ყველაზე ეკონომიური მეორადები
ყველაზე ეკონომიური მეორადები
30.05.2013

გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ყველაზე ეკონომიური, ხუთი წლის მეორადი ავტომობილები მცირელიტრაჟიანთა კლასიდან SUV-კლასამდე

გადავწყვიტეთ, გაგაცნოთ ყველაზე ეკონომიური, ხუთი წლის მეორადი ავტომობილები მცირელიტრაჟიანთა კლასიდან SUV-კლასამდე. თითოეული მათგანის საწვავის ხარჯი AUTO BILD-ის ტესტების დროსაა გამოთვლილი


7.2 ლიტრი დიზელი 100 კილომეტრზე - 20 წლის წინათ საწვავის ასეთი ხარჯი საშუალო კლასის მეორადი ავტომობილის გაყიდვის შესანიშნავი არგუმენტი იქნებოდა. მაშინ ასეთი მაჩვენებელი წარმოუდგენელი იყო, დღეს კი, 100 კილომეტრზე 7.2 ლიტრი დიზელით SUV-კლასის ავტომობილი კმაყოფილდება - თანაც ისეთი, რომელსაც სრული ამძრაობა, 200-მდე ცხენის ძალა აქვს და 1.8 ტონაზე მეტს იწონის.

ეს ავტომობილი არის BMW X3 20d xDrive - დაუჯერებლად ეკონომიური ქროსოვერი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენად პოლიტკორექტული შეიძლება იყოს თანამედროვე ძრავა.

 

რაც ყველაზე საინტერესოა, 5 წლის BMW X3 დიზელის ამ აგრეგატითა და 100 000-კილომეტრიანი გარბენით იმის ნახევარი ღირს, რაც თავიდან ღირდა. არადა, ეს ბავარიული კომპაქტური ქროსოვერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი SUV-ია. ზოგადად, გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ ავტომობილის ფასი ნახევრდება. თუ ნაკლებად პოპულარულ ან ზედმეტად ძვირადღირებულ მანქანასთან გვაქვს საქმე, ფასი 4-5 წლისა და დაახლოებით 100 000-კილომეტრიანი გარბენის შემდეგ, შეიძლება 70 ან სულაც 80 პროცენტითაც დაეცეს. შესაბამისად,
მეორადი ავტომობილის ყიდვის სურვილით შეპყრობილ ადამიანს უჩნდება შანსი, იაფად იყიდოს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მანქანა. წარმოგიდგენთ 5 წლის 10 ავტომობილს ყველა კლასიდან, რომლებიც AUTO BILD-ის ტესტებში 2008 წელს საწვავის ყველაზე დაბალი ხარჯით გამოირჩნენ.

 

მცირელიტრაჟიანი დიზელის ძრავით

ნიჭიერი ოპელი

Opel Agila B 2008 წლიდან გვთავაზობს საკმარის სივრცეს 4 მგზავრისთვის საწვავის მინიმალური ხარჯით (1.3-ლიტრიანი დიზელის ძრავა). დაბალ ბრუნებზე ავტომობილი საკმაოდ მძლავრია, ზედა საფეხურებით კი - ცოტათი უძლური. ამასთან, ნათლად ჩანს, რომ ძრავას მაღალ ბრუნებზე მუშაობა არ სიამოვნებს. სამაგიეროდ, პირდაპირია მოხვევის სისტემა და გადართვები. ამ კლასის ავტომობილისთვის სალონში გამოყენებული მასალების ხარისხი მისაღებია. ამავდროულად, პატარა „ოპელი“ საკმაოდ პრაქტიკულიცაა. გერმანულ TUV-რეპორტში წერია, რომ სამი წლის შემდეგ „აგილა“ გამძლეობის თვალსაზრისით საშუალოზე მაღალ შედეგს აჩვენებს. მისი ყველაზე ხშირი პრობლემა განათების სისტემის მწყობრიდან გამოსვლაა.

OPEL AGILA B 1.3 CDTI

ძრავა                                               4-ცილ. ტურბოდიზელი

მოცულობა                                     1248 სმ3

სიმძლავრე                                     55 კვ/75 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          190 ნმ/1750

0-100 კმ/სთ                                    13.8 წამში

მაქს. სიჩქარე                                 165 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             5.2 ლ. დიზელი

გამონაბოლქვი (CO2)                    138 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 6000 ევრო (70 000კმ)

 

მცირელიტრაჟიანი ბენზინის ძრავით

მოსახვევების ხელმწიფე


პატარაა და ბავშვური გამოხედვა აქვს, რაც მცირელიტრაჟიანთა კლასში საკულტო კარიერის შესაქმნელად საუკეთესო კრიტერიუმებია. თუმცა „მინი“ პრაქტიკულობით არ გამოირჩევა - მისი შემქმნელები აქცენტს დიზაინსა და სპორტულობას აკეთებენ. თუკი სალონის წინა ნაწილში სივრცე საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს, უკანა სავარძელზე მოკალათებული, მუხლებს წინა სავარძლის საზურგეზე მიაჭყლეტ, საბარგული კი ქალის ხელჩანთას მოგაგონებს. ისე, „მინით“ ბარგის გატანა აზრადაც არავის მოუვა - ის ხომ გასართობი და თავის მოსაწონებელი სათამაშოა. სამაგიეროდ, „მინი“ მოსახვევებში გემრიელად შედის. 95-ცხენისძალიანი ძრავით რბოლაში ვერ მიიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მოტორი კარგად მუშაობს და ძალიან ეკონომიურიცაა. ხშირი პრობლები: შუშის სახურავის არაგერმეტულობა და გამანაწილებელი ლილვის ჯაჭვის დეფექტები.

Mini One 1.4

ძრავა                                               4-ცილინდრიანი

მოცულობა                                     1397 სმ3

სიმძლავრე                                     70 კვ/95 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          140 ნმ/4000

0-100 კმ/სთ                                    10.6 წამში

მაქს. სიჩქარე                                 185 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             6.3 ლ. Super

გამონაბოლქვი (CO2)                    146 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 9000 ევრო (70 000 კმ)


კომპაქტი დიზელის ძრავით

ერთ-ერთი საუკეთესო აუდი

Audi A1 ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, A2 კი  - ძალიან მოძველდა. შესაბამისად, „აუდის“ კომპაქტებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი მოთხოვნა A3-ზეა (Typ 8P/8PA, 2003-12). ეს ავტომობილი ფაქტობრივად „ფოლკსვაგენ გოლფ V-ია“, რადგან პლატფორმის გარდა, ძრავებიც „გოლფისგან“ მიიღო. ყველაზე ეკონომიური ვარიანტი დიზელის საბაზო ძრავაა. ვგულისხმობთ 1.9 TDIe-ს, რომელიც გადაცემათა მექანიკურ კოლოფთან ერთად საწვავს სასწაულად ზოგავს. ასე განსაჯეთ, ხარჯი 6 ლიტრს ქალაქში ყოველდღიური მოძრაობის დროსაც კი ძალიან იშვიათად აღემატება. ნერვებს მხოლოდ ძრავის ხმა თუ მოგიშლით, რომელიც მაღალ ბრუნებზე მართლაც შემაწუხებლად ღმუის. TUV-რეპორტში ამ A3-ზე ბევრი არაფერი წერია - ყველაზე ხშირად პრობლემები სამუხრუჭე სისტემას ექმნება.

Audi A3 1.9 TDIe

ძრავა                                               4-ცილ. ტურბოდიზელი

მოცულობა                                     1896 სმ3

სიმძლავრე                                     77 კვ/105 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          250 ნმ/1900

0-100 კმ/სთ                                    11.6 წამში

მაქს. სიჩქარე                                 194 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             5.1 ლ. დიზელი

გამონაბოლქვი (CO2)                    135 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 11 500 ევრო (90 000 კმ)


კომპაქტი ბენზინის ძრავით

ტოიოტას სამაგლითო ეკონომ-კლასი

„ტოიოტა პრიუსი“ ჰიბრიდული ტექნიკის ფუძემდებელი და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ჰიბრიდია. ამასთან, „პრიუსს“ სამჯერ აქვს მოგებული AUTO BILD-ის TUV-რეპორტი, ჩვენი ჟურნალის ხანგრძლივ, 100 000-კილომეტრიან ტესტში კი საუკეთესო შეფასება, ერთიანი დაიმსახურა, რადგან ამ მანძილის გავლისას მას მხოლოდ ორი პრობლემა შეექმნა - გადაეწვა მოხვევის ციმციმა და ოდნავ დაიჟანგა საბარგულის კარის სახელური. „ტოიოტას“ მეორე „პრიუსი“ (2003-2009) მართლაც სამაგლითო მოდელია - ინოვაციური ტექნიკით, რომელიც ტაქსად გამოყენების შემთხვევაშიც კი შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. 48-კილოგრამიანი ელემენტის ბლოკი წლების შემდეგაც კი უპრობლემოდ ფუნქციონირებს. ყველაფერთან ერთად, „ტოიოტა“ ამ ავტომობილის უმთავრეს აკუმულატორზე 8-წლიან გარანტიას გვთავაზობს.


Toyota Prius Executive

ძრავა                                               4-ცილინდრიანი

მოცულობა                                     1497 სმ3

სიმძლავრე                                     57 კვ/77 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          115 ნმ/4000

0-100 კმ/სთ                                    11.0 წამში

მაქს. სიჩქარე                                 170 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             5.3 ლ. Super

გამონაბოლქვი (CO2)                    123 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008


კომბი დიზელის ძრავით

ეკონომიურობის სიამოვნება ვინც ისეთ ავტომობილს ეძებს, რომელიც მას და მის ოჯახს იდეალურად მოემსახურება, ეკონომიური იქნება და ამავდროულად, მისი მართვა სიამოვნებას მიანიჭებს, მაშინ არჩევანი BMW 320d Touring-ზე (E91, 2005–2012) უნდა შეაჩეროს. რაკი მისი შემცვლელი ახლახან გამოვიდა, ამ მოდელს მეორადი ავტომობილის რანგში ფასი უკვე ძალიან დააკლდა. რაც შეეხება საწვავის ხარჯს: სერიული სისტემა Efficient Dynamics, რომელიც სტარტ-სტოპთან კარგად თანამშრომლობს, 100 კილომეტრზე საშუალოდ 6 ლიტრით კმაყოფილდება. ამასთან, 177 ცხენის ძალა იმის გარანტიაა, რომ BMW 320d Touring-ის საჭესთან არ მოიწყენთ. ამას დაუმატეთ დაბალანსებული  სავალი ნაწილი და ერთ-ერთ სამაგალითო კომბის მიიღებთ.

BMW 320d Touring

ძრავა                                               4-ცილ. ტურბოდიზელი

მოცულობა                                     1995 სმ3

სიმძლავრე                                     130 კვ/177 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          350 ნმ/1750

0-100 კმ/სთ                                    8.3 წამში

მაქს. სიჩქარე                                 228 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             6.0 ლ. დიზელი

გამონაბოლქვი (CO2)                    159 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 14 500 ევრო (90 000 კმ)


კომბი ბენზინის ძრავით

საუკეთესო მოწაფე

Honda Accord Tourer (Typ CU/CW, 2008 წლიდან) არა მარტო ყველაზე ეკონომიური ავტომობილია მათ შორის, რაც AUTO BILD-მა 2008 წელს გატესტა, არამედ  100 000-კილომეტრიანი ხანგრძლივი ტესტიც პრობლემების გარეშე გადააგორა. შესაბამისად, სტატია ამ მანქანის ხანგრძლივი ტესტის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი იყო ჩვენი ჟურნალის ისტორიაში, რაც ამ მოდელის სრულყოფილებაზე მეტყველებს. სასიამოვნოდ გაგვაოცა არა მარტო მისმა ხარისხმა, არამედ სპორტულმა, ხისტმა დაკიდებამაც და იმან, რომ მიუხედავად ამისა, მანქანა მაინც ერთობ კომფორტულია. რა გასაკვირია, რომ კონკრეტულად ამ Honda Accord Tourer-ის შესახებ TUV-რეპორტშიც ფაქტობრივად არაფერი წერია.

Honda Accord Tourer 2.0

ძრავა                                               4-ცილინდრიანი

მოცულობა                                     1997 სმ3

სიმძლავრე                                     115 კვ/156 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          192 ნმ/4100

0-100 კმ/სთ                                    9.8 წამში

მაქს. სიჩქარე                                 212 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             7.8 ლ. Super

გამონაბოლქვი (CO2)                    185 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 14 500 ევრო (80 000 კმ)


ვენი დიზელის ძრავით

ოჯახის მეგობარი

AUTO BILD-ის ხანგრძლივ ტესტებში VW Touran-ს დღემდე ყველაზე ცუდი შედეგი აქვს ნაჩვენები - 100 000 კილომეტრის გავლის შემდეგ მასზე მეტი პრობლემა არცერთ სხვა მოდელს არ ჰქონია. თუმცა ეს უკვე წარსულია, რადგან „ფოლკსვაგენმა“ დროთა განმავლობაში ამ ავტომობილის ხარისხი არნახულად გააუმჯობესა. პრაქტიკულობის ნიჭი კი Touran-ს ისედაც არასდროს აკლდა: ეს მანქანა ხუთ მგზავრს გრძელ გზაზეც კომფორტულად გადაიყვანს. AUTO BILD განსაკუთრებით TDI-ძრავებს და პირველ რიგში 2010 წლიდან გამოშვებულ ეგზემპლარებს გირჩევთ, რადგან სწორედ მაშინ მიიღო Touran-მა დიზელის უპრობლემო Common-Rail-სისტემა.

VW Touran 1.9 TDI Trendline

ძრავა                                               4-ცილ. ტურბოდიზელი

მოცულობა                                     1896 სმ3

სიმძლავრე                                     77 კვ/105 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          250 ნმ/1900

0-100 კმ/სთ                                    13.8 წამში

მაქს. სიჩქარე                                 179 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             6.5 ლ. დიზელი

გამონაბოლქვი (CO2)                    173 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 11 500 ევრო (80 000 კმ)


ვენი ბენზინის ძრავით

პატარა სახლი


Renault Grand Modus გარედან პატარა ჩანს, მაგრამ შიგნით ძალიან დიდია. ის მოკლე ვერსიაზე 16 სანტიმეტრით გრძელია და 4 მგზავრისთვის საკმარისზე მეტ ადგილს გვთავაზობს. უკანა სავარძელი 17 სანტიმეტრით იწევა. სამწუხაროდ, ვარდნადი სახურავი სალონის უკანა ნაწილში თავსზემოთ სივრცეს ამცირებს. თუმცა, საბარგულის მაქსიმალური მოცულობა 1454 ლიტრია! 75-ცხენისძალიანი ძრავა ელასტიურობით ნამდვილად არ გამოირჩევა. სამაგიეროდ, ავტომობილი 100 კილომეტრზე დაახლოებით 7 ლიტრი საწვავით კმაყოფილდება. სამწუხაროდ, ასაკში შესულ Grand Modus-ს სავალ ნაწილში პრობლემები აღენიშნება, მწყობრიდან ხშირად გამოდის შუშების ელ-სისტემაც.

Renault Grand Modus 1.2

ძრავა                                               4-ცილინდრიანი

მოცულობა                                     1149 სმ3

სიმძლავრე                                     55 კვ/75 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          105 ნმ/4250

0-100 კმ/სთ                                    14.9 წამში

მაქს. სიჩქარე                                 163 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             7.1 ლ. Super

გამონაბოლქვი (CO2)                    168 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 6 500 ევრო (70 000 კმ)


SUV დიზელის ძრავით

ეკონომიური მულტიტალანტი

აქვს სრული ამძრაობა, შეუძლია 1700 კილოგრამის თრევა, დადის სპორტულად და 100 კილომეტრზე მხოლოდ 7.2 ლიტრ დიზელს მოიხმარს: BMW X3 20d xDrive (Typ E83, 2003-10) საოცრად ეკონომიური ქროსოვერია. ბავარიული კონცერნი ამ მოდელში 2-ლიტრიან ტურბოდიზელს 2007 წლიდან გვთავაზობს და 177 ცხენის ძალა სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მფლობელმა მისი მართვით საკმარისი სიამოვნება მიიღოს. ამასთან, ძრავა საკმაოდ უხმაურო და ელასტიურია. მისთვის დამახასიათებელი პრობლემა ყველა X3-ისთვის ტიპურია: უკანა ხიდის რესორები, რომელთა გამოცვლა 300 ევრომდე ჯდება.

BMW X3 xDrive 20d

ძრავა                                               4-ცილ. ტურბოდიზელი

მოცულობა                                     1995 სმ3

სიმძლავრე                                     130 კვ/177 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          350 ნმ/1750

0-100 კმ/სთ                                    9.1 წამში

მაქს. სიჩქარე                                 206 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             7.2 ლ. დიზელი

გამონაბოლქვი (CO2)                    191 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 20 000 ევრო (100 000 კმ)


SUV ბენზინის ძრავით

პატიოსანი ბესტსელერი

„ფოლკსვაგენმა“ კომპაქტური ქროსოვერი „ტიგუანი“ 2007 წელს გამოუშვა - კლასის ფუძემდებლის, Toyota RAV4-ის გამოსვლიდან 13 წლის შემდეგ. მიუხედავად ამისა, „ტიგუანი“ მაშინვე ბესტსელერი გახდა და ამ კლასში დღემდე ბესტსელერია. თავიდან, კლიენტები „ტიგუანს“ 14 თვეც კი ელოდებოდნენ! რაკი „ტიგუანის“ მფლობელები უგზოობაზე იშვიათად გადადიოდნენ, 2008 წლიდან „ფოლკსვაგენი“ წინა ამძრაობის მქონე ეგზემპლარებსაც ყიდის. TSI-ძრავები საკმაოდ მძლავრი და ამავდროულად ეკონომიურია.

