”ხულიგანკა” ხომ კარგად გახსოვთ? განსაკუთრებით BMW-ს მოყვარულებს ეხსომებათ. 90-იანების საქართველოში ”ხულიგანკა” თუ გყავდა, პირველი ბიჭი იყავი. ეს იყო მანქანა, რომელიც დღემდე აღაგზნებს BMW-ს ფანებს. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ Test The Best-ზე ჩვენ BMW-ს ახალი ”ხულიგანკა” გავიცანით. თუკი შესაძლებელია, რომ რომელიმე ახალ BMW-ს ეს ცნობილი მეტსახელი შეარქვა, პირველ რიგში ალბათ სწორედ ამ მანქანას - ახალ BMW M2-ს!
ბავარიელებს და კერძოდ M GmbH-ს სწორედ BMW M2-ით სურთ ახალი ახალგაზრდა ავტომოყვარულების გულის მოგება. რაც ყველაზე მთავარია, მანქანა კომპაქტურია და ძალიან ძლიერი, რაც იმის დამსახურებაა, რომ BMW-ს სპორტულმა დეპარტამენტმა უდიდესი მონდომებით იმუშავა - M-ის ბიჭებმა ამ მანქანაში სული და გული ჩადეს და M2-ისთვის არც მისი დიდი ძმის, M4 დეტალები დაენანათ. დაუმატეთ ამას კლასიკური 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი Turbo ძრავა, რომლის სიმძლავრე 370 ცხენის ძალაა. დანკე შონ!
ტრეკის პარკინგზე ახალი M2 იმდენად თავდაჯერებულად იდგა, რომ დანახვისთანავე მივხვდით, თავგადასავალი სწორედ ამ ავტომობილით უნდა დაგვეწყო. ასეთი ვაჟკაცური დგომაც M-ის ბიჭების დამსახურებაა. საქმე ისიცაა, რომ M2-ის საბურავების თაღებს მიღმა M3/M4-ის ღერძები იმალება.
სხვათა შორის, ”მეორე სერიის” M-ვერსიამ სამუხრუჭე სისტემაც თავისი დიდი ძმისგან მიიღო. ტექნიკური თვალსაზრისით კი, თავისი 370 ცხენის ძალით, სადღაც M235i-ს (326 ცხ. ძ.) და M4-ს (431 ცხ. ძ.) შორისაა. აი, ბრუნის მაქსიმალური მომენტით კი, ეს მანქანა, თვით V8-M3-საც (E90, 420 ცხენის ძალა, 400 ნმ) ჯობნის! როგორ? აი, ასე: მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 1400-დან 5560 ბრ/წთ-მდე 465 ნიუტონმეტრია, მცირეხნიანი Overboost-ით კი სულაც 500! თუმცა გვეყო მშრალი ციფრები და თეორიები - საქმეზე გადასვლის დროა.
ყველაფერი, რაც გჭირდება და არაფერი ზედმეტი - M2-ის ინტერიერი ბავარიული მიდგომის ნიმუშია
დააჭერ თითს სტარტის ღილაკს და 6-ცილინდრიანი აგრეგატი ისეთი ხმით იღვიძებს, თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს - ცხოვრება მშვენიერია! ნიუტონმეტრების დამსახურებაა ისიც, რომ ადგილიდან მძლავრად წყდება და მნიშვნელობა არა აქვს, სად დგას ტახომეტრის ისარი, ძრავის რეაქცია ნებისმიერ დროს შესაშურია და 7000-მდე ყველა მაყუჩიდან ცეცხლებს ისვრის. შთამბეჭდავია მისი ჟღერადობაც. გამოცდილი მძღოლი პირველივე აჩქარებისას მიხვდება, რომ ბავარიულ 6-ცილინდრიანთან აქვს საქმე. ძრავის ჟღერადობა განსაკუთრებით მძაფრი ”Sport+” რეჟიმშია, რადგან ამ დროს ოთხივე მაყუჩი უკიდურესად ბობოქრობს.
