Taycan-ით პირველივე მოსახვევში შესვლისას,
მშრალ ზედაპირზე გადავედით და ლუტც მეშკე ტაიკანს მსუბუქად აჩქარებს. კომპანიის ფინანსური საქმეები კარგად მიდის, რაც მას საქმეს უადვილებს. სამაგიეროდ, ცხოვრებას გამონაბოლქვის ახალი სტანდარტები ურთულებს. პორშე იძულებულია, საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად შეამციროს, დიზელზე კი უარი უნდა თქვას. "ჩვენ ადრე შევამჩნიეთ, რომ ელექტრომობილებისკენ დიდი ნაბიჯი უნდა გადაგვედა!" - ეს ნიშნავს ელემენტებს ყველა მოდელში - გარდა 911-ისა (ჯერჯერობით). და ელემენტები (ჯერ კიდევ) ძვირია. ელექტრო-პორშეს წარმოება დაახლოებით 8000-12000 ევროთი უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იმავე მოდელის შიგა წვის ძრავით. და ეს თანხა 100 პროცენტით მომხმარებლისგან არ უნდა ამოიღო - თვით ისეთი მაღალშემოსავლიანი მომხმარებლისგანაც კი, როგორებიც პორშეს ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას ბიზნესის ახალი მოდელები სჭირდება. გარდა ამისა, ლუტც მეშკეს უაღრესად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ელექტრმობილურობას სახელმწიფომ უფრო ძლიერად დაუჭირს მხარი.
ფოლკსვაგენის კონცერნის შეფი ჰერბერტ დისი შიშობს, რომ ელექტრომობილებზე მასობრივი გადასვლა სამუშაო ადგილებს შეამცირებს, მაგრამ მეშკე ამ მოსაზრებას არ იზიარებს. "ჩვენთან ელექტრომობილურობით სამუშაო ადგილების რაოდენობა დაახლოებით 1500-ით გაიზარდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე შიგა წვის ძრავებზე ნელ-ნელა უარის თქმით დავკარგავთ." მისი ვარაუდით, 2030 წლისთვის შიგა წვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება, თუმცა: "ყველა რევოლუციას აქვს თავისი საზღვარი. პორშე ყოველთვის პორშედ დარჩება."
მეშკე Taycan-ს კიდევ უფრო აჩქარებს და ამბობს იმას, რასაც ასეთი ფუნქციონერები ჟურნალისტებთან საუბრისას ყოველთვის ამბობენ ხოლმე - იმას, რომ ყოველთვის პორშეს ფანი იყო, მაშინაც კი, როცა თინეიჯერი გახლდათ და ენდუროთი დადიოდა, ანაც სტუდენტობისას, როცა კიოლნის ქუჩებში Audi 80-ით გადაადგილდებოდა. რომელ ავტომობილებზე ოცნებობს პორშეს მიღმა? Jaguar E-Type და Ferrari 458.
თუმცა, მეშკეს პორშეში მუშაობაზე ბევრი არ უოცნებია. რაც შეეხება დიზელის სკანდალს, რომელშიც პორშეც აღმოჩნდა ჩათრეული: "პორშეს დიზელის ძრავები არასდროს უწარმოებია!" - ამბობს მეშკე მკაცრი ტონით და ვერ შეეწინააღმდეგები, რადგან პორშეს დიზელის ძრავებით ყოველთვის თანაკონცერნელი აუდი ამარაგებდა.
"გასული წლის აპრილში, როდესაც პორშეს ოფისში პროკურატურის წარმომადგენლები შემოვიდნენ და საბუთები წაიღეს, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი," - გვეუბნება მეშკე და ისეთი განცდა მაქვს, რომ გაუჩნდა სურვილი, ამ თემაზე უფრო მეტი ილაპარაკოს, მაგრამ მხოლოდ ამას დასძენს: "ჩვენი მომხმარებლების წინაშე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ."
მერე მანქანიდან გადადის - დირექტორთა საბჭოს თათბირზე ეჩქარება. პორშეს ფინანსების შეფმა ისევ ბევრი რამ უნდა დათვალოს და გათვალოს.
ჰაუკე შრიბერი, პორშეს მთავარი ფინანსისტი
მეშკემ ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ ჯერ Hugo Boss-ში მუშაობდა, 2001 წლიდან კი პორშეში გადაინაცვლა. 2009 წლიდან იგი კომპანიის ფინანსებს განკარგავს.