სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ «დელტაში» ბორბლებიან ჯავშანმანქანა «დიდგორის» რამდენიმე ვარიანტთან ერთად, 2012 წლის დასაწყისისთვის მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანის, «ლაზიკას» მოდელიც შეიქმნა.
მისი პრეზენტაცია 2012 წლის 26 თებერვალს, ვაზიანის პოლიგონზე შედგა. პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ ეს ქართული ჯავშანმანქანა ცნობილი საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანების БМП1-ისა და БМП2-ის დეტალების ფართოდ გამოყენების საშუალებით შეიქმნა, რაზეც ვიზუალურად მიუთითებდა სავალი ნაწილის საყრდენი ბორბლების ფორმები და ძრავის განთავსების ადგილი.
- მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ, ამ სტატიის ავტორს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, გაცნობოდა «ლაზიკას» აწყობის პროცესს და ის «შიშველი», ჯერ კიდევ «ჩანასახის» მდგომარეობაში ენახა და დაესკვნა - არა, «ლაზიკა» საბჭოთა ბე-ემ-პე-ს «შვილობილი» არ არის!
მართალია, «ლაზიკას» პირველ საცდელ ეგზემპლარებს ბე-ემ-პე-ს დიზელის ძრავა და საყრდენი ბორბლები უყენია, მაგრამ მისი კონსტრუქცია აბსოლუტურად განსხვავებულია და პირველ რიგში გამოირჩევა დაცვის ბევრად უფრო მეტი დონით.
საბჭოთა დროინდელი დიზელის ძრავის, გადაცემათა მექანიკური კოლოფისა და ტრანსმისიის ჩანაცვლება ნებისმიერ დროს შეიძლება ბევრად უფრო თანამედროვე, მძლავრი და რაც მთავარია, ეკონომიური დასავლური წარმოების დიზელის ძრავით, ხოლო მექანიკური გადაცემათა კოლოფი ავტომატურით შეიცვლება.
»ლაზიკას» მთავარი ნოუ-ჰაუ მისი ჯავშანკორპუსია და პირველ რიგში მრავალშრიანი ჯავშანფსკერი. ის სამი ჯავშანფენისგან შედგება (ფენებს შორის სივრცეა დატოვებული) და შეუძლია გაუძლოს 10 კგ ტროტილის აფეთქებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაღმების აფეთქებებისგან მისი დაცვა STANAG-ის მე-4 დონეს შეესაბამება, რაზეც საბჭოთა ბე-ემ-პე-ების შემქმნელები ვერც კი იოცნებებდნენ.
არადა, ავღანეთის ომის დროს (ისევე, როგორც აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომებისას), მებრძოლები საბჭოთა წარმოების ბე-ემ-პე-ებში შიგ არ სხდებოდნენ, ზემოდან სახურავზე ისხდნენ, რადგან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე გადასვლისას, ნაღმში ჩადებული 6-7 კგ ტროტილის აფეთქება ბე-ემ-პე-ს კონსერვის ქილასავით შუაზე «გადახსნიდა» და ჯავშანმანქანის კორპუსის შიგნით მსხდომებს გადარჩენის შანსს თითქმის არ უტოვებდა. სახურავზე მსხდომებს კი შეიძლება კონტუზია მიეღოთ, მაგრამ დიდი ალბათობით ცოცხლები გადარჩებოდნენ.
«ლაზიკას» წინა, შუბლა ჯავშანიც კომბინირებული ტიპისაა და გათვლილია 14, 5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან დასაცავად, რომლებსაც БТР-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებზე დაყენებული მსხვილკალიბრიანი КПВТ ტყვიამფრქვევები ისვრიან.
კონსტრუქციულად გათვალისწინებულია «ლაზიკას» ბორტებზე დამატებითი ჯავშანელემენტების დამაგრება, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდიან მის მდგრადობას მსხვილკალიბრინი ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
გარდა ამისა, ბორტებზე შესაძლებელია ბადისებრი ეკრანების დამონტაჟებაც, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტების ადრეულ დეტონაციას გამოიწვევენ და კუმულაციური ჭავლი «ლაზიკას» ჯავშანკორპუსამდე გაიფანტება.
ქართულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას საბჭოთადროინდელი ბე-ემ-პე-ებისგან ისიც განასხვავებს, რომ მისი ძირითადი შეიარაღება დისტანციურად მართავად საბრძოლო მოდულშია დამონტაჟებული, შესაბამისად ეკიპაჟის წევრებს აღარ აწუხებთ გასროლისას წარმოქმნილი დენთის აირები, რომლითაც გაჟღენთილია ბე-ემ პე-სა თუ ბე-ტე-ერ-ის სადესანტო ნაკვეთური.
- დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულში გაერთიანებულია 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხი და მასთან შეწყვილებული 7, 62 მმ-იანი სატანკო ტყვიამფრქვევი.
ჯავშანკორპუსის წინა ნაწილში დამონტაჟებულია რვა საკვამლე მორტირი, რომლებიც «საკვამლე ფარდის» შესაქმნელად გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი სასწრაფოდ საჭიროა «ლაზიკა» მოწინააღმდეგის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს დაემალოს.
დისტანციური საბრძოლო მოდულის დაყენებამ აუცილებელი გახადა, რომ «ლაზიკა» აღჭურვილიყო დღეღამური ხედვის სამიზნე მოწყობილობებითა და ხედვის კამერებით. ამ ვიდეკამერებიდან მიღებული გამოსახულებები აისახება მძღოლ-მექანიკოსისა და მემიზნის მონიტორებზე.
ქვეითთა საბრძოლო მანქანის ეკიპაჟი სამი კაცისგან შედგება: მძღოლ-მექანიკოსი, მეთაური და მემიზნე - ოპერატორი. დესანტში კი შვიდი მებრძოლო შედის, რომლებიც ორივე ბორტის გასწვრივ სხედან. მათი დესანტირება უკანა, გადმოსაშლელი რამპის მხრიდან ხდება. თუკი რაიმე მიზეზის გამო რამპა არ გაიღო, მასში ჩამონტაჟებულია ავარიული კარებიც.
»ლაზიკას» მუხლუხებიანი სავალი ნაწილი აღჭურვილია ტორსიონული დაკიდების სისტემით, რაც 15 ტონიანი ჯავშანმანქანის უსწორმასწორო გზაზე გადაადგილებას შედარებით «არბილებს». თოთოეულ ბორტზე ხუთი საყრდენი ბორბალია განთავსებული. თავად მუხლუხებზე რეზინის ბუნიკებია დამაგრებული, რომლებიც გზის ასფალტის საფარს არ აზიანებენ.
საგულისხმოა, რომ ამ პირველი ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანის შერჩეული სახელი «ჯიქი» გახლდათ, მაგრამ ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მხოლოდ მათთვის ცნობილი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ის კონსტრუქტორებს სასწრაფოდ «ლაზიკათი» შეაცვლევინა.
დღემდე «ლაზიკას» მხოლოდ რამდენიმე ეგზემლიარია დამზადებული. მათ აღლუმებშიც მოასწრეს მონაწილეობის მიღება და სამხედრო სწავლებებზეც, ვაზიანის პოლიგონზე. «ლაზიკები» არაერთხელ გამოუფენიათ სახალხოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებზე და ბევრ მოქალაქეს, მითუმეტეს ბავშვებს, მიეცათ საშუალება მისი დეტალურად დათვალიერებისა, როგორც გარედან, ისე შიგნიდან.
ამჟამად «ლაზიკას» ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების წარმოების პროცესი შეჩერებულია, თუმცა მისი საპოლიგონო გამოცდებისა და მოდერნიზაციის შედეგად, შეიძლება, საკმაოდ კონკურენტუნარიანი თანამედროვო საბრძოლო მანქანა მივიღოთ, რომელიც ქართულ არმიასაც გამოადგებოდა და შეიარაღების მსოფლიო ბაზარზეც იპოვიდა მყიდველს.
- სტატიის ავტორის აზრით, ამისთვის საჭიროა «ლაზიკაზე» თანამედროვე, მძლავრი და ამასთანავე ეკონომიური დიზელის ძრავისა და ტრანსმისიის ბლოკის დაყენება.
მოდერნიზაციის მთელი ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, «ლაზიკას» მასასაც გაზრდის და მის თვითღირებულებასაც გააძვირებს, მაგრამ სამაგიეროდ, ის უფრო მიუახლოვდება ქვეითთა საბრძოლო მანქანების მსოფლიო დონეს. ამასათან, «ლაზიკას» ბაზის გამოყენება შესაძლებელი იქნება არამარტო ქვეითების საბრძოლო მოქმედების ზონაში გადასაყვანად, არამედ სპეციალიზირებული საბრძოლო მანქანების - ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო და საზენიტო-სარაკეტო მობილური კომპლექსებისა თუ თვითმავალი ნაღმსატყორცნის შესაქმნელად.
საჭირო ინვესტიციების ჩადებისა და გონივრული მოდერნიზაციის შემდეგ, ყველა პირობა იარსებებს იმისთვის, რომ «ლაზიკას» წარმატებული პერსპექტივები გაუჩნდეს შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ მანამდე ის ქართულმა არმიამ ბოლომდე უნდა გამოსცადოს.
ჩვენი დოსიე
- ქვეითთა საბრძოლო მანქანის «ლაზიკას» ცარიელი მასა 14, 8 ტონას შეადგენს. მისი სიგრძე 6, 1 მეტრია, სიგანე - 3 მეტრი, ხოლო სიმაღლე კი - 2,1 მეტრი.
- ჯავშანმანქანის ეკიპაჟში 3 წევრია, დესანტი 7 მებრძოლისგან შედგება.
- 400 ცხენის ძალამდე სიმძლავრის დიზელის ძრავა ასფალტირებულ გზაზე «ლაზიკას» 70 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს.
- 400 ლიტრი დიზელის საწვავის მარაგი ჯავშანმანქანას 450 კმ-ის გასავლელად ჰყოფნის.
- კლირენსი 444 მმ-ს შეადგენს.
- «ლაზიკას» შეუძლია დაძლიოს 31 გრადუსი დახრილობის აღმართი და იმოძრაოს 17-გრადუსიანი გვერდითი დახრილობის პირობებში.
- ავშანმანქანა უპრობლემოდ ლახავს 70 სმ სიმაღლის ვერტიკალურ დაბრკოლებას, 2 მეტრი სიგანის სანგარს და 1,2 მ სიღრმის წყლის ტბორს.
- «ლაზიკას» დისტანციურად მართვად საბრძოლო მოდულში დამონტაჟებული 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხის საბრძოლო მარაგი 100 ჭურვს შეადგენს, ხოლო ქვემეხთან შეწყვილებული 7, 62 მმ-იანი ტყვიამფრქვევისა კი - 500 ვაზნას.
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის «არსენალის» მთავარი რედაქტორი
ასევე დაგაინტერესებთ:
ამერიკული სახლი-მანქანა, რომელიც მილიონნახევარი ღირს
ასევე დაგაინტერესებთ:
არაბული სამხედრო ავტომობილი მაზერატის ძრავით
ასევე იხილეთ:
ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
ასევე იხილეთ:
გაიცანით ქართული ჯავშანმანქანა
ასევე იხილეთ:
ჩავიხედოთ ტრამპის ახალ ლიმუზინში
ყველაფერი ამერიკის პრეზიდენტის ”მხეცის” შესახებ
ასევე იხილეთ:
რა ჯდება დონალდ ტრამპის ერთი მგზავრობა?
ასევე იხილეთ:
როგორ გადაადგილდება ამერიკის პრეზიდენტის ესკორტი
ასევე დაგაინტერესებთ:
ტრამპის ავტომობილები
შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება
ვის უნდა დედოფლის მძღოლობა? ხელფასი და პირობები
ჰიტლერის მერსედესი, რომელიც
ადოლფმა ესპანეთის სამეფო ოჯახს აჩუქა
მეფეების და ტირანების მანქანები
ვიდეო: პუტინმა УАЗ-ის კარი ვერ გააღო,
რუს გენერალს კი სახელური ხელში შერჩა...