს, რის გამოც ის ყველას აინტერესებს

ვისაც ერთხელ მაინც უტარებია ქალაქში Renault Twizy, სამყაროს უკვე სხვა თვალით უყურებს. ამ მანქანით ყურადღების ცენტრში ყოფნა გარანტირებული გაქვთ და თანაც თქვენსკენ მხოლოდ დადებითი ემოციები წამოვა. უხმაურო ელექტრომობილს ყველა თბილად შეხედავს, კარტინგის დარი
მანევრულობა კი დიდად გასიამოვნებთ როგორც მოსახვევებში, ისე დაპარკინგებისას. საპირისპირო სქესის წარმომადგენლები პატარა «რენოს» არაერთ კითხვას დაგისვამენ, რაც ფლირტის შანსებს ზრდის. ამ დროს ყოველთვის შეგიძლიათ შესთავაზოთ გასეირნება და როგორც კი ფრთის მსგავს კარს გააღებთ, მნახველი მაშინვე მოიხიბლება, რადგან კარი ასე, როგორც წესი, სუპერსპორტულ ავტომობილებში იღება. განსხვავება ისაა, რომ სუპერსპორტული მანქანის პატრონთან დალაპარაკებას ვერ ახერხებენ ან ვერ რისკავენ ხოლმე, Renault Twizy-ს კარი და მისი მძღოლის კი გული ყველასათვის ღიაა. მის სრულ დამუხტვას სამსაათნახევარი სჭირდება, რის შემდეგაც Twizy 100 კილომეტრის გავლას გვპირდება.

შეფასება: 5

შენიშვნა: * შეფასება 5-ბალიანია და
არა ტექნიკური მონაცემებსა და შესაძლებლობებზე, არამედ ფლირტ-ფაქტორზეა დამყარებული


Vespa PX პირდაპირ გულს უმიზნებს

Auto Bild
Amore, amore: კლასიკური Vespa გულისცემას ქალებსაც აუჩქარებს და მამაკაცებსაც

ერთად სეირნობა, ჰაერისა და მზის სხივების შეგრძნობა, ერთმანეთთან ახლოს, ფაქტობრივად ჩახუტებული ჯდომა: 67 წელია, რაც მოპედი Vespa წყვილებისთვის ბედნიერი წუთების, ვნებისა და რომანტიკის ძალიან იაფი და მარტივი გარანტიაა. არც ერთ სხვა მოტოროლერს არ აქვს ისეთი საკულტო სტატუსი და არ ჰყავს იმდენი ფანი, რამდენიც Vespa-ს. მოხდენილი ძარა, ციცქნა, ერთცილინდრიანი და ორტაქტიანი ძრავა, ასევე 4-საფეხურიანი სატრიალებელი გადართვები ყველა Vespa-სთვის ტიპურია. სხვათა შორის, 1977 წელს გამოშვებული PX-ის თანამედროვე ვერსიაც გამოდის და 3690 ევრო ღირს. ბელისიმო!

შეფასება: 4.5

Porsche 911 Carrera Cabrio კლასიკა ფლირტის გარანტიით

Auto Bild
ვინც 911 Cabrios მართავს, უდავოდ გემოვნებიანი და წარმატებული ადამიანია. ქალები ამ მანქანის დანახვაზე იფიქრებენ, თუ მისი მფლობელიც ისეთივე მაგარი ტიპია, როგორი მანქანაც ჰყავს, აუცილებლად უნდა გავიცნოო...

მოხდენილი გვერდები და უშრეტი ტემპერამენტი იმაზე მეტყველებს, რომ მდედრობით სქესთან გვაქვს საქმე, მაგრამ არა - Porsche 911 Cabrio კაცური ავტომობილია. ეს საკულტო სპორტული მოდელი წელს 50 წლის ხდება, მაგრამ უშუალოდ სრული 911 კაბრიოლეტი «პორშემ» პირველად 1983 წელს გამოუშვა. მას მერე 911 Cabrio ავტომოყვარულთა გულთამპყრობელია. მან არათუ ყველაფერი შეინარჩუნა, არამედ უდიდესი ტექნიკური პროგრესიც განიცადა. მის ძრავას მაღალ ბრუნებზე მუშაობა არასდროს ეზარება, ტახომეტრის ისრისთვის თვალის დევნება კი უდიდესი სიამოვნებაა. აღარაფერს ვამბობთ საკულტო 6-ცილინდრიანი ბოქსერის ხმასა და იმ განცდაზე, რაც ამ მანქანის აჩქარებისას გეუფლება. სხვათა შორის, «პორშეს» არაერთი ძველი ფანი ამბობს, 911 Carrera 3.2 უკანასკნელი ნაღდი 911-იაო. ჰიდრავლიკაც კი არა აქვს, მაგრამ ტრეკსა თუ ყოველდღიურ ხმარებაში მაინც ყველას ასიამოვნებს. თუმცა ჯერ კიდევ ძვირად ფასობს, რადგან ბოლო დროს მოდაში სწორედ ძველი 911-ები შემოვიდა.

შეფასება: 4

Mercedes T1 Camper თავგადასავლებისთვის

Auto Bild
Mercedes T1 არ გადაშენებულა და კიდევ დიდხანს არ გადაშენდება. თავგადასავლების მოყვარულთათვის ეს კამპინგ-ბუსი იგივეა, რაც კოვბოითვის მისი ცხენი. Mercedes T1-ში სტუდენტური საცხოვრებლის ოთახზე გაცილებით მეტი სივრცეა და, რაც მთავარია, მანქანა ძალიან გამძლეა

«მერსედესის» ძველი ტრანსპორტერი ფლირტ-მობილის რანგში? დიახაც, რადგან მინიბუსი, რომელსაც მაღალი ჭერი და კამპინგის კომპლექტაცია აქვს, მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო თავგადასავლებისკენ და თავისუფლებისკენ გვიბიძგებს. მერე რა, რომ უკვე 545 000 კილომეტრი აქვს გავლილი - ესეც თავგადასავალია. ეს მანქანა ხომ იდეალური პარტნიორია მათთვის, ვისაც ხეტიალი უყვარს.
ფრთხილად უნდა იყოთ T1-ის («სპრინტერის» წინამორბედი, 1977-1995) დიზელის დაბალლიტრაჟიან ძრავებთან, რადგან 65 ცხენის ძალის მქონე მოდელს ავტობანზე დატვირთული სატვირთოს გასწრებაც კი გაუჭირდება. თუ ნელა სიარულს შეეგუებით, ამ ძველ მანქანას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. მთავარია, საწვავი არ გაუთავდეს, ან პოლიტიკოსებმა არ აკრძალონ.

შეფასება: 4

სხვა ფლირტ-მობილები

Auto Bild
Mazda MX-5-ის (Typ NA, 1989–1998, 1500 ევროდან) ამოსაწევი მაშუქები და როდსტერის მოხდენილი კოსტიუმი ორივე სქესს აღაფრთოვანებს. ამავდროულად, ეს მოდელი მალე ანტიკვარი გახდება და სანამ გაძვირებულა, მოასწარით!

Auto Bild
ექსტრავაგანტული მაჩოების უპირველესი არჩევანი: Ford Mustang Cabrio (2005–2009). რეტრო-სტილში გაკეთებული ამერიკელი თავს V6 ძრავით (205 ცხენის ძალა) გვაწონებს და ამ აგრეგატით მისი ფასი დაახლოებით 15 000 ევროდან იწყება. V8 ძრავით აღჭურვილი GT (305 ცხ. ძ.) მინიმუმ 18 000 ღირს

Auto Bild
Morgan Plus 8-სთან შედარებით (1968–2004, 35 000 ევროდან), სხვა სპორტული ავტომობილები მართლაც ვულგარულად გამოიყურებიან. არც რეტროა და არც რეპლიკა, ის ორიგინალია - რაც აქვს, ყველაფერი ხელით გაკეთებულია. «მორგანი» ჩიბუხის მწეველთა და ვისკის მოყვარულთა ავტომობილია

Auto Bild
იმ დროს, როცა Mini Cabrio (Typ R52, 2004–2008, 7000 ევროდან) ქალბატონებს გულისცემას უჩქარებს, მამაკაცები მოიწყენენ ხოლმე. იმის თქმა გვინდა, რომ გააჩნია, ვინ ზის საჭესთან - ვინც «მინის» მართავს, არასდროს მოიწყენს

Auto Bild
Jeep Wrangler თავისი კუთხოვანი დიზაინით ასფალტის კოვბოების მანქანაა. ძალიან მოხდენილი ტიპია - მის საჭესთან, როგორც წესი, თავდაჯერებული და გაწონასწორებული მამაკაცები სხედან. Typ JK-ს ფასი (2007 წლიდან) 14 000 ევროდან იწყება

დასკვნა
Auto Bildფლირტი ბორდიურთანაც სასიამოვნოა და ამას ნებისმიერი ავტომობილით მოახერხებთ, მაგრამ კაბრიოლეტების, მოტოროლერების ან განსაკუთრებული მანქანების მფლობელებს წარმატების მეტი შანსი აქვთ. თვალში საცემი ავტომობილები (მაგალითად, ანტიკვარები ან სპორტული მანქანები) ყველგან ყურადღებას იქცევს და ფლირტის შანსებს ზრდის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ დროს მანქანის ფასს მნიშვნელობა არ აქვს - კონკრეტულ მომენტში Renault Twizy-ს მფლობელმა, შეიძლება, «პორშეს» მფლობელს აჯობოს.
ლარს ბუზემანი

Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16