VW Tiguan 1.4 TSI 4 Motion

ძრავა                                               4-ცილინდრიანი

მოცულობა                                     1390 სმ3

სიმძლავრე                                     110 კვ/150 ცხ. ძ.

ბრუნის მომენტი                          240 ნმ/1750

0-100 კმ/სთ                                    9.8 წამში

მაქს. სიჩქარე                                 192 კმ/სთ

საწვავის ხარჯი                             8.7 ლ. Super

გამონაბოლქვი (CO2)                    206 გ/კმ

გამოშვების წელი                         2008

ფასი: 15 000 ევრო (80 000 კმ)


დასკვნა

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ავტომობილებიდან რომელიმეს შეიძენთ, ორმაგ ეკონომიას გააკეთებთ, რადგან ჯერ ერთი, ხუთი წლის ასაკში ამ მოდელების ფასი ფაქტობრივად განახევრებულია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავიანთ კლასში ისინი ყველაზე ეკონომიურები არიან. თუმცა ყურადღებით ყოფნაა საჭირო: ავტომობილი მწყობრში და კარგად მოვლილი უნდა იყოს.

ლარს ბუზემანი
  • „აგილა“ თავის სახელს ამართლებს და მოსახვევებში საკმაოდ მოხდენილად შედის. სამწუხაროდ, 2008-ში ESP სერიულად არ მოყვებოდა
  • სალონში გამოყენებული მასალების ხარისხი ავტომობილის ფასის შესაბამისია
  • მანევრულობისა და ელასტიურობის კრიტერიუმში „მინისთან“ სხვა მცირელიტრაჟიანები ახლოსაც ვერ მიდიან. ESP სერიულად 2009 წლის მარტიდან მოყვება
  • „მინის“ კოკპიტის შეფასება გემოვნების ამბავია - ან მოგწონს, ან არა
  • საწვავის ეკონომიაზე ორიენტირებული გადაცემათა კოლოფი 1.9-ლიტრიან დიზელის ძრავას ტემპერამენტს პარავს, მაგრამ სხვამხრივ ავტომობილი კარგად დადის და თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურია
  • ტიპური გერმანული, სოლიდური და დალაგებული კოკპიტი
  • Toyota Prius II სენსაციურად ეკონომიური და გამძლე ავტომობილია. კარგია ისიც, რომ ESP („ტოიოტაში“ VSC-ს უწოდებენ) თავიდანვე სერიულად მოყვებოდა
  • კომანდ-სისტემა ციფრულია და სალონში თავს ისე იგრძნობთ, როგორც Captain Future
  • BMW 320d Touring: ეს ის შემთხვევაა, როცა მართვასთან ერთად (BMW-ს სლოგანი), ავტომობილის ეკონომიურობაც დიდი სიამოვნებაა
  • „ჰონდა“ სვლის მანერა სპორტულია
  • კოკპიტი მიჩვევას საჭიროებს, რადგან ღილაკები და გადამრთველები ქაოსურადაა განლაგებული
  • Touran უსაფრთხოების ეტალონიცაა, რადგან ESP ყველა ეგზემპლარს სერიულად მოყვება. 2006 წელს ფეისლიფტი ჩაუტარეს და მას მერე ქრომირებული ცხვირი აქვს
  • ვისაც Touran-ში სივრცე არ ეყოფა, მატარებლით უნდა იმგზავროს. სალონის კონცეფცია იდეალურია, მასალების ხარისხი - მაღალი
  • მერე რა, რომ ფრანგია - Grand Modus-ს საკმაოდ ხისტი დაკიდება აქვს. ყურადღება მიაქციეთ: ESP ყველა ეგზემპლარს არ მოყვება
  • ტიპური „რენო“: ტორპედოს ცენტრში განთავსებული ციფრული დაფა. სალონში ბევრი პრაქტიკული სათავსოა
  • BMW X3 ყველაზე სპორტული SUV-ია. ESP სერიულად მოყვება
  • 2006 წლის ფეისლიფტზე BMW-მ მასალების ხარისხი გააუმჯობესა. ხე და კლიმატკონტროლი დამატებითი ოფციებია
  • „ტიგუანი“ გერმანიის ბესტსელერია. მასზე მეორადის რანგშიც დიდი მოთხოვნაა
  • კოკპიტი „გოლფ პლუსისგან“ მიიღო. მომსახრების სიმარტივე სამაგალითოა
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16