ახალი BMW M2-ის მართვა ასეთ ბრწყინვალე ტრეკზე ორმაგად სასიამოვნოა
M2-ის ნდობას უკვე რამდენიმე მოსახვევის შემდეგ იწყებ. პილოტის ბრძანებებს კარგად ემორჩილება, მაგრამ მაინც არ გტოვებს იმის განცდა, რომ რისკავ. ეს კარგია გართობისთვის! მიუხედავად იმისა, რომ მანქანა 1570 კილოგრამს იწონის, რაც სულაც არ არის ცოტა, M2 მაინც ძალიან მსუბუქი და მანევრულია. გაგახსენებთ, რომ მისი დიდი ძმა, M4 მხოლოდ 20 კილოგრამით მეტს იწონის (1590 კგ). მძღოლის სრული სიმშვიდისთვის კი არსებობს ESP, რომელიც ”Sport+” რეჟიმში სიამოვნების მიღებას მაქსიმალურად გაცდის და საქმეში სპეციალურად გვიან, უკიდურესი საჭიროების დროსღა ერთვება. სისტემა არასდროს ტოვებს მძღოლს 100 პროცენტით მარტო - BMW-ში კარგად იციან, როგორ აღაგზნებს ეს მანქანა თავის მფლობელს და ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე. თავდაჯერებული მძღოლი Sport+ რეჟიმით მაქსიმალურად ისიამოვნებს, დამწყებთათვის კი იდეალურია ჩვეულებრივი Sport-რეჟიმი, რომლის დროსაც ყველა საჭირო ასისტენტ-სისტემა ჩართულია, ნებისმიერ სიტუაციაში უსწრაფესად გეხმარება და, ამავდროულად, მანქანა მაინც უნაკლოდ გართობს.
ყველაზე კარგიც სწორედ ეს არის: M2-ით მაქსიმალურად ერთობა როგორც დამწყები, ისე გამოცდილ-გამობრძმედილი პილოტიც. ეს ის შემთხვევაა, როცა მართვის სიამოვნება ასისტენტებითაც გარანტირებულია. თუ საკუთარი თავის გჯერა, გათიშე და ისე იბატონე! და თუ ზედმეტად თავდაჯერებული გამოდექი და რაღაც მაინც შეგეშალა, ასისტენტი მაინც გიშველის.
6-საფეხურიანი მექანიკა ძველი სკოლის მოყვარულებს გააბედნიერებს, Facebook-ის თაობისთვის კი ავტომატიკაც არსებობს
ამ M2-ში გადაცემათა კოლოფი მექანიკური იყო - ძველი, კარგი სკოლა. მართალია, მექანიკა 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ორი წამით მეტ დროს ანდომებს (4,5 წმ), ვიდრე ავტომატი (4,3 წმ), მაგრამ ”ძველი სკოლის” მოყვარულებს მაინც სწორედ მექანიკას გირჩევთ. BMW-ს მართვის სიამოვნების მოყვარულთათვის ის უალტერნატივო არჩევანია. ეს 6-საფეხურიანი ბოქსი ძალიან ვაჟკაცურია - მძღოლს აგრძნობინებს, რომ თვითონას ამ მანქანის ნაწლია. ასეთ რამეს დღეს ბევრი ავტომობილი ნაღდად აღარ გვთავაზობს. M2 კი გვთავაზობს და ამით გვახსენებს ისეთ ლეგენდარულ M-ს, როგორიც იყო მაგალითად E30 M3.
ახალი M2, რა თქმა უნდა, BMW-ს თბილისის ცენტრშიცაა ხელმისაწვდომი - ”ომეგა მოტორსში” მისი საწყისი ფასი 40 700 ევრო გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ ამ მანქანისთვის ეს ძალიან კარგი ფასია!
ოთხი მაყუჩი და ძრავის გადასარევი ჟღერადობა - M2 ჯიშიანი ბიჭია
დასკვნა
თანამედროვე სპორტული კომპაქტი, რომელიც ძველ სკოლის ტრადიციებს არ ივიწყებს - BMW M2 ავტომობილისტებისთვის, განსაკუთრებით კი ბავარიული ავტომწარმოებლის მოყვარულებისთვის, ძალიან კარგი საჩუქარია. კლასიკური 6-ცილინდრიანი Turbo-ძრავა 3 ლიტრი მოცულობით - სიამოვნება გარანტირებულია! M2 სუფთა M-ია - ამ ფენომენის საუკეთესო გაგებით და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მექანიკას აირჩევ. ეს არის მანქანა, რომელიც BMW-ს ისტორიის წიგნში საპატიო ადგილს დაიკავებს და მფლობელს ისე შეაყვარებს თავს, როგორც ”ხულიგანკა” უყვარდათ და უყვართ საქართველოში.
შალვა ბუაჩიძე
- BMW M2
იხილეთ ვიდეო:
ახალი BMW M2-ის ექსკლუზიური ტესტ-დრაივი
ასევე იხილეთ:
BMW-ს ”მესამე სერიის” ისტორია ერთ ვიდეოში (+ VIDEO)
BMW-ს ახალი ზონდერი: ლიმიტირებული ”მეშვიდე სერია”
ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!
BMW-ს ფანატებისთვის: ძველი M5 გარბენის გარეშე!
BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი
ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა
BMW წიწაკით
ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)
BMW-ს ახალი, ლიმიტირებული ზონდერი
გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი
გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია
BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ
BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)
გